კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვა „მის სამყაროს“ ფინალური შოუ პროტესტის ნიშნად რამდენიმე კონკურსანტმა და როგორ გამოუჩნდა სან-პაულოში იტალიელი თაყვანისმცემელი ეკა ღურწკაიას

ცოტა ხნის წინ, „პირველი ვიცე-მის საქართველო“ – ეკა ღურწკაია ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც, როგორც „მის საქართველო 2010-ის“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო“ მიიღო მონაწილეობა.

ეკა ღურწკაია: სან-პაულოში საფინალო შოუ 12 სექტემბერს ჩატარდა, თუმცა მონაწილეები სამი კვირით ადრე ჩავედით. მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაგვევლო. ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, მართლაც ძალიან ლამაზი ქვეყანაა. როგორც კი ჩავფრინდით, მეორე დღესვე დაგვეწყო გადაღებები, ინტერვიუები. პირველი რამდენიმე დღე სულ გადაღებები გვქონდა, შემდეგ კი უკვე ქალაქშიც დავდიოდით, ვათვალიერებდით, კლუბებში ვიყავით. ბოლო 5 დღე უწყვეტი რეპეტიციები გვქონდა – ჯერ 8 საათის განმავლობაში, ბოლოს კი ორი დღე 10 საათი ვვარჯიშობდით. რეპეტიციები იმდენად დამღლელი იყო, გოგონებს გულიც კი მისდიოდათ. ბევრი გახდა ცუდად. ბოლო დღეებში ვფიქრობდი: აღარ მინდა მოდელობა, როდის წავალ საქართველოში-მეთქი. ძალიან დავიღალე და თან, სტრესიც დიდი იყო. ამდენი ხნით ჩემი ახლობლების, ოჯახის წევრების გარეშე არ ვყოფილვარ. ამიტომ, თავიდან გამიჭირდა და მერე კი მივეჩვიე.
– არ გაგიჭირდა შეყვარებულის გარეშე ყოფნა?
– პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავით ერთმანეთის გარეშე. საერთოდ, მოდელობასა და კონკურსებს დადებითად უყურებს. აქედან გამომდინარე, ვერ გააპროტესტებდა, თუმცა ბოლოს ამის მცდელობა ჰქონდა. ამ სამი კვირის განმავლობაში, მგონი, მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთელი დღე მესიჯობდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ანუ, ძალიან ხშირი კონტაქტი გვქონდა ერთმანეთთან, სულ მამხნევებდა და ეს დიდ სტიმულს მაძლევდა.
– ხომ არ აპირებთ დაქორწინებას?
– ვაპირებთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, როდის.
– კონკურსს დავუბრუნდეთ, ალბათ, დიდი კონკურენცია იყო.
– 89 ქვეყნიდან იყვნენ გოგონები და თან, ულამაზესები, შესაბამისად, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ვინც გაიმარჯვა, ანუ „მის ანგოლა“, ძალიან კარგი, ღირსეული გოგონა იყო, მაგრამ მე ჩემი რჩეული მყავდა: „მის რუსეთს“ ვგულშემატკივრობდი. გოგონები სასტუმრო „ჰილტონში“ ვცხოვრობდით, ჩემი „რუმეითი“ უკრაინელი იყო. მას და კიდევ რამდენიმე გოგონას ძალიან დავუახლოვდი. „მის უკრაინა“ სხვათა შორის, „პირველი ვიცე-მის სამყარო გახდა“.
– ოთახში არ ერთობოდით?
– ბოლო დღეს კარგად გავერთეთ, რადგან მთელი სამი კვირის განმავლობაში ყოველი წამი, წუთი გათვლილი გვქონდა. ამიტომ, გართობისთვის არ გვეცალა. როდესაც კონკურსი დამთავრდა, უკვე ყველაფრის უფლება გვქონდა. ფინალური შოუს შემდეგ „ავთერ ფართიზე“ წაგვიყვანეს, სადაც ძალიან კარგად გავერთეთ. მეორე დილით კი, რაც პირველი გავაკეთეთ, გარეთ გავედით სასეირნოდ. მანამდე მარტო გასეირნების უფლება არ გვქონდა. საღამოს კი სასტუმროში რამდენიმე გოგონამ ევროპულად ვიქეიფეთ.
