კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდნენ ზაქარია ფალიაშვილი და მისი ძმა ქვისლები და რას საყვედურობდა სიზმარში დიდ კომპოზიტორს გარდაცვლილი შვილი

 

წელს დაბადებიდან 140 წლისთავი შეუსრულდა ყველაზე დიდ ქართველ კომპოზიტორს – ზაქარია ფალიაშვილს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოსა და უცხოეთში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. რიგი ღონისძიებებისა კი – სამომავლოდაა დაგეგმილი.

ივნისში ვაშინგტონის პრესბიტერიანულ ტაძარში ზაქარია ფალიაშვილის დღემდე უცნობი ნაწარმოები შესრულდა. როგორც ცნობილი გახდა, ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა გასული საუკუნის დასაწყისში შექმნა. მისი მიზანი იყო, აეღორძინებინა ტრადიციული ქართული სამწლიანი საგალობელი, რომელიც ძლიერ რუსულ გავლენას განიცდიდა. პროექტის ინიციატორმა და „კაპიტალ ჰილის ქოროს“ დამფუძნებელმა, პარკერ ჯეინმა ნაწარმოები კალიფორნიელი მკვლევრის, ვლადიმირ მოროსინის პირად არქივში იპოვა. აღმოსავლეთ ევროპის საეკლესიო მუსიკის მკვლევარმა ლიტურგიას რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მიაგნო და ასლი დაამზადა. ასლში ნაწარმოებებზე მუშაობისას, ამერიკული ჯგუფი უამრავ პრობლემას წააწყდა. მთავარი სირთულე ენობრივი ბარიერის გადალახვა აღმოჩნდა – მათ განსაკუთრებით უჭირდათ ზოგიერთი ქართული თანხმოვნის წარმოთქმა... როგორც პრესამ აღნიშნა, შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. 80-კაციანი ჯგუფის მიერ შესრულებულმა საგალობელმა ტაძარში მისული არც ერთი მსმენელი გულგრილი არ დატოვა. რაც შეეხება ნაწარმოებს, რომელმაც ამგვარი რეზონანსი გამოიწვია, ეს არის ქართული საგალობლები, რომელთა თანმიმდევრობა ექვემდებარება წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესს. ის დაამუშავა ზაქარია ფალიაშვილმა, რაც დაიბეჭდა და გამოიცა კიდეც 1909 წელს „ტფილისის ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ მიერ...

საყურადღებოა, ერთი ცნობა: „შესრულებული ტფილისის ქართული ფილარმონიული საზოგადოების კონცერტებზედ“...  ესე იგი, ნაწარმოები გამოცემამდე უკვე შესრულებულია, მაგრამ არა ტაძარში, არამედ საკონცერტო დარბაზში...

ზაქარია ფალიაშვილის საიუბილეო 140 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმში ახალი ექსპოზიციის გამოფენა მოეწყო, რომელზეც იმუშავეს მუზეუმის თანამშრომლებმა – თამრიკო ჩინჩალაძემ და ალექსანდრე ხურციძემ. კედელი მთლიანად დათმობილი აქვს ზაქარია ფალიაშვილის მოღვაწეობას. მის ძმებს და მის ახლობლებს...

თავიდან ივანე ფალიაშვილი გადმოვიდა თბილისში. მუშაობა კათოლიკურ ეკლესიაში დაიწყო, ორღანზე უკრავდა და რამდენიმე ხნის შემდეგ, თავისი ძმა – ზაქარიაც გადმოიყვანა. ზაქარია იმდენად დაეუფლა დაკვრას, რომ, როდესაც ივანე წავიდა ეკლესიიდან, ზაქარიამ მისი ადგილი დაიკავა... კედლის ახალ ექსპოზიციაში ყველაზე მეტი ივანე ფალიაშვილის ფოტოებია, ასევეა, ზაქარია ფალიაშვილი თბილისის ორკესტრთან რეპეტიციის დროს. ზაქარია, ივანე და პოლიკარპე ფალიაშვილები, ოჯახის წევრებთან ერთად...

