კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდნენ 20 წლის განმავლობაში ცენტრალური ბანკის საცავს

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა. მის მონაწილეთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია და ზოგიერთი მათგანის ვინაობა შევცვალეთ. ამიტომ, ვინმესთან მათი მსგავსება, შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
„თითა“
– რეზო, სვლა შეანელე და იმ კეპკიანს გავყვეთ.
– ვინ არის?
– ვინ და „თითა“. როგორ გეტყობა, ახალი თანამშრომელი რომ ხარ და არავის იცნობ. მაგრამ, არა უშავს, სულ მალე გამოიწვრთნები და მთელ „პრესტუპნი მირს“ საკუთარ ნათესავებზე უკეთ გაიცნობ.
– რას ამბობ, კაკო, საკუთარ ნათესავებზე უკეთ როგორ გავიცნობ?
– როგორ და მშვენივრად, – ჩაეცინა კაკოს და დაამატა, – თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეში წარმატების მიღწევა გსურს. გინდა თუ არა?
– რა თქმა უნდა, მსურს.
– ჰო და, თუ გსურს, მაშინ ეს „მოსკვიჩი“ აქ გააჩერე და კეპკიანს კუდზე დააჯექი. მე წინიდან შემოვუვლი და რომ გაიქცევა, შეიპყრობ. მილიციაში მივიყვანთ და ესეც შენი პირველი საქმე...
რეზო კახიძე და კაკო პატარაია თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლები იყვნენ. 21 წლის კახიძე უმცროსი ლეიტენანტი გახლდათ, იურიდიული ფაკულტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და სამსახური, სულ რაღაც, ერთი კვირის წინ დაიწყო. მილიციის კაპიტანი კაკო პატარაია კი კახიძეზე ცხრა წლით უფროსი, გამოცდილი ოპერმუშაკი იყო და როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ქართულ კრიმინალურ სამყაროს საკუთარი ხელისგულივით იცნობდა. მის ანგარიშზე არაერთი ძებნილის თუ საშიში ბოროტმოქმედის დაკავება ირიცხებოდა და ძალიან მამაც და საზრიან ადამიანად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ შეუწყვილეს მას ახალბედა კახიძე, რომლის მამაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. მან შვილს ვერასგზით გადააფიქრებინა მილიციელობა.
კახიძემ მამის ნაჩუქარი „მოსკვიჩი“ რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრთან გააჩერა და თითას დაედევნა. პატარაიამ კი ოპერის ბაღთან ჩაუხვია, ძნელაძის ქუჩით „იმელთან“ ამოვიდა და თითას საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. თითამ რომ მის შესახვედრად მომავალი ოპერი დაინახა, რომელსაც მშვენივრად იცნობდა, მკვეთრად შეტრიალდა და ოპერის მიმართულებით გაიქცა. თუმცა, იქ კახიძეს ჩაუვარდა ხელში. ამასობაში პატარაიაც მოვიდა, თითას ხელბორკილები დაადო და მხიარულად ჰკითხა:
– სად გარბოდი, გამარჯობის თქმა არ გინდოდა?
– რატომ უნდა მდომოდა, რომელი ჩემი ძმაკაცი შენ ხარ? – მიუგო მილიციის კაპიტანს, გამწარებულმა თითამ.
– ძმაკაცი თუ არა, ნაცნობი ხომ ხარ. ნაცნობებს კი გვერდი ისე არ უნდა ჩაუარო, რომ არ მიესალმო. შენ კი ეს არ ისურვე.
– თქვენ კი, რა თქმა უნდა, გამარჯობის სათქმელად დამიჭირეთ, არა?
– არა მარტო ამიტომ. დაგინახე, რომ ტროლეიბუსიდან ჩამოხვედი და შუსტრად დააწექი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტით ხარ. რას იზამ, თვითონ მოყვები ყველაფერს თუ ჯერ გაგშმონოთ, ეგრევე წაგარტყათ და გამოგტეხოთ, რომ შენი ტუფტა ბაზარით არ გამოვიჭედოთ ყურები?
