კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ემუქრება თუ არა საქართველოს შიმშილობა, როდესაც დედამიწის მოსახლეობა შვიდ მილიარდს გადააჭარბებს

უკანასკნელი მონაცემებით, ყოველწლიურად შიმშილი 15 მილიონ ადამიანს ხოცავს. მაგალითად,  1990 წლიდან დღემდე შიმშილობამ 100 მილიონი ბავშვი შეიწირა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში 500 მილიონი ადამიანი „აბსოლუტურ სიღარიბეში“ ცხოვრობს; UNICEF-ის ინფორმაციით კი, მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი საკვებისთვის ყოველდღიურად 1 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნები კიდევ უფრო ღარიბდებიან (განსაკუთრებით გლობალური კრიზისის გავლენით), დედამიწის მოსახლეობა კი განუწყვეტლივ იზრდება (სხვათა შორის, სწორედ ღარიბების გამრავლების ხარჯზე), ხოლო დედამიწის რესურსები იწურება, აშკარაა, რომ შიმშილობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. რა პოტენციალი აქვს, ამ მხრივ, საქართველოს და რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია იმ რამდენიმე ათეულ ათას კვადრატულ კილომეტრს, რომელიც ჩვენ დედამიწაზე გვერგო.  საკითხს თენგიზ სიგუა განგვიმარტავს..

 

 – გაეროს მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში უამრავი საჭმელი იყრება, რაც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდა განვითარებადი ქვეყნების მშიერ მოსახლეობას. 

– ყველაზე მეტი საჭმელი იყრება შეერთებულ შტატებში, მეორე ადგილზეა ევროპა. წლიურად, ეს ნახევარი მილიარდი ტონა საჭმელია. იმდენს ყიდულობენ, რომ აღარ ეტევათ მაცივრებში და ყრიან. ახლა უკვე დაფიქრდა ხალხი და, ჩემი აზრით, ნელ-ნელა დაიკლებს გადაყრილი საკვების ოდენობა. მით უმეტეს, რომ საკვები პროდუქტები გაძვირდა და ტენდენცია კიდევ უფრო გაძვირებისკენაა, რადგან წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის და რატომ: ჯერ ერთი, გლობალური დათბობის გამო, იცით, რომ სავარგულები თანდათან გამოვა მწყობრიდან და, დღეს რომ სავარგულია, ხვალ-ზეგ შეიძლება, უდაბნოდ გადაიქცეს და მოსავალი აღარ მოგვცეს; მეორე, აგროტექნიკაში დიდი რევოლუციური ძვრების მოლოდინი არ არის, რომ ისეთი რამ გამოიგონონ, რაც ორჯერ გაზრდის საჰექტარო მოსავლიანობას. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია წყალი: ყოველწლიურად კატასტროფულად იმატებს მტკნარი წყლის მოხმარება, არადა მარაგები მცირდება; აღარ არის ლაპარაკი აზიაზე, ევროპის ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა პორტუგალია და ესპანეთი, დადგა მტკნარი წყლის პრობლემა. რაც წლები გავა, მით უფრო გართულდება ვითარება და ერთი ლიტრი წყლის ფასი გადააჭარბებს ნავთობის ფასს.

– უშუალოდ საქართველოზე რომ ვისაუბროთ: დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარზე იმპორტი ჭარბობს, მაგრამ პოტენციალი როგორია?

– საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა: თითო მოსახლეზე 0,14 ჰექტარი სავარგული მოდის, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი კლიმატური პირობები გვაქვს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად; ამასთან, გვაქვს ნაყოფიერი მიწა და წყლის ძალიან დიდი მარაგები: მსოფლიოს ათეულში შევდივართ. ღმერთმა მოგვცა კავკასიონი და მყინვარები და, სანამ ისინი არსებობენ, მტკნარი წყლის პრობლემა არ გვექნება. ვინც ოდნავ მაინცაა ჩახედული აგროსექტორში, გეტყვით, რომ საქართველო სოფლის პროდუქტების ექსპორტიორი უნდა იყოს და არა იმპორტიორი, თუმცა საქართველომ შეიძლება, რაღაც სახეობის პროდუქტები შემოიტანოს, რადგან ყველაფერს თვითონ ვერ ვაწარმოებთ. შევედაროთ ისრაელს: ისიც მცირემიწიანი ქვეყანაა, თანაც ტერიტორიის უმეტესობა უდაბნოა, მაგრამ ინტენსიური სოფლის მეურნეობის გამო იმდენი მოსავალი მოჰყავთ, რომ თავის 7-მილიონიან მოსახლეობასაც მთლიანად აკმაყოფილებენ და  თითქმის ნახევარზე მეტი გასაყიდადაც გააქვთ.

– რის ხარჯზე მოჰყავთ ამდენი მოსავალი?

– აგროტექნიკური მეცნიერების სოფელში ჩანერგვის ხარჯზე. 1992 წელს ჩემი მოწვევით ისრაელის სასოფლო-სამეურნეო დელეგაცია ჩამოვიდა. მე თავად მოვატარე ქვემო ქართლის რეგიონები. ერთ-ერთი გლეხის სათბურში შევიყვანე, მიწა რომ აიღეს, ლამის ტირილი დაიწყეს: ეს მიწა კი არა, ერბოაო. გლეხს ჰკითხეს, რამდენი მოგყავთ მოსავალიო და, ციფრი რომ გაიგეს, გაეცინათ, ჩვენ ჩვენი ტექნოლოგიით, 6-8-ჯერ გაგიზრდით მოსავლიანობასო და ერთ-ერთ პირველ საშუალებად დამისახელეს წვეთოვანი მორწყვა. როგორც ამიხსნეს, ისევე, როგორც წყალნაკლულობა, ზედმეტი წყალიც აფუჭებს მოსავალს, ამიტომ წყლის დოზირებულად მიწოდება მოსავლიანობას ზრდის. მხოლოდ წელს დაიწყეს ისრაელის ამ მეთოდის გამოყენებაზე ლაპარაკი ჩვენთან. ესე იგი, 20 წლის განმავლობაში გვეძინა?!

რაც შეეხება პოტენციალს: ხორბლეულს იმდენს ვერ მოვიყვანთ, რომ მთლიანად დავიკმაყოფილოთ მოთხოვნა და არც უნდა გვქონდეს ასეთი მიზანი. ჩვენ 200 000-250 000 ტონამდე რომ ავიყვანოთ ხორბლის მოსავლიანობა და დანარჩენი ვიყიდოთ, საკმარისი იქნება. რაც შეეხება სიმინდს: კარგი აგროტექნიკის პირობებში საქართველოში არსებულ ფართობებზე შეიძლება 700 000 ტონა სიმინდის მოყვანა.

– თეთრ სიმინდზე ვლაპარაკობთ.

– დიახ და ეს სიმინდი ვარგისია როგორც ადამიანის, ისე ცხოველის გამოსაკვებად, განსხვავებით, ყვითელი, ჰიბრიდული სიმინდისგან. წელს პირველად დაიწყეს ამერიკული სიმინდის თესლის გამოყენება. ჯერჯერობით არ ვიცი საბოლოო შედეგები. არის შეტყობინებები, რომ გაიზარდა მოსავლიანობა, მაგრამ არის შეტყობინებები, რომ საერთოდ ვერ აიღო მოსავალი მეურნემ. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვუცდი საბოლოო შედეგებს და მაშინ ვნახავთ, შეძლებს თუ არა საქართველო 100 000 ტონა სიმინდის ექსპორტზე გატანას, როგორც ამას ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს.

