თავისუფლება სამოსში და სრულიად ოქროსფერი კოლექცია
მოდის ყველაზე ექსცენტრიკული, უცნაური და სიგიჟებიის მოყვარული ქალბატონი ყველა სეზონზე ახერხებს მოდის სამყაროს გაოცებას. სულ ფიქრობ – რა შეიძლება, ამ ქალმა გააკეთოს იმაზე მეტად არანორმალური, ვიდრე წინა სეზონზე იყოო, მაგრამ ახალი კოლექცია ძველს გავიწყებს და ისევ ხდები ხელახალი საოცრების მომსწრე. არ აქვს მნიშვნელობა, მოდის მიმდევარი ხარ თუ არა, რა სტილის სამოსს ირგებ, გაქვს თუ არა მოდური სამოსის შეძენის საშუალება, ვესტვუდის კოლექციები და ტენდენციები ჩაცმის ყველა მოყვარულის გემოვნებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ფანტასტიკური ვივიენ ვესტვუდი მოდის სამყაროში პანკური სტილით მოვიდა და დაამკვიდრა თავისუფლება სამოსში, რომელიც იმ დროისთვის თვითგამოხატვის ყველაზე ალტერნატიულ ფორმად იქცა. ჟოლოსფერი თმა, თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლები, გრანდიოზული პლატფორმები, შეუსაბამო ფერები – ამ ყველაფრით ვესტვუდმა მოდაში რევოლუცია მოახდინა.
დღესაც კი, სამოცდაცხრა წლის ვივიენ ვესტვუდი ექსტრავაგანტური და თამამი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ის ყოველთვის წინ უსწრებს მოდას ერთი ნაბიჯით. მან „ბრიტანული”, „ლონდონური” სტილი მთელ მსოფლიოს „აატაცებინა” და შეაყვარა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანული გამოცემებით, გაზეთებით გაფორმებული ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გასული წლის შემოდგომაზე, არც მეტი არც ნაკლები, პარიზში წარმოადგინა. ალბათ, მხოლოდ ვივიენს შეეძლო ამის გაკეთება და ბრიტანელთა არცთუ ისე მოყვარე პარიზელებში საოცარი აღფრთოვანება დაიმსახურა.
ახლა, როცა მოდა გამჭვირვალე და დრეკადია, იქ ყველაფერი მისაღებია. შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციას მან „ვორლდ ვაიდ ვომენ” – მსოფლიო მასშტაბის ქალბატონი დაარქვა. კოლექცია მან მიუძღვნა ქალს, რომელიც ამ საშინელ, დაბინძურებულ, უზარმაზარ სამყაროში კულტურის, მაღალი ფასეულობებისა და რაც დიზაინერისთვის ყველაზე მთავარია, პლანეტის დამცველად იქცა. მხოლოდ ვესტვუდს შეეძლო ჩვენება დიდ მბზინავ ორბიტად გადაექცია. უცნაურად ჩაცმული ქალები ოქროსფრად აბრჭყვიალებულ პოდიუმზე ოქროსფერი ფეხსაცმელებით მიმოდიოდნენ. ფეხსაცმელი იატაკს უხდებოდა, ვერაფერს იტყვი. ველური ვარცხნილობა და პანკ-როკის სტილის მაკიაჟი; სამოსი კი სულით ხორცამდე ინგლისური, დაწყებული უზარმაზარი ჩანთებით და დამთავრებული სწორი სილუეტის პალტოებით. ინგლისური სულით იყო გაჟღენთილი ოქროსფერი ლეგინსები, რომელთაც ქაოსურად ერწყმოდა ბორდოსფერი პალტო ფენა-ფენა სახელოებით.
კოლექციაში ნებისმიერი გოგო როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო, თავისთვის საინტერესო კოსტიუმს ნახავდა. პრანჭიკელა ქალბატონმა ვესტვუდისგან ტანზე მომდგარი პიჯაკი მიიღო, რომელსაც ჟაბო-საყელო ამშვენებდა. „ტუსოვშიცასთვის” დიზაინერმა ორმოცდაათიანი წლების სტილში შექმნილი, წვრილბრეტელებიან სარაფანზე გადაცმული, ფენებად შეკერილი ოქროსფერი კაბა წარმოადგინა. და, რა თქმა უნდა, ვესტვუდმა შექმნა სამოსი ყველაზე აქტიური, ჯანსაღად მოაზროვნე ქალებისთვის, რომელიც მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის უხვად არიან. ეს ქალბატონები ზამთარში სიამოვნებით ატარებენ ფართოდ ნაქსოვ სვიტერებს, წარწერით „ხეები გადაარჩენენ სიცოცხლეს”. ბოლოს, მაგრამ არა უკანასკნელად, პოდიუმზე გამოჩნდა საქორწილო კაბაში გამოწყობილი, თვალებჩაშავებული მოდელი, რომელიც ნელა და დამაჯერებლად მოაბიჯებდა ოქროსფერ იატაკზე. ის მოაბიჯებდა ტრიუმფის განცდით, რომელიც ამ განსაკუთრებულ დღეს ეუფლება ქალებს და ამასვე განიცდის თავად ვესტვუდიც.