რატომ უნდა დააძინოთ ჭირვეული და მტირალა ბავშვები ხმაურში და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ჩვილის პირველი ბანაობისას
ყველაზე დაუცველები ჩვილები არიან, ანუ პატარა არსებები, რომლებიც ჯერ კიდევ ახლა იწყებენ ცხოვრებას და გათვითცნობიერებული არ აქვთ ამ სამყაროს უცნაურობები. ამიტომ, როგორც პარაფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, სწორედ მათ მიმართ უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და დავიცვათ ისინი გარშემო მყოფთა აგრესიისგან. უძველესი დროიდან არსებობს ეგრეთ წოდებული დაუწერელი კანონები, რომელთა მიხედვითაც, მაგალითად, ბავშვის მშობელს ეკრძალება ღამით, თოკზე ჩვილის სარეცხის დატოვება, მზის ჩასვლის შემდეგ დაბანა, მის დაბადების დღეს ფრჩხილის მოჭრა და ასე შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ყოველივე ეს და როგორ დავიცვათ ჩვენი პატარას ქვეცნობიერი უარყოფითისგან, ამ თემებზე რეკომენდაციებს მოგვაწვდის პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ეკატერინე.
ეკატერინე: თითქმის ყველა დედამ იცის, რომ ჩვილი უნდა მოარიდოს უცნობებს, გარშემო მყოფთა აგრესიას, არ გაიყვანოს ბავშვი ქუჩაში მზის ჩასვლის შემდეგ, არ დატოვოს მისი სარეცხი ღამით თოკზე და ასე შემდეგ. უმრავლესობა ამ დაუწერელ კანონებს იცავს, მაგრამ, მისი აზრი და მნიშვნელობა არ იცის. კარგია, ამ თემას რომ შევეხეთ, რადგან ჩემთან ბევრი დედა მოდის და უამრავ კითხვას მისვამს. გეტყვით, რომ სიცოცხლის პირველ წლებში ადამიანის კარმა თითქმის მთლიანად გახსნილია და ადვილად იზიდავს ყველაფერ უარყოფითს, რაც მის გარშემოა. ამიტომ, ბევრი ხალხური ჩვეულება არსებობს პატარა ბავშვების არასასურველი ძალებისგან დასაცავად.
– კონკრეტულად, რა ძალებსა და ჩვეულებებს გულისხმობთ?
– მაგალითად, იმას, რომ არ შეიძლება თოთო ბავშვს ხშირად ვაკოცოთ ლოყაზე – ასე მას კბილები გვიან და მტკივნეულად ამოუვა. მაგრამ, თუ ფეხისგულზე კოცნით, მაშინ მალე ამოუვა კბილები და, თან, არც ისე მტკივნეული პროცესი იქნება ეს მისთვის. თუ გსურთ, თქვენს შვილს საღი კბილები ჰქონდეს და ჯანმრთელი იყოს, პატარაობიდანვე ვერცხლის კოვზით აჭამეთ საჭმელი. თუ ბავშვს ხელები ხშირად აქვს მუშტებად შეკრული, ძუნწი იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დაბადების მომენტსაც, კერძოდ, თუ ის ნებისმიერი თვის პირველ რიცხვებში ან ახალმთვარეობის დღეებში დაიბადება, ბედნიერი, დღეგრძელი და ნიჭიერი იქნება. ჭირვეული და მტირალა ბავშვები ხშირად დააძინეთ ხმაურში – ისინი დაწყნარდებიან და იშვიათად იტირებენ. არ ვარგა, როცა მშობელი შვილის დატოვებულ საჭმელს ჭამს – ამით მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, ნუ მიაჩვევთ ბავშვს იმ მაგიდასთან ჯდომას, სადაც უფროსები სხედან – ის, ასე უმიზეზო გაჯიუტებასა და ტირილს მიეჩვევა.
– რომ ამბობენ, არ ვარგა მძინარე ბავშვზე დაჟინებით ცქერა ან ერთ წლამდე მისი სარკეში ჩახედებაო, ესეც მართალია?
– დიახ, მართალია და ამას ჩვენი დიდი ბებიები ნამდვილად დაგიშლიდნენ. ამის მთავარი აზრი კი ის არის, რომ, თუ დააკვირდებით მძინარე ბავშვს, ამით მას ძილშივე შეაშინებთ და კოშმარული სიზმრის ნახვისკენ უბიძგებთ. ასევე, არ შეიძლება ერთ წლამდე ჩვილის სარკეში ჩახედება, რადგან ითვლება, რომ ასე მის ბედნიერებას გადაუსვამთ ხაზს.
– ბევრი საინტერესო მსგავსი ხალხური გადმოცემა მსმენია ჩვილის დაბანასთან დაკავშირებით. ეს პროცესი, ახლაც თითქოს რიტუალის დონეზეა აყვანილი, არ მეთანხმებით?