წყალზე უკვე გითხარით: სოფლის მეურნეობაში შეუზღუდავად შეგვიძლია ჩვენი წყლის რესურსის გამოყენება. მაშინ, როდესაც, მაგალითად, ისრაელს სასმელი წყალიც კი უჭირს: ჯერ კიდევ 1992 წელს ჩავიდა ისრაელის დელეგაცია მოსკოვში ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტში და სთხოვდნენ, რომ მათთვის დაეპროექტებინათ ატომური დანადგარები ზღვის წყლის გასამტკნარებლად, მაგრამ ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა. ჩვენთან კი კაპიკები ღირს წყალი: მოდის და მოდის მყინვარებიდან.

– მიწის ქვემოთაც გვაქვს.

– დიახ, თერმული წყლები. კიდევ ერთი პრობლემაა თერმული წყლების გამოყენება, რაც სასათბურე მეურნეობებს უკავშირდება. ჯერ ერთი, ჩვენ ისეთი კლიმატური პირობები გვაქვს,  მაინცდამაინც დიდი სასათბურე მეურნეობები არც გვჭირდება. სათბურები, ძირითადად, გვჭირდება ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია, თუმცა აქაც ბუნება გვიწყობს ხელს. საქართველოში გვაქვს სიღრმისეული თერმული წყლების რამდენიმე საბადო. თუხთუხა წყალი ამოდის, 80 გრადუსამდეა ტემპერატურა. გაატარე იმ სათბურში და არანაირი ხარჯი არ გექნება.  ესეც ღმერთმა მოგვცა. მაგრამ ამასაც არ ვიყენებთ, არადა მეცნიერულად, ეს ყველაფერი უკვე დასაბუთებულია და დევს მაგიდაზე. კარგი აგროტექნიკური დამუშავების პირობებში შეგვიძლია, რომ პომიდვრის, კიტრის, მწვანილეულის წარმოება მნიშვნელოვნად გავზარდოთ; ისე, რომ საერთოდ არ დაგვჭირდეს იმპორტი. თან ჩვენს ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხისაა. მოვიტან მაგალითებს: 1988 წელს იყო საბჭოთა ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე და იმ პერიოდში საქართველო უშვებდა მილიარდ პირობით ქილა კონსერვს.

– ხარისხი?

– სათანადო ხარისხის არ იყო, რადგან საბჭოთა ბაზარი ყველაფერს ინელებდა, მაგრამ დღეს საქართველო ამის მეათედსაც არ უშვებს. იყო 70-მდე საკონსერვო ქარხანა, დღეს თითებზე ჩამოსათვლელია. მოისპო სოფლის მეურნეობა და მისი გადამამუშავებელი წარმოება. ეს დაიწყო შევარდნაძემ და გრძელდებოდა ბოლო პერიოდამდე, ერთი წლის წინათ დაიწყო ლაპარაკი სოფლის მეურნეობაზე. რომ ნახოთ, რამდენი ინვესტიციაა ამ წლებში შემოსული, მაგრამ მათი ერთი პროცენტიც არ მოხმარდა სოფელს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის არა ინდუსტრიულ-აგრარული, არამედ აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანა. ამიტომ პრიორიტეტი უნდა ჰქონოდა აგრარულ წარმოებას და მის ინდუსტრიულ გადამუშავებას. საბჭოთა დროს ჩაის, ღვინოსა და ყურძენს უზარმაზარი შემოსავალი შემოჰქონდა, თუმცა ხარისხზე ლაპარაკი არ იყო. შევარდნაძემ საკავშირო მედლის მიღების მიზნით გამოაცხადა 700 000 ტონა ჩაისა და მილიონი ტონა ყურძნის მოყვანა. მაშინ მოისპო ჩაი და გაფუჭდა ღვინის ხარისხი. 700 000 ტონა ჩაის მოყვანა საქართველოში შეუძლებელია, თუ ჩაიში არ ვიგულისხმებთ მთელ მწვანე ნარგავს, ისევე, როგორც მილიონი ტონა ყურძნის მოყვანა. ღვინო მზადდებოდა ისე, რომ  მასში ერთი წვეთი ყურძნის წვენი არ ერია. პროდუქციის 60-70 პროცენტი იყო „ფალშივკა“. ჩაის კულტურა რომ აღდგეს საქართველოში, 200 000 ტონაა ჩაის მაქსიმალური მოსავალი, ყურძნის კი –  500 000 ტონა.