როგორც ცნობილია, ფალიაშვილები ძალიან ვიწროდ ცხოვრობდნენ – 18 დედმამიშვილი და დედ-მამა ერთ პატარა ოთახში.

ზაქარია ფალიაშვილმა იქორწინა რიაზანელ იულია უტკინაზე, ხოლო მისმა ძმამ – იულიას დაზე, ანუ ძმები ქვისლებიც იყვნენ... ზაქარიას ერთადერთი შვილი ჰყავდა – ირაკლი, რომელსაც გულის მანკი აღმოაჩნდა და ნაადრევად გარდაიცვალა. ზაქარიაზე იმდენად იმოქმედა შვილის სიკვდილმა, რომ, იმ დროს „აბესალომ და ეთერზე“ მუშაობდა და ამ ოპერაზე მუშაობა შეწყვიტა. თუმცა, გადმოცემის თანახმად, მას გარდაცვლილი შვილი დაესიზმრა, რომელიც საყვედურობდა – რად დაანებე ოპერაზე მუშაობას თავიო. ზაქარიამ მეორე დღესვე განაგრძო ოპერაზე მუშაობა. დაასრულა და უძღვნა თავის ერთადერთი შვილის, უმანკო ირაკლის სულის ხსოვნას.

ვიქტორია სირაძე (ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის გიდი): 1925 წელს დანიშნული გახლდათ სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“. ყველა ბილეთი გაყიდული იყო და ამ დროს, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში – გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი, თუმცა კოტე მარჯანიშვილის თაოსნობით, სპექტაკლს რეჟისურა გაუკეთდა (სპექტაკლი არ გადაიდო) და იქ, სადაც სცენაზე ვანო სარაჯიშვილი უნდა მდგარიყო, მის ნაცვლად შუქი ციმციმებდა, ხოლო პარალელურად, ჩელისტი ასრულებდა იმ პარტიას, რომელიც უნდა ემღერა ვანო სარაჯიშვილს. ესეც, ალბათ, სიმბოლური გახლდათ, ჩელისტი რომ ასრულებდა მის პარტიას, რადგან ვანო სარაჯიშვილს მუსიკალური სასწავლებელი ჩელოს განხრით ჰქონდა დამთავრებული. ამ სპექტაკლს დაარქვეს „აბესალომ და ეთერი აბესალომის გარეშე“...

– ჰიმნთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– თბილისში, იმ სახლში, რომელშიც ზაქარია ცხოვრობდა, სასტუმრო ოთახში ძალიან საინტერესო საღამოები ტარდებოდა. იქ უამრავი საინტერესო ხალხი იყრიდა თავს და ზაქარია ფალიაშვილის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო ივანე ჯავახიშვილი. მათი მეგობრობის შესახებ ბევრია ცნობილი. სასტუმრო ოთახში, სანამ სუფრას მიუსხდებოდნენ ფალიაშვილის ოჯახის წევრებს და სტუმრებს, ტრადიციად ჰქონდათ, ფეხზე დამდგარს შეესრულებინათ საქართველოს ჰიმნი. 

გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1969 წელი. ქოქიაშვილი:

