კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-39(561)

მარიკა ჩუმად იჯდა და დედას ადევნებდა თვალს. ქალი აშკარად კარგ გუნებაზე იყო – ტყუპებს აჭმევდა და თავისთვის ღიღინებდა. მისი გამომეტყველებით ვერ მიხვდებოდი, იცოდა თუ არა ახალი ამბავი, მაგრამ მარიკა მას კარგად იცნობდა და იმასაც ხვდებოდა, რომ საჭირო მომენტში არც თამაშს მოერიდებოდა.
– დე, მე რომ რაღაც გთხოვე, გახსოვს?
ქალმა გაიღიმა, წვნიანით სავსე კოვზი ერთ-ერთ ტყუპისცალს გაუქანა პირში და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა უფროს ქალიშვილს:
– მე ყველაფერი მახსოვს და ყველაფერს ვამჩნევ. ზოგიერთების უსინდისობასაც, სხვათა შორის, – დაამატა მრავალმნიშვნელოვნად.
მარიკა გაწითლდა:
– შენთანაც ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას. გეფიცები, დე...
– ოჰ, როგორი მიხვედრილები ვართ?! მჯერა, რომ აპირებდი. ამ დაპირებებით ირთობთ თავს შენც და მამაშენიც, მაგრამ მე გულუბრყვილო გოგონა არ ვარ და თქვენს ბავშვურ სისულელეებზე მხოლოდ მეღიმება. რაო, რა მკითხე?
– რაღაც რომ გთხოვე, იმ ამბის გამიგე რამე?
– ანუ, გაინტერესებს, ვიჭორავე თუ არა? – ქალმა ბავშვები სკამიდან ჩამოსხა და კარისკენ უბიძგა, – გაიქეცით, ითამაშეთ, მერე კი ისევ მარიკას მიუბრუნდა: კონკრეტულად რა გაინტერესებს, როგორი ექიმია? სხვათა შორის, ცუდი ნამდვილად არა. რაც შეეხება მის პირადულ ცხოვრებას, შენ იცი, მე იშვიათად მაინტერესებს სხვის საცვლებში ქექვა.
– დედა!..
– ჰო, რა იყო? ის, რაც შენ მთხოვე, სწორედ ეს არის. ქმარი ღალატობდა, მისი სიკვდილი უნდოდა და ამიტომ მგლოვიარეს საერთოდ არ ჰგავსო... რატომ აინტერესებს ამ ხალხს სხვისი ცხოვრება?
– დედა, სხვისი ცხოვრება ხალხს კი არა, გამოძიებას აინტერესებს, თანაც, არა საჭორაოდ, არამედ მკვლელობის მოტივის დასადგენად.
– ჩილაჩავა მოკლეს? – გაოცებით ასწია წარბები ქალმა, – მე სხვა ინფორმაცია მაქვს.
– ჰო, სავარაუდოდ, ასეა. მაგრამ, მას ხომ გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული იმ კლინიკაში, სადაც შენ მუშაობ?! მითხარი, პაციენტებს ყოველთვის აფრთხილებთ მოსალოდნელი გართულებების შესახებ?
– რასაკვირველია. ეს ექიმის მოვალეობაა.
– ესე იგი, ჩილაჩავამაც იცოდა, რა მოჰყვებოდა მის „ცელქობებს“?
– ვერ გავიგე, რას მეკითხები.
– იმას, რომ ჩილაჩავა არც ისეთი სულელი იყო, თავი მოეკლა. ამბობენ, სიამოვნების მოყვარული კაცი იყოო.
– მარიკა, ბავშვივით მსჯელობ. ექიმები პაციენტებს იმასაც აფრთხილებენ, არ დალიო და არ მოწიოო, მაგრამ, ვინმე უჯერებს მათ? შენ რა გგონია, ფილტვის კიბოიანი ავადმყოფები სიგარეტს აღარ ეწევიან? ხომ იციან, ხომ აფრთხილებენ, რომ ეს მათ სიკვდილს დააჩქარებს?! ასე რომ, გამომძიებლები ყველგან მკვლელობას ნუ ეძებთ. ჩილაჩავას „ჩეპე“ მოუვიდა და მე ეს არ მიკვირს.
– გასაგებია... – ჩაილაპარაკა მარიკამ.
– რა არის გასაგები? – ჩაეძია დედა, – ის, რომ ჩილაჩავას ეს თავისი გარყვნილებით დაემართა, თუ...
– თუ, – მოუჭრა მარიკამ, – პრინციპში, ამ საქმეს უკვე დახურავენ. უბედური შემთხვევის კლასიფიკაცია მიეცა.
