როგორი თაფლობის თვე მოუმზადა სტალინმა ერთ-ერთ ფინელ მაღალჩინოსანს აფხაზეთში
როგორ დაიგეგმა
სამეტაპიანი ოპერაცია „კუკლა”
„სტალინი, რომელმაც ოციანი წლების შუა რიცხვებიდან მთელი საბჭოთა სისტემის მოდერნიზაცია დაიწყო, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სადაზვერვო ორგანოებს. თუ შეიძლება ასე ითქვას, საიდუმლო სპეცსაქმიანობა დიდი ბელადის „სისუსტეც” კი იყო… სტალინს კარგად გააზრებული „სადაზვერვო დოქტრინაც” კი ჰქონდა შექმნილი და ეს მისი გარემოცვის ყველა წევრმა კარგად უწყოდა. ბელადი ხშირად იმეორებდა ხოლმე ფრაზას: „ჩეკა“ ისეთი ორგანოა, რომელსაც ჩემი დაპატიმრების უფლებაც კი აქვს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან. მის მახვილ თვალს არაფერი არ უნდა გამოეპაროს.” სტალინი ამით „ჩეკას” უდიდეს მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, „ურჩებისთვის” კი ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ მათ საქმიანობას ასი თვალი და ასი ყური აკონტროლებდა. „ჩეკა” ამ სისტემის საწყის ბაზას წარმოადგენდა და დროთა განმავლობაში რამდენიმე მსხვილი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სპეცმაკონტროლებელი ორგანო შეიქმნა, რომლის ყველა ჯაჭვი სტალინთან იყრიდა თავს. მას კი ეს სადავეები სიცოცხლის ბოლომდე ხელთ ეპყრა და მათზე კონტროლი ერთი წამითაც არ დაუკარგავს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, რაც კი კარგი შეიქმნა იმ ოცდათორმეტი წლის განმავლობაში სტალინის მეთაურობით არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მრავალ სხვა სახელმწიფოშიც, ყველაფერში ამ საიდუმლო სტრუქტურების ხელი ერია და ყოველივე მათი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. დღეს, როდესაც სტალინი ცოცხალი არაა და მის მიერ შექმნილ სახელმწიფოს კაცუნები მართავენ, სხვა ქვეყნებმა კი თავიანთი პოტენციალი საგრძნობლად გაზარდეს, სტალინის მიერ შექმნილი და დანერგილი სისტემები კვლავ ქმედითუნარიანია…”
მ. თევდორაძე, 5 მარტი,
1969 წელი, ქ. მოსკოვი
30-იანი წლების ბოლოს შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სტალინმა გადაწყვეტილება მიიღო, ფინეთის მთავრობისთვის, საბჭოთა საზღვრების უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიების გაცვლა შეეთავაზებინა. სტალინი მათ თითქმის ორჯერ უფრო დიდ ტერიტორიებს სთავაზობდა და სანაცვლოდ, ჩვენთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას სთხოვდა, რომელსაც მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სტალინმა მითითებები მისცა მოლოტოვს, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა უწყებას მეთაურობდა და ასევე, საგარეო დაზვერვას, რათა მათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინეთის მთავრობის წევრთა განწყობილება შეეტყოთ და ჩვენდამი განსაკუთრებით მტრულად განწყობილ ჩინოსანთა შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ. მოლოტოვის უწყებამ, რომელმაც ფინელების „დიპლომატიური ზონდაჟი” ჩაატარა, სტალინს არადამაკმაყოფილებელი პასუხი მოუტანა: „მათ (ფინელების – მ.თ.) პოზიციაში აშკარად გერმანული გავლენა იგრძნობა და ჩვენს სარფიან წინადადებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. არადა, გერმანიასთან გარდაუვალი ომის შემთხვევაში, ფაშისტები აუცილებლად გამოიყენებენ ამ სტრატეგიულ პლაცდარმს, რაც ჩვენს მოქმედებებს ორმაგად გაართულებს.”
