რა დაუჯდა საყვარელი ქალის „მოსყიდვა” გიორგი უშიკიშვილს, რა ოცნებას ვერ უსრულებს ცოლს და როდის არ ჰღალატობს ის საკუთარ პრინციპებს საყვარელ ადამიანთან მიმართებაში
ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, გიორგი უშიკიშვილი, სულ რამდენიმე თვეა, რაც დაოჯახდა. ამ ზაფხულს ის, თავის რჩეულთან ერთად, საქორწინო მოგზაურობაში ევროპაში გახლდათ. როგორც თავად ამბობს, ნანუკა კუპატაძე მისთვის ღვთის საჩუქარია და მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოუდგენია.
გიორგი უშიკიშვილი: ამ ზაფხულს, ჩემს მეუღლესთან ერთად, საქორწინო მოგზაურობაში ევროპაში გახლდით, კერძოდ, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ინგლისში. ხან სპექტაკლებს ვესწრებოდით, ხან გამოფენებზე დავდიოდით და ასე ვთქვათ, კულტურულად გავატარეთ თაფლობის თვე (იცინის). იქიდან დაბრუნებულებმა კი, საქართველოს მთელი კუთხეები მოვიარეთ – აჭარა, იმერეთი, კახეთი. გადარბენები გვქონდა. გვინდოდა, ყველგან ვყოფილიყავით და ისე გადავიღალეთ, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დავისვენეთ.
– როგორი იყო, პირველად, საყვარელი ადამიანის გვერდით დროის გატარება და რა შეცვალა შენში დაოჯახებამ?
– უფრო მშვიდი და სასიამოვნო იყო, ნანუკას გვერდით დასვენება. როცა ადამიანი ოჯახს ქმნი, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება, მაგრამ ერთ ადგილზე მკვიდრდები. სანამ ცოლი არ გყავს, იმაზე ფიქრობ, საღამოს სად წახვიდე, სად გაატარო დრო, გაერთო. ახლა უკვე ვიცი, რომ საღამოს ჩემს მეუღლესთან ერთად უნდა გავატარო დრო და ასე, უფრო დამშვიდებულად ვგრძნობ თავს. დაოჯახების შემდეგ, ჩემთვის პირადი ცხოვრების ტემპი შენელდა. როცა საყვარელი მეორე ნახევარი ნაპოვნი გყავს, ცდილობ, მასთან ურთიერთობით დატკბე და რაღაც-რაღაცეებზე აღარ იფიქრო. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. მე ამ ურთიერთობებისა და ვალდებულებებისთვის მზად ვიყავი. პატარა ბიჭი ხომ აღარ ვარ, რომ რაღაც-რაღაცეები რადიკალურად შეიცვალოს? თან, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს კარგად უგებს, ასეთ დროს ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება.
– თუმცა, ამ სიყვარულის მოსაპოვებლად, თავად დიდი ბრძოლა და საგმირო საქმეების ჩადენაც მოგიხდა.
– (იცინის). მერე, მიხაროდა ამ საგმირო საქმეების ჩადენა და ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ნამდვილად ღირდა ამ სიყვარულისთვის ბრძოლა. რასაც ვაკეთებდი, გულით და სიყვარულით ვაკეთებდი და ეს თავადაც მსიამოვნებდა. ჩვენს შორის 11 წელია სხვაობა. ჩართული მყავდა ამ სასიყვარულო ბრძოლაში ჩემი და მისი მეგობრები. ხუმრობს ხოლმე, მოკლედ, ჩემს მოსაპოვებლად და „შესაბმელად” ყველა „მოისყიდეო” (იცინის). მართალია, მის „მოსასყიდად” ფული არ გადამიხდია სამეგობროსთვის, მაგრამ ნამდვილად მიღირდა, თუნდაც ასი მილიონის გადახდა. ყველა მეხმარებოდა და მგულშემატკივრობდა. ამიტომ ის სიურპრიზებიც და საჩუქრებიც, უფრო კარგად გამომდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, სად იყო და რას აკეთებდა. ამ ინფორმაციის მოპოვებაში ნანუკას დაც კი მეხმარებოდა.
– კი მაგრამ, შენ ერთ-ერთი სასურველი სასიძო იყავი და რატომ გიწუნებდა და გაწვალებდა? თუ ეს, უბრალო, ქალური სიჯიუტე იყო?