– ჭკვიანურია. ესე იგი, საქმე აღარ გაქვს და შეგიძლია, მთლიანად შენს პირად ცხოვრებას მიხედო. წინასაქორწინო სამზადისი ისეთი დამღლელია... ჰო, მართლა, მე, ალბათ, პირდაპირ ქორწილში დამპატიჟებთ ბაფთიანი, საქორწინო მოსაწვევი ბარათით... შენგან ეს მოსალოდნელია.
– ამას რატომ ამბობ?!
– ისე მეკითხები, რომ არც გრცხვენია? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ქალმა.
მარიკამ ამოიოხრა:
– კარგი, ვაღიარებ, დამნაშავე ვარ. მაგრამ, ჯერ საკუთარ თავში უნდა დავრწმუნებულიყავი. ძალიან გთხოვ, ნუ გამიბრაზდები.
– მე გიბრაზდები? მე? რა უსამართლო ხარ! შენ თვითონ დაიწყე ეს ლაპარაკი, მე კი, უბრალოდ, გითხარი, რომ ვიცი ის, რისი თქმაც, რატომღაც, არ გინდა.
– მამაჩემმა გითხრა?
– არა. აბა, ის ამას როგორ იკადრებდა?!
მარიკამ გაოცება ვერ დაფარა:
– აბა, საიდან გაიგე?
– კაბინეტსა და სასტუმრო ოთახს ერთი აივანი აქვს.
– შენ გინდა, მითხრა, რომ გვისმენდი?
– სარეცხს ვფენდი და ყველაფერი გავიგონე. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს ჩემი მხრიდან ცუდი საქციელი იქნებოდა, მაგრამ მერე შენი ნათქვამი გამახსენდა: როცა რამე გაინტერესებს, ცნობისმოყვარეობა უნდა დაიკმაყოფილო და ეს სულაც არ არის ღირსების შელახვაო.
– ესე იგი, იცი...
– ჰო, ჩემი შვილი მამაკაცთან ერთად აპირებს ცხოვრებას. აბსოლუტურად ნორმალურია. მაგრამ მე, დედა, ამას აივანზე არ უნდა ვიგებდე.
– გაგაცნობთ... შენც და მამასაც.
– პრინციპში, უკვე ვიცნობ. ჩემი თანამშრომლის შვილის მეგობარი ყოფილა, – დამარცვლით და ეშმაკური ღიმილით თქვა ქალმა.
მარიკა ხელმეორედ გაწითლდა:
– რა უცნაური ვინმე ხარ, მუდმივად ახერხებ, გამაოცო. ესე იგი, ნიკას შესახებ ჩილაჩავას ცოლს გამოჰკითხე?
– არა, მე ასე არ ვიტყოდი. კი არ გამოვკითხე, რაღაც-რაღაცეებით დავინტერესდი. იცოდი, რომ ძალიან უცნაური დედა ჰყავს?
– მოიცა, უცნაური რატომ არის? – ცუდად ენიშნა მარიკას.
– ეს მე არ ვიცი. ის გითხარი, რაც მოვისმინე. ისე, საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია და მის აზრს პატივს სცემენ.
– მაშ, უცნაურობა რაღაში გამოიხატება?
– მის განსხვავებულობაში. ადამიანებს ეხამუშებათ ის, რაც მათთვის უცხოა და უჩვეულო.
– ეს არაფერს ნიშნავს. ვიღაცისთვის შეიძლება მეც ვიყო უცნაური.
– გეთანხმები, მაგრამ, მაინც გირჩევ, დაფიქრდე, ეგ ბიჭიც უკეთესად გაიცნო და დედამისიც.
– მგონი, შენ მითხარი, მამაშენი მას მერე გავიცანი, რაც ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრებაო. თუმცა, მანამდე სამი წელი ხვდებოდით ერთმანეთს.
– ძალიან ჯიუტი ხარ, მარიკა, მამაშენივით ჯიუტი. ხომ იცი, არაფერს დაგაძალებ და ვერაფერს გაიძულებ, გადაწყვეტილება შენ თვითონ უნდა მიიღო. მამაშენიც ხომ ამას გეუბნებოდა?
– აივანზე ასეთი კარგი აკუსტიკაა?
– არა უშავს, რაც საჭირო იყო, გავიგე. სამსახურში დღეს არ წასულხარ?
– არა. ნიკასთან უნდა მივიდე. დედამისს ჩემი ნახვა უნდა.
ქალმა უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი:
– დაგიძახა და მირბიხარ? ეს არ მომწონს, გულახდილად გეუბნები.
– შენ ხომ იმას მირჩევდი, უკეთესად გაიცანიო. ჰოდა, მეც ამას ვაპირებ.