– მოსაყოლი ბევრი არაფერია, უფროსო, – თქვა ყურებჩამოყრილმა თითამ, – უკანა ჯიბეში მოზრდილი ლაპატნიკი მაქვს, რომელიც ერთ ლოხს ვუსუხარე პიჯაკის ჯიბიდან ტროლეიბუსში და შიგ რა დევს, არ ვიცი. უბრალოდ, ნახვა ვერ მოვასწარი.
– ჰოდა, ერთად ვნახოთ მანქანაში, – მიუგო პატარაიამ თითას და კახიძეს მიუბრუნდა:
– გაიცანი, რეზო, ეს თენგიზ მესხია, ცნობილი თბილისელი ჯიბგირი, იგივე თითა, რომელსაც თითქმის ვერავინ იჭერს ფაქტზე და ამ იშვიათი შემთხვევითობის პატივი მე და შენ გვერგო.
– თქვენ უკვე მესამედ, უფროსო, ამ ბიჭს კი პირველად, – დააზუსტა თითამ და დაამატა, – სულ სამჯერ ვარ დაჭერილი და სამივეჯერ თქვენ ამაგდეთ.
მილიციელებმა თითა ჯერ „მოსკვიჩში“ ჩასვეს, შემდეგ კი უკანა ჯიბიდან შავი ფერის საფულე ამოუღეს. საფულე პატარაიამ გახსნა და მის დათვალიერებას შეუდგა.
– ოჰო, აქ რაღაც მსხვილი საქმის სუნი მცემს, – თქვა მან, როდესაც ტროლეიბუსში მოპარული საფულიდან ცელოფანში გახვეული ბრჭყვიალა თვლები ამოიღო, – დიდი იუველირი არ ვარ, მაგრამ თავს დავდებ, რომ ეს თვლები ბრილიანტებია და საკმაოდ ძვირად ღირებულებიც. ყოჩაღ თითა, თუ შენმა ჯიბგირობამ მსხვილი დანაშაულის კვალზე გაგვიყვანა, შეიძლება, ეს სასამართლომ გაითვალისწინოს და არც კი გაგსროკონ...
მსხვილი საქმე
კახიძემ და პატარაიამ თითა მილიციის სამმართველოში მიიყვანეს, რომელიც იმ პერიოდში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამინდელი საპატრიარქოს შენობაში მდებარეობდა და პირდაპირ სამმართველოს უფროსს წარუდგინეს.
– აი, ამხანაგო პოლკოვნიკო, – უთხრა კაპიტანმა პატარაიამ ახლად დანიშნულ სამმართველოს უფროსს, რომელიც მანამდე მისი უშუალო უფროსი იყო და კაკოსთან მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებდა, – თითა მოგიყვანეთ და მე მგონი, რაღაც მსხვილ საქმეს დავაჯექით.
– აბა, რა მსხვილ საქმეზეა ლაპარაკი, – თქვა პოლკოვნიკმა და ახალმოსულებს მიაჩერდა.
– აი, ეს ¹2 ტროლეიბუსში მოპარული საფულეა. ეს კი, ალბათ, დაზარალებულის პასპორტი. ეს, თუ არ ვცდები, ბრილიანტის თვლები უნდა იყოს, – უთხრა პოლკოვნიკს პატარაიამ და სამმართველოს უფროსის მაგიდაზე ჯერ დაზარალებულის პასპორტი დადო, შემდეგ კი თორმეტი ცალი მსხვილი თვალი დაალაგა, რომლებიც ზღაპრულად და თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდნენ.
– არ შემცდარხარ, ჩემო კარგო, – გაუღიმა პატარაიას პოლკოვნიკმა, – ბრილიანტებია, სამ-სამკარატიანი და როგორც ეტყობა, სუფთა წყლის. თითოეული მათგანი კი რამდენიმე ათეული ათასი მანეთი ღირს და საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ისინი ტროლეიბუსის მგზავრის საფულეში, ან ვინაა ის მგზავრი?
– ვიღაც კოშკელი, ანტონ კოშკელი, – თქვა პატარაიამ, – საკმაოდ უცნაური და იშვიათი გვარია.
– არცთუ ისე იშვიათი. ერთ კოშკელს მეც ვიცნობდი, – თქვა პოლკოვნიკმა, და კოპებშეკრულმა უთხრა პატარაიას, – რაო, რა თქვი, ანტოშკა კოშკელიო?
