რის გამო რცხვენოდა სოფო ხალვაშს და ვის „უქაჩავს“ გიორგი სუხიტაშვილი
„ჯეოსტარომანიამ” სრულიად საქართველო მოიცვა. პირველივე გადაცემიდან მონაწილეებზე მეტად კონკურსის განახლებულ ჟიურიზე დაიწყო საუბარი, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგიც კი მათგან მეტ სიხისტესა და პირდაპირობას ითხოვს. სწორედ ეს საკითხები იქცა სოფო ხალვაშისა და გიორგი სუხიტაშვილის საუბრის მთავარ თემად.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიორგი სუხიტაშვილი
– სოფო, უპირველესად, მითხარი, როგორ გაატარე ზაფხული?
– იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, შემიძლია ვთქვა, კარგად დავისვენე-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი.
– კონკრეტულად, აგვისტო როგორ გაატარე?
– (იცინიან) მთელი საქართველო ვნახე. თავიდან ეს ძალიან რთული თემა იყო ჩემთვის. „ჯეოსტარის” ჟიურის წევრობა ადვილი გადასაწყვეტი არ არის. ცოტა დაბნეული ვიყავი და ვყოყმანობდი, შევძლებდი თუ არა. ხვამლის მთაზე მივდიოდი გადაღებაზე, სადაც ტელეფონი გაჭირვებით იჭერდა და სწორედ ამ დროს დამირეკა გიორგი ხაბურზანიამ, პროექტის პროდიუსერმა. ძლივს გამაგებინა, რომ „ჯეოსტარის” ჟიურის წევრობას მთავაზობდა. გიორგის ეგრევე დავთანხმდი, მაგრამ მერე ვინერვიულე. ვფიქრობდი, სწორი იქნებოდა თუ არა ეს გადაწყვეტილება. თავად შემსრულებლის მხრიდან სხვა შემსრულებლების შეფასება იქნებოდა თუ არა ეთიკურად გამართლებული. თან, თანხმობა უკვე ნათქვამი მქონდა და უკან დახევა აღარ გამომივიდა... (იცინიან).
– ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინე. ამ გადასახედიდან რას იტყვი, როგორი ყოფილა?
– ეთერში გასვლის შემდეგ, რეაქციები რომ ვნახე, დავმშვიდდი. მანამდე ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, ხალხს რა რეაქცია ექნებოდა. ვიფიქრე, უარყოფითი განწყობა არ წამოსულიყო – გინდა არ გინდა, ცუდს უნდა უთხრა, რომ ცუდია. ამან კი შეიძლება, ხალხი გააღიზიანოს...
– ხალხი პირიქით, უფრო მეტს მოითხოვს. რაც მოვისმინე, უფრო მეტი სიხისტის დანახვა უნდათ. შეიძლება, ბევრი ამბობდა, მარინა ბერიძე უხეში, „იაზო” ქალიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ხალხს მხოლოდ ეს უნდა.
– ნამდვილად. თუმცა, მარინა მარინაა, სოფო სოფო. როგორი ბუნებაც მაქვს და რა ემოციაც მოდის, იმას გამოვხატავ. თან, ვცდილობ, ადამიანს, რომელსაც სჯერა რომ მაგარია, გული ძალიან არ ვატკინო. ამას წინათ ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა, როგორ შეგიძლიათ ადამიანები ასე აბუჩად აიგდოთ, „პრიკოლებში” აჩვენოთ და მთელი ქვეყანა აცინოთო. თუ ასე გეცოდებათ, რატომ ელოდება სწორედ ამ „პრიკოლებს” ყველა. დარწმუნებული ვარ, შენც ისევე უყურებ, როგორც სხვა დანარჩენი-მეთქი.
– რაღაც პერიოდი, „პრიკოლებს” ვუყურებდი, მაგრამ მერე უკვე აღარც მეცინებოდა. ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები, მარტო იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, სასაცილოობის გამო რომ ხვდებიან ამ სიუჟეტებში.
– ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამითაც პოპულარულები ხდებიან. ერთ წელს რომ „პრიკოლებში” მოხვდები და მეორე-მესამე წელსაც კიდევ მიხვალ, ესე იგი, ვერ ხვდები, რომ შენზე იხალისეს. ორმა ადამიანმა ქუჩაში იცნო, გაეცინა და ახლა ფიქრობენ, ეს პოპულარობის საშუალებააო. კიდევ და კიდევ მოდიან და უფრო სასაცილოდ მღერიან.
– მკითხველმა კიდევ არ იცის, იქ რა ხდება. იმდენი ინტრიგა და საშინელებაა, ამის ეთერში გაშვება კი არა, გახსენებაც არ შეიძლება. არავინ თქვას, რომ იქ ჟიური იქნება თუ გადამღები ჯგუფი, გასართობად დადის, ძალიან მძიმე სამუშაოა.
– მადლობა გიორგი, ეს რომ თქვი. ძალიან ბევრი ემოცია და ენერგია მიაქვს. დაცლილები გამოვდიოდით. იყვნენ მართლა ძალიან სასაცილო კონკურსანტები, მაგრამ, როდესაც იქ ზიხარ, ეს ისე დამთრგუნველად მოქმედებს, ისეთი სირცხვილის გრძნობა მიჩნდებოდა, აღარ ვიცოდი, სად ჩავმძვრალიყავი და გავპარულიყავი. მათ მაგივრად მრცხვენოდა და თან, იმას ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ამ კონკურსანტისთვის მეთქვა. ზუსტად უნდა უთხრა, რაც სჭირს. საშინელებაა, მაგრამ პირდაპირ უნდა უთხრა ეს, რადგან თუ არ აუხსენი, ისედაც თავდაჯერებულს, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება ემატება. ამბობს, რომ დაჩაგრეს და სხვა. მოკლედ, ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
– ქასთინგები სხვა სპეციფიკაა. როგორ ხედავ კონცერტებს? მონაწილეები თქვენი ამორჩეულები იქნებიან, მაგრამ შეიძლება, თავი ისე ვერ გამოიჩინონ როგორც საჭიროა – იქ ბენდი, მაყურებელი, პირდაპირი ეთერი. დიდი წნეხია, რამაც შეიძლება ბევრი ჭუჭყი, ემოციური ვარდნა გამოიწვიოს. ხართ თუ არა ამისთვის მზად?
– ამ ეტაპზე ცოტა დამშვიდებული ვარ. ქასთინგებმა ჩაიარა, ძალიან კარგი მონაწილეები ამოვირჩიეთ, რომელთა შორისაც უმეტესობა ბიჭია, რაც, როგორც ვიცი, იშვიათობაა. იმედი, მაქვს, წელს „ჯეოსტარი”, გასული კონკურსების მსგავსად, კარგი იქნება. აქამდე ბიჭების დეფიციტი იყო, მაგრამ თქვენი დამსახურებაა, რომ ამდენი ბიჭი წამოვიდა. ზოგადად, კონცერტებზე, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს. არ ვიცი, რა იქნება. ბოლო, შესარჩევ ტურს მარინაც ესწრებოდა, სადაც კონკურსანტებმა შესაძლებლობების ნახევრის ნახევარი ვერ აჩვენეს. ამიტომ, არ ვიცი, რა იქნება.
– კი, მაგრამ ეს აუცილებელია. მერე მარინაც იქნება და მარინას პლუს ხუთი მილიონი მაყურებელი...
