რა აკავშირებს ზურაბ მაჭარაშვილს ნიკოლ კიდმანთან და ნიკოლას ქეიჯთან და რამდენი ქასთინგის გავლა მოუხდა მას პირველი როლის მიღებამდე
ინტერნეტსამყაროში მორიგი მოგზაურობის დროს ჰოლივუდის საშემოდგომო პრემიერებით დავინტერესდი და ჩემი ყურადღება მიიქცია ნიკოლას ქეიჯისა და ნიკოლ კიდმანის ახალმა მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა „ბოროტმოქმედება” (Trespass), რომლის სიუჟეტისა და სამსახიობო ჯგუფის გაცნობის შემდეგ, საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე: ფილმში სხვა ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად, ერთ-ერთ როლს 21 წლის ქართველი, ზურაბ მაჭარაშვილი თამაშობს. ხანგრძლივი ძიებისა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით, მოვახერხე ზურაბთან დაკავშირება და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკული კინოს ახალგაზრდა ქართველ მსახიობთან.
ზურაბ მაჭარაშვილი: 14 წლამდე ვცხოვრობდი რუსთავში. მამაჩემი დიდი ხნის წასული იყო სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2004 წელს, უმცროს ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად, მეც ნიუ-იორკში გავემგზავრე მამასთან, რომელიც ყველანაირად გვერდში დამიდგა და დღემდე მეხმარება. დედა, დეიდა და სხვა ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ. დედა მე და ჩემს ძმას დაახლოებით 7 წელია, არ გვინახავს.
– რთული იყო ამერიკული ცხოვრების სტილთან ადაპტირება?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა ნიუ-იორკის არანორმალური ცხოვრების რიტმთან შეგუება. მამამ სკოლაში რომ მიმიყვანა, ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ვერაფერს ვიგებდი, საუბარი მიჭირდა. ჩემი ინგლისურის მარაგი მხოლოდ „ოქეი”, „გოუ” და „გუდ” იყო, თუმცა, ნელ-ნელა ჩემი თანაკლასელების საუბრის მოსმენა დავიწყე და ასე ვისწავლე ინგლისური ენა. საერთოდ, თუ ენის სწავლა გინდა, უნდა დაჯდე და იმეცადინო, სხვანაირად ინგლისურს სრულყოფილად ვერ ისწავლი.
– მსახიობობით და, ზოგადად, კინოთი როდის დაინტერესდი?
– ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს, დაახლოებით 6 წლის ასაკიდან ვფიქრობდი მსახიობობაზე. როდესაც ნიუ-იორკში ჩავედი, სკოლაში სწავლის პარალელურად, სამსახიობო კურსებზე დავიწყე სიარული, სადაც რამდენიმეთვიანი სასწავლო კლასი გავიარე. ნიუ-იორკში სამ და ექვსთვიანი სამსახიობო კურსებია. მეც პერიოდულად გავდივარ ექვსთვიან კურსებს, რაც აუცილებელია ჩემი პროფესიისთვის. კურსების პარალელურად, ჩემ შესახებ ინფორმაციას ვაგზავნიდი ქასთინგებსა და გასაუბრებებზე. ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე, სულ ქასთინგებზე დავდიოდი, წელიწადში დაახლოებით 250-მდე ქასთინგზე ვარ ნამყოფი. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, რთულია კინოში მოხვედრა, ბევრს უნდა. 500 კანდიდატიდან ერთს ირჩევენ და, თუ გაძვერი, ჩათვალე, რომ ძალიან გაგიმართლა. საერთოდ, ნიუ-იორკი დიდ შანსს იძლევა, რომ მსახიობი გახდე. თუ მსახიობობა გინდა, ნიუ-იორკით უნდა დაიწყო. მერე მოდის ლოს-ანჯელესი, სადაც მაშინ უნდა წახვიდე, როდესაც გამოცდილებას დააგროვებ.
– როგორ შეაფასებ შენს ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორც მსახიობი უკვე ცნობილი ხარ ამერიკაში?