– ანტონ კოშკელი, უფროსო, პასპორტში ასე წერია, – მიუგო პოლკოვნიკს პატარაიამ და დაზარალებულის პასპორტი მიაწოდა.
მილიციის სამმართველოს უფროსმა პასპორტი გადაშალა, სურათს დახედა და თქვა:
– ასეც ვიცოდი, ანტოშკა კოშკელია. რა დრო გასულა. ციხიდან გამოუშვიათ და მოსკოვში ცხოვრობს, მაგრამ თბილისში რატომ ჩამოვიდა?
– იცნობთ, უფროსო? – ჰკითხა პოლკოვნიკს პატარაიამ.
– ჰო, და ძალიან ახლოსაც. ერთ ძველ საქმეზე ჯერ დახვრეტა მისცეს, შემდეგ კი თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს და აი, ისევ თბილისშია. მაგრამ რატომ, რა დაავალეს ამჯერად? – თქვა პოლკოვნიკმა, შემდეგ თითას ანტონ კოშკელის პასპორტში ჩაკრული სურათი უჩვენა, საიდანაც ორმოციოდე წლის მამაკაცი იყურებოდა და ჰკითხა:
– ნამდვილად ამ კაცს ამოაცალე ეს საფულე?
– დიახ, უფროსო, ნამდვილად მაგას. ჭრელი პიჯაკი ეცვა, „ლაპატნიკი“ მარცხენა გულის ჯიბეში ჰქონდა და ისე სუფთად ვუსუხარე, ვერაფერს მიხვდა და ოპერასთან ჩავედი. უნდა ავორთქლებულიყავი, მაგრამ თქვენმა ბიჭებმა ამაგდეს და აი, აქ ვარ.
– თითა კამერაში ჩაიყვანეთ და ჩიტის რძეც არ მოაკლოთ, – თქვა პოლკოვნიკმა, შემდეგ თითას მიუბრუნდა და უთხრა:
– თენგიზ მესხო, იგივე თითავ, ახლა შენ საკანში ჩაგსვამენ, ცოტა ხანს იქ იყავი, შემდეგ კი გპირდები, რაც მე მგონია, თუ ისე წარიმართა ეს საქმე, მაშინ სროკს არ აგკიდებ და გაგიშვებ. მაგრამ, იცოდე, ენა არ ატლიკინო და არც პატიმრებს და არც ნადზორებს არაფერი მოუყვე. არც ის, თუ რატომ დაგიჭირეს. თქვი, ათი მანეთი მოვპარე ვიღაც ქალს უნივერმაღში და ამიტომ დამიჭირესო, გესმის?
– მესმის, უფროსო, გიჟი ხომ არ ვარ, საკუთარი თავი დავიმარხო. სწორედ ისე ვიბაზრებ, როგორც თქვენ მითხარით.
თენგიზ მესხი, იგივე თითა საკანში ჩაიყვანეს. პოლკოვნიკმა კი კახიძეს და პატარაიას უთხრა:
– ახლა კი კარგად მომისმინეთ, ბიჭებო! ეს ანტონ კოშკელი ჩემი ძველი პაძელნიკი იყო, საკმაოდ კარგი ოპერი და ბევრი რთული საქმე ჰქონდა გაკეთებული. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ის „კაგებემ“ ააგდო. მას ჯერ დახვრეტა მისცეს, თუმცა შემდეგ თხუთმეტწლიან სროკზე გაუშვეს. ანუ, განაჩენი შეუცვალეს. როგორც ეტყობა, ის ვიღაც ბობოლას მფარველობის ქვეშ იყო. თუმცა, შემდეგ ანტოშკა ვინმე ისააკ როზენფელდის მკვლელობისთვის აიყვანეს. ეს როზენფელდი მსხვილი ვალუტჩიკი იყო, ბრილიანტებზე ჩალიჩობდა და როგორც ხმა გავრცელდა, თურმე მას „კაგებე“ უთვალთვალებდა, რომ მთელი დაჯგუფება აეყვანათ და ანტოშკამ მათ მთელი ოპერაცია ჩაუშალა.
