კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით შეიძლება დაულპეს ჩინურ ლივისტონას ფესვები და როგორი წყლით მოვრწყათ აზალია

შემოდგომის დასაწყისში ზოგიერთ მცენარეს ბინაში შეტანა სჭირდება, ზოგი კი იმდენად გამძლეა, რომ ამ სეზონის ცივ დღეებსაც კი გაუძლებს. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ამირან ბიწაძე აგვიხსნის, სად დავდგათ და როგორ მოვუაროთ ჩინურ ლივისტონასა და აზალიას შემოდგომის სეზონზე.

– ბატონო ამირან, როგორ დაახასიათებთ ჩინურ ლივისტონას?
– ჩინური ლივისტონა ძალიან ლამაზი და მოხდენილი მცენარეა როგორც სახლების, ისე ორანჟერეებისა და ბაღებისთვის. მისი სამშობლო ჩინეთია და იქ თითქმის ყველა ოჯახში აქვთ ეს პალმა. ჩინური რელიგიით ამ მცენარეს მშვიდობა და ბარაქა მოაქვს ოჯახში.
ჩინური ლივისტონა 1980 წელს შემოიტანეს საქართველოში, მაგრამ მცენარემ ვერ გაძლო და მალევე გახმა. ამიტომ, 1988 წელს შემოიტანეს ამავე მცენარის თესლი, რომელიც მალე გაღვივდა და მშვენივრად გაიხარა. საქართველოს კლიმატში და ნიადაგში ეს მცენარე დღემდე შესანიშნავად გრძნობს თავს.
– რა ზომის იზრდება ჩინური ლივისტონა და გამძლეა თუ არა ეს მცენარე?
– ეს პალმა არც ისე დიდი ზომის იზრდება – დაახლოებით 70 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს და ძალიან მოხდენილი, მარაოსებრი ფოთლები აქვს. ჩინეთში ეს მცენარე ქვიან-სილიან ადგილას ხარობს, ამიტომ მას კლდის პალმასაც ეძახიან. ის ძალიან გამძლეა ყველგან და ყინვასაც კარგად იტანს.
– როგორ გარემოში ვამყოფოთ ის საქართველოს პირობებში?
– საქართველოში ეს მცენარე თავს კარგად გრძნობს როგორც სახლში, ისე ეზოში. შეგიძლიათ ზაფხულში მცენარე გაიტანოთ ეზოში, აივანზე. ის კარგად ეგუება როგორც სიცხეს, ასევე, ჩრდილიან გარემოსაც. ეს პალმა პრეტენზიული ნამდვილად არ არის.
– რა სიხშირით სჭირდება ამ პალმას გადარგვა?
– ამ მცენარეს ხშირი გადარგვა არ სჭირდება. შეგიძლიათ, თავიდანვე ჩარგოთ დიდ ქოთანში და წლების განმავლობაში მუდმივად ამ ქოთანში ამყოფოთ. მას არ აქვს ძალიან ხშირი ფესვები და ამიტომ არ საჭიროებს გადარგვას.
– რაც შეეხება მორწყვას?
– ზაფხულში ჩინურ ლივისტონას რეგულარული მორწყვა სჭირდება, მაგრამ, ლამბაქზე არ დატოვოთ წყალი, რადგან, ამან, შესაძლებელია, გამოიწვიოს ფესვების ლპობა. გახსოვდეთ, როგორც კი ლამბაქზე წყალი დაგროვდება, მაშინვე გადაღვარეთ, რომ ჭურჭელი მშრალი იყოს.
ასევე, შეგიძლიათ, მცენარე მორწყათ ზემოდან, როგორც წვიმის დროს. როგორც კი მცენარეს ზემოდან მორწყავთ, აუცილებლად დადგით ჩრდილში, რომ წვეთების ადგილი არ დაიწვას მზის სხივებისგან. ამ მცენარის ღეროები დაფარულია ეკლებით, ამიტომ, ხელს ნუ მიაკარებთ. მისი ეკლები ერთ-ერთი დამცავი საშუალებაა, რათა არ მიეკაროს ცხოველი და ფოთლები არ შეუჭამოს.
– როგორ ტემპერატურას ეგუება ჩინური ლივისტონა და არის თუ არა ის სწრაფად მზარდი მცენარე?
– მცენარეს წელიწადში სამი-ოთხი ფოთოლი ამოაქვს. ის ძალიან სწრაფად მზარდია – სამ წელიწადში 12-14 ფოთოლს იკეთებს და ამ დროს განსაკუთრებით ლამაზი და მშვენიერია.