– სხვათა შორის, ახლა სულ ბოდიშებს მიხდის, მაშინ რომ გაწვალებდიო (იცინის). ნანუკა 21 წლისაა და, უბრალოდ, ფიქრობდა, რომ ჯერ ადრე იყო მისთვის გათხოვება. სწავლისთვის დრო აღარ დარჩებოდა და გათხოვება რაღაც-რაღაცეებში ხელს შეუშლიდა. არადა, ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ, გათხოვება არ უნდოდა და რომ ვაკვირდები, საერთოდ, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა, ვინც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ახლა ასეთი ადამიანი მე ვარ მისთვის და ყოველთვის ვეხმარები.
– კაცისთვის აუცილებელია ჭკვიანი მეორე ნახევარი, რომელსაც დაეყრდნობა და ენდობა. არ მეთანხმები?
– რასაკვირველია და მე ამაში გამიმართლა. ჩემი მეუღლე ძალიან შეგნებული ადამიანია. ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ძალიან გიყვარდეს, გიჟდებოდე მასზე, მაგრამ რაღაც საკითხებში ვერ თანხმდებოდე, შეუგნებელი იყოს. მე ამისგან ღმერთმა დამიფარა. მაგალითად, ახალდაქორწინებულები ვართ და ნანუკას უნდა, რომ ერთად დიდ დროს ვატარებდეთ, მაგრამ, ეს ჩემი საქმის გამო, ვერ ხერხდება. ამას, ის შეგნებით უდგება. ასევე, ჩემთვის დედა ძალიან მნიშვნელოვანია და ხომ იცით, ახლანდელი გოგონების აზრი რძალ-დედამთილთან და ოჯახთან დაკავშირებით?! არ უნდათ, მათ გვერდით ცხოვრება, ურჩევნიათ მარტო იყვნენ ქმართან და ასე შემდეგ. ნანუკამ კი იცის, რომ დედასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და ამაზე პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს. დედაჩემმა იმდენი რამ გააკეთა ჩემთვის, მის მიტოვებას აზრადაც კი ვერ გავივლებ. თან, ჩემი და გათხოვილია, მამა ძირითადად, სულ კახეთშია და დედას მარტოს ხომ არ მივატოვებ? ამ მხრივ პრობლემა არ არის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ ვთქვი, ნანუკა შეგნებული ადამიანია-მეთქი. ის მიხვდა ჩემს პრობლემას და შეგნებით მიუდგა. ახლა ერთად ვცხოვრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან. თან, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ჭკვიანი და პრაქტიკულია. არ დამავიწყდება, ნიუ-იორკში მეგობრის მამასთან ვიყავით სტუმრად მისული და ცოტა შეგვაგვიანდა. ქუჩაში რომ გამოვედით, მაგრად თოვდა და ციოდა. მაშინ დაოჯახებული არა, მაგრამ დაწინდულები ვიყავით. არადა, ბევრი ტრანსპორტი დადის, მაგრამ აზრზე არ ვარ, რომელში უნდა ჩავჯდე. ვდგავარ დაახლოებით საათ-ნახევარი ნიუ-იორკის გარეუბანში, გაოგნებული, გაყინული და ვფიქრობ გამოსავალზე. მოთმინება დავკარგე. პირველად ჩემს ცხოვრებაში, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რა მექნა და მოკლედ, ცუდ დღეში ვარ. უცებ, ნანუკამ დაინახა ტაქსი და როგორ გადაკვეთა სამი ქუჩა, და ის ტაქსი ჰაერში „მოხსნა“, ვერ გეტყვით. გავოგნდი. ვერ ვიჯერებდი, ასეთი მამალი და ფხიანი თუ იყო (იცინის). ახლაც გაკვირვებული ვარ. დამოუკიდებლად დაიქირავა პედაგოგი, იარა მანქანის მართვაზე და აიღო მართვის მოწმობა. ახლა მთხოვს, მანქანა მინდაო, მაგრამ, რა ვქნა, ძვირი სიამოვნებაა და ჯერ ვერ შევძელი ამ საჩუქრის მიძღვნა.
– ეჭვიანი არ ხარ?
