კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქართველი თეა დონღუზაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი და რა აკავშირებს მას რუსულ არმიასა და ვლადიმირ პუტინთან

ქართველი ძიუდოისტი ქალბატონი – თეა დონღუზაშვილი 1993 წლიდან სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს. ის რუს ძიუდოისტ ქალთა ნაკრების კაპიტანია და არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მეგობრობს.

თეა დონღუზაშვილი: საქართველოდან რუსეთში 1993 წელს წავედი. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო მაშინ, ქალ ძიუდოისტთა ნაკრებიც დაიშალა. ძიუდოსთვის იმ წლებში ვის ეცალა საერთოდ? მანამდე, 5 წელი საქართველოში ვვარჯიშობდი. ძალიან მოწადინებული ვიყავი სერიოზულად გავყოლოდი ამ სპორტს. ამიტომ, მშობლების ხელშეწყობით წავედი რუსეთში.
ბევრს ჰგონია, რომ ძიუდო ქალისთვის შეუფერებელი სპორტია, დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მძლეოსნობას თუ შევადარებთ, ძიუდო ბევრად უფრო „ნაზია” (იცინის) და დიდ ფიზიკურ დატვირთვასაც არ მოითხოვს. ვარჯიში 13 წლის ასაკში დავიწყე. ძალიან აქტიური, სპორტული ბავშვი ვიყავი, ტანადაც დიდი. ჩვენს ოჯახში ყველანი დიდები ვართ. ბიჭებთან ერთად ომობანას ვთამაშობდი, დავრბოდი...
– თოჯინები არ გაინტერესებდათ?
– როგორ არა (იცინის). კაბებს ვუკერავდი, თმებს ვაჭრიდი და მერე განვიცდიდი, თმა რატომ აღარ ეზრდებათ-მეთქი (იცინის). მაგრამ უფრო ბიჭური რაღაცეები მიზიდავდა. რაც შეეხება ბიჭების ცემას, არასდროს მიცემია, საერთოდ ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო ადამიანი ვარ. არც გოგოებთან მქონია სერიოზული კონფლიქტი, იმდენს ვჭიდაობდით და ვიბრძოდით ტატამზე, სადღა გვეცალა საჩხუბრად (იცინის)... თმების მოწიწკნა და ასეთი რაღაცები კი იყო. ბიძაჩემმა დამაინტერესა ამ სპორტით, თვითონ ყოფილი ძიუდოისტი გახლდათ. რომ შემატყო, ნიჭიც მქონდა და სურვილიც, მიმიყვანა სავარჯიშოდ, ჩემს ტოლ გოგონებთან შედარებით საკმაოდ ტანმაღალი ვიყავი – 170 სანტიმეტრი. დავიწყე ვარჯიში და ისე მოხდა, ზუსტად ორ კვირაში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა, შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. არადა – აზრზე არ ვიყავი არც წესების, არც ტერმინების – ჩვენ ხომ ძიუდოში იაპონური ტერმინები გვაქვს. დაწყება, დამთავრება, გაფრთხილება – ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე ორ კვირაში. ეგ იყო, რომ ფიზიკურად ვიყავი ყველაზე დიდი და ამით მოვუგე სხვა გოგოებს. მივიქნევდი – მოვიქნევდი და ისე გავედი ფინალში, ვერც გავიგე (იცინის). ილეთებიც არ ვიცოდი წესიერად. ფინალში რომ გამოაცხადეს, ვაზარი დონღუზაშვილსო, ვიფიქრე, ალბათ, გაფრთხილებაა-მეთქი, თურმე გავიმარჯვე.
– მშობლები რა აზრის იყვნენ თქვენს არჩევანზე?
– დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, წინააღმდეგი იყო, ეშინოდა, გოგოს ძიუდო რად უნდაო. მამა უფრო ჩვეულებრივად შეხვდა – ბავშვია, იაროს თუ უნდა, გაერთობაო. მაგრამ, სერიოზულად არც ერთი არ ჩარეულა. სხვათა შორის, ჩემი თაობის ქართველი გოგონები უფრო დადიოდნენ ძიუდოზე. 50 გოგო მაინც ვიყავით. ახლა ნაკლებად, არადა, ქართველი ქალი ძალიან ნიჭიერია. გული მწყდება, რომ არ აინტერესებთ ეს სფერო. ჩემი აზრით, ეს უფრო ქართული კომპლექსების ბრალია.
ჩემი უფროსი ძმა სულ 3 თვე დადიოდა ძიუდოზე და მამამ მაშინვე კიმონო უყიდა. არც ჩაუცვამს, ისე ახალთახალი იდო და იდო დიდხანს, მერე ვიღაცას ვაჩუქეთ. რომ დავიწყე ვარჯიში, მამას ვეხვეწე, კიმონო მიყიდე-მეთქი. დაიცა, კაცო, ბიჭისგან არაფერი გამოვიდა და გოგო გამიმართლებსო?! არასოდეს ეგონათ, რომ ამ სპორტს სერიოზულად გავყვებოდი. ახლა ვეუბნები ხოლმე: აი, ხედავ, მაშინ რომ არ მიყიდე კიმონო-მეთქი.