– მაგალითად, ხორცეული?

– საქართველოს წლის განმავლობაში სჭირდება 180 000 ტონა ყველანაირი ხორცი და ჩვენ შეგვიძლია ამ რაოდენობის ხორცის წარმოება. საბჭოთა კავშირის დროს ვაწარმოებდით 100 000-120 000 ტონას, 60 000-80 000-ს კი ვყიდულობდით, მაგრამ მაშინ არ გვქონდა მეცხოველეობის განვითარების ის დონე, რაც უკვე იყო ევროპაში. 1954 წლამდე თითო გლეხურ ოჯახს ერთ ძროხაზე მეტის ყოლის უფლება არ ჰქონდა. ორიოდ წელიწადში ხრუშჩოვმა მოხსნა ეს აკრძალვა და ისე მოხდა, რომ ორ-სამ წელიწადში თითო ოჯახს უკვე რამდენიმე ძროხა ჰყავდა და მომაგრდნენ. თუმცა სამი-ოთხი წლის შემდეგ ხრუშჩოვმა იმხელა ბეგარა დაადო გლეხურ მეურნეობას შინაური ცხოველების შენახვაზე, რომ გლეხობა იძულებული გახდა, ისევ დაეკლა საქონელი და ერთ ძროხამდე დაეყვანა. კერძო მეურნეობებს, თუ ხელს შეუწყობს სახელმწიფო, შეუძლიათ 180 000 ტონა ხორცის წარმოება. გეტყვით ასეთ მაგალითს: საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოება ძალიან მაღალ დონეზე იყო, დღეს კი იმის ნახევარსაც ვერ ვაწარმოებთ. ამიტომ გლობალურად რომ ვთქვათ, საქართველოს თავისი შიდა რესურსებით თავისუფლად შეუძლია 180 000 ტონა ხორცის წარმოება, ოღონდ თუ სახელწიფო დაეხმარება საქონლის შეძენაში. ზღაპარია ის, რომ ქართველი გლეხი ზარმაცია. თუ ქართველ გლეხს პირობებს შეუქმნი, ის აუცილებლად დაამზადებს საკმარის პროდუქციას.

– იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში გლეხის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითღირებულება არავის დაუთვლია?

– ეს ტყუილია. დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში სოფელს ძალიან ეხმარება მეცნიერება. სოფლებში არის სამეცნიერო ცენტრები, სადაც ფერმერულ მეურნეობებს ინფორმაციას აწვდიან: გლეხს თუ აინტერესებს, რა ნიადაგი აქვს, მეცნიერი ჩაატარებს ანალიზს და ეუბნება, შენს ნიადაგში არის ეს და ეს და  აძლევს რეკომენდაციას, რის მოსავალი მოვა ყველაზე კარგად. მაგალითად, სამეგრელოში ბევრს მისცეს რეკომენდაცია, მოეყვანათ თხილი, რადგან თხილი ძალიან კარგად საღდება და ამ კულტურამ მართლაც გაამართლა. ზოგ რეგიონში 3-4-ჯერ გაიზარდა თხილის მოსავალი, ოღონდ შიგა ჯიბგირები ატყუებენ ხალხს და სამ-ოთხჯერ ნაკლებს უხდიან. ავიღოთ ყურძენი: კილოგრამ იმ ყურძენში, რომლისგანაც მეღვინე ამზადებს 7 ლარად ღირებულ ღვინოს, გლეხს ლარი მაინც უნდა გადაუხადოს. უნდა გაწონასწორდეს ფასები, რომ გლეხიც დაინტერესდეს. არადა დღეს 40 თეთრსაც ვერ იღებს, ისიც  სახელმწიფოს დახმარებიანად. თუ ნორმალური პარიტეტი დამყარდება, სიტუაციაც გაუმჯობესდება. გლეხი სულელი ხომ არ არის? როდესაც ამდენს შრომობს, ხომ უნდა მიიღოს შემოსავალი? გაცილებით ნაკლებ შრომაში მეღვინე გაცილებით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ოფლჩაღვრილი გლეხი. არ აინტერესებთ, თორემ ყველაფრის დათვლა შეიძლება.  თუ ხელისუფლებას მოუნდება, გვყავს  საკმარისი სამეცნიერო ძალები, რომ გამოვიკვლიოთ, რომელ ნიადაგზე რა კულტურის მოყვანაა რეკომენდებული. ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი მეღვინეობისა და მებაღეობის ინსტიტუტი, რომელიც, ფაქტობრივად, მომსპარია. 