– ძალიან ჯიუტი ხარ, მარიკა. იქნებ, ეს არც ისე ცუდია, მაგრამ, ზოგჯერ ძალიან გიშლის ხელს საღად აზროვნებაში. რაც შეეხება ჩილაჩავას ცოლს, ის ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა და, იქნებ, ქმრის სიკვდილმაც გაახარა, მაგრამ, მკვლელი ნამდვილად არ არის.
– დედა, მე, მაგალითად, საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი ამას. ხარ თუ არა მკვლელი, ამას მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში თუ გაიგებ, ისიც, უკიდურესად გამონაკლის შემთხვევაში. ხომ იცი, რომ მკვლელებად არ იბადებიან?!
– მაგ კითხვაზე ასე მარტივად ვერ გიპასუხებ, გაცილებით საფუძვლიანი მსჯელობა სჭირდება... რა ჰქვია? ნიკა, არა?
– დედა!..
– რა იყო? სახელი ვთქვი, გვარიც ვიცი.
– ეს ყველაფერი უკვე გავიგე. გინდა, გაგაცნო?
– არა, არ მინდა. ჯერ არ მინდა. რატომღაც, ვფიქრობ, რომ შენი გადაწყვეტილება სერიოზული არ არის.
– რატომ გაგიჩნდა ასეთი ეჭვი, შენ არასერიოზული გგონივარ?
– არა, უბრალოდ, იმაზე გაცილებით კარგად გიცნობ, ვიდრე შენ გგონია. წადი, თორემ, პაემანზე დაგაგვიანდება.
მარიკამ მკლავზე მოჰკიდა დედას ხელი და დაქაჩა:
– ნუ ბრაზობ, რა, ჩემზე!
– არ ვბრაზობ, მხოლოდ მეწყინა. თუმცა, ესეც გამივლის. ბარგის ჩალაგებას რომ დაიწყებ, არ დაგავიწყდეს, შემატყობინე.
ზურაბი ცოლს ზღურბლზე შეხვდა. გაუღიმა, მაგრამ საპასუხო რეაქცია ამას არ მოჰყოლია. ქალმა გულგრილად აუარა გვერდი.
– რა დაემართა? – ჰკითხა კაცმა შვილს.
– ყველაფერი იცის.
– რა იცის? ვერაფერი გავიგე.
– მე და შენ რომ ვლაპარაკობდით, აივანზე ყოფილა და გაუგონია. ძალიან არის გაბრაზებული, მაგრამ, არ იმჩნევს.
ზურაბმა ამოიოხრა:
– ოო, ეგ ვერ არის კარგი საქმე, რაღა შემოირიგებს ახლა. ისე, თათასიც მესმის, მეც მეწყინებოდა, მისთვის რომ მოგეყოლა ყველაფერი, ჩემთვის კი დაგემალა.
– შენ ხომ იცი, რომ არაფრის დამალვას არ ვაპირებდი. ეს არც გამომივიდოდა. უბრალოდ, პირველად შენ იმიტომ მოგიყევი, ცოტა ნიადაგი რომ შეგვემზადებინა. ერთად, რა თქმა უნდა.
– ჰო, ვიცი. მაგრამ, დედაშენი ამას ისე არ გაიგებს, როგორც საჭიროა.
– ასეა თუ ისე, თათასთან კონფლიქტი, მით უმეტეს ახლა, აშკარად არ მაწყობდა, – ამოიოხრა მარიკამ და დაუფიქრებლად წამოსცდა: – ნიკასაც არ აქვს საქმე კარგად დედამისთან...
ზურაბმა შეშფოთებით შეხედა შვილს:
– ამის მიზეზი შენ ხომ არ ხარ?
მარიკა შეყოყმანდა:
– გულახდილად რომ გითხრა, არ ვიცი. შეიძლება, ვარ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვატყობ, რომ აღფრთოვანებული იყოს ჩვენი ამბით.
– ცუდია. ჩვენ ხომ ერთხელ ვილაპარაკეთ...
– ჰო. მაგრამ, მე მაინც მჯერა, რომ ერთმანეთს გევუგებთ.
კაცი შეიჭმუხნა და შუბლზე ხელი მოისვა. სევდიანად შეხედა შვილს, მაგრამ, აღარაფერი უთხრა, თავისთვის შეინახა სათქმელი. გაიფიქრა, იმ ბიჭს როცა შევხვდები, აუცილებლად დაველაპარაკები ამ საკითხზეო. არ უნდოდა, შვილს მომავალ დედამთილთან კონფლიქტით დაეწყო ახალი ცხოვრება.
