როგორ ცხოვრობს მიუნჰენში ცნობილი ქართველი კონსტრუქტორი ლერი დათაშვილი და რა გაგზავნა მან მალულად კოსმოსში საქართველოს სახელით
ლერი დათაშვილი იმ ქართველ კონსტრუქტორთა შორის იყო, რომელთაც პირველი ქართული კოსმოსური ანტენა დაამზადეს. მაშინ, ის დებიუტანტი კონსტრუქტორი იყო. საყვარელ საქმეს რომ არ შელეოდა, პოპულარობის ზენიტში მყოფს საქართველოს დატოვება მოუხდა. უკვე ათ წელზე მეტია, კოსმოსს მიუნჰენის აეროკოსმოსური ინსტიტუტიდან „უცქერს” და უამრავი პროექტით, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს, ამ დარგის განვითარებაზე საქართველოშიც ზრუნავს. ბატონი ლერი გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელია. წარმატებულ მეცნიერს ის ნოსტალგია, რომელიც თითქოს სახადივით მოიხადა, სულ იქ აბრუნებს, სადაც პირველი წარმატება განიცადა და ყველაზე ძვირფასი ადამიანები დატოვა.
ლერი დათაშვილი: ინტერესი ტექნიკური მეცნიერებების მიმართ, როგორც ჩანს, გენეტიკურად გადმომეცა – დედა მათემატიკოსი მყავს, მამა ფიზიკოსი. თუმცა, მამამ ფიზიკის ფაკულტეტზე არ შემატანინა საბუთები. ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დავამთავრე. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა განაწილების პრინციპი და ასე მოვხვდი ახალციხის ტრესტში. ტრესტის მმართველმა ჩემი წითელი დიპლომი უკან გადმომიგდო, თავის თანაშემწე მაროს დაუძახა და უთხრა: მარო, ეს ბიჭი მუშად გააფორმეო. ტრესტის მმართველს ასეთი, საკმაოდ კარგი მეთოდი ჰქონდა, ახალგაზრდებს ფიზიკურ შრომას აჩვევდა. იმის მიუხედავად, რომ ჩემი შრომითი ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იყო, ასპირანტის ხელფასი კი 120 მანეთი, რამდენიმე თვეში ახალციხის ტრესტიდან გამოვექეცი – წამოვედი ისევ თბილისში და ასპირანტურაში ჩავაბარე. როცა საბუთები შემქონდა, კათედრაზე მითხრეს: შვილო, სად მოდიხარ, რამხელა ხელფასი გქონია, აქ რა გინდაო. ასპირანტურაში, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე მოვხვდი ელგუჯა მეძმარიაშვილთან. მას პარალელურად ჰქონდა საკონსტრუქტორო ბიუროც, რომელიც კოსმოსურ კონსტრუქციებზე მუშაობდა. აი, ასე დაიწყო ჩემი კავშირი კოსმოსთან, რომელიც ახალგაზრდისთვის მომხიბვლელი იყო და საკმაოდ ბევრ გამოწვევას უკავშირდებოდა. ინტერესი – შექმნა იქ, სადაც ვერ ხედავ, ძალიან მაცდუნებელი სტიმულია. ამ გამოწვევებმა ისე გამომიწვია, რომ დღემდე „გამოწვეული” ვარ (იცინის). რომ არა ეს ემოცია, ალბათ, ვერ გავუძლებდით ბევრ წინააღმდეგობას, რაც იმ პერიოდში წინ გვხვდებოდა, ჩვენ ცოტა შერეკილებიც ვართო, ხშირად გვეუბნებოდა ელგუჯა მეძმარიაშვილი ახალგაზრდა ასპირანტებს.
– ელგუჯა მეძმარიაშვილმა თქვენ განდოთ პირველი კოსმოსური ანტენის პულტი, როდესაც კონსტრუქცია კოსმოსში გაუშვეს.