– გეთანხმები. ეს არ არის მხოლოდ ხმის და სმენის კონკურსი. ეს არის კონკურსი ვარსკვლავის სტატუსისთვის, რაც გულისხმობს მყარ ნერვებს, გამძლეობას, სცენაზე თვითმყოფადობას, ინდივიდუალობას, სიძლიერეს. კონკურსი ომია, სადაც სუსტები მარცხდებიან. სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
– ნერვები გამობრძმედილ-გამოწრთობილი უნდა გქონდეს. რაც საჭიროა, უნდა გაიგო, რაც – არა, უბრალოდ, არ უნდა გაიგო. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რაც შენც კარგად იცი, უამრავ კონკურსში მიგიღია მონაწილეობა.
– შეიძლება გარეგნობაზე, სახლში ეს არ მეტყობა, მაგრამ ამ კონკურსებზე საოცარი სიძლიერე და სიმტკიცე გამოვიჩინე. როგორც ჩანს, ჩემი მშვიდი ხასიათი დამეხმარა. საკმაოდ გაწონასწორებული ვარ, მაგრამ ეს შინაგანი სიმშვიდე და სიმტკიცე, ალბათ, მაინც გამოცდილებიდან მოდის. ბევრს ვმუშაობდი, ვფიქრობდი... მაგალითად, „იურმალაში“ თვითონ რევზინი ისე გვწვრთნიდა და ისეთ წნეხში გვატარებდა, სცენაზე პირიქით, ლაღად ვგრძნობდით თავს. კონცერტამდე უმცირესი დეტალიც კი, გავლილი გვქონდა. მაგრამ, ვიღაც ამას ართმევს თავს, ვიღაც – ვერა, ზოგმა – შეიძლება, მარტო კონკურსზე იმღეროს, ვიღაცამ მარტო კონცერტზე, ზოგიერთები ორივეზე ერთნაირად გამოდიან. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურადაა. მოკლედ, დიდი მღელვარება გველოდება წინ. შეფასება კი ესემესებითაა, მაგრამ ჩვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვნახოთ...
– ჩემი მიხეილი როგორ მყავს?
– კარგად. ძირითადად, ბათუმშია, იქ მუშაობს. ცოტა ხნით ადგილები გავცვალეთ (იცინიან). ეს ზაფხული ძირითადად, გზაში გავატარეთ. ჩვენი შვილი ვეღარ ხვდებოდა, როდის მიდიოდა დედა და როდის მოდიოდა მამა. მაგრამ იმედიანად ვარ, ალბათ, ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს და მაყურებელი კარგ „ჯეოსტარს” ნახავს.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სოფო ხალვაში
– შენც მომიყევი, როგორ გაატარე ზაფხული?
– ჩემი მიხეილის არ იყოს, მეც ბათუმში ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ ლაუნჯ-ბარში ვმღეროდი თითქმის ორი თვე. პრინციპში, ძალიან ბევრი წელია, არ დამისვენია. ბავშვობის მერე, რასაც დასვენება ჰქვია, არ მქონია. ჩვიდმეტი წლიდან ვმუშაობ და მას მერე ზამთარ-ზაფხული ისე ებმება ერთმანეთს, თითქმის არაფერი იცვლება. სულ დეჟავიუ მაქვს, მცირე კორექტივებით. რაღაცეები ემატება და აკლდება, მაგრამ ძირითადი ხაზი მაინც ერთია.
– წელს „ჯეოსტარის” სცენაზე ახვალ?
– ალბათ, მხოლოდ დუეტებში. ბექ-ვოკალში საკუთარი თავი ამოვწურე. რა ინტერესიც მქონდა პროექტის მიმართ, როგორც არაკონკურსანტს, დავიკმაყოფილე. ჩემი „ჯეოსტარის” გარდა, კიდევ ორი სეზონი ვიდექი სცენაზე და ალბათ, ახლა სხვა ჯეოსტარელებმაც უნდა გამოიჩინონ ამ მხრივ თავი. უამრავი მომღერალი ჰყავს გამოშვებული „ჯეოსტარს”, რომელსაც შეუძლია სოლისტის შეგრძნება. ბექ-ვოკალში მთავარი ზღვარის დაცვაა – სოლისტს არ გადააჭარბო, მიუხედავად იმისა, რომ ამბიცია გაგაჩნია, კარგი მომღერალი ხარ. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ის კარგი მომღერალია თუ არა, შენ უნდა გაუსვა მის დადებით მხარეებს ხაზი. სოლისტისთვის ვაკეთებ ყველაფერს და არა იმის გამო, ნახეთ, რა მაგარი ვარ-მეთქი.