– როგორ, „კაგებემ“ ვერ გამოტეხა, თუ ვინ შეუკვეთა იმ როზენფელდის მკვლელობა? – გაოცდა კახიძე, რომელიც პირდაღებული უსმენდა პოლკოვნიკს.
– ანტოშკამ დაასახელა შემკვეთი, მაგრამ მის ასაყვანად რომ მივიდნენ, მოკლული დახვდათ და ამით კვალიც მოისპო, – მიუგო პოლკოვნიკმა კახიძეს, – მოკლედ ასე, გული მიგრძნობს, რომ კვლავ მსხვილ საქმეს დავაჯექით და კრინტი არავისთან დაძრათ. მე კი თქვენი აღმოჩენის შესახებ ედუარდ ამბროსოვიჩს შევატყობინებ. მან გადაწყვიტოს, შეატყობინოს თუ არა „კაგებეში“ ინაურს...
იმ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იყო და მილიციის უფროსმა ანტოშკას ამბავი რომ შეატყობინა, შევარდნაძე წამით ჩაფიქრდა და მიუგო:
– ჯერჯერობით ამ საქმეში ვალუტა არ ფიგურირებს, ამიტომ „კაგებესთვის“ შეტყობინება აუცილებელი არ არის. თქვენ კი თანმიმდევრულად მიჰყევით საქმეს, სრული საიდუმლოება დაიცავით და მუდმივად საქმის კურსში მამყოფეთ. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ, პოლკოვნიკო!
მილიციის სამმართველოს უფროსი რომ უკან დაბრუნდა, კვლავ პატარაია და კახიძე იხმო. ჯერ მინისტრის სიტყვები გააცნო, ბოლოს კი უთხრა:
– ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს. ორიოდე სანდო კაცი წაიყვანეთ და ანტოშკას ძებნას შეუდექით...
დასახიჩრებული გვამი
პატარაია და მისი სამი კოლეგა ანტონ კოშკელს ორი დღე თავდაუზოგავად ეძებდნენ. მთელი თბილისი გადაჩხრიკეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს. მესამე დღეს კი მარჯანიშვილის ხიდთან წყალში ჩავარდნილმა სპორტსმენმა მებაიდარემ, რომელიც თავისი ნავით მტკვარზე ვარჯიშობდა, ხიდის ჯებირს გამოდებული ცხედარი შენიშნა. მან ამის შესახებ მილიციას შეატყობინა. ცხედარი ამოიღეს, პროზექტურაში წაიღეს და გაკვეთეს. აღმოჩნდა, რომ ის ჯერ საშინლად იყო ნაწამები და დასახიჩრებული, შემდეგ კი დიდი ზომის მჭრელი, ცივი იარაღით მოკლული.
– სავარაუდოდ, დიდი ორლესული ხანჯლითაა მოკლული, – უთხრა პატარაიას პათანატომმა, რომელმაც ცხედარი გაკვეთა, – სასიკვდილო ჭრილობა ყელში აქვს მიყენებული. თუმცა, ესეც ზედმეტი იყო. ის ისეა ნაწამები, მაინც მოკვდებოდა.
მოხერხდა ამოცნობა და მარჯანიშვილის ხიდთან ნაპოვნი გვამი ანტონ კოშკელი აღმოჩნდა...
– ვიღაც კვალს შლის, ამხანაგო პოლკოვნიკო, – უთხრა სამმართველოს უფროსს პატარაიამ.
– კვალსაც შლის და თან, ამით შურსაც იძიებს. თორემ მარტო კვალის წაშლაზე რომ იყოს საქმე, კოშკელს უბრალოდ მოკლავდნენ. ის კი სასტიკადაა ნაწამები და როგორც ეტყობა, ის იმის გამო აწამეს, რომ ბრილიანტები დაკარგა.
– ბრილიანტები დაკარგა? – გაოცდა პატარაია.
– კი. მასეა. დარწმუნებული ვარ, რომ ანტოშკას ბრილიანტები ვიღაცასთან მიჰქონდა, თითამ კი მას ამაში ხელი შეუშალა. ის ვიღაცა ერთი უცნობია ჩვენთვის, ხოლო მეორე ვიღაცა კი მეორე უცნობი. ვფიქრობ, ანტონმა ბრილიანტები მეორე უცნობს წაართვა და გამორიცხული არ არის, რომ ამის გამო მან მკვლელობა ჩაიდინა.