სტალინმა, რომელიც მოლოტოვის მოხსენებას შუბლშეჭმუხნული უსმენდა, პაპიროსს მოუკიდა და მცირე პაუზის შემდეგ თქვა: „ჩვენმა დაზვერვამ მაცნობა, რომ ფინელთა ასეთ სეპარატისტულ პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად აარნო კომოლაინენი განსაზღვრავს, რომელიც ფინეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველია, შეთავსებით კი ნაცისტთა „ფასიანი” აგენტი. ის მათ ფინეთის მთავრობის ყველა გეგმას აცნობს.” მოლოტოვმა ჩაილაპარაკა – ჩვენც რომ ერთი ასეთი აგენტი მოგვცა, ურიგო არ იქნებოდაო. სტალინმა „ჰერცეგოვინა ფლორას” კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, ორ-სამჯერ თითებშუა გაატარ-გამოატარა და უეცრად წამოიძახა: „სხვათა შორის, ეს იდეაა, რატომაც არა?” შემდეგ კი მოლოტოვს მიმართა: „დღესვე გაამზადეთ მიმართვა და ჩვენი ფინელი მეგობრები (სიტყვა მეგობრები სტალინმა ირონიული ინტონაციით წარმოთქვა – მ. თ.) თავიანთი ოჯახებითურთ მოიწვიეთ შავი ზღვის პირას, სოხუმის პლაჟზე. არ დაგავიწყდეთ, ამ სიაში აარნო კომოლაინენისა და მისი ახალგაზრდა, მომხიბვლელი მეუღლის ჩართვა. აარნო ახლახან მეორედ დაქორწინდა და ჩვენს ჩრდილოელ მოყვარეს (კვლავ ირონიით – მ. თ.) სამხრეთული „თაფლობის თვე” უეჭველად სასიკეთოდ წაადგება“.
მოლოტოვი ყურადღებით უსმენდა ბელადს და როდესაც ის საუბარს მორჩა, ჰკითხა: „კობა, ნუთუ იმედი გაქვს, რომ იმ ძაღლიშვილებს „სამხრეთული ციალით” მოვხიბლავთ? უკეთესი ხომ არ იქნება, მათ ქალი შევუგზავნოთ, შესაძლოა, ამ ხერხმა უფრო გაჭრას.” სტალინი კაბინეტში დადიოდა და შეუჩერებლადვე უპასუხა საგარეო საქმეთა კომისარს: „იმ გაყინულებს ვერ მოხიბლავ და ამის გაკეთება არც კი მიფიქრია. მეც ასე მგონია, რომ ჩვენსა და მათ შორის სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალია. სწორედ ამიტომ, მოსამზადებელი მანევრია საჭირო და მათ რიგებში პატარა დისონანსი უნდა შევიტანოთ, თანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოპოვებასაც ვგეგმავ. ერთი სიტყვით, სოხუმში მათ „კუკლა” უნდა შევტენოთ.” მოლოტოვმა სტალინის კაბინეტი მალევე დატოვა. როდესაც ბელადი მარტო დარჩა, ტელეფონი აიღო და დარეკა: „შენ და სუდოპლატოვს ნახევარ საათში ჩემთან გელოდებით. თან წამოიღეთ მასალები აარნო კომოლაინენის შესახებ.” სტალინმა საგარეო დაზვერვის უფროსი ფიტინი და მისი მოადგილე სუდოპლატოვი 1939 წლის 9 სექტემბერს კრემლში დაიბარა. საგარეო დაზვერვის ორივე ხელმძღვანელი ზუსტად 21 საათზე იყვნენ სტალინთან და ბელადმა ისინი მომცრო ოთახში შეიპატიჟა, სადაც მათ მოლოტოვიც შეუერთდა. პირველი სიტყვის უფლება მოლოტოვს მისცა. მან ნელ ტემპში დაიწყო: „დავალებისამებრ, ჩემებმა უკვე ფინელების „მოსაწვევი” შეადგინეს და თქვენი (თქვენობით, მოლოტივი სტალინს მხოლოდ პოლიტბიუროს არაწევრების ან უცხოელი სტუმრების თანდასწრებით მიმართავდა, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, ის მას უბრალოდ, ძველ პარტიულ მეტსახელს, „კობას” ეძახდა. – მ.თ.) ნებართვის შემდეგ დაუყოვნებლივ გავაგზავნით ჰელსინკში.” საქაღალდიდან ფურცელი ამოიღო და დაიწყო: „საბჭოთა მთავრობა, ადასტურებს რა ფინეთის მთავრობისადმი ღრმა პატივისცემას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს, ამასთანავე, ჩვენი საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არასადავო ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, თქვენ – სამთავრობო დელეგაციას, ოფიციალური ვიზიტით საბჭოთა კავშირში გიწვევთ, რათა კიდევ ერთხელ, შავი ზღვისპირეთის ჯერ კიდევ მცხუნვარე მზის ქვეშ გავალღოთ ჩვენი გაყინული ურთიერთობები. დიდ პატივს დაგვდებთ, თუ მეუღლეებით გვეწვევით. ვიზიტის ამგვარი ფორმა ხაზს გაუსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის სასურველი ურთიერთობის ჩამოყალიბებას…” ტექსტის შემდეგ მიმართვაში მოწვეული პირების გვარები ეწერა: „ვინ შეადგინა?” – იკითხა სტალინმა და ახლად დატენილ ჩიბუხს მოუკიდა. მოლოტოვმა, რომელიც მშვენივრად იცნობდა სტალინს და მიხვდა, რომ ბელადს ფინელთა მოსაწვევი ტექსტი მოეწონა, მშვიდად მიუგო: „ჩვენი ახალი თანამშრომელია, ნესტორ ჰაკბა, უნივერსიტეტიდან გადმოვიყვანეთ, იქ სკანდინავიური განხრით იყო, სხვათა შორის, „კალევალა” (ფინური ხალხური ეპოსი – მ.თ) ზეპირად იცის.” სტალინს ჩაეღიმა და მოლოტოვს დაუმარცვლა: „ეგ, „კალევალისტი” დაა-ჯილ-დო-ეთ. მგონი, 500 მანეთი ეყოფა და აუცილებლად ჩართეთ მოლაპარაკებებში, მით უმეტეს, აფხაზი ყოფილა. ტექსტი ძალიან კარგადაა შედგენილი, რადგან ოფიციალურს არ წააგავს და მეც სწორედ ამაზე ვამახვილებდი აქცენტს. ფინელები აუცილებლად წამოეგებიან და ჩვენც ეს გვინდა.”