***
დევიმ სიგარეტს მოუკიდა.
– მეც მომაწევინე, – დაღლილი ხმით სთხოვა თემომ.
– ასე არ შეიძლება. განებებული არ გქონდა?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მინდა და უნდა მოვწიო.
– ისე, რომ იცოდე, სულ ტყუილად ნერვიულობ, – უთხრა დევიმ და მოკიდებული სიგარეტი გაუწოდა, – საქმე ხომ დაიხურა?
თემომ ბრაზით გაიქნია თავი.
– რა იყო, ასე არ არის? უბედური შემთხვევა იყო და მორჩა. პრინციპში, ვის უნდა მოეკლა? ნაშებს ჰყვარებიათ, რადგან ყოველთვის გულუხვი იყო... არც შვილთან ჰქონდა კონფლიქტი და არც ცოლი იგიჟებდა თავს ქმრის ცელქობებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც კი მოუგვარა.
– საქმეც ეგაა! – წამოიძახა თემომ, – სწორედ ეგ მაეჭვებს. მერე, ეს ბიჭიც, თავისი მანქანით...
– ვინ, ნიკა?.. ჰო, ეგ არც მე მომწონს. თან, როგორ თქვა?! ჩემს მანქანას ჩემ გარდა არავინ წაიყვანდაო. ამით ხომ საკუთარი თავი გასცა? დამნაშავე ხომ ეცდებოდა, ისეთი გაურკვეველი პასუხი მოეცა ჩვენთვის, რომ, გვეფიქრა, ვიღაცამ სპეციალურად გამოიყენა მანქანის ვარიანტი ალიბის შესაქმნელად?
– ნიკაც და დათოც იმ დღეს, როცა ეს მკვლელობა მოხდა აუზზე იყვნენ. ვახომ ეს უკვე გადაამოწმა, ეჭვი გამორიცხულია.
– არ გეჩვენება, რომ ეს კიდევ უფრო საეჭვოა?
– რატომ? მორიგი ვარჯიში ჰქონდათ. საჭყუმპალაოდ ხომ არ იყვნენ მისულები? ნუღარ ფიქრობ ამაზე.
– არ შემიძლია, მით უმეტეს, მარიკას გამო. რა უნდოდა მის მანქანას წყნეთის გზაზე?! ძალიან უცნაური დამთხვევაა. მით უფრო, როცა ასეთ გაურკვეველ პასუხებს იძლევა.
– თუ მართლა არ იცის, ვინ იჯდა მისი ავტომობილის საჭესთან?
– ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ, მაშინ, ის ვიღაც, ვინც მანქანა წყნეთის გზაზე წაიყვანა, მის ახლობლებს შორის უნდა ვეძებოთ.
დევიმ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან გადააგდო და ამოიოხრა:
– საქმე დაიხურა, თემო... მოდი, ისევ ნოდიაზე გადავერთოთ. თქვენი გადამკიდე, ექსპერტიდან გამომძიებლად ვიქეცი, ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ. ახვლედიანს ჯერ ჩემთვის არ სცალია, თორემ, აქამდე ამკიდებდა საყვედურს.
– ახვლედიანს მაგისთვის ჭკუა არ ეყოფა, – ბოღმით ჩაილაპარაკა თემომ, – საქმე დაიხურაო, შენ ამბობ. მარიკას რაღა ვუყოთ? შენ დაუშვებ იმას, რომ მკვლელს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება?
– ძალიან ხომ არ ამძიმებ სიტუაციას?
– სულაც არა. იმას ვამბობ, რაც რეალობაა. უნდა გავარკვიოთ ყველაფერი – მე ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნია.
– მაგაში გეთანხმები... მოდი, მე მომანდე ეგ საქმე. აშკარად ნუ გამოვიძიებთ, ბიჭს ნუ დავაფრთხობთ. ცოტა დრო მომეცი.
– კარგი. მე დათოს შევაჯანჯღარებ – მაგანაც რაღაც იცის. თუმცა, უკვე აღარავისი მჯერა.
– არა, არა, დათოს ნურაფერს ეტყვი. ნოდიას საქმე გაქვს ბოლომდე მისაყვანი და დროც აღარ გრჩება ამისთვის. გეუბნები, მე უკეთესად გავართმევ ამას თავს...