– სხვა სპორტით თუ იყავით დაკავებული?
– სპორტით არა, მაგრამ მუსიკაზე დავდიოდი, ქართულ ცეკვებზე დედაჩემი მატარებდა. მაგრამ, არც მუსიკოსი გამოვიდა ჩემგან, არც მოცეკვავე. უფრო ძიუდო მიზიდავდა. სანამ ძიუდოში ვარჯიშს დავიწყებდი, ცეკვას მანამდე დავანებე თავი – კომპლექსი მქონდა, დისკომფორტი. მეხერხებოდა, მაგრამ ამხელა ტანის რომ ვიყავი, მრცხვენოდა. ჩემ გარშემო სულ თხელი, ტანწერწეტა გოგოები ცეკვავდნენ და გული ავიცრუე (იცინის). არც მუსიკალური სმენით დამაჯილდოვა ბუნებამ, მაგრამ გიტარაზეც დავდიოდი ჩემი სურვილით. თუმცა იქიდანაც ჩემით გამოვედი. ფარიკაობაც მომწონდა ძალიან, მაგრამ საბოლოოდ ძიუდო ავირჩიე.
– თქვენი ოჯახის წევრები სად ცხოვრობენ?
– მცხეთაში, წარმოშობით მცხეთიდან ვარ. ტყუპისცალი და ბათუმშია გათხოვილი. საქართველოშიც ხშირად ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, რომ ჩემები ვნახო, მოვისიყვარულო, მოვეფერო. საქართველოში სულ ჩამოსვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. რომ ჩამოვიდე, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და ავაწყო. თუმცა, აეროპორტიდან რომ გამოვდივარ და ფეხს საქართველოში ვდგამ, თითქოს მიწასაც და ჰაერსაც სხვა სუნი აქვს...
– როგორ მიგიღოთ რუსეთმა, არ დაგხვდათ მტრული გარემო?
– არანაირად, პირიქით. მაშინ უფრო ნაკლებად იყო აგრესია. „ტი გრუზინკა?” – რომ გაიგებდნენ, ქართველი ვიყავი, კარგად მხვდებოდნენ, თბილად. თუმცა, ჩემთვის არც მერე უგრძნობინებია ვინმეს რამე ქართველობის გამო. მთავარია, ადამიანი იყო. რადგან ქართველი ვარ, არ ნიშნავს, რომ ქართველებს ყველაფერში ვამართლებ. ბევრი ისეთია აქ, ვინც გვარცხვენს და სახელს გვიტეხს. სკინჰედებს ნამდვილად არასდროს შევხვედრივარ, ღმერთმა დამიფაროს. მე პირველი გავიქცეოდი (იცინის). იმათთვის სულ ერთია ქართველი ხარ, სომეხი თუ თათარი. ხალხისგან სიყვარულს სულ ვგრძნობ, რამდენჯერ ქუჩაში გავუჩერებივარ უცნობ ადამიანს და მადლობა უთქვამს, რომ რუსეთის სახელით ასე კარგად გამოვდივარ.
– პუტინს თუ იცნობთ?
– პირადად ძალიან ახლოს. ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ივანოვს ვიცნობ კარგად... რამდენჯერმე პუტინმა პადმასკოვიეში, საკუთარ რეზიდენციაში მიგვიწვია. რამდენჯერმე კი ჩვენს გამოსვლასაც დაესწრო, დაჯილდოებებზე იყო, არის არაფორმალური შეხვედრებიც, სადაც ერთმანეთს ვხვდებით – ჩვენს კლუბში, დარბაზში... მოყვარულის დონეზე საკმაოდ კარგად ფლობს ძიუდოს ბატონი პრემიერი. რომ ვთქვა, „სუპერ-პუპერ” ძიუდოისტია, არა, მაგრამ კარგად ვარჯიშობს. მსუბუქ წონით კატეგორიაში ვარჯიშობს სამოყვარულო დონეზე. ჩემთან არ უსპარინგია (იცინის). ურთიერთობებში ძალიან კარგი ადამიანია. დიდ ყურადღებას გვაქცევს, მოდის ხშირად. განსაკუთრებით მე ვგრძნობ ყურადღებას მისგან. მაგალითად, სხვა გოგოებს ხელს ჩამოართმევს, მე გადამკოცნის, ძალიან თბილად მომიკითხავს...
– ქართულ-რუსული ომის დროს როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– ჩვეულებრივი. ჩვენ პოლიტიკაზე არასოდეს ვსაუბრობთ, მით უმეტეს, ამ თემაზე. პირველად რომ ვნახე, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ხომ ტანდაბალი მამაკაცია, იმხელა ენერგია აქვს და იმხელა სიძლიერეს ასხივებს თვალებიდან, გავოცდი.