– ადრე არავინ მიცნობდა, ჩვეულებრივი დამწყები მსახიობი ვიყავი. ახლა ოცდაათამდე ფილმში ვარ გადაღებული, როგორც ადგილობრივი მსახიობი. ძალიან დამეხმარა კურსების გავლა, ახლა თვითონ მეძახიან ფილმებში გადასაღებად და როლებს მთავაზობენ. ნიკოლას ქეიჯის ფილმში მოხვედრა ჩემთვის დიდი შოკი იყო. პოპულარული არ ვარ, თუმცა ამერიკაში მიცნობენ, მაგრამ, არ მაქვს ისეთი პოპულარობა, როგორიც ნიკოლას ქეიჯს (იცინის).
– ვიცი, რომ ტაიკვანდოთი ხარ გატაცებული, როდის გაგიტაცა სპორტის ამ სახეობამ?
– ტაიკვანდოში ვარჯიში ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს, 10 წლის ასაკში დავიწყე და დღემდე არ შემიწყვეტია. მიყვარს ეს სპორტი და არ მინდოდა თავის დანებება. პერიოდულად დარბაზებში დავდივარ ან სახლში ჩემით ვვარჯიშობ. შავი ქამრის მფლობელი ვარ და ეს ფაქტი ძალიან მიწყობს ხელს. პროდიუსერებს, რეჟისორებსაც მოსწონთ და ხშირად ეს მეხმარება როლის მიღებაში.
– როგორც ვიცი, მსახიობობის პარალელურად, რეჟისორობითაც ხარ დაკავებული. რომელია შენი პირველი ფილმი?
– „შეუბღალავი მკვლელი” (Stainless Assassin) - ჩემი პირველი რეჟისორული ნაშრომია. არ გამიძნელდა, დიდხანს ვფიქრობდი, მაინტერესებდა, რა შემეძლო, როგორც რეჟისორს. გადავიღე და კინოინდუსტრიაში დასაქმებულ ბევრ ადამიანს – რეჟისორებს, პროდიუსერებს მოეწონათ. თუმცა, რეჟისორობა არ არის ჩემი ინტერესის სფერო, მე უფრო მსახიობობა მაინტერესებს.
– როგორები არიან ნიკოლას ქეიჯი და ნიკოლ კიდმანი გადასაღებ მოედანზე?
– ქეიჯის ფილმში უმეტესად ნიღბით ვარ – ბოროტმოქმედს ვთამაშობ. მეორეხარისხოვანი როლია, თუმცა, ფაქტი, რომ ასეთი დონის ვარსკვლავებთან ერთად ვმონაწილეობ, უკვე მნიშვნელოვანია. ქეიჯი, კიდმანი ნამდვილი ვარსკვლავები არიან. შორიდან რომ შეხედავ გაიფიქრებ: „ვაიმე, ნიკოლ კიდმანი!..“ მაგრამ, რომ მიუახლოვდები, ძალიან ჩვეულებრივი, უბრალო და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ – ისიც და ნიკოლას ქეიჯიც. ვერ იტყვი, რომ მათთან ყოფნა მოსაწყენია, სულ ერთობიან გადასაღებ მოედანზე, მეგობრულები არიან და, თუ რამე არ გამოგდის, დახმარებას ცდილობენ. ამ დროს ისინი შენთვის ძალიან ახლო ადამიანები ხდებიან, არ არიან ისეთები – „აი, მე ვარსკვლავი ვარ” და თავისი დამოკიდებულებით დიდ სტიმულს გაძლევენ.
– ინტერნეტში წავიკითხე, რომ სილვესტერ სტალონესთან ერთად უნდა გეთამაშა ფილმში. რატომ არ შედგა პროექტი?