გამოცდილი პოლკოვნიკი მართალი აღმოჩნდა და ტროლეიბუსში ჩადენილი ჯიბგირობიდან მეხუთე დღეს, სოლოლაკის ერთ-ერთი სახლის ბინაში 60 წლის სოლომონ ქურციკიძის მოკლული ცხედარი აღმოაჩინეს. ის ცენტრალური ბანკის თანამშრომელი იყო, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და მარტო ცხოვრობდა. მისი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ კიდევ ოთხი ცალი ბრილიანტის თვალი იპოვა, რომელიც მას საიდუმლო სამალავში ჰქონდა დამალული. ქურციკიძე ცენტრალურ ბანკში ძვირფასი თვლების შენახვას კურირებდა და როგორც აღმოჩნდა, ყველა ბრილიანტის თვალი ცენტრალური ბანკის საცავიდან იყო დაკარგული. მათზე პასუხისმგებელი კი სწორედ ქურციკიძე იყო...
მოკლულის დღიურები
მიუხედავად იმისა, რომ მოკლული ქურციკიძის საქმე „კაგებემ“ წაიღო, მილიციამ მის ბინაში დღიურებიც აღმოაჩინა. მათში ამოკითხული ინფორმაცია დაედო საფუძვლად უმსხვილესი საქმის გახსნას, რომელიც გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო საბჭოთა კავშირში. როგორც ქურციკიძე წერდა, თავის დღიურებში, თურმე საქართველოს ცენტრალური ბანკიდან მთელი 20 წლის განმავლობაში ძვირფასი ქვებისა და ოქროს ზოდების განსაკუთრებით მსხვილი რაოდენობის ქურდობა ხდებოდა. ამ ყველაფერს ისააკ როზენფელდი ახორციელებდა, ხოლო, როდესაც როზენფელდი „კაგებეს“ ყურადღების ცენტრში მოექცა, ის თავიდან მოიშორეს კოშკელის მეშვეობით. თავად ანტონი კი ციხეში გაუშვეს და მისი უკან დაბრუნების შემდეგ, კვლავ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართეს.
„მეშინია, – წერდა ქურციკიძე, – ანტოშკა უნდა მოვიდეს დღეს და ალბათ, ბრილიანტებს მოითხოვს, მაგრამ არ მივცემ. თუმცა, ვერც მილიციაში წავალ, რადგან თუ ჩემი საქმე გასკდა, დამიჭერენ და დამხვრეტენ. ვიცი, რასაც ვიზამ. ჯერ ანტოშკას მოვკლავ, შემდეგ გინზბურგსა და კოხრეიძესაც მივაყოლებ და უცხოეთში გავიქცევი“.
ვსევოლოდ გინზბურგი და გივი კოხრეიძე, შესაბამისად, ცენტრალური ბანკისა და ცეკას მაღალჩინოსნები იყვნენ, რომლებიც მსხვილ, იატაკქვეშა მაფიოზურ დაჯგუფებას მეთაურობდნენ. ეს დაჯგუფება ორი ათეული წლის განმავლობაში ძარცვავდა ბანკის საცავს. ისინი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ბათუმში, გემ „შოთა რუსთაველზე“ ისხდნენ და კრუიზულ მოგზაურობაში მიდიოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი დაეტოვებინათ. მათ „კაგებემ“ 50 ცალი ბრილიანტი აღმოუჩინა, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ მანეთს შეადგენდა, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო. გინზბურგი და კოხრეიძე გაასამართლეს და დახვრიტეს...
P. S. როგორც 1999 წელს რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, დახვრეტილი გინზბურგისა და კოხრეიძის უკან პოლკოვნიკი ანდრო ენდელაძე იდგა. ის „კაგებეს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, მთელ ამ მაფიას ფარულად ხელმძღვანელობდა და 1992 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა. 1994 წელს კი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სახლში მოკლული იპოვეს. როგორც გამჟღავნდა, ყოფილ პოლკოვნიკს ამერიკის შეერთებულ შტატებში 60-მილიონიანი ქონება დარჩა, რასაც მისი შვილი დაეპატრონა.

скачать dle 11.3