***
რაღაც შეიცვალა... ის ამას ისე აშკარად გრძნობდა, რომ ნერვიულობისგან თითის წვერები დაუბუჟდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ემოციებზე აყოლა და ნერვიულობა მის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამდა წყალს... აქამდე ყოველთვის იმორჩილებდა გულს გონება. იმორჩილებდა და აქტიურობის საშუალებას არ აძლევდა. არასპონტანურად ჩნდებოდა სურვილი და გონებაც ავტომატურ რეჟიმში იწყებდა მოქმედებას. სურვილი გაქრა... არ მინელდა, არამედ გაქრა. ავტომატურად გაითიშა გონებაც – აღარ იძლეოდა იმპულსებს მოქმედებისთვის. შფოთვამ იმატა და მთელ არსებას მოედო – საცეცებივით შემოხვია თავისი მარწუხები და თითქოს უბრძანა: არ გაბედო და არ გაინძრე, გიკრძალავ ამასო... სურვილი არ იყო და დამორჩილდა, მაგრამ ეს თავსმოხვეული მორჩილება იყო და არა ბუნებრივი; ძალდატანებითი და არა ნებაყოფლობითი... შინაგანი ბრძოლა დაიწყო იმ მეორე „მესთან“, რომელთანაც აქამდე სრულ ჰარმონიაში თანაცხოვრობდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი? – ამ კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ ხმამაღლა ამისი თქმა უჭირდა. არსებობდა მეორე „მეც“ და სწორედ ის ეწინააღმდეგებოდა განზრახვას, დაესაჯა დამნაშავე...
***
დათომ მანქანა გზის განაპირას მიაყენა და გააჩერა.
– არა, რა, წარმოუდგენლად სულელი ხარ... რატომ მე არ მითხარი?
– რა უნდა მეთქვა?
– რა უნდა გეთქვა?! ნიკუშ, რაზე ფიქრობ? რა უნდოდა შენს მანქანას წყნეთის გზაზე?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– ჩემს სიძესაც ასე უპასუხე?
– ჰო, აბა, რა უნდა მეთქვა?
დათომ ხელები აიქნია:
– გამაგიჟებ, რა, მაგარი პასუხი მოგიფიქრებია.
– არაფერიც არ მომიფიქრებია, სიმართლე ვთქვი.
– მოიცა, მაგ დღეს ჩვენ ვარჯიშზე ვიყავით, ხომ ასეა?
– ჰო, ასეა. მერე, ვინ დავობს ამაზე?
– მანქანა სად გყავდა?
– სახლში. ხომ იცი, მანქანით ვარჯიშზე რომ არ დავდივარ?
– გასაღებიც სახლში იყო?
– არა. გასაღები თან მქონდა. სხვა გასაღებებიც მაქვს ზედ და თან დამაქვს ხოლმე. მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
დათომ საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო და დაატრიალა:
– პრობლემა რომ გაქვს, ვერ ხვდები? მკვლელობის დღეს შენი მანქანა წყნეთის გზაზე ნახეს.
– რომელი მკვლელობის უბედური შემთხვევა იყო... – მხრები აიჩეჩა ნიკამ, რომელიც, არათუ არ ღელავდა, პირიქით, ცდილობდა, საერთოდ არ ეფიქრა არც მანქანაზე და არც თემოსთან საუბარზე. წამდაუწუმ საათს უყურებდა და დათოც უკვე ნერვებს უშლიდა თავისი შეკითხვებით.
– შენ გგონია, ეს ამბავი ასე დამთავრდება? – ამოიხვნეშა დათომ, – ცოტა სერიოზულად მიუდექი ამ საკითხს, რა!
– სერიოზულად? კი მაგრამ, საგანგაშოს რომ ვერაფერს ვხედავ? დავუშვათ, ჩემი მანქანა წყნეთის გზაზე მართლა იყო, მერე რა მოხდა?
დათომ წაუსტვინა:
– შენ სრულ ჭკუაზე ხარ? მერე რა მოხდა?! ბიჭო, ის კაცი ჩვენი მეგობრის მამა იყო.
– მით უმეტეს, მეგობრის მამასთან რა პრობლემა უნდა მქონოდა? საერთოდ ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა.
– იმის, რომ, მგონი, გაგიმართლა. უბედური შემთხვევა რომ არა, ახლა ეჭვმიტანილის სკამზე იჯდებოდი.
– რისთვის? – მიამიტურად იკითხა ნიკამ.
დათო გაცხარდა:
– გეუბნები, სრულ ჭკუაზე არ ხარ-მეთქი. თუმცა, იქნებ ეს კარგიც იყოს. მარიკას ეტყვი?
– რას?
დათომ ისევ დაიტრიალა საფეთქელთან თითი:
– ბედნიერი კაცი ხარ, მართლა... მარიკა ისედაც გაიგებს, თუ უკვე არ იცის. მე, შენს ადგილას, კარგად დავფიქრდებოდი და გავიხსენებდი მანქანის თაობაზე.