„... 1903 წელი იდგა. ის-ის იყო მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა კლასიკური მუსიკალური განათლებით გამდიდრებული ზაქარია ფალიაშვილი. ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, პეტრე მირიანაშვილმა მას „ეთერიანის“ ეპოსზე ჩამოუგდო სიტყვა, შემდეგ გააცნო კიდეც და ურჩია, „ეთერიანის“ მოტივებზე ოპერის დაწერა. „რა დროს ეგაა, გაიხსენეთ გლინკა, დიდი გლინკა, როგორ მოიქცა? ჯერ მთელი მშობლიური მუსიკალური ფოლკლორი შეისწავლა და შეიმუშავა, უამრავი სხვადასხვა მცირე ფორმის ნაწარმოები შექმნა და შემდეგ შეჰბედა ოპერას“,  – უპასუხა თურმე ფალიაშვილმა და თან დასძინა, „ეჰ, ჩემო პეტრე, ოპერამდე ჯერ დიდი გზაა... “ რამდენიმე წლის განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილმა ფეხით მოიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ეძებდა ქართული სიმღერის სათავეებს და თბილისში უამრავი ხალხური მუსიკალური მასალით სავსე ფონოგრაფი ჩამოჰქონდა. ამ ხანგრძლივმა ძიებამ კეთილი ნაყოფი გამოიღო. ამის შედეგია, რომ მისი მუსიკა თავანკარა ხალხური სიმღერების ნიადაგზე აღმოცენდა. პეტრე მირიანაშვილი არ ცხრებოდა. იფიქრა, ზაქარია აღარ აპირებს ოპერის შექმნასო და ერთხანს თავად გადაწყვიტა კლასიკური მუსიკალური განათლების მიღება იმ აზრით, რომ საწადელისთვის მიეღწია (რა იცოდა, რომ ფალიაშვილსაც არ აძლევდა მოსვენებას „ეთერიანის“ ოპერად გარდაქმნის იდეა). 1908 წლის 21 დეკემბერს ჟურნალი „ფასკუნჯი“ იუწყებოდა: „აბესალომ და ეთერი“, ძველი ხალხური თქმულება ლექსად, რვა სურათად შეკრებილი და სასცენოდ  დაწყობილი პეტრე მირიანაშვილის მიერ“... ლიბრეტო მზად იყო. ზაქარია მაინც არ ჩქარობდა, ვიდრე ეპოსის კოლორიტი და მისი გმირების ბუნება არ შეისწავლა. ორმა წელმა განვლო და მხოლოდ 1910 წელს მოჰკიდა ხელი უშუალოდ მუსიკაზე მუშაობას. წერდა დაკვირვებით, პოეტური აღმაფრენით. მაგიდასთან... ნოტები პირდაპირ ქაღალდზე გადაჰქონდა და როიალს მხოლოდ მაშინ მიუჯდებოდა, როცა ნაწერის გადასინჯვა ხდებოდა საჭირო. შემოქმედებით მუშაობაში კიდევ ორი ზამთარი და გაზაფხული გაილია. ამჯერად აბესალომისა და მურმანის პარტია იმდენად დაიხვეწა, რომ ვანო სარაჯიშვილი და ს. ინაშვილი პარალელურად სწავლობდნენ მას. თანდათანობით გავრცელდა ხმა – ფალიაშვილი ქართულ ოპერას ქმნისო... 

...სპექტაკლმა, რომელმაც 5 მოქმედებისა და 6 სურათის გამო გვიანობამდე გასტანა, დიდი პოლემიკა გამოიწვია მსმენელთა შორის. რის შესახებაც ვინმე „ინენის“ ავტორობით გაზეთ „საქართველოს“ სამ ნომერშიც დაიბეჭდა ფელეტონი. ფალიაშვილმა ყურად იღო ზოგიერთი კრიტიკული მოსაზრება და სპექტაკლი რომ ზედმეტობისგან განეტვირთა და დაეხვეწა, ამოიღო „ბელიარ-ეშმაკისა“ და მარიხის პარტია „შუქურ ვარსკვლავო“. ჩანს, იმ პირველ დადგმას გარკვეული ხარვეზები მართლაც ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვანო სარაჯიშვილმა დაასრულა აბესალომის პარტიაზე მუშაობა და ზალიპსკი შეცვალა, ოპერამ განცვიფრებაში მოიყვანა მსმენელი და თვით ზალიპსკიც, რომელმაც გულწრფელად აღიარა, – ასე რომ იმღერო, სარაჯიშვილად უნდა დაიბადოო. ეს იყო ნახევარი საუკუნის წინათ და იმ დღიდან მოყოლებული, ქართული სცენისთვის „აბესალომ და ეთერი“ იყო და დარჩა როგორც ქართული საოპერო ხელოვნების უთვალსაჩინოესი ქმნილება.

 

 

скачать dle 11.3