15 მეთოდი, რომელიც ენერგიით აგავსებთ
1. ბნელ ან ნახევრად ბნელ ოთახში ყოფნა აქვეითებს ენერგიას, ადუნებს და ძილს ჰგვრის ორგანიზმს. ამიტომ, ეცადეთ, დღისითაც და საღამოთიც თქვენი ბინა კარგად იყოს განათებული.
2. ყავისა და ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად, უმჯობესია, პიტნის ჩაი დალიოთ – ეს დილიდანვე შეგმატებთ მხნეობას.
3. დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი. პროცედურა აუცილებლად ცივი წყლით დაასრულეთ.
4. სამსახურში (ან სახლში) ყოველთვის იზრუნეთ იმაზე, რომ ოთახი, სადაც იმყოფებით, კარგად ნიავდებოდეს. ჟანგბადის უკმარისობა ადუნებს ორგანიზმს.
5. პერიოდულად გაიკეთეთ ყურების მასაჟი. დაიწყეთ ბიბილოებიდან და გადადით ნიჟარებზე (ხანგრძლივობა – 2 წუთი). ეს ხელს უწყობს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
6. ეცადეთ, ღამით გამოიძინოთ, მით უფრო, თუ დღე დაძაბული და დატვირთული გექნებათ. მუდმივი უძილობა ორგანიზმს ძალიან აუძლურებს. ამიტომ, შეეცადეთ, ძილი როგორმე 7-8 საათამდე გაიხანგრძლივოთ.
7. ტვინის უჯრედების გასავარჯიშებლად და, ამავე დროს, დასასვენებლად, შეავსეთ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი კროსვორდები, ანუ, ერთმანეთს შეუთავსეთ სასიამოვნო და სასარგებლო.
8. დაიმასაჟეთ ცერი და საჩვენებელი თითების ზუსტად შუაზე მდებარე წერტილი 1-2 წუთის განმავლობაში (დღეში 2-3-ჯერ).
9. თუ მოგშივდათ, შეგიძლიათ, სადილის გარეშეც იოლას გახვიდეთ, თუკი წინასწარ მოიმარაგებთ ფინიკს, კურაგას (გარგარის ჩირი), მიწის თხილსა და ნუშს (ჩვეულებრივი თხილი და ნიგოზიც შეიძლება). ყველა ეს პროდუქტი (თითო სადილის კოვზი) შეურიეთ ერთმანეთში (ცალ-ცალკეც დასაშვებია) და გემრიელად მიირთვით. შიმშილიც გაქრება და ენერგიითაც აივსებით.
10. დღეში 3-ჯერ დადექით სწორად, გაშლილი ხელისგულები დაიწყვეთ მუცელზე და ღრმად ისუნთქეთ. ჩასუნთქვისას შეჩერდით 10 წამის განმავლობაში და მერე ბოლომდე ამოისუნთქეთ. ვარჯიში 5-10 წუთს გრძელდება.
11. პერიოდულად ჩაატარეთ 2-წუთიანი მოთელვა: რამდენიმე ბუქნი, წელის ვარჯიში, ხელების წრიულად მოძრაობა. ყოველივე ეს თქვენს სამუშაო მაგიდასთანაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
12. თუ ხშირად გრძნობთ მოთენთილობას და ადვილად იღლებით, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა.
13. თქვენს დღის რაციონში ჩართეთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ნარინჯისფერი და წითელი ხილი და ბოსტნეული: ფორთოხალი, მანდარინი, პაპაია, გარგარი (ჩირიც შეიძლება), სტაფილო და პომიდორი.
14. ამ ყველაფერს შეაშველეთ არომათერაპია: თქვენს ცხვირსახოცზე (ჩანთაზე ან სხვა ისეთ ნივთზე, რომელთანაც დღის განმავლობაში ხშირად გიწევთ შეხება) დააწვეთეთ ფორთოხლის, პიტნისა და ჟასმინის ეთერზეთი.
15. და, ბოლოს, ყველაზე მთავარი: რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ, ოღონდ, მთელი გულით. ყოველ საღამოს კი (დღის განმავლობაშიც სასურველია, თუკი ამისთვის რამდენიმე წუთს მაინც გამონახავთ) ჩართეთ ვიდეო და ნახეთ რამე კარგი კომედია ან იუმორისტული გადაცემა, წაიკითხეთ (ან მოყევით) ანეკდოტები და იცინეთ რაც შეიძლება ხმამაღლა.