კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს „რედ ბულის“ მფლობელ დიტრიხ მატეშიცს მეორე მსოფლიო ომთან და რა ასაკში გადაწყვიტა მან ახალი ცხოვრების დაწყება


„ბაზარი არ არსებობს, მანამ სანამ შენ თვითონ არ შექმნი მას“, ეს სიტყვები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ენერგეტიკული სასმელის, „რედ ბულის“ დამაარსებელს, მსოფლიოში ერთადერთ ავსტრიელ მილიარდერს, დიტრიხ მატეშიცს ეკუთვნის, ადამიანს, რომლის ჭკვიანურმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ „რედ ბული“ გლობალური მასშტაბის ბრენდად აქცია და დღესდღეობით ახალგაზრდების ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია ამ ენერგეტიკული სასმელით სავსე რკინის ქილის გარეშე, რომელზეც წითელი ხარი არის გამოსახული. „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერთა რეიტინგში ავსტრიელ დიტრიხ მატეშიცს 3,7 მილიარდი დოლარით 151-ე ადგილი უკავია.

დიტრიხ მატეშიცი 1944 წელს სანკტ-მერეინში, შტირიის პროვინციის პატარა დაბაში დაიბადა. მისი მშობლები მეორე მსოფლიო ომამდე სკოლაში მასწავლებლებად მუშაობდნენ. დიტრიხი დედასთან ერთად იზრდებოდა, ხოლო მამის ნახვა მან პირველად 11 წლის ასაკში მოახერხა, რადგან ამ დრომდე ეს უკანასკნელი ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიტრიხი პედაგოგების ოჯახიდან იყო, იგი სკოლის პერიოდში ცუდ მოსწავლედ ითვლებოდა. ვენის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიღებასაც მან თითქმის ათი წელი მოანდომა. მისი მეგობრები იხსენებენ, რომ სტუდენტობის პერიოდში დიტრიხი ღამის ცხოვრების, წვეულებებისა და სიმპათიური გოგონების მოყვარული იყო, ხოლო უნივერსიტეტში სწავლა მისთვის ყოველთვის მეორე ადგილზე იდგა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მისი მეგობრები იხსენებენ დიტრიხი გონს მოეგო და თავისი ბუნებრივი ხიბლის წყალობით, კომპანია „უნლივერში“ მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე მოეწყო. მისი ძირითადი საქმიანობა კომპანიაში ჭურჭლის სარეცხი საშუალებებისა და საპნის პროდუქციის ევროპის ტერიტორიაზე გატანა-გაყიდვა იყო. კოლეგების თქმით, დიტრიხი სხვა თანამშრომლებისგან იდეების სიმრავლითა და ქარიზმით გამოირჩეოდა, რის გამოც ის ცოტა ხანში კბილის პასტის მსოფლიო მასშტაბის ბრენდის „ბლენდექსის“ მარკეტინგის დირექტორად დაინიშნა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მთელ მსოფლიოში კბილის პასტის გაყიდვით დაკავებულ მატეშიცს გაუჩნდა იდეა, რომ ჩამოეყალიბებინა საკუთარი ბიზნესი.

1982 წელს მატეშიცს ხელში ჩაუვარდა სტატია იაპონიის ყველაზე მსხვილ გადასახადების გადამხდელებზე, სადაც პირველ ნომრად აღნიშნული იყო ბიზნესმენი ტაისე – იაპონიაში ენერგეტიკული სასმელის აღმომჩენი. მომდევნო წელს, ტაილანდში საქმიანი ვიზიტის დროს, დიტრიხი კვლავ დაინტერესდა ენერგეტიკული სასმელებით, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე იყიდებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ტაილანდელ მძღოლებში. ამ სასმელის მთელი ინგრედიენტები მატეშიცმა რკინის ქილაზე ამოიკითხა და აღმოაჩინა, რომ მისი შემადგენლობა არ იყო დაცული სავაჭრო მარკითა და პატენტით. „უოთერ ბაფალოს“ – ტაილანდური ენერგეტიკის შემადგენლობაში წყლის, შაქრისა და კოფეინის გარდა, შედიოდა ამინომჟავა, სახელად „ტაურინი“, რომელიც დადებითად მოქმედებდა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მატეშიცი ამ სასმელის დისტრიბუტორს, ტაილანდელ ჩალერმომ იოვიდჰიას შეხვდა და მასთან ხელშეკრულება გააფორმა ამ სასმელის ავსტრიის ტერიტორიაზე შესატანად. პარალელურად მატეშიცმა სამსახურიდან წამოსვლის განცხადება დაწერა და 40 წლის ასაკში ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა.