– სტალონეს ფილმში, რომლის გადაღებები ჯერ არ დასრულებულა, მინდოდა პატარა როლის თამაში. ამის შესახებ რეჟისორსაც ვესაუბრე. ფილმში უამრავი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს (კრისტიან სლეიტერი, ჯეისონ მომოა, ჯონ სედა) და მეც მინდოდა მათთან მუშაობა. ამერიკაში სტალონეს ფილმებს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან ის მეგა-ვარსკვლავია. თავიდან თითქოს მომცეს როლი, თუმცა, ისე აღარ მომაქციეს ყურადღება, როგორც სხვებს და ბოლოს ამომაგდეს. ჩვენ გვყავს შენზე უკეთესი მსახიობიო, ასე მითხრეს და სხვა ჩასვეს. ასეთ შემთხვევაში უძლური ხარ, ვერაფერს იზამ, თუმცა, სასიამოვნო იქნებოდა, რომ სტალონესთან ერთად მეთამაშა.
– ერთ ფოტოზე მიკი რურკთან ერთად ხარ გადაღებული. ალბათ, იცნობ. როგორი ადამიანია?
– მიკი რურკთან ვახლობლობ, ძალიან ახლოს ვარ. კარგი ადამიანია, მეგობარია ჩემი და ხშირად მეხმარება, თუმცა, ფილმზე ერთად ჯერ არ გვიმუშავია.
– თუ არის ისეთი რეჟისორი ჰოლივუდში, ვისთანაც სიამოვნებით იმუშავებდი?
– კრისტოფერ ნოლანთან ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით. მისი „შავი რაინდი” და „დასაწყისი” ძალიან შთამბეჭდავი ფილმებია. როგორც რეჟისორი – გენიოსია, ფენომენი. მისი ფილმები ძალიან დახვეწილია და, ასევე, მილიარდიანი მოგება მოაქვს კინოგაქირავებაში. ძალიან მშვიდია, თუ მასთან მუშაობას აპირებ, არ გაგიძნელდება, ყველაფერს გიადვილებს და ძალიან მხიარული ადამიანია. მინდა მის ფილმში მოხვედრა.
– გადაღებებისგან თავისუფალ დროს რას აკეთებ, როგორ ერთობი, ნიუ-იორკის ღამის ცხოვრება არ გიზიდავს?
– სულ დაკავებული ვარ, სულ გადაღებები მაქვს (ინტერვიუს ჩაწერის მომენტში ზურაბი გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, – ავტორი), თუმცა, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ჩემი საყვარელი სპორტით, ფეხბურთით ვერთობი, ვთამაშობ ან ტელევიზორში ვუყურებ. „მანჩესტერ იუნაიტედს”, მადრიდის „რეალსა” და „არსენალს” – ამ სამ კლუბს ვქომაგობ. ვცდილობ, ამ გუნდების არც ერთი მატჩი არ გამოვტოვო და ვუყურო. რამდენიმე თვის წინ ვუყურე საქართველოს ნაკრების თამაშს ხორვატიის ნაკრებთან, ძალიან საინტერესო იყო და მოგება გამიხარდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი. რაც შეეხება ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებას, ასეთი რაღაცეები და, კლუბები არ მიზიდავს.
– მომავლის გეგმებს არ შევეხოთ: ხომ არ აპირებ ლოს-ანჯელესში გადაბარგებას?
– ამ ზაფხულს გადავიღე ოთხი, ფილმი, ახლა კიდევ ვიღებ შვიდ მოკლემეტრაჟიან ფილმს. მომავალში რამდენიმე საინტერესო პროექტი იქნება. შვიდი წელი ველოდებოდი ამ ყველაფერს და ძალიან მიხარია, რადგან კარგი დასაწყისია, თუმცა, აქ, შეიძლება, უცებ ყველაფერი შეტრიალდეს და აწყობილი საქმე დაგენგრას. ბევრი სიძნელეია და ძალიან დიდი კონკურენცია. შორიდან რომ შეხედავ, ფიქრობ, ეს მსახიობები როგორი ცნობილები, მდიდრები და უზრუნველყოფილები არიანო, მაგრამ, ამ ყველაფრის მიღწევას თან დიდი სიძნელეები ახლავს. მომავალში რა იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა, ლოს-ანჯელესში გადასვლას არ გამოვრიცხავ.