– რა გეკრძალებოდათ ამ სამი კვირის განმავლობაში?
– ჩვენი სუპერვაიზერის გარეშე სხვა სართულზე ჩასვლაც კი გვეკრძალებოდა. ერთადერთი, შეიძლებოდა, მერვე სართულზე ასვლა, სადაც კომპიუტერი იდგა და ყოველთვის 89 გოგონა იდგა რიგში. ანუ, დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებდით, ყველაფერი უნდა შეგვეთანხმებინა, არც ხალხთან კონტაქტი შეიძლებოდა. ბრაზილია ცოტა კრიმინალური ქვეყანაა. ამიტომ, როდესაც სადმე მივდიოდით სამი დიდი ავტობუსი გვემსახურებოდა და როგორც კი ჩამოვდიოდით, დაცვა კორიდორს აკეთებდა. ამ კონკურსს ჰყავს თავისი ფანები – თინეიჯერი ბავშვები, რომლებიც სულ სასტუმროსთან დგანან ფოტოაპარატებით, ვიდეოკამერებით და იღებენ. რეპეტიციაზე მშობლებს, გულშემატკივრებს შეეძლოთ შემოსვლა და დასწრება. მე მარტო ვიყავი. ჩემდა გასაკვირად, რეპეტიციაზე ერთი იტალიელი მამაკაცი მგულშემატკივრობდა. ჩემი გამოსვლის დროს გამწარებული ყვიროდა – „ჯორჯია, ჯორჯია, ბიუთიფულ“, თან იტალიის დროშას აფრიალებდა. ალბათ, ინტერნეტში ნახა ჩემი ფოტო და მოეწონა.
– როგორი რეჟიმი გქონდათ?
– დილით ადრე ვიღვიძებდით, საუზმის შემდეგ მივდიოდით რეპეტიციებზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ვიყავით, შემდეგ გვიან ვბრუნდებოდით სასტუმროში და ვიძინებდით. არაფრის თავი აღარ გვქონდა. მაგრამ, სანამ რეპეტიციები დაგვეწყებოდა, სან-პაულო დაგვათვალიერებინეს, ძალიან მომეწონა. ღამის კლუბებში ძირითადად გადასაღებად მივყავდით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიამოვნებას გვანიჭებდა – გოგონები ძალიან კარგად ვერთობოდით. ხალხიც ძალიან კარგია, თბილი, გახსნილი, ადვილად შემოდიან კონტაქტში. ერთადერთი, რაც არ მომეწონა – სან-პაულოში ზამთარი დამხვდა. ამიტომ სულ წვიმდა, დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა ამინდი. მე კი მეგონა, სიცხე იქნებოდა, გავირუჯებოდი. ანუ, ამინდებმა იმედები გამიცრუა, დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგი იყო. სამწუხაროდ, რიოში ვერ მოვხვდი, არ გვქონდა ამის დრო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბრაზილიით აღფრთოვანებული ვარ.
– რას ჭამდით?
– ჭამასთან დაკავშირებით ცოტა პრეტენზიული ვარ, ყველაფერს ვერ ვჭამდი. ბრაზილიაში ძირითადად ხორცეულს ჭამენ, რაც მე მაინცდამაინც არ მიყვარს. თუმცა, არ ვიცი, ჰაერმა იმოქმედა თუ რამ, პირველ დღეებში სამი კილოგრამი მოვიმატე, რაც ჩემთვის კატასტროფა იყო. ანუ, ძირითადად, ტკბილეულს ვჭამდი და ამის ბრალი იყო. მივხვდი, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ხილზე გადავედი.
– ალბათ, ყოველდღიურად ფორმაში იყავით.