– გვემუქრება თუ არ გვემუქრება შიმშილი, როდესაც დედამიწაზე სურსათის მარაგები ვეღარ გასწვდება დედამიწის გაზრდილი მოსახლეობის დაპურებას? 

– დღეს თუ ხვალ უკვე 7 მილიარდი გახდება დედამიწის მოსახლეობა და გაერო ელის ამ დღეს, მაგრამ, მეორე მხრივ, გაეროს სურსათის კომისია უკვე ტეხს პანიკას, რომ გაჭირდება 7 მილიარდი ადამიანის გამოკვება. თანაც ისე სწრაფად იზრდება მოსახლეობის ოდენობა, რომ რვა მილიარდამდეც ჩქარა ავალთ. როდესაც შვიდი მილიარდის გამოკვებაც ჭირს, რვა მილიარდზე ხომ უკვე კრიზისი დაიწყება და მილიონობით ადამიანი მივა შიმშილის ზღვრამდე?! ჩვენ ამ პირობებში, მით უმეტეს, ჩვენი კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველა არა, მაგრამ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მაინც ვაწარმოოთ. მაგალითად, სიმინდი და ხორბალი დაგვიკმაყოფილებს პურეულის მოთხოვნილებას, ბოლოს და ბოლოს, ხალხი მჭადზე გადავა. უხორცოდ შეიძლება, გაძლო, მაგრამ უპუროდ ვერ გაძლებ. სხვათა შორის, ჩვენთან ძალიან შემცირებულია ხორცის მოხმარების მაჩვენებელი, არათუ დასავლეთ ევროპასთან, ბალტიისპირეთთან შედარებით. მაგალითად, თუკი ბალტიისპირეთში ერთ კაცზე ხორცის წლიური მოხმარება 70-80 კილოგრამია, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 25-30 კილოგრამია.

– ხორცი ავითვალწუნეთ თუ ფული არ გვყოფნის?

– მაგრამ ესეც არ გვექნება, თუ ჭკუით არ მოვიქეცით. რაც შეეხება ბოსტნეულს: საქართველო ულაპარაკოდ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ბოსტნეულზე. რაც შეეეხება ციტრუსებს: ამ მხრივაც, კარგადაა საქმე. სულ 100 000 ტონა ციტრუსი მოდის ჩვენთან, შიდა მოხმარება კი მხოლოდ 10 000-ტონაა, მაგრამ არის პროდუქტები, რომელთა ყიდვა დაგვჭირდება, მაგალითად, წლიურად 260 000 ტონა შაქარი გვჭირდება, საკონდიტრო წარმოების  ჩათვლით. ამდენ შაქარს ჩვენ ვერ დავამზადებთ, ამიტომ უნდა ვიყიდოთ. მაგრამ ძირითადი აგროპროდუქტები: მარცვლეული, ხორცეული, ბოსტნეული, ციტრუსები და ხილი, ბანანი არ მოდის ჩვენთან, მაგრამ, სამაგიეროდ, მსხალი, ატამი, ქლიავი, ლეღვი, ვაშლი ჩვენი გვაქვს. ამიტომ იმ დიდი შიმშილობის დროსაც კი, თუ ჭკვიანურად მოვიქეცით, არ გველის ის, რაც ელის ეთიოპიასა თუ ზიმბაბვეს.

 

 

скачать dle 11.3