– (იცინის) სწორად შეგინიშნავთ. ბავშვების დაბანასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ჩვეულება არსებობს. ჩვილის დაბანა ყველა მშობლისთვის, მართლაც რომ გარკვეულ რიტუალთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, როდესაც დედ-მამა ჩვილს ერთად აბანავებს, ასე საკუთარ ბიოენერგიას გადასცემს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. მერწმუნეთ, გაცილებით ბევრ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს თქვენს პატარას დაბანა, თუ ხალხურ სიბრძნეს დაუჯერებთ. ახალშობილ გოგონას, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, დაბანისთანავე აუცილებლად თეთრი პერანგი უნდა ჩააცვათ, რომ ის მომავალში ნაზი, სპეტაკი და ქალური გაიზარდოს. თუ გსურთ, შვილის სამომავლო ფინანსებში წვლილი შეიტანოთ და მას უფულობა არ აწუხებდეს, დაბანის დროს წყალში ვერცხლის რაიმე საგანი ჩაუდეთ. არ დაბანოთ ერთ წლამდე ბავშვი ორშაბათს და კვირას, ასევე, იმ დღეს, როცა ის დაიბადა. თუ თქვენი შვილი საღამოს აბანავეთ, არ გადაღვაროთ ნაბანი წყალი, ის დილამდე შეინახეთ და მხოლოდ მზის ამოსვლის შემდეგ გადააქციეთ. ასევე, არ გარეცხოთ მის ნაბან წყალში მისი ტანსაცმელი და არ დატოვოთ მისი სარეცხი ღამით გარეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი პირველი ბანაობა. არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და შეასრულოთ: მიმართეთ აბაზანაში ჩასმულ ბავშვს შემდეგი სიტყვებით: „გაუძელი სიცივეს, შიმშილს, გაჭირვებას და მფარველი ანგელოზი დაგეხმარება ყველა გაჭირვების გადალახვაში, გაძლიერდი შენ (ბავშვის სახელი უნდა თქვათ ამ დროს) სულითა და ხორცით და იარე სწორი ცხოვრების გზით”. დაბანილ ბავშვს კი, აბაზანიდან ამოყვანისთანავე, რამდენჯერმე, უნდა აუსვათ ხელი სველ ზურგზე ქვემოდან ზემოთ, რომ ის მაღალი გაიზარდოს. ასევე, შუბლზეც უნდა გადაუსვათ ხელი, რომ ჭკვიანი და გონებამახვილი იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ნაბანი წყალი აბაზანაში ისე ჩაასხათ, გარეთ რომ არ გადმოიქცეს, მასში არ ჩაყოს ხელი უცხომ, ან ცხოველმა არ ჩაყოს თათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს მთელი მომავალი ცხოვრება აერიოს და არ გაუმართლოს როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში.
– ხშირად მინახავს, ჩვილი ბავშვი სიზმარში იღიმება და უფროსები ამბობენ, ახლა ანგელოზებს ხედავსო. ამაზე რას იტყვით?
– ბავშვს ყველა ეფერება, აფოფინებს, ანებივრებს. სიზმარი კი რა არის? – ჩვენი ქვეცნობიერის გამოძახილი, ხშირ შემთხვევაში კი, ის ჩარჩენილი მოვლენები, რასაც გონება ინახავს და შემდეგ, ღამით, მძინარეს გვახსენებს. ბავშვი ყველაფერს ხედავს და აღიქვამს, უბრალოდ ლაპარაკი არ შეუძლია. შესაძლოა ის სიზმარში, იმ ახლობელ ადამიანებს ხედავს, ვინც მას ეფერება, ეალერსება, თბილ სიტყვებს ეუბნება, მას კი ეს სიამოვნებს და ძილში ნანახ სიზმარზე ღიმილით რეაგირებს. ზოგი ბავშვი კი ღამით, ძილში ტირის და მშობელი მის გამოფხიზლებას დიდხანს უნდება. ამ დროს ის ხედავს იმ ადამინს, რომელიც მისკენ უარყოფით იმპულსებს გზავნის, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე. ამ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა გამოაფხიზლოთ, ცოტა ხანს ათამაშოთ და ისევ დააძინოთ, რომ კოშმარული სიზმარი აღარ დაესიზმროს. არსებობს მოსაზრება, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ბნელი ძალები აქტიურდებიან და მათი მთავარი სამიზნე სწორედ ენერგეტიკულად დაუცველი ბავშვები არიან. ამიტომაც გვიკრძალავენ ჩვენი წინაპრები მათ გაყვანას ქუჩაში შებინდებულზე. პირადად მე ძალიან მჯერა მსგავსი რამეების და ისე გავზარდე ჩემი ორივე შვილი, მეტ-ნაკლებად, არც ერთი წესი არ დამირღვევია. ისინი დღეს ბედნიერები არიან, თავადაც ჰყავთ შვილები და ისევე უფრთხილდებიან, როგორც მე გავუფრთხილდი მათ ბავშვობისას. ახლანდელი დედები კი მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებენ და ბავშვებსაც თავისუფალი წესით ზრდიან, წინაპართა ჩვეულებების გაუთვალისწინებლად. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომა და, გამოუსწორებელი შეცდომაა. თავდაცვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ეს საკუთარ შვილსა და მის მომავალს ეხება.