– გათხოვილი ხართ?
– არა, აქტიური ძიების პერიოდი მაქვს (იცინის). ისე მოხდა, რომ რომანიც არ მქონია სერიოზული. ცუდად არ მინდა, გამომივიდეს, მაგრამ რუსი მამაკაცები მაინცდამაინც არ მომწონს. ერთადერთი, პუტინს რომ ვხვდები, ჟურნალისტებში დიდ ინტერესს იწვევს ეს ამბავი. ბევრ მამაკაცს ეშინია ჩემთან ურთიერთობის. ეშინია იმიტომ კი არა, რომ ფიზიკურად ძლიერი ვარ და ვცემ (იცინის), დამოუკიდებელი ქალი ვარ, მყარი შემოსავალი მაქვს და ამას ვგულისხმობ.
– მსაჯები ხშირად არიან არაობიექტურები?
– კი, როგორ არა, მსაჯობა ცალკე მაფიაა, ამ სფეროში დიდი ფული ტრიალებს და ინტრიგაც ბევრია, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პირიქით, მეხმარებიან. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, საფრანგეთში ვჭიდაობდით, გუნდური შეჯიბრება გვქონდა. ხუთნი ვჭიდაობდით და წესია ასეთი, თუ აქედან სამმა მოიგო, მოგება გუნდს ეთვლება. 2:2 იყო და ჩემით წყდებოდა ყველაფერი. ორლეანში ვჭიდაობდი მსოფლიოს ჩემპიონ ორლეანელ ძიუდოისტ ლებრუნთან. მე სუფთა გდება გავაკეთე, გამარჯვება მომაკუთვნეს და უკვე ვზეიმობდით, რომ ამ დროს მსაჯები ადგნენ და შედეგი გააუქმეს. საფრანგეთში არანორმალური გულშემატკივრობა იციან, უნდა გენახათ, ტრიბუნებზე რა ხდებოდა. მომიძებნეს რაღაც შეცდომა და მოხსნეს ჩემი მოგება. ვფიქრობდი, რომ შანსი ხელიდან გავუშვი, მაგრამ 2 წამი იყო დარჩენილი და სუფთა გდება გავიმეორე! სასწაული შეგრძნება იყო, უდიდესი სიხარული. მე არმიაშიც ვჭიდაობ, უმცროსი ლეიტენანტის ჩინი მაქვს. (იცინის). იქაც გვაქვს შეჯიბრება და ჩინელებს ვეჭიდავებოდით. სულ გვიგებდნენ ხოლმე ჩინელები. მოკლედ ფინალში ვართ და მთელი გენერალიტეტი და ჩინოსნები მოვიდნენ საგულშემატკივროდ. მწვრთნელი აკანკალებული მოვიდა და მეც გადამდო ღელვა. გამიჭირდა, ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა. ბოლოს შევბოჭე, 25 წამის განმავლობაში უნდა გყავდეს შებოჭილი – მოკლედ, ჩინელები ცალკე უკიოდნენ იმას, მე ჩემები (იცინის). ბოლოს, მოვიგეთ.
– 2008 წლის ომის დროს სად იყავით?
– პეკინის ოლიმპიადაზე. მყესი დავიზიანე და ვერ გავედი.
– რა ტიტულების მფლობელი ხართ?
– მაქვს ორი ოლიმპიური მედალი, 10 რუსეთის ჩემპიონატის ოქრო, 10 მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი...
– ქალბატონი ხართ და სამზარეულოსთან როგორ ხართ?
– რაც საშინლად არ მეხერხება, საჭმლის კეთებაა (იცინის). ჩემთან იმდენად კარგად ამზადებდნენ – დედა, ჩემი დები, ბებია, რომ ჩემი გასაკეთებელი აღარაფერი რჩებოდა, სამზარეულოს არ მაკარებდნენ. დედაჩემი სულ მეუბნებოდა: „შვილო, სტუმარი რომ მოვა, რამე ხომ უნდა დაახვედრო, ხომ არ ეჭიდავებიო. დედა იმერელი მყავდა და უნიკალური კულინარი იყო. მეც ვიცი ერთი-ორი კერძის გაკეთება.
– გაპრანჭვას რამდენად ახერხებთ რეჟიმიდან გამომდინარე?
– როგორ უნდა მოახერხო, როცა წელიწადში 10 თვე „ზბორებზე” ხარ?! ძირითადად, ჯინსები მაცვია, ბოტასები... თუმცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან მიყვარს და ბევრიც მაქვს. უცხოეთში რომ მივდივარ, იქ ბევრს ვშოპინგობ – ჩემი საყვარელი საქმეა. ფიზიკურად დიდი ვარ და ჩემი ზომა იქ უფრო იშოვება და ვყიდულობ. ძალიან მინდა, გრძელი თმა მქონდეს, თუმცა აღნაგობიდან გამომდინარე, არ მიხდება.

скачать dle 11.3