რა აკავშირებს დანიის პრემიერ-მინისტრის, ჰელლე ტორნინგ-შმიდტის ქმარს რუს „გაიშნიკებთან” და ვისთვის მოამზადა მან არჩევნების დღეს ღორის ხორცისგან საუზმე
პირველად დანიის სამეფოს არსებობის ისტორიაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს ქალი დაიკავებს. სექტემბრის შუა რიცხვებში გამართულ არჩევნებში ოპოზიციურმა – მემარცხენე ცენტრისტულმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და დანიის პარლამენტში – ფოლკეტინგში, უმრავლესობით შევიდა. ოფიციალურად ჰელლე ტორნინგ-შმიდტი პრემიერის მოვალეობის შესრულებას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება, მანამდე კი ჩვენი ჟურნალის მეშვეობით ახლოდან გავიცნობთ ახლადარჩეულ ქალ პრემიერ-მინისტრს.
* ჰელლე ტორნინგ-შმიდტი 1966 წელს როდოვრეში, კოპენჰაგენის მახლობლად დაიბადა. მამას ჰოლგერ ტორნინგ-შმიდტს, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ეკონომიკის ლექტორს და დედას, გრეტას, პოლიტიკაში კონსერვატიული შეხედულება ჰქონდათ. 1985 წელს ჰელლემ კოპენჰაგენის გარეუბნის (სადაც ის ცხოვრობდა) – იშოის გიმნაზია დაამთავრა. იმ დროისთვის მისი მშობლები ათი წლის გაშორებულები იყვნენ.
* დანიის ახალ პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერებათა ხარისხი. ასევე, ფლობს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების სპეციალისტის დიპლომს, რომელიც ევროპის კოლეჯში, ბრიუგეში სწავლის დროს, 1992-1993 წლებში მიიღო. იმ დროს დანიის სამეფოს მხოლოდ ერთი სტუდენტის გაგზავნის უფლება ჰქონდა ამ პრესტიჟულ სასწავლებელში და, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევით, სწორედ ჰელლე ტორნინგ-შმიდტი გაიგზავნა იქ სასწავლებლად. მშობლიურ დანიურ ენასთან ერთად, ჰელლე სრულყოფილად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს.
* საპარლამენტო არჩევნების დღეს, ძირითადმა კონკურენტებმა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა და ოპოზიციის ლიდერმა ჰელლე ტორნინგ-შმიდტმა, მონაწილეობა მიიღეს დანიის ტელევიზიის დილის შოუში, სადაც თავიანთი ამომრჩევლების თვალწინ, ღორის ხორცისგან დილის საუზმე მოამზადეს. ოპონენტებს თავიანთი ბლოკების, რასმუსენს ლურჯი, ხოლო ტორნინგ-შმიდტს წითელი ფერის წინსაფრები ეკეთათ. შეგახსენებთ, რომ დანიაში ღორის ხორცი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და, თანაც, დანია ევროპის ქვეყნებში ბეკონის და ღორის ხორცის სხვა პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.
* მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა ბლოკმა გაიმარჯვა, სოციალ-დემოკრატების მომხრეები კოპენჰაგენის ქუჩებში საზეიმოდ გავიდნენ. ისინი ჰელლე ტორნინგ-შმიდტის პლაკატებს აფრიალებდნენ და ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტს – „აი ფილ გუდს” მღეროდნენ მთელი ღამის განმავლობაში. საინტერესოა, რომ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა, უკვე გადასცა ჰელლეს პრემიერ-მინისტრის კაბინეტის გასაღები და უთხრა, რომ იმედოვნებს, გასაღების გადაცემა დროებითი მოვლენაა და სულ მალე იგი კვლავ შეეცდება დაიბრუნოს დაკარგული თანამდებობა.
* ცნობილია, რომ ჰელლე ტორნინგ-შმიდტი დანიაში საერთო ევროპული ვალუტის – ევროს შემოღების წინააღმდეგია. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი თავის ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ რეფერენდუმის ჩატარებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ აპირებს და მიაჩნია, რომ ევროზე გადასვლა დანიისთვის დამღუპველი იქნება. როგორც ჩანს, დანიის ახალი ხელისუფლების სახით ევროს კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
* დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელლე ტორნინგ-შმიდტი სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და გლამურული პოლიტიკოსია, რომელიც ცნობილ და ძვირად ღირებულ დიზაინერებთან უკვეთავს ტანსაცმლისა და აქსესუარების ექსკლუზიურ მოდელებს. ჰელლეს ამ გატაცების შესახებ ცნობილია დანიელებისთვის და მას შესაბამისი თიკუნიც კი აქვს, საიდანაც ცნობილი ხდება, თუ რომელ სამოდელო სახლს ანიჭებს იგი უპირატესობას – „გუჩი-ჰელლე”.
* ბრიუგეში სწავლის დროს, ჰელლემ ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერის, ნილ კინნოკის შვილი, თავისი მომავალი მეუღლე, სტივენ კინნოკი გაიცნო. ჰელლეს გაპრემიერებამდე მასმედიისთვის სტივენი უფრო იყო ცნობილი და საინტერესო. 90-იან წლებში იგი რეგიონული განვითარების პროექტებზე მუშაობდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში, ასევე პალესტინასა და ეგვიპტეში ცხოვრობდა. იმ პერიოდში მამამისი, იმ დროს ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსი, ევროკომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. ამის პარალელურად, სტივენი ბრიტანეთის საბჭოშიც მუშაობდა – ორგანიზაციაში, რომელიც ბრიტანული კულტურის უცხოეთში პოპულარიზებას ახორციელებდა. 2004 წელს ნილ კინნოკი ამ საბჭოს პრეზიდენტი გახდა, მომდევნო წელს კი საბჭოს სანქტ-პეტერბურგის ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა, რუსეთთან სტივენს არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს: 2008 წლის იანვარში სტივენ კინნოკი პეტერბურგელმა „გაიშნიკებმა” ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ კინნოკი იმავე დღეს გაათავისუფლეს, ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც მძიმე ურთიერთობა რუსეთსა და ბრიტანეთს შორის, რადგან სწორედ იმ პერიოდში გახდა ცნობილი რუსი „ექსკაგებეშნიკის” – ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლადიუმით მოწამვლის ფაქტი, რასაც რამდენიმე ბრალდება მოჰყვა ორივე მხრიდან. კინნოკის დაკავებიდან სულ ცოტა ხანში, ბრიტანულმა საბჭომ დახურა ყველა ოფისი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო თავად კინნოკი ამჟამად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.
* ჰელლე ტორნინგ-შმიდტი აქტიურად არის ჩართული სოციალურ ქსელებში და თავის მომხრეებს „ფეისბუქისა” და „ტვიტერის” საშუალებით ეკონტაქტება. მართალია, ჰელლეს გვერდს „ფეისბუქზე” არ აქვს ბევრი „ლაიქი”, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურად ჩაიბარებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მის გვერდზე სტუმრიანობა გაიზრდება. სხვათა შორის, პირველებმა, ვინც „დაალაიქეს” ჰელლეს გვერდი, მისი ქალიშვილები, 14 წლის იოჰანა და 12 წლის კამილა არიან.