სტალინმა ოთახში გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, მოუკიდა და კვამლი რომ გამოუშვა, დაიწყო: „დაახლოებით 20-25-ში ფინელები ჩამოვლენ და…” სტალინი უშუალოდ სუდოპლატოვს მიმართავდა – „შეთანხმებისამებრ, ჩვენი აარნო კომოლაინენი გვჭირდება სასწრაფოდ, რომელიც ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება. იმედია, ამ წლინახევრის განმავლობაში ეს პიროვნება თავის ჰაბიტუსიანად თქვენს კარტოთეკაში გეყოლებათ. თუ არადა, მაშინ ეს პრობლემა უახლოეს ერთ კვირაში უნდა მოაგვაროთ.” სუდოპლატოვმა, რომელიც აშკარად მშვიდად გამოიყურებოდა და ნათელი იყო, სტალინის საუბრის არა მარტო შინაარსი, არამედ წვრილმანი დეტალებიც კი ზუსტად გაიგო, თავისი შეფის და მოლოტოვისგან განსხვავებით, უპასუხა ბელადს „ამხანაგო სტალინ, ასეთი პიროვნება, საბედნიეროდ, მყავს და მეტიც, ის იმდენად კარგადაა მომზადებული, ორიგინალისგან ცოლიც ვერ გაარჩევს. მას შემდეგ, რაც თქვენ მე ანალოგიური ამოცანა დამისვით, ჩვენმა განყოფილებამ 126 ორეული მოამზადა და მათ შორისაა ხსენებული პიროვნების ორეულიც…” როდესაც „სპეცოპერატიულ განყოფილებას” აყალიბებდნენ, სტალინმა სუდოპლატოვს დაავალა, ევროპისა და სხვა კონტინენტების სახელმწიფოების მთავრობების იმ პირთა ვინაობები დაედგინათ, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკაზე, ოფიციალური სტატუსით კი მაინცდამაინც დიდი თანამდებობა არ ეჭირათ. სტალინმა მათი ორეულების მოძებნა და მომზადებაც უბრძანა მას. ასე აღმოაჩინეს აარნო კომოლაინენის ორეულიც, რომელიც სტალინის მიერ მოფიქრებულ ოპერაციაში უნდა გამოეყენებინათ. ფიტინი, მიხვდა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოში მისი უწყების გარეშე ხდებოდა რაღაც და ხმისამოუღებლად შეხედა მოლოტოვს, რომელიც საგარეო დაზვერვის შეფზე უფრო მალე ჩასწვდა სტალინის აზრებს და შეეცადა, სტალინის საუბრის აზრი ამოეცნო. ბელადს ფიტინის მზერა არ გამოჰპარვია და ახლა უკვე მას მიუგო: „ნუ იფიქრებთ, თითქოს არ გენდობით და ასე შემდეგ. უბრალოდ, მაინტერესებდა, რამდენად მაღალი დონის კონსპირატორი იყო თქვენი დანიშნული კადრი და უნდა მოგილოცოთ, მართლაც ღირსეული მოადგილე გყოლიათ. მან ასეთი უზარმაზარი სამუშაო ისე საიდუმლოდ ჩაატარა, თქვენც არ ჩაუყენებიხართ საქმის კურსში…” ფეტინი დაბნეული ჩანდა და ვერ გაეგო, სტალინის ეს სიტყვები კომპლიმენტად მიეღო, თუ გაკიცხვად. თუმცა, სტალინის ტონმა და განწყობამ საბოლოოდ გააქარწყლა მისი ეჭვები და დარწმუნდა, რომ დიდი ბელადი მას ცალსახად, არაორაზროვნად ესაუბრებოდა. „მაშ, ასე, – განაგრძო სტალინმა, – ძალიან კარგია, რომ ორეული სრულ მზადყოფნაში გყოლიათ. ჩვენ ფინელებს ტერიტორიების სარფიან გაცვლას ვთავაზობთ, რაზეც ისინი არ გვთანხმდებიან და ჩემის აზრით, არც დაგვთანხმდებიან. მგონი, ჩვენ სამხედრო ძალის გამოყენება მოგვიწევს, მაგრამ, მანამდე, ჯერ ბოლომდე უნდა ამოვწუროთ დიპლომატიური შესაძლებლობები. ამასთანავე, უტეხ ფინელებს „კუკლა” უნდა შევაჩეჩოთ, რაც