რატომ იყოლიებდა მარიამ ჯოლოგუა სიამოვნებით პირად მძღოლს
მარიამ ჯოლოგუა: ყველაზე ნაკლებად საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მე ნაკლებად მეხება. ვერ დავიტრაბახებ მეოჯახეობით (იცინის), მაგრამ წყალი თუ არ მოდის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ლამის ქვეყნის აღსასრული მგონია. არადა, იყო წლები, როცა გაუგებარი იყო, რით ვთბებოდით, რით ვიბანდით, საჭმელს რაზე ვამზადებდით. ხომ გახსოვს ის პერიოდი?
– მახსოვს, მაგრამ ზოგჯერ არ მჯერა, რომ ეს ჩვენს თავს იყო.
– მეც ძნელად ვიჯერებ. რამდენიმე დღის წინ, საღამოს, ჩემს შვილს წყლის გადავლება უნდოდა და ისე მოხდა, რომ ბაკში თბილი წყალი არ აღმოჩნდა. არა უშავს, გავაცხელოთ და ისე გადაივლე-მეთქი. გაგიჟდა, როგორ გააცხელებო. ჩაიდნით დავდგამ გაზქურაზე და გაცხელდება-მეთქი. ამან საერთოდ გააოგნა, როგორო. რა მოხდა, რამდენიმე წლის წინ სულ ასე ვბანაობდით-მეთქი. არაფრით არ დაიჯერა, დღემდე ჰგონია, რომ გავიხუმრე. (იცინის).
– „ცხელი ხაზით“ გისარგებლია? მაგალითად, ხომ არ დაგირეკავს წყალკანალში?
– არა. არც ვიცი, რა ნომერია, მაგრამ „ცხელ ხაზთან“ დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ქათმის გრიპის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა კულმინაციას მიაღწია. გახსოვს, ალბათ, ჯანმრთელობის მინისტრი რომ გამოვიდა ტელევიზიით, ბედობა დღეს და გვამცნო, ოთხიდან ერთი აუცილებლად მოკვდებითო. (იცინის) – განაჩენი რომ გამოგვიტანა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით უჩვენებდნენ, როგორ ყრიდნენ მკვდარ ქათმებს სატვირთო მანქანებით, ქათამს საერთოდ ვეღარ ვჭამ. სალათაში თუ არის ქათმის ხორცი და არ ეტყობა, რომ ქათამია, კიდევ არა უშავს, მაგრამ მკვდარი ქათმის დანახვაზე ცუდად ვხდები. მოკლედ, ეს პერიოდია. მივდივარ თეატრალურ ინსტიტუტში და რუსთაველის თეატრის წინ ვხედავ მკვდარ მტრედს, მაგრამ, მკვდარიც არის და მკვდარიც (იცინის) – იჯდა, თავი ჩაქინდრული ჰქონდა და ისე იყო მკვდარი. გადავირიე. მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. ახლოს მისვლის შემეშინდა. ვუვლი გარშემო ამ მტრედს და ვფიქრობ, რა ვქნა. სხვებმაც შეამჩნიეს და გაოცებულები უყურებდნენ. წარმოიდგინე, მტრედი დაჯდა და მოკვდა. შევვარდი თეატრალურში და დაცვას ვეუბნები, თქვენი ტელეფონით უნდა ვისარგებლო აუცილებლად-მეთქი. რა მოხდაო. „ცხელ ხაზზე“ უნდა დავრეკო. მტერდია მკვდარი. მოვიდნენ, წაიყვანონ, გაუკეთონ ანალიზები, მიხედონ-მეთქი. დაცვა ხომ კვდებოდა სიცილით და, ვინც გაიგო, მარიამმა ცხელ ხაზზე დარეკა, მკვდარი მტრედი რომ წაესვენებინათო, ძალიან იხალისეს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩემი ანანოს მერე რა მოხდება, ამას რომ წაიკითხავენ?! (იცინის).
– ორგანიზებულად და ეკონომიურად ხარჯავ ფულს?
– არა, პირიქით, ვფლანგავ და სულ მიკვირს, სად წავიღე ხელფასი-მეთქი. ძალიან სწრაფად მეხარჯება. ყველაზე მეტ თანხას, მეგობრებთან კაფეებში და ტაქსებში ვხარჯავ. მანქანა არ მყავს და ძირითადად ტაქსით მიწევს გადაადგილება, იმიტომ რომ სულ სადღაც მეჩქარება. შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნავენ ხოლმე ჩემს ჩაცმულობას, ყველაზე ცოტას ტანსაცმელში ვხარჯავ, არ ვარ ბრენდებზე გამოკიდებული. მე ვარ იმის მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანმა ჩაიცვას ლამაზად და მოდურად ისე, რომ ბევრი არ დაეხარჯოს.
– როგორ ახერხებ ასე მოდურად ჩაცმას?
– საშუალო ფასის ლამაზ ტანსაცმელს ვამჯობინებ. მენანება ფული იმაში, რასაც მალე აღარ გამოვიყენებ. ყველაზე დიდ თანხას მოგზაურობაში ვხარჯავ (იცინის) და, ვფიქრობ, საპატიო მიზეზით. ძალიან მიყვარს ახალი ქვეყნების ნახვა. ამისთვის ფული ნამდვილად არ მენანება. მირჩევნია, მთელი წელი რაღაც მოვიკლო, ცოტა ფული გადავდო, გადავდო და უცხოეთში წავიდე.
– მანქანის ყიდვას ხომ არ გეგმავ?
– მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, ავტომობილი განვადებით შევიძინო და, თანაც, მანქანა მართლა ძალიან მჭირდება, არ მაქვს საჭესთან ჯდომის მოთხოვნილება. ისეთი მოძრაობაა, რომ ვიცი, აუცილებლად შემექმნება დისკომფორტი, დავიძაბები. მით უმეტეს, რომ სულ ვფიქრობ და სადღაც ვარ „გასული“. ამიტომ, მირჩევნია, ვიარო ფეხით ან ტაქსით.
– პირადი მძღოლიც არ იქნებოდა ურიგო
– ჰოო... პირად მძღოლზე მართლა არ ვიტყოდი უარს (იცინის), სიამოვნებით ვიყოლიებდი, რომ მქონდეს ამისი საშუალება.
– ხშირად შედის თუ არა მარიამი-ანანო სამზარეულოში?
– არც ისე, მაგრამ მარიამს უყვარს ფანტაზიორობა და რაღაც უცნაური კერძის მომზადება. ანანოსგან განსხვავებით, მარიამს სხვა კულინარიული გემოვნება აქვს. მაგალითად, ანანო სიამოვნებით მოამზადებდა ხილის სალათს ატმით, გარგარით, კურკაგამოცლილი ალუბლით. ამ ყველაფერს აურევდა, მოასხამდა შესქელებულ რძეს, ანუ „სგუშონკას“ და, გრძელი ორცხობილები რომ არის, იმას ჩაურჭობდა რამდენიმე ცალს. ძალიან გემრიელი იქნებოდა. ერთადერთი ვარიანტი, რა გზითაც ჩემი შვილი ხილს მიირთმევს, ასეთი სალათებია.
ჩიტის კვერცხის სალათა არ იცის მარიამმა?
– მარიამს ეშინია ჩიტების და ჩიტის კვერცხების, ოღონდ ეს ანანოს არ უთხრა.