– კონსტრუქცია, რომელიც შექმნა ჯგუფმა, ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი მიღწევაა ქართული მეცნიერებისთვის. მე ვიყავი მთავარი მენეჯერი ქართული მხრიდან. ეს პროექტი თავიდან ბოლომდე ქართული ჯგუფის შექმნილია, თუმცა მისი კოსმოსში გაშვება რუსების მიერ მოხდა. ისინი ჯერ კიდევ სამოციანი წლებიდან ცდილობდნენ, კოსმოსური ანტენის შექმნას, მაგრამ მათი რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მთლიანად ლითონისგან გაკეთდა უზარმაზარი ანტენები, რაც ვერ შეასრულებდა თავის ფუნქციას. როდესაც ელგუჯა მეძმარიაშვილმა პირველ ქართულ გასაშლელ კონსტრუქციაზე მუშაობის დროს, ჯგუფის ხელმძღვანელობა დამავალა, ამან ჩემში უზარმაზარი აფეთქება გამოიწვია. კონსტრუქცია ოთხი თვის განმავლობაში იქმნებოდა. ოთხ თვეში გავაკეთეთ ორი მოდელი. მახსოვს, ღამეები არ მეძინა თვეების განმავლობაში. კონსტრუქცია ძალიან მაღალი ხარისხის მასალით დამზადდა საავიაციო ქარხანაში, მოსკოვში ჩატანამდე კონსტრუქციას ჩუმად ხელით მივაწერე – „საქართველო“. მერე გავიგე, რომ თურმე ბიჭებსაც იგივე გაუკეთებიათ (იცინის).
კონსტრუქცია კოსმოსში გაიგზავნა ხომალდით, მისი კოსმოსში გაფრენის უზრუნველყოფა მოსკოვმა აიღო საკუთარ თავზე. ჩვენ მათი მითითებით ვმუშაობდით. როდესაც ანტენა კოსმოსში აიტანეს, თავიდან, დენის მიწოდების პრობლემის გამო, კონსტრუქცია არ იშლებოდა, არადა 7 წუთში უნდა გაშლილიყო. ამას პირდაპირ ეთერში ვხედავდი, ისე ვინერვიულე, სიგარეტის მოწევა დავიწყე, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. დღეს მიუნჰენში ჩემს გვერდით არიან მეცნიერები, რომლებსაც 20 თანამგზავრისა და 1 000 კონსტრუქციის კოსმოსში გაგზავნაში აქვთ მიღებული მონაწილეობა, მაგრამ ის, რაც გაკეთდა 1999 წელს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამით დაიწყო ახალი ისტორია კოსმოსთან დაკავშირებით. ამ ანტენამ ექვსი თვის განმავლობაში იტრიალა დედამიწის გარშემო, შეასრულა თავისი მისია, მერე შემოვიდა ატმოსფეროს ქვედა ფენებში და დაიწვა. ჩვენ, ჯგუფის წევრებს, ვინც ამ კონსტრუქციაზე ვიმუშავეთ, გვქონდა ძალიან დიდი სიამაყის განცდა, რომ ამ კონსტრუქციის გაკეთება და კოსმოსში გაგზავნა შევძელით.
– პოპულარობის ზენიტში მყოფმა აქ ყველაფერი მიატოვეთ და წახვედით საქართველოდან. რატომ მოხდა ასე?