– რამე კონცერტს ხომ არ აპირებ?
– ჯერჯერობით პატარ-პატარა კონცერტები მაქვს, ხან რეგიონში, ხან თბილისში. დიდი კონცერტი, სამწუხაროდ, საოცნებო გახდა. ბოლო პერიოდში ხშირად ვფიქრობ, იქნებ ისევ სამსახიობო კარიერას დავუბრუნდე-მეთქი. მსახიობს შეუძლია თეატრში, მივიდეს, ემოციურად დაიხარჯოს, სცენასთან კონტაქტი ჰქონდეს. ჩემთვის ის სცენა, სადაც ძირითადად სიმღერა მიწევს, სცენა არ არის. ის უფრო სამსახურია. მიუხედავად იმისა, სულ ვცდილობ, იქ შეკრებილი მაყურებლისთვის ახალი, საინტერესო ვიყო და ბოლომდე დავიხარჯო. თავად კი ვეღარ ვიკვებები. ვცდილობ, სხვადასხვა რაღაცეებში ვიპოვო თავი. ენთუზიაზმიც მიმინელდა, მაინც ძველს ითხოვენ და ახლის კეთების სურვილი გამიქრა.
– ვიცი, შენი ახალი, ძალიან საინტერესო ალბომი...
– გაკეთდა და მის მიმართ დაინტერესება მხოლოდ უცხო ქვეყნებიდანაა. საქართველოში არც ჯაზ-ფესტივალზე, არც რაიმე კონცერტზე გასჩენია ვინმეს სურვილი, რომ დამეკრა. სად-სად და, საქართველოში ჯაზ-ფესტივალზე მაინც უნდა დამეკრა, რადგან მასში როგორც ჯაზური, ისე ეთნო ელემენტებია. იქიდან ჩამოსულ ადამიანს, ჯაზით ვერ გააკვირვებ, შეუძლებელია. ისინი რაღაც შენით უნდა გააკვირვო. ქართული, ეთნო, თუნდაც კავკასიური ხასიათი, მათთვის ძალიან საინტერესოა. ევროპელებს და ამერიკელებს ნაკლებად აინტერესებთ ქართველები საყვირს როგორ ფლობენ. მათ აინტერესებთ დუდუკი რა არის. წეღან სამსახიობო კარიერა ვახსენე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ძალიან ძნელია საქართველოში მომღერალმა თავი გაიტანოს, ფსიქოლოგიურად ვგულისხმობ. ადრე უფრო იყო შიდა კონკურენციის ელემენტები. მაშინ უფრო ტარდებოდა კონცერტები ხალხისთვის. რიყე ხშირად იკეტებოდა და ტარდებოდა კონცერტები. მოკლედ, არ ვიცი, ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ სხვა რაღაცეები ვაკეთო. შემოქმედებითი რღვევა მეწყება. ერთ ადგილს ვტკეპნი. ახლა კლიპის გადაღება მინდა და ასე ხელგაშვერილმა უნდა ვიარო, იქნებ ვიღაცამ დამიფინანსოს. ამის საშუალება რომ მქონდეს, არავისკენ გავიხედავდი. მაგრამ, მეც ხომ შემოქმედად მიმაჩნია თავი და მინდა, გავიზარდო, რაღაც ახალი გავაკეთო, რისი საშუალებაც არ მაქვს.
– რა არის გამოსავალი?