შემდგომში, ჩვენს მოქმედებებს დიდად შეუწყობს ხელს. ახლა კი ოპერაციის დეტალები: ფინელთა უკან დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, აარნო კომოლაინენს ჩვენი ორეულით შევცვლით, „ორიგინალს” კი ინტენსიურ დაკითხვებს ჩავუტარებთ და მოპოვებულ ინფორმაციას ჩვენს ორეულს მივაწვდით. წინასწარ შეთანხმებული არხებით ეს ოპერაციის პირველი ეტაპია, რომელიც ფინეთის დელეგაციის გამგზავრებით სრულდება. ოპერაციის მეორე ეტაპზე, ჩვენი ოპერატიული ჯგუფი აარნოსგან რეგულარულ საიდუმლო ინფორმაციებს (სათანადოდ დოკუმენტირებულს) მიიტანს ცენტრში. ერთ-ერთი ასეთი საიდუმლოს რეალიზაციისას კი, ვითომ და შემთხვევით ვიწვებით.” რასაც ფართო რეზონანსი უნდა მოჰყვეს. ესაა ამ ოპერაციის მეორე ეტაპი, მესამე ეტაპზე კი აარნო და მისი ახალგაზრდა მეუღლე საბჭოთა კავშირში უნდა გამოიქცნენ და ჩვენგან პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მოითხოვონ, იდეური მოსაზრებების საბაბით. ამ ქმედებით, ჩვენ ნამდვილ აარნოსაც უალტერნატივოდ დავტოვებთ და ის ძალაუნებურად ჩვენიანი გახდება. მთავარია, თქვენმა მომზადებულმა ორეულმა ივარგოს.”
ოპერაცია „კუკლას” სამივე ეტაპმა ბრწყინვალედ, უმაღლეს დონეზე ჩაიარა და სტალინის ვარაუდისამებრ, საბჭოთა დიპლომატიას ხელ-ფეხი გაეხსნა, რათა ფინური მხარე სეპარატიზმსა და ჩვენდამი მტრულ განწყობაში დაედანაშაულებინათ. 21 სექტემბერს სოხუმში ფინური დელეგაცია ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. აარნო კომოლაინენის შეცვლის ოპერაცია საბჭოთა მზვერავებმა 23-ში, ღამით განახორციელეს. სუდოპლატოვის ოპერატიულმა ჯგუფმა იმ დროს მოიტაცა აარნო კომოლაინენი სასტუმროს ნომრიდან, როდესაც მისი მეუღლე შხაპს იღებდა. ნამდვილმა აარნომ ის ღამე „ჩეკაში” გაატარა, მისმა მომხიბვლელმა მეუღლემ კი „ორეულთან” ისიამოვნა. ჩვენმა აგენტმა პირველი გამოცდა ჩააბარა. შემდეგ „ორეული” ვერც დელეგაციის სხვა წევრებმა იცნეს და ის მშვიდობიანად „დაბრუნდა” სამშობლოში. ოქტომბრის მიწურულს ევროპის გაზეთებში საიდუმლო ინფორმაციამ „გაჟონა” – ფინეთის მთავრობა ფაშისტებთან სეპარატისტულ მოლაპარაკებას აწარმოებსო. ატყდა სკანდალი, ფინეთის უშიშროებამ ძიება დაიწყო, თუმცა აარნო ყოველგვარ ეჭვგარეშე იყო და მხოლოდ მისმა ცოლთან ერთად „გაქცევამ” აუხილა თვალები ფინელებს. მათ აარნო კომოლაინენის უკან დაბრუნება მოსთხოვეს ჩვენებს, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს და ეს მოთხოვნა აღარც გაუმეორებიათ. თვის ბოლოს უკვე მოლოტოვი ეწვია ჰელსინკს და ტერიტორიების გაცვლის შესახებ განაახლა მოლაპარაკება, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. იგი ძალიან „აღშფოთდა”, 3 ნოემბერს უხეშად შეწყვიტა მოლაპარაკებები და ფინელებს განუცხადა: „ახლა უკვე სამხედროებს მივცეთ სიტყვა”, ცოტა ხნის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ფინეთს შეუტია და საჭირო ტერიტორია ძალით წაართვა მას. ამ ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტალინის „კუკლამ“.