– არა ეჭვიანი არც მე ვარ და არც ნანუკა. ჩვენ არც „მესიჯებს” ვუმოწმებთ ერთმანეთს და არც ვეკითხებით, სად იყავი, ტელეფონზე ვინ დაგირეკაო. თავად ძალიან ყურადღებიანია, სულ მირეკავს და მეუბნება, ახლა აქ ვარ, ახლა იქო და ამით დისკომფორტს არ მიქმნის. ჩვენ ერთმანეთს ბოლომდე ვენდობით.
– თუ უმღერი ხოლმე მეუღლეს როცა მარტო ხართ?
– ხანდახან ვუმღერი. მაგრამ, თავად ხშირად მეუბნება ხოლმე, როცა რაღაც სიმღერას ვუსმენთ აყევიო (იცინის).
– გიორგი, კახელებს ცოტა რთული ხასიათი აქვთ. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– ისე, ყველა ადამიანი თავისებურად რთულია, მით უმეტეს კახელი და თან, შემოქმედი (იცინის). მე ჩემს სირთულეებს უფრო პრინციპულობას მივაწერდი. რაღაც პრინციპები მაქვს, რომელსაც არ გადავალ. ამაში კი ცოლმა უნდა გამიგოს. რაღაც-რაღაც დათმობებზე ვერ წავალ, თუმცა შემიძლია, რაღაც ვერ გავიგო, თვალი დავხუჭო და პრობლემა ამით ავიცილო თავიდან. ჩხუბი არ ვიცი, მაგრამ ფაქტს დელიკატურად აღვნიშნავ ხოლმე, ანუ, ამით ვამბობ, რომ ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ და ვერაფერს გამომაპარებთ.
– სიდედრთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– კარგი, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობაში არ შევდივარ, დისტანციას ვიჭერ. არ მიყვარს, გადამეტებული, გათამამებული ურთიერთობა რომ აქვთ სიდედრებთან და სახელით მიმართავენ. ქალბატონოთი მივმართავ და ვცდილობ, დისტანცია დავიცვა. საკუთარ მშობლებთანაც ასეთი ვარ. არასდროს ვლაპარაკობ მათთან პირად თემებზე და გარკვეული ზღვარი არსებობს ჩვენ შორის.
– ახლანდელი გოგონები თავისუფლებისმოყვარეები და ცოტა თამამები არიან. ამაში როგორ უგებ მეუღლეს?
– მე ტრადიციული ვარ და არ მიყვარს ყოველდღე ღამის კლუბში მისვლა და „თუხთუხი”. ხანდახან შეიძლება. ნანუკაც ასეთია. ამაში ვთანხმდებით. თავადაც ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ქართული ტრადიციები კარგად იცის. არ მაძალებს, გინდა თუ არა წამოდი დისკოთეკაზეო და არ იბუტება.
– კახელ მამაკაცებს ხუმრობით „ვეგეტარიანელ ხაშლამელებს” ეძახიან. ვიცი, გურმანი ხარ. ცოლი თუ გიმზადებს გემრიელ კერძებს და თუ დაგიგემოვნებია მისი მომზადებული ხაშლამა?
– ნანუკა მაგარი მზარეულია. ხაშლამას კი თუ არ მომიმზადებს, წავალთ და სხვაგან გეახლებით, რა პრობლემაა (იცინის)? ძალიან გემრიელ ბოსტნეულის სალათებს ამზადებს. ეს კი ძალიან მიყვარს. ნანუკა ძალიან ყურადღებიანია. არასდროს მითქვამს, დილით გამზადებული დამხვდეს გაუთოვებული პერანგი და შარვალი, ან მაგიდაზე საუზმე-მეთქი. ის ამას აკეთებს. სხვანაირ ცოლს ვერც შევეგუებოდი. ისე არ მიიღოთ, თითქოს მხოლოდ მომვლელი მჭირდება ცოლის სახით, არა, უბრალოდ, ეს პასუხისმგებლობა, გვერდით დგომაა საყვარელი ადამიანის მხრიდან. არასდროს დავავალდებულებ ცოლს, სამზარეულოში იტრიალე და რომ მოვალ, გამზადებული დამხვდეს საჭმელი-მეთქი. მე ცოლი ამისთვის არ მომიყვანია. მაგრამ, თუ ეს მას სიამოვნებს, ამით მე მცემს პატივს. მისგან ზრუნვა ძალიან მსიამოვნებს. ნანუკა ბედის საჩუქარია და ამდენ ხანს მისი ლოდინი, ნამდვილად ღირდა.