საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დაბადების საინტერესო დეტალები
27 სექტემბერს ესპანეთში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ოჯახში პატარა ვაჟი – გიორგი დაიბადა. როგორც ანას მამამ და პატარა გიორგის ბაბუამ, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჩემთან საუბრისას განაცხადა: დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ და გარკვეული დროის შემდეგ თბილისში ჩამოსვლას გეგმავენ. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით დაიწერეს ჯვარი. წყვილი ბოლო დროს ესპანეთში ცხოვრობდა და სწორედ იქ დაიბადა სამეფო ოჯახის ტახტის მემკვიდრე.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა): გიორგი ესპანეთში 27 სექტემბრის ღამეს დაიბადა. ჩვენთან, საქართველოში, იმ დროს უკვე 28 სექტემბერი იყო, ამიტომ, ცოტა დავიბენი – არ ვიცი, მომავალში როდის გადავუხადო დაბადების დღე (ეს ხუმრობით). ძალიან გახარებული ვარ, მანამდეც მყავდა ბიჭი შვილიშვილი – თემურ ჭიჭინაძე, ახლა უკვე გიორგიც მყავს.
– ანა მშობიარობამდე ესპანეთში ცხოვრობდა? როგორ მიმდინარეობდა მისი ორსულობა?
– დიახ, ესპანეთში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. ყველაფერი კარგად, ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა.
– როგორ ჩაიარა მშობიარობამ?
– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ანამ ფიზიოლოგიურად იმშობიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე. მშობიარობამდე ორი საათით ადრე ვესაუბრეთ. რომ დაგვირეკა და გვითხრა, ვიმშობიარეო, არ გვჯეროდა, იმდენად მოულოდნელი იყო.
– მამა დაესწრო მშობიარობას?
– მამა არ დასწრებია მშობიარობას, მაგრამ ბავშვი მაშინვე ნახა. ანამ რომ დაგვირეკა, გვითხრა, რომ სანამ თვითონ ნახავდა შვილს, მანამდე დავითმა ნახა, ძალიან ბედნიერია და გვერდიდან არ შორდებაო.
– რამდენი კილოგრამი დაიბადა გიორგი?
– 3 კილოგრამი და 300 გრამი დაიბადა, სიგრძეში – 50 სანტიმეტრი.
– ვინ დაესწრო მშობიარობას?
– ანას ბებია, ანუ დედაჩემი. 86 წლის ქალი ჩავიდა ესპანეთში ანას გასამხნევებლად. თვითონ გადაწყვიტა გამგზავრება, უნდოდა, ანას გვერდით ყოფილიყო.
– კიდევ ვინ იყვნენ ანას გვერდით?
– ანას ქალიშვილები, რომლებიც დიდი ხანია, დედასთან ერთად ცხოვრობენ ესპანეთში. მათ ჯერ ბოლომდე არ აქვთ ძმის დაბადება გაცნობიერებული, მაგრამ, ძალიან გახარებულები არიან.
– ვინ შეარჩია ბავშვისთვის სახელი?
– ბევრ ჩვენს წინაპარს ერქვა გიორგი, როგორც ჩემი ხაზით, ასევე, დავითის შტოშიც. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბავშვს გიორგი დაარქვეს.
– არ ჩამოვლენ საქართველოში?
– დღეს, წესით, ანა უკვე სახლში იქნება (ინტერვიუ ჩაწერილია 29 სექტემბერს, – ავტორი). ცოტა ხანს კიდევ გაჩერდებიან ესპანეთში და შემდეგ აუცილებლად ჩამოვლენ თბილისში.
– როდის აპირებენ პატარა გიორგის მონათვლას?
– ეს საკითხი ახლო მომავალში გადაწყდება. მე უკვე ვესაუბრე მეუფეს და პატრიარქთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
– როგორ წარმოგიდგენიათ პატარა გიორგის მომავალი? მას უკვე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს.
– ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ, ბევრი მითქმა-მოთქმაა. რამის თქმა ჯერ ადრეა, გიორგი პატარაა. რაც მთავარია, მისი სახით კიდევ ერთი ქართველი დაიბადა.
– ალბათ, უკვე აღნიშნეთ შვილიშვილის დაბადება.
– დიახ, გუშინ აღვნიშნე და დღესაც ვაპირებ აღნიშვნას.
ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს სამეფო ოჯახს პატარა გიორგის დაბადებას და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!