– საქართველოში რომ ჯაზ-შემსრულებლები ჩამოდიან, ხალხმა ბევრი მათგანის სახელიც კი არ იცის, მაგრამ მიდიან, ბილეთში ფულს იხდიან და უსმენენ. ანუ, ბილეთში ფულს იხდის პრესტიჟულობის და ბრენდის გამო. ჯაზ-ფესტივალი უკვე ბრენდია. იგივენაირად შეიძლება, შენივე პროდუქტი აქციო ბრენდად. კავკასიის რეგიონში, ჩვენ მეზობელ, საკმაოდ პატარა ქვეყნებში ძალიან ცუდი ხარისხის მუსიკა კეთდება, მაგრამ იქ მომღერლები სულ ფორმაში არიან, მუდმივად აქვთ სამუშაო. ბათუმში ყოფნისას აღმოსავლურ არხებს ხშირად ვათვალიერებდი, ძალიან მდარე მუსიკაა, საშინელი, მაგრამ კონცერტები სულ არის. რა დროსაც არ უნდა გადართო, რომელ არხზეც გინდა, სულ სიმღერებია. მოკლედ, ბევრი პრობლემაა, რომელსაც სისტემური გადაჭრა სჭირდება. ცალკეულ ორმოებს ვერ ამოავსებ, არ არსებობს.
– მეც ჩემთვის დავიწყე რაღაცეების კეთება. ბათუმში გავაკეთე პირველი კონცერტი, რომელიც ძალების მოსინჯვასავით იყო. ზუსტად დავინახე რა და როგორ არის დასახვეწი. ახლა ვფიქრობ, ნოემბერში გავაკეთო კონცერტი „ივენთ ჰოლში“. არ მინდა გავჩერდე, თორემ მერე ამან ჩათრევა იცის. კარგი კითხვაა, ოჯახში როგორ ხართ, ახალი ხომ არ არის რამე?
– არაფერი ისეთი. ბათუმში ვიყავი, თაკო შიგადაშიგ ჩამოდიოდა. ჩემი გრაფიკით ცხოვრება ჩემთვისაც აუტანელია – ცხენებით რომ დავდიოდეთ, დღეში სამი მომიკვდებოდა შრომით. თაკომაც იცის ჩემი გრაფიკის ამბავი. ერთხელ თაკომ გაბედა და მითხრა, ერთ დღეს გამოგყვები, შენთან ერთად ვივლი და ვნახავ, რას და როგორ აკეთებო. კარგი-მეთქი. დილის რვა საათზე გავიღვიძე. საერთოდ ადრე ვდგები, ყავა გავიკეთე, ვივარჯიშე და წავედით. დაახლოებით პირველი, ორის ნახევარია, გავიხედე გვერდით და თაკოს უკვე სახე აღარ ჰქონდა. წამიყვანე სახლშიო – საცოდავად მთხოვა. მეცინებოდა. ძალიან ენერგიული ვარ, სულ რაღაცეების კეთება მიყვარს, თან ძალიან ზედმიწევნით. სანამ ბოლომდე, დეტალებში არ ჩავუკირკიტებ ყველაფერს, თავს არ ვანებებ. თაკო კიდევ ვერ ქაჩავს, ელემენტი უჯდება და „დურასელიც” ვეღარ შველის. ადამიანი ასეთი უნდა იყო. ის სხვანაირია, სიმშვიდე უყვარს. ბათუმში კი ჩემი გრაფიკით ცხოვრება მოუწევდა, რასაც ვერ გაუძლებდა და ამიტომაც, ჩამოვიდოდა, ორი-სამი დღით და სულ ერთად ვიყავით. მას „ვუქაჩავდი”, ჩემ ჩვეულ რიტმს ვუკლებდი და ძირითად დროს მასთან ერთად ვატარებდი. მერე უკვე, საქმეები რომ მიგროვდებოდა, ავუღებდი ბილეთს და თბილისში ვუშვებდი (იცინიან). ასე, საყვარლად მიდი-მოდიოდა ბათუმის გზაზე.