თავდაპირველად ავსტრიელი ჩინოვნიკები არ აძლევდნენ მატეშიცს ენერგეტიკული სასმელის გაყიდვის უფლებას, მანამ ის არ გაივლიდა სამეცნიერო ტესტირების ყველა საფეხურს. სამი წლის განმავლობაში მატეშიცი ელოდებოდა უფლებას, რომ ავსტრიაში გაეყიდა სასმელი. ამ ხნის განმავლობაში მისი სკოლის მეგობარი, იოჰანეს კასტნერი, დაკავებული იყო რკინის ქილის დიზაინის, ლოგოტიპისა და სარეკლამო სლოგანის შექმნით. შექმნილი იყო რამდენიმე ასეული ესკიზი, მანამ მატეშიცის ყურადღება არ მიიქცია ნახატმა, სადაც წითელი ხარები ერთმანეთს ეჯახებოდნენ. მოგვიანებით კი კასტნერმა მოიფიქრა სარეკლამო სლოგანიც – „რედ ბული – გაფრთიანებს“, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სლოგანად ითვლება თანამედროვე სარეკლამო ბიზნესში. 1990 წელს „რედ ბულის“ გაყიდვებმა დადებით ნიშნულს გადააცილა და, ბაზრის გაფართოების მიზნით, მატეშიცის პროდუქციის იმპორტი ავსტრიის მეზობელ უნგრეთში დაიწყო. რამდენიმე თვეში კი გერმანიაც ჩაერთო ენერგეტიკული სასმელის გაყიდვაში. სწორედ დიტრიხ მატეშიცს ეკუთვნის რევოლუციური გამოგონება რეკლამაში, როდესაც ავტომობილზე დამაგრებული „რედ ბულის“ ქილის ფორმის მულიაჟით ახალგაზდები ქალაქში გადაადგილდებოდნენ და ამით რეკლამას უკეთებდნენ ყველაზე ცნობილ ენერგეტიკულ სასმელს. საინტერესოა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში „რედ ბული“ თავდაპირველად მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა და მისი ძირითადი მომხმარებლები გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანები იყვნენ. ამჟამად „რედ ბული“ იყიდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეის და ირანის გამოკლებით, საქართველოში კი ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელად ითვლება ახალგაზრდებში.

დიტრიხ მატეშიცის სარეკლამო ნიჭს რომ საზღვარი არ აქვს, ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ „რედ ბულის“ ეგიდით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ექსტრემალური სპორტის სახეობაში იმართება შოუები. სულ ახლახან თბილისის მცხოვრებლებსაც ჰქონდათ საშუალება, საკუთარი თვალით ენახათ მსგავსი სანახაობა, სადაც ექსტრიმი და „რედ ბული“ დიდ დოზებში იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, მატეშიცი და „რედ ბული“ ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლაში, „ფორმულა ერთშიც“ არიან ჩართულნი და, ბოლო წლებია, „რედ ბულის“ გუნდის სახელით მსოფლიოს საუკეთესო პილოტები გამოდიან. ავტორბოლის გარდა, მატეშიცი ფეხბურთითაც არის გატაცებული. მის საკუთრებაშია ავსტრიული საფეხბურთო კლუბი „ზალცბურგი“ და ამერიკული კლუბი „რედ ბულ ნიუ-იორკ მეტროსტარზი“.

ახალგაზრდობაში ხმაურიანი წვეულებების მოყვარული დიტრიხი არც ახლა ღალატობს ამ ჩვევას და ზალცბურგში, თავის სახლში, იგი ხშირად მართავს დახურულ წვეულებებს, რომლებსაც მხოლოდ ისეთი „სელებრითები“ ესწრებიან, როგორებიც არიან ნაომი ქემპბელი და მისი პირადი მეგობარი, ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი და კალიფორნიის შტატის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი. სხვათა შორის, ზალცბურგური სასახლის გარდა, მატეშიცის საკუთრებაშია ფიჯის არქიპელაგის კუნძული ლაუკალა, რომელიც მან ფორბსების ოჯახისგან 27 მილიონ დოლარად შეიძინა.


скачать dle 11.3