კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იძია ლავრენტი ბერიამ შური მიხეილ ჯავახიშვილზე

მეოცე საუკუნის 30-ანი წლების რეპრესიების სუსხი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის იმ ქართველ მწერლებსაც, რომლებმაც საბჭოთა ხელისუფლება და სოციალისტური წყობა არ მიიღეს და მისი მადიდებელი ნაწარმოებები არ შექმნეს. თითოეული ასეთი მწერლის საბოლოო ხვედრი – დახვრეტა, უკეთეს შემთხვევაში კი დაპატიმრება-გადასახლება იყო. ამჯერად, მკითხველის ყურადღებას ერთ-ერთ ასეთ რეპრესირებულ ქართველ მწერალზე მიხეილ ჯავახიშვილზე (ადამაშვილზე) შევაჩერებთ. მისი ტრაგიკული ისტორია პირნათლად ასახავს და ახასიათებს საბჭოთა ეპოქას. ამ საკითხზე გვესაუბრება ისტორიკოსი ლევან ჯიქია.

 

ლევან ჯიქია: მიხეილ ჯავახიშვილი იმ ქართველ მწერალთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც ეროვნულ პოზიციაზე იდგნენ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ეწინააღმდეგებოდნენ. 25 თებერვალთან დაკავშირებით ჯავახიშვილი ასე წერს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ, დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ახლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.” 

– ჩაება თუ არა ჯავახიშვილი ანტისაბჭოთა ეროვნულ მოძრაობაში? 

– მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. საქართველოში 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, ის ანტისაბჭოთა ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩაება. ჯავახიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული, ეგრეთ წოდებული სამხედრო კომისიის წევრი იყო (სამხედრო კომისიაში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა), მაგრამ საქართველოს საგანგებო კომისიის მახვილ თვალს რა გამოეპარებოდა და 1923 წელს ჯავახიშვილი დააპატიმრეს. საგანგებო კომისიამ მას დახვრეტა მიუსაჯა.

ქართველი მწერლები, პავლე ინგოროყვას ხელმძღვანელობით, სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ და მიხეილ ჯავახიშვილის შეწყალება სთხოვეს. მოხდა სასწაული და ორჯონიკიძემ მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც შეიწყალა.  გასაკვირიც არაა, საგანგებო კომისიაში დაკითხვები ხომ არნახული ფიზიკური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. მწერალი თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას ასე ახასიათებდა: „ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში, ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მიშველიების სურვილს და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას.” ჯავახიშვილი საერთოდ საქართველოდან გაქცევაზეც კი ფიქრობდა. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია მისი წერილი დავით სულიაშვილისადმი: „ძმაო დავით, მე აქ ცხოვრება არ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. ამ საქმეში დამეხმარე, სამაგიერო მომთხოვე და მიმსახურე... გარწმუნებ, ძმაო დავით, გარეთ უფრო მეტს და თავისუფლად დავწერ, ესე იგი მცირედ სარგებლობას მოვუტან ჩემს სამშობლოს. აქაური ამბები? არავითარ გაზეთს აღარ ვკითხულობ, ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა და გულგატეხილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცენით და მოვიღუნეთ. ეს არის და ეს”. როგორც ჩანს, პირველი დაპატიმრების შემდეგ ჯავახიშვილმა პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი დაანება, მაგრამ მიუხედავად ამისა, 1937 წელს ის მაინც დააპატიმრეს. 

– ამჯერად რა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი?

– საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე სიტყვით საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია გამოვიდა. ბერიამ თავისი გამოსვლა მთლიანად ქართველ მწერლებს მიუძღვნა. ბერია ქართველი მწერლების მიერ შექმნილ ყველა დაჯგუფებას შეეხო და აცხადებდა: „ჯგუფში „არიფიონი”, რომელიც 1928 წელს დაარსდა, შედიოდნენ მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, ილო მოსაშვილი და სხვები... „არიფი” ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გერონტი ქიქოძის განმარტებით: „არის თანამესუფრე, ხოლო არიფიონი – გადაკრულში მყოფი ხალხის კავშირია. მაგრამ ჩვენ ვთვრებით, არა ღვინით, არამედ შემოქმედებითი ურთიერთზემოქმედებით“.

ეს ჯგუფი თავისი არსებით ნაკლებად განსხვავდებოდა ზემოხსენებული „აკადემიური” ჯგუფისაგან და ამ უკანასკნელის მსგავსად, ჩვენთვის აშკარად მტრულ, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. თავის სტატიაში, რომელიც ჟურნალ „არიფიონის” პირველ ნომერში გამოქვეყნდა და ჯგუფის დეკლარაციას წარმოადგენდა, გერონტი ქიქოძე წერდა: „რევოლუციამ ვერ შეძლო ევრაზიის ფარგლებს გაცდენოდა, ის დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილში ჩაიკეტა. რა დაუპირისპირა მან ძველ კულტურას? ელექტრიფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია, კოოპერაცია... ძველი ღმერთები დაიხოცნენ, კრიტიკულმა აზროვნებამ გაანადგურა ძველი ილუზიები, არ არსებობს ცრურწმენისაკენ უკან დასახევი გზა, მაგრამ სული დაცარიელდა და ამ დაცარიელებული სულის ელექტროდენით შევსება შეუძლებელია”. 

ეს იყო აშკარა კონტრრევოლუციური მოწოდება, რომელიც მიმართული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლებისა და ჩვენი სოციალისტური მშენებლობის წინააღმდეგ. „ლავრენტი ბერიამ თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „...პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა ჭკუა ისწავლოს... ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს. აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები.“

ლავრენტი ბერიას ამ გამოსვლის შემდეგ ბევრი რამ ნათელი იყო – საბჭოთა ხელისუფლება ვერ მოითმენდა ასეთი „კონტრრევოლუციონერების” არსებობას ქართულ მწერლობაში, დაიწყო დაპატიმრებების სერიები...