ჩინური ლივისტონა კარგად ეგუება ტემპერატურის ცვლილებას. ზამთარში ყინვაგამძლეა, მაგრამ, თუ მცენარე ქოთანში გიდგათ, შეგიძლიათ, ბინაში შეიტანოთ და ოთახის პირობებში გამოაზამთროთ.
– საჭიროა თუ არა ამ მცენარისთვის დამატებითი კვება?
– მცენარეს წელიწადში ორჯერ სჭირდება გამოკვება: გაზაფხულზე და ახლა, შემოდგომით. მისთვის აუცილებელია დამატებითი საკვები სითხისა და გრანულების სახითაც.
– როგორ გავამრავლოთ ჩინური ლივისტონა?
– მცენარე თესლითა და ამონაყარით მრავლდება. მას ამონაყარი სამ წელიწადში ერთხელ აქვს, რომელიც მეორე წელს უნდა ჩავრგათ. მისი თესლი კი, ზამთრის დადგომისთანავე უნდა დაითესოს. ზამთრის სეზონზე ჩათესილი ლივისტონა დაახლოებით გაზაფხულზე ამოვა. თესლს ამოსასვლელად 2-6 თვე სჭირდება.
– რით შეიძლება დაავადდეს ჩინური ლივისტონა?
– მავნებლებიდან მცენარეს უჩნდება ტკიპა და ფარიანა, რაც ძალიან იოლად მოსაცილებელია: მცენარის მიწა და ფოთლები თვეში სამჯერ შეწამლეთ კარატეს ხსნარით და მავნებლებისგან მაშინვე გათავისუფლდება. ეს ხსნარი ლივისტონას ღეროსა და ფოთლებზე ცუდად არ იმოქმედებს და თამამად შეასხურეთ მას ყველგან.
– შეიძლება ჩინური ლივისტონას გასხვლა?
– ამ მცენარის გასხვლა შეგიძლიათ: ქვემოთ ჩამოსული ფოთლები მოაჭერით და ზემოთ დაუტოვეთ რამდენიმე ცალი. ის მალევე ამოიყრის ახალ ფოთლებს.
– რა მიზეზით შეიძლება გაუხმეს ამ პალმას ფოთლები და როგორ დავეხმაროთ ამ დროს მცენარეს?
– მისი ფოთლების გახმობის მიზეზი უწყლობა იქნება. ამიტომ, როგორც კი ამას შეამჩნევთ, მცენარის ფოთლები მაშინვე დანამეთ.
– რაც შეეხება აზალიას, რას გვეტყვით ამ მცენარის შესახებ?
– აზალია უხვად მოყვავილე მცენარეა. ამ მხრივ მას ცოტა მცენარე თუ შეედრება. ყვავილობისას ყვავილები მთლიანად ფარავს ფოთლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარე გრილ ადგილას დგას. შემჭკნარი ყვავილები ხელით ფრთხილად მოაშორეთ დაყვავილების შემდეგ. ყინვებამდე, ეს მარადმწვანე ბუჩქი გარეთ, დაჩრდილულ ადგილას დადგით, აცივების შემდეგ კი ოთახში შეიტანეთ და გაზაფხულამდე იქ დატოვეთ.
– რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?
– მცენარე კაშკაშა სინათლეში ამყოფეთ, მაგრამ მზის გულს მოარიდეთ. სიგრილეში ის უფრო დიდხანს ყვავილობს. ამ დროს იდეალურია 10-16 გრადუსი. მოარიდეთ 25 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას.
– როგორ მოვუაროთ აზალიას, თუ ის გარეთ გვიდგას?
– გარეთ გატანის შემდეგ ნუ მოაკლებთ ყურადღებას: ნიადაგი რეგულარულად მორწყეთ და აზალიებისთვის განკუთვნილი თხევადი სასუქით გაამდიდრეთ. ყოველთვის მორწყეთ რბილი, ნადგამი წყლით.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– აზალია მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგის მოყვარული მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში ტორფის შერევა სჭირდება.
– რა ზომის იზრდება აზალია და სად დავდგათ მცენარე ბინაში?
– მცენარე მაღალი არ იზრდება – მისი სიმაღლე დაახლოებით 35 სანტიმეტრია. სასურველია, თუ ბინაში აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგამთ – ასე უკეთ იგრძნობს თავს.

скачать dle 11.3