– მთელი დღის განმავლობაში ქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა გვცმოდა. ეს ჩემთვის კატასტროფაა, რადგან, როგორც წესი, ასეთი ფეხსაცმლით არ დავდივარ. აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა მაკიაჟი, თმა დაგვევარცხნა, ფორმაში ვყოფილიყავით. გოგონები ისეთ ფორმაში არიან, ვერ მოეშვები, ცუდად იგრძნობ თავს.
– როგორც ვიცი, ასეთ რაღაცეებს ჟიური დიდ ყურადღებას აქცევს.
– ჟიურის წევრების ვინაობა ფინალამდე უცნობი გახლდათ. თუმცა, ვიცოდით, რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი სულ გვაკვირდებოდა და ჩვენთან ერთად იყო. მაგრამ იმდენი ხალხი ირეოდა, ვერ მიხვდებოდი, რომელი იყო. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ძალიან ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელი იზაბელ ფონტანა, ასევე იქაური ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანები. მათი ვინაობა ბოლო დღეს გავიგეთ.
– როგორ ჩატარდა საფინალო შოუ?
– ერთ-ერთ თეატრში ჩატარდა და შოუში ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ. ყველაზე მთავარი – სამბას ცეკვა ვისწავლე. რთული მეგონა, მაგრამ არ ყოფილა რთული. იქაურმა პროფესიონალმა მოცეკვავეებმა რამდენიმე გაკვეთილი ჩაგვიტარეს, კონკურსზეც ვიცეკვეთ. პირველ გამოსვლაზე ამბობდი შენს სახელს, გვარს, ქვეყანას. შემდეგი გამოსვლა საცურაო კოსტიუმით იყო და ამის შემდეგ ირჩევდნენ ტოპ-თხუთმეტეულს, შემდეგ – ხუთეულს. ბოლოს უკვე საღამოს კაბებით გამოვედით და გაიმართა დაჯილდოება. მე „მარიონელას“ კაბები მეცვა.
– არ გქონდა იმედი, რომ ტოპ-თხუთმეტში მაინც მოხვდებოდი?
– რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ კონკურსზე მიდიხარ, რაღაც იმედი გაქვს. მაგრამ, ისიც უნდა იცოდე, რომ საერთაშორისო კურსებზე მხოლოდ გარეგნობა არ თამაშობს წამყვან როლს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნიდან ხარ, ძლიერია თუ არა ის პოლიტიკურად. ანუ, პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა „მის სამყარო“ ლამაზიც უნდა იყოს. კულისებში ისეთ გოგონებს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, თხუთმეტშიც რომ ვერ მოხვდნენ. ამიტომ, კონკურსის შემდეგ რამდენიმე გოგონამ იტირა და პროტესტის ნიშნად ფინალურ გამოსვლაზეც უარი თქვა. „მის ანგოლაზე“ საერთოდ არ ვფიქრობდით, რადგან არ იყო გამოკვეთილი ლიდერი. წყნარი და არააქტიური გოგონა იყო, თუმცა ლამაზი.
– ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც „მის ბრაზილია“ ტრუსების გარეშეა გადაღებული. ეს ფოტოები, ალბათ, ბრაზილიურ პრესაშიც დაიბეჭდა.
– „მის ბრაზილია“ მესამე ადგილზე გავიდა. როგორც კი ფოტოებს გვიღებდნენ, ორ წამში უკვე ინტერნეტში იდო. ეს ფოტოც მაშინვე გავრცელდა, ინტერნეტში წერდნენ, სკანდალი გამოიწვია, მაგრამ მალე ჩაცხრაო. მეორე სკანდალი მოჰყვა ფოტოს, სადაც „მის ჩინეთი“ ფინალამდე იყო გადაღებული ჟიურის წევრთან ერთად. არ შეიძლება კონკურსანტისა და ჟიურის წევრის შეხვედრა. თან ჩინელი მეოთხე ადგილზე გავიდა.
– არაფერი გაჩუქეს?
– როგორ არა – საღამოს კაბა, ქუსლიანი ფეხსაცმელი და ასევე, თავის მოვლის საშუალებები. განსაკუთრებული საჩუქარი „მის ანგოლამ“ მიიღო: ბინა ნიუ-იორკში და სოლიდური თანხა.

скачать dle 11.3