– ახლა ამისთვის არ მცალია, ბინა მაქვს საპოვნელი.
– რა ბინა?
– დედაჩემთან ერთად ცხოვრება არ გამოვა. არც მე მინდა, მარიკა იქ მივიყვანო.
– უკვე გადაწყვიტე?
– ჰო, გადავწყვიტეთ. არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე და რას დაველოდოთ? მარიკამ მშობლებიც უნდა გამაცნოს.
– ბინის ქირა როგორ უნდა გადაიხადოთ?
– სამსახური ვიშოვე – სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად წავალ... ცოტა ხნით.
– სკოლებში რომ საცურაო აუზები არ არის? რას იზამ, ცურვას გასაბერ ლეიბებზე ასწავლი? – გაიცინა დათომ.
– იმ სკოლაში არის. ტყუილად დამცინი. ისედაც დრო იყო, სამსახურზე მეფიქრა. შენც ამას გირჩევ.
– მე ჯერ უმუშევარსაც მიტანს ოჯახი და არც შეყვარებული მყავს სარჩენი. დედაშენმა იცის, სახლიდან რომ გარბიხარ?
– სახლიდან არ გავრბივარ. მარიკასთან ერთად რომ ვაპირებ ცხოვრებას, იცის.
– მერე?
– მერე არაფერი. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიკამ, – თავი ნუ მომაბეზრე ამდენი შეკითხვით. დაკითხვიდან მოვდივარ, ხომ არ დაგავიწყდა? დაძარი მანქანა და წავედით.
დათომ მხრები აიჩეჩა, საკეტში გასაღები გადაატრიალა და უცებ გველნაკბენივით შეხტა. მისი მოულოდნელი რეაქციით გაკვირვებულმა ნიკამ მუშტი საქარე მინას მისცხო:
– გაგიჟდი? რას აკეთებ?
– ბიჭო, დედაშენი...
– რა დედაჩემი?! შენ რატომ ღელავ ჩვენს ურთიერთობაზე? რაც შენი პრობლემა არ არის, ის რატომ გადარდებს? მოვრიგდებით როგორმე...
– ეგ არ მიგულისხმია... დედაშენი-მეთქი და მანქანა... ხომ შეეძლო, შენი მანქანა მას წაეყვანა, უკითხავად მით უმეტეს, რომ სათადარიგო გასაღები ჰქონდა...
ნიკას გაეღიმა:
– შენ გგონია, ამერიკა აღმოაჩინე? როგორ გგონია, მაგაზე მე არ ვიფიქრებდი? ჯერ ერთი, დედაჩემი მივლინებაში იყო. ამიტომ, ეგ ალბათობა საერთოდ გამოირიცხა. მეორე ფაქტორი – დედაჩემი ყოველთვის მეუბნება, როცა ჩემი მანქანა მიჰყავს. წყნეთშიც რომ ასულიყო, ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მიშა კი რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. მით უმეტეს, მამამისს საერთოდ არც იცნობდა. ძალიან გთხოვ, აღარ გინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი? ახლა კი წამიყვანე, მარიკა მელოდება...
***
... ადვილი სათქმელია „დამნაშავეა!“ „დამნაშავე უნდა დაისაჯოს“!.. საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგოს! ყველაფერზე დიდი დანაშაული უდანაშაულოს დამნაშავედ შერაცხვაა... მერე უკვე რთული ხდება, დაადგინო, ჭეშმარიტად იყო დამნაშავე თუ არა... ყველა ადამიანს აქვს უფლება, სამართლიანად განისაჯოს მისი საქციელი. დამნაშავეა! – ვის აქვს ამის თქმის უფლება?! დანაშაული ხომ მაინც ფარდობითია, უფრო სწორად – შეფარდებითი... ის უფრო დიდი დანაშაული შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანს განაჩენი გამოუტანო, თანაც, სამართლიანობის სახელით... საკუთარ „მესთან“ ბრძოლა უფრო ხშირად მარცხით მთავრდება, მით უმეტეს, როცა თავადვე გინდა ამ ბრძოლის წაგება...
***
დათო ფეხაკრეფით აპირებდა თავის ოთახში შეძრომას, მაგრამ მაკა იქვე იყო ჩასაფრებული და აშკარად მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას.
– შენთან სალაპარაკო მაქვს, – მიახალა მკაცრად და წარბშეკრული მიაჩერდა.
– რა ტყვიასავით მომახალე, – გახუმრება სცადა დათომ, – წესიერად შემოსვლა მაინც გეცლია, ან, გეკითხა, როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ, ხომ არ მშია, დაღლილი ხომ არ ვარ...