– თუ გამოეხმაურა ბერიას ამ გამოსვლას მწერალთა კავშირი?

– 1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პარტორგანიზაციის სხდომა გაიმართა, რომელზეც ითქვა: „გვეგონა, რომ ჩვენი მწერლები სერიოზულად დაფიქრდებოდნენ ცეკას პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას გაფრთხილების გამო, გულწრფელად აღიარებდნენ წარსულ დამნაშავეობრივ საქმიანობას და კავშირს კონტრრევოლუციონერებთან. მწერალთა კავშირის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მწერლები... მაგრამ მათი გამოსვლით ჩანდა, რომ ლავრენტი ბერიას მოხსენებიდან სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანეს...” 17 აგვისტოს მწერალთა კავშირმა მიხეილ ჯავახიშვილზე შემდეგი დადგენილება მიიღო: „დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმიდან გამოყვანისა და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას, რათა გამოყვანილი იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი. დაევალოს „ლიტ. საქართველოს” რედაქციას, მოათავსოს ერთი განმანადგურებელი წერილი მიხ. ჯავახიშვილის მოქმედების შესახებ”. 

ყველაფერი ნათელი იყო, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. მისი გამომძიებლები იყვნენ ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი. მწერლის პირველ დაკითხვას ბერია და ქობულოვიც ესწრებოდნენ. მიხეილ ჯავახიშვილს პირველად აბაშიძემ დაარტყა. ჯავახიშვილი იატაკზე გულაღმა დაეცა. ბერია იცინოდა, მივიდა, გულზე ფეხი დაადგა და უთხრა: ახლა გადგას ჩეკისტი თავზეო!

– რას გულისხმობდა ლავრენტი ბერია?

– საქმე ისაა, რომ როდესაც ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს, ჯავახიშვილს უთქვამს: ესღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვდგომოდა თავზეო. ბერიამ ჯავახიშვილს ნათქვამი ზუსტად შეახსენა.

– კონკრეტულად, რა ბრალდება წაუყენეს მიხეილ ჯავახიშვილს?

– არნახული ფიზიკური წამების შემდეგ ჯავახიშვილი იძულებული იყო ხელი მოეწერა წინასწარ შეთითხნილ ჩვენებაზე, რომელიც „ადასტურებდა”, რომ ის იყო ქართველი მწერლების მიერ შექმნილი, ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩვენებაში ჯავახიშვილი აცხადებდა: „ჩვენ გადანაწილებული გვქონდა როლები, მე ვხელმძღვანელობდი ფინანსებს. გერონტი ქიქოძეს ევალებოდა კავშირის დამყარება სხვადასხვა ანტისაბჭოურ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან. უცხოელებთან მოლაპარაკებების წარმოება თავის თავზე აღებული ჰქონდა პაოლო იაშვილს, ხოლო საორგანიზაციო საქმეების მოგვარება მოსაშვილს ევალებოდა... საბოლოო ჯამში იტალიური ფაშიზმის პროგრამა მივიღეთ, რომელიც ქართული რეალობისთვის უნდა მოგვერგო. ჩვენების მიხედვით თითქოს ამ ჯგუფის მიზანი იყო: მომზადებულიყვნენ აჯანყებისთვის, კონსულტაციები გაევლოთ პოლონურ, გერმანულ და იტალიურ ცენტრებთან, სწორედ ამ ქვეყნების ჯაშუშად და აგენტად მოინათლა ჯავახიშვილი. ჯავახიშვილი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას.

– შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს მიხეილ ჯავახიშვილის აღიარება?

– ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები, რომელიც მას განაჩენის გამოტანის შემდეგ უთქვამს: „მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის. მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით”. ჯავახიშვილის საქმის „ძიება” 1937 წლის 19 სექტემბერს დამთავრდა, 30 სექტემბერს კი ის დახვრიტეს და მისი ნაწარმოებები აკრძალეს.

– როდის მოხდა მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია?

– სტალინის სიკვდილის შემდეგ უსამართლოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. რეაბილიტაცია მიხეილ ჯავახიშვილსაც შეეხო. 1954 წლის 4 მაისს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ითქვა: „...1880 წელს დაბადებულ მიხეილ ჯავახიშვილის საარქივო საგამოძიებო საქმიდან (¹979318) ირკვევა, რომ 1937 წლის ივნისში იგი დაპატიმრებულ იქნა პროკურორის სანქციის გარეშე. მისი დაპატიმრება ფაქტობრივი დაკავებიდან ორი თვის დაგვიანებით, 1937 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა. მიხეილ ჯავახიშვილი აჯანყების მომზადების, ჯაშუშობის, მავნებლობის, ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით აიყვანეს.

აღნიშნული ბრალდებები საქმის მსვლელობის დროს ჯავახიშვილისათვის არ წაუყენებიათ. საბრალდებო დასკვნაში კი ამ ბრალდებების დამამტკიცებელი არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება...

მიხეილ ჯავახიშვილის საგამოძიებო საქმის ანალიზიდან ირკვევა, რომ არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი საქმეების პროცესუალური ნორმები დაირღვა უხეშად, არამედ არსებობს წინააღმდეგობა, როგორც თავად ჯავახიშვილის, ასევე მოწმეების ჩვენებებში და აქედან გამომდინარე, ბრალდების საფუძველიც არადამაჯერებელია...

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მწერლების: მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციას ითხოვს. ასევე ითხოვს, მოიხსნას აკრძალვა ამ მწერლების ნაწარმოებებზე, რათა მომავალში მაინც დაიბეჭდოს”. 

 

 

скачать dle 11.3