– ამას წინ უძღოდა ჩემთვის ძალიან მძიმე ისტორია. ჩვენ მიერ კოსმოსური ანტენის შექმნას ევროპული კოსმოსური სააგენტოს მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. ჩვენ მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას იქამდეც ვცდილობდით, სანამ ამ პროექტს განვახორციელებდით. გვქონდა ძალიან მარტივი, 15-მეტრიანი მოდელის აგების მცდელობა, გერმანელ კოლეგებთან ერთად გაკეთებული ერთობლივი პროექტით, ამ პროექტის ფარგლებში მე წავედი გერმანიაში, იქ ვკურირებდი ჩვენი მხრის სამუშაოებს. იმ პერიოდში ვცადეთ მონაწილეობის მიღება ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტენდერში. საბოლოო ჯამში, ჩაიშალა ეს ტენდერი. შემდგომ ტენდერში ექვს კომპანიასთან ერთად ვმონაწილეობდით, რომელთა შორის ცნობილი რუსული და იტალიური კომპანიებიც იყო. პროექტის ფარგლებში, ანტენა ჩვენ ქართულ მხარეს უნდა გაგვეკეთებინა. რომში მოხსენებაზე ჩამოსულები იყვნენ რუსებიც, რომლებსაც სურდათ თავიანთი შესაძლებლობები ეჩვენებინათ. სამუშაოები ათი თვე მიმდინარეობდა, ამ პერიოდში რუსებმა მოახერხეს, რომ პროექტს გამოაცალეს რაც შეიძლება მეტი სამუშაო. ეს მაინც დაგვიტოვეთო – ვეუბნებოდით ჩვენ. მოხდა ისეთი რაღაც, რამაც გამოიწვია, რომ სამუშაოების ცენტრი თბილისიდან მოსკოვში გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ დავკარგეთ ის, რისთვისაც ვიბრძოდით. აქ სხვა პერსპექტივა არ ჩანდა. ჩემი კოლეგები, მე რომ თბილისიდან წავედი, ორ თვეში უმუშევრები დარჩნენ. აქ ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ათი თვის ხელფასი, რომელიც იმ პროექტზე მუშაობისთვის უნდა გადაეხადათ ჩემთვის, გერმანიაში ავიღე.
– როგორ მოეწყვეთ გერმანიაში? არ გაგიჭირდათ იქ თავის დამკვიდრება?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეს ის სახადია, რომელიც უნდა მოიხადო. ახალი წლის პერიოდი იყო, მეგობრებმა დამირეკეს, ხან ეს მითხრეს, ხან – ის. მოკლედ, აქეთური-იქითური და უცბად ძალიან ცუდად გავხდი, ისე ცუდად, რომ მეუღლეს ვუთხარი: მოდი, დავბრუნდეთ თბილისში-მეთქი. ის დღე როგორღაც გავიდა, მეორე, მესამე, უკვე მეტყობოდა, რომ ვერ ვიყავი კარაგად და უცებ ჩემი გერმანელი კოლეგა მეუბნება: საქართველოში მივლინებით წადიო. ამ აზრის გაცნობიერება და უკვე აღმასვლა დაიწყო ჩემში. მივხვდი, რომ არსებობს საშუალება, როცა მომინდება, წამოვიდე საქართველოში. მაშინ ამან გამაჩერა იქ, თორემ ალბათ, წამოვიდოდი უკან.
– მიუნჰენიდან კოსმოსი, ალბათ, სულ სხვანაირად „ჩანს”, ვიდრე აქედან ჩანდა ოთხმოციან წლებში.
– კი, გერმანიის კოსმოსური სააგენტო ძალიან ძლიერი ორგანიზაციაა. ევროპის უმსხვილესი კოსმოსური ფირმები მიუნჰენშია. ძალიან მწყდება გული, რომ აქ ეს სფერო ასეთ მდგომარეობაშია. მაქვს ინიციატივები, რომ აღვადგინოთ ქართული კოსმოსური სააგენტოს მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნისთვის, თუ გვინდა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე იყოს თუ გვექნება სააგენტო, ეს საშუალებას მოგვცემს, გავწევრიანდეთ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში, რომელიც ევროკავშირის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. მე, ფაქტობრივად, მუდმივად ვმუშაობ სააგენტოს 5-6 პროექტზე. დღეს ჩემი საშუალებით აქაური კოლეგები ჩართულები არიან იმ პროექტებში, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოდან თბილისსაც ერგო, რაც იშვიათი შემთხვევაა. ტენდერები ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი ქვეყნების გარეთ თითქმის არასდროს გადის. საქართველოში, სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით, იმდენად წინ მიიწევს ყველაფერი, მჯერა, ქართული კოსმოსური მეცნიერების განვითარების აღმასვლის პერიოდიც დაიწყება.