– მორჩი? ახლა გეკითხები: თემოსთან რა გინდოდა?
– ვისთან? – ყურზე გაშლილი ხელისგული მიიდო დათომ.
– ვერ გაიგონე? ჩემს ყოფილ ქმართან, თემო პაპავასთან რა გინდოდა-მეთქი? გადათქმას და ჩემი მოტყუების მცდელობას აზრი არ აქვს, ზუსტად ვიცი, რომ მასთან იყავი სამსახურში. მე თვითონ დაგინახეთ.
– ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი ხარ, რა!.. ოღონდ, ჯერ ვერ გავიგე, მე დამდევ თუ იმას...
– დათო, ნერვები არ მომიშალო! ჩემზე სალაპარაკოდ მიხვედი? ხომ აგიკრძალე? არ ვაპირებ მასთან შერიგებას, ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა. იმის მერე, რაც ჩემს საკუთარ სახლში ვნახე, არაფერს აზრი აღარ აქვს.
– მე არ მინდოდა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ, რადგან თვითონ დაიწყე... ჭკვიანი ქალი ხარ და დაფიქრდი, რა ნახე ამისთანა – მარიკა თემოს პერანგებს აუთოვებდა? სირცხვილია, ამისგან ამხელა ამბავი რომ ატეხე თან, იცოდი, რომ შეყვარებული ჰყავს. ნიკასი და მისი საქმე თითქმის გადაწყვეტილია. არაფრისთვის ოჯახი დაანგრიე და დამნაშავეს საკუთარ თავში არ ეძებ.
– შენ არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი!
– ჰო, რა თქმა უნდა. ისტერიკას ვერ მოვაწყობდი იმის გამო, რომ მეგობარმა მეგობარს ერთი პერანგი დაუუთოვა. ნუ წამოხვიდოდი სახლიდან და საამისოდ არ გახდებოდა საქმე.
– ჭკუას მარიგებ? – გაცხარდა ქალი.
– არა, შენ დაიწყე ეს ლაპარაკი და მეც იძულებული გავხდი. თემო შენთან უდანაშაულოა, ასპროცენტიანია, რა!..
მაკამ ნაძალადევად გაიცინა:
– შენც კარგი იდიოტი ხარ. იმ ერთმა გოგომ სამი კაცი გაგასულელათ. არა, ოთხი – ის გამოშტერებული დევი დამავიწყდა.
– მარიკა კარგი ადამიანია და ძალიან ვნანობ, შენს ავანტიურაში რომ აღმოვჩნდი ჩათრეული. თემოსი მრცხვენია კიდეც. დღეს თვალებში ვერ ვუყურებდი. მარიკამ კი არა, შენ გამასულელე... რა გამოვიდა? ამდენი ამაგი წყალში გადამიყარე – მაინც მიატოვე ის კაცი. აუცილებლად მიხვდები, დიდი სისულელე რომ ჩაიდინე, მაგრამ, გვიან არ იყოს.
– ჭკუას ნუ მარიგებ. მითხარი, თემოს ჩემზე ელაპარაკე? რა უთხარი?
– არაფერი, რადგან თქვენს ურთიერთობაზე სერთოდ არ გვილაპარაკია. ნეტავი სულ არ ჩავრეულიყავი, იქნებ მეტი წინდახედულობა გამოგვეჩინა!
– როგორ მელაპარაკები? რამდენი წლით ვარ შენზე უფროსი? – თვალები გაუფართოვდა მაკას, – შენ მაინც უნდა დაგეცვა ჩემი ღირსება. მაგრამ, კაცები ყველანი ერთნაირები ხართ – ერთმანეთის ტყავს უფრთხილდებით.
– ჩხუბი გინდა? – ამოიოხრა დათომ, – მე რომ ძალიან დაღლილი ვარ?! ხვალამდე მაინც ვერ მოიცდი? დავისვენებდი და შესაფერის პარტნიორობას გაგიწევდი.
– მასხარა ხარ! რა გინდოდა-მეთქი ჩემს ყოფილ ქმართან?
– ყოფილთან რატომ? ოფიციალურად ისევ შენი ქმარია. ჰო, კარგი, ნუ გიჟდები, საქმეზე დაგვიბარა.
– რა საქმეზე? თან, მრავლობით რიცხვში რატომ ლაპარაკობ?
– იმიტომ, რომ იქ მარტო არ ვყოფილვარ, მაგრამ ნიკა, ალბათ, არ დაინახე.
მაკა გაშრა. მერე გაწითლდა და ტუჩზე იკბინა:
– თემომ დაგიბარათ თავისთან შენ და ნიკა?! ასეც ვიფიქრე. რა თქვი, მარიკასი და ნიკას საქმე უკვე გადაწყვეტილიაო? არ უნდა, რომ ნაშა გაუთხოვდეს?! ნაძირალა!
