რა უნდა გაითვალისწინოთ წამლის დალევისას, რომ ორგანიზმს უსაფრთხოდ უმკურნალოთ
წამლის დალევა არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სანამ დანიშნული პრეპარატის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით მის ინსტრუქციას, რადგან ყველა წამალს თავისი უკუჩვენება და მიღების წესი აქვს.
ტკივილგამაყუჩებლებსა და არტერიული წნევის დამწევ აბებს ორგანიზმი უკეთ შეითვისებს, თუ დაამტვრევთ ან დაღეჭავთ და ისე გადაყლაპავთ; ანტიალერგიული პრეპარატები უკეთესია, ჩაწუწნოთ; ასპირინი წყალში უნდა გახსნათ, გააქტიურებული ნახშირი კი უნდა დაფხვნათ და ისე მიიღოთ; კაფსულის ან გრანულის ფორმის წამალი კი მთლიანად, ანუ დაუნაწევრებლად უნდა დალიოთ.
წამლის მიღების საუკეთესო საშუალებაა წყალი. ერთ გრამ წამალს ასი მილილიტრი წყალი მაინც უნდა მიაყოლოთ. წვენების, ჩაის და სხვა სითხეების წამალთან ურთიერთქმედებას, შეიძლება, გაუთვალისწინებელი ქიმიური რეაქციები მოჰყვეს.
პრეპარატებს, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, რძე უნდა მიაყოლოთ, მაგალითად, ასპირინს. ციტრამონის მიღება რეკომენდებულია ტუტე ხსნარით, ანუ ბორჯომით. იგივე ითქმის სტრეპტოციდზეც, ოღონდ, ამ პრეპარატის მიღების პერიოდში რაციონიდან გამორიცხეთ გოგირდისა და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტები: კვერცხი, პარკოსნები, პომიდვრის საწებელი, ღვიძლი და ასე შემდეგ.
არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ რამდენიმე სახის წამალი ერთდროულად. მათი მიღების შუალედი მინიმუმ ათი წუთი მაინც უნდა იყოს.
წყლულისა და გასტრიტის საწინააღმდეგო პრეპარატები ცუდად შეიწოვება, როცა მათ ანტიბიოტიკებთან ერთად იყენებენ. არც ანტიბიოტიკები შეგერგებათ, თუ მათ კალციუმის, ალუმინისა და რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთად დალევთ.