– კოსმოსის თემაზე მომუშავე მეცნიერებს, გაქვთ ლტოლვა, ფიზიკურად მოხვდეთ იმ სამყაროში, რისთვისაც ქმნით ისე, რომ მას ვერ ხედავთ?
– გავფრენილვარ თუ არა კოსმოსში? კოსმოსურ კონსტრუქციებზე მუშაობა სხვა მიმართულებაა. ადამიანს შეიძლება ბავშვობიდან უნდოდეს, კოსმონავტი გახდეს, მაგრამ ბოლომდე შორს დარჩეს მეცნიერებისგან. ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუმცა, როცა ამ სფეროში მუშაობ, ალბათ, გაქვს კიდეც განცდა, რომ იქ, კოსმოსში ხარ (იცინის). გერმანიაში ჩვენი ერთ-ერთი კონსტრუქციის გამოცდის დროს, მე გარკვეულწილად, საკუთარ თავზე გამოვცადე ეს – კოსმოსური სააგენტოს მიერ დაგეგმილი პარაბოლური ფრენის დროს, თერთმეტჯერ, 22 წამის განმავლობაში ვიყავი უწონადობაში. ეს იყო ჩემი პირველი და ჯერჯერობით ბოლო მცდელობა უწონადობაში „ფრენის“.
– როგორ ცხოვრობს ქართველი მეცნიერი და ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი მიუნჰენში?
– ქართულ სათვისტომოს აქვს თავისი ქართული გარემო, ერთმანეთს ხშირად ვხვდებით, ვმეგობრობთ უფროსები, მეგობრობენ ჩვენი შვილებიც. გერმანიაში ცხოვრობენ მეორე მსოფლიო ომის დროს იქ დარჩენილი ქართველები და მათი შთამომავლები. ჩვენ გვაქვს აქტიური კონტაქტები. ჩვენი იქაური ცხოვრება სავსეა ქართული ელემენტებით – ყველანი ვცდილობთ, იმაზე უკეთესი ქართველები ვიყოთ, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე ვიყავით. გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე რომ უარი ვთქვათ, მაშინ უკუღმართობას მივიღებთ. სათვისტომოს ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ისაა, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში. ბოლო მონაცემებით, რომელიც საელჩოდან გვაქვს მიღებული, გერმანიაში ოფიციალურად 15 000 ქართველი ცხოვრობს, არაოფიციალურად 50 ათასი. სათვისტომოს წევრთა რაოდენობა არანაირად არ ასახავს გერმანიაში მცხოვრებთა რაოდენობას. სათვისტომოს ჰყავს 300-მდე აქტიური წევრი. მიუნჰენში გვაქვს ჩვენი, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვას დეკანოზი თამაზ ლომიძე აღავლენს. ეკლესიაში საკვირაო სკოლაც გვაქვს გახსნილი. ეკლესიას აქვს უზარმაზარი და ულამაზესი ეზო, სადაც წირვის მერე ვიკრიბებით ქართველები. ბავშვები მდელოზე დარბიან და თამაშობენ, უფროსები ვსაუბრობთ. მერე ჩვენი ეკლესიის წინამძღვარი წითელ ღვინოზე დაგვპატიჟებს ხოლმე და მშვენიერი სადღეგრძელოების ფონზე, არაჩვეულებრივ დროს ვატარებთ. ვიღაცას შეიძლება მეცნიერის ცხოვრება მშვიდი ეგონოს, მაგრამ უნდა ნახოთ, როგორც კი ჩნდება ტექნიკური პრობლემა, როგორ აფეთქებებსა და გამოწვევებში ვვარდები. ტურბოს „ვრთავ” და სანამ იმ პრობლემას არ მოვკლავ, არ ვჩერდები. ეს, ალბათ, უკვე ქართული ხასიათია, გამარჯვებას რომ სხვანაირი აღფრთოვანება მოსდევს. ცხოვრების წესითაც კვირის ბოლოს ქართველი ვარ, სამუშაო დღეებში – ევროპელი მკვლევარი. კვირის ბოლოს ქართულ ღვინოს ვსვამ, შუა კვირაში – ბავარიულ ლუდს (იცინის).