დათომ სინანულით შეხედა დას:
– შენ, მგონი, სულ გააფრინე, სერიოზულად გეუბნები. რა დღეში გაქვს ნერვები? ცუდად დაამთავრებ, იცოდე. თემო კი გულწრფელად მეცოდება, არანაირად არ იმსახურებს ასეთ ცოლს.
– დათო! – დაუყვირა ქალმა.
– ჰო, ვიცი, შენი ძმა ვარ, მაგრამ, სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. მე შენნაირ ცოლს ერთ საათსაც არ ავიტანდი. აღიარე, რომ არ იყავი ასეთი. რა დაგემართა? ძალიან გთხოვ, ამ კითხვაზე პასუხი იპოვე, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის... – დათომ მკლავზე აბღაუჭებული დის ხელი უხეშად მოიშორა, ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
***
კაცმა თავი ასწია. სიგარეტის ფერფლი მის ფეხთან პატარა გორაკივით ამოიმართა... საფერფლე არც გახსენებია, ისე ჩაიყვანა ბოლომდე ის ერთი ღერი...
– მე გგონივართ, ხომ, დამნაშავე? – ჩაეცინა კაცს და ამოიოხრა.
თემომ სიგარეტის კოლოფი გაუწოდა.
– არც ასე მარტივად არის საქმე. მე რა მგონია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ფაქტებია, რომლებიც...
– რომლებიც ჩემ წინააღმდეგ მეტყველებს. თქვენი მესმის. მე არც ციხეში ჩაჯდომის მეშინია, მაგრამ, ტყუილუბრალოდ რატომ უნდა დავისაჯო? იცოდეთ, მე ვიბრძოლებ, ჩემი სიმართლე რომ დავამტკიცო.
თემომ თავი დაუქნია:
– თქვენი ნებაა. ისე, თუ აღიარებთ და გამოძიებასთან ითანამშრომლებთ...
– გამორიცხულია. რა უნდა ვაღიარო, ის, რაც არ გამიკეთებია?
– მე არ ვამბობ, რომ თვითონ მოკალით. თქვენ მხოლოდ შეუკვეთეთ. მკვლელი ვინ არის, ეს თქვენ უნდა მითხრათ.
– არ ვიცი, რატომ არ გჯერათ? არ ვიცი! დედაჩემსაც ასე ჰგონია და იმიტომ მოვიდა თქვენთან. ეტყობა, ფიქრობს, კარგი საქმე გამიკეთა.
– ჩვეულებრივ, დედები კარგად იცნობენ საკუთარ შვილებს. თქვენ მოტივიც სერიოზული გქონდათ...
– ამას არც უარვყოფ. მამაჩემი იყო სიკვდილის ღირსი.
– ხედავთ? – საფერფლე ახლოს მიუჩოჩა თემომ, – ჰოდა, მე რა ვქნა? როგორც ვატყობ, „ქილერის“ ძებნა ისევ ჩვენ მოგვიწევს. ასე მხოლოდ დაიმძიმებთ მდგომარეობას.
– ჩემი მდგომარეობა ისედაც მძიმეა, –კაცმა ფეხსაცმლის წვერით ფერფლი აურია, – რომ შემეძლოს, ახლა უკვე საკუთრი ხელით მოვკლავდი მამაჩემს. რაც ცოცხალმა დაგვაკლო, მკვდარი გვინაზღაურებს – იმ ქვეყნიდანაც ახერხებს ჩვენთვის ცხოვრების გამწარებას. ადვოკატს ავიყვან... დღესვე მაპატიმრებთ?
თემომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ესე იგი, დრო მაქვს. ვეცდები, ჩემი საქმეები მოვაწესრიგო...
– ქალაქიდან არ გახვიდეთ, – გააფრთხილა თემომ.
– არ ვაპირებ. დამალვას აქამდეც შევძლებდი, არ მექნებოდა ამისი პრობლემა, მაგრამ დარჩენილ ცხოვრებას სირბილსა და მალვაში ვერ გავატარებ. ვეცდები, სასამართლოზე დავამტკიცო ჩემი სიმართლე...
თემომ ადროვა, სანამ ნოდიას ვაჟი კაბინეტიდან გავიდოდა, მერე ყურმილი აიღო და დარეკა:
– ვახო, ერთი ჩემთან შემოდი! არა, ხვალ... რა თქმა უნდა, ახლავე! ერთი ტიპის თვალყურის დევნება უნდა დაგავალო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3