– იგივე ხდება თქვენს ოჯახშიც?
– მე და ჩემი მეუღლე სამ შვილს ქართველებად ვზრდით. ჩემი მეუღლეც თითქმის ჩემი კოლეგაა. აქ, ინსტიტუტში ერთად ვმუშაობდით და გერმანიაშიც ჩემს ოფისში მუშაობს. ქართული ამბები სახლში გრძელდება თუ გრძელდება. სტუმრებიც ქართველები მოდიან ხოლმე ჩვენთან. ხანდახან ვამბობ, აქ ასე საფუძვლიანად არ უნდა ავაწყოთ ქართული ცხოვრება, თორემ შეიძლება, მოგვეწონოს და უკან დაბრუნება გადავიფიქროთ-მეთქი (იცინის). სიმართლე გითხრათ, ინტეგრაცია უნარ-ჩვევების დონეზეც კი ხდება. ვცდილობთ, კარგი ჩვევები მივიღოთ, ცუდი შეძლებისდაგვარად, მოვიშოროთ. თავიდან, გერმანული საზოგადოების ბევრი რამ გასაოცარი იყო ჩემთვის. ახლა ამას მივეჩვიე. გერმანულ დისციპლინაზე ხომ ლეგენდებს ყვებიან, მე ვიტყოდი, რომ ქართული არაპუნქტუალობისა და გერმანული დისციპლინის ნაჯვარი უფრო საინტერესო რამ იქნებოდა (იცინის). ახალ წელს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა მნიშვნელოვან დღეებში სათვისტომოს წევრები ვიკრიბებით და აღვნიშნავთ ხოლმე. სხვა სტუმრები მოდიან დათქმულ დროს, ქართველების უმეტესობა კი ერთი საათის დაგვიანებით. იქაც კი არეულები ვართ დროში. ამიტომ, ახლა მივაგენით გამოსავალს და ქართველებს დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე ვეპატიჟებით ხოლმე.
– როცა ნოსტალგია გიტევთ, ამას რითი იქარვებთ?
– ყველაზე მეტად, რაც გერმანიაში მაკლია, ჩემი მეგობრები და ჩემი მშობლებია. ისინი ახალციხეში ცხოვრობენ. როცა მათი მონატრება ძალიან მომეძალება ხოლმე, ვიღებ ბილეთს და მოვდივარ საქართველოში. ღმერთის მადლით, ახლა ამის საშუალება უკვე არსებობს. ისინი ისეთ ასაკში არიან, მათთვის შვილის გვერდით ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებ, რომ იქ ჩავიდე, სადაც ჩემი საქართველოს დიდი ნაწილია დატოვებული.
– საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?
– ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. როცა ჩადიხარ უცხოეთში, თავს იმით იმშვიდებ, რომ სამუშაოდ წახვედი. გადის დრო, გიტაცებს სამუშაო რეჟიმი, ფართოვდება შენი წრე, ოჯახი ეჩვევა იმ გარემოს და უფრო და უფრო გიჭირს დაბრუნება. თუმცა, უკან წამოსვლაზე სულ ფიქრობ, ჩამოსვლის პირველივე დღიდან. ფიქრობ, ეს ხომ შენი ნებაა, როდის დაბრუნდები, მაგრამ ეს დღითიდღე რთულდება. სულ უფრო გითრევს იქაური ცხოვრება, ესეც ემიგრანტის ხვედრია – ყოველდღე რომ ბრუნდები და ვერ ბრუნდები...