ჯიბეამტანები
ანუ, რა კავშირია ტილსა და საწვავის ფასს შორის
მართალია, აქამომდე ნავთობის ფასები მსოფლიო ბირჟებზე ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით იცვლებოდა, თუმცა, გასულ კვირას, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ნავთობის ფასები როგორც ლონდონში, ისე ნიუ-იორკში, შემცირდა. კერძოდ, ლონდონისკენ – ბარელი 3,33 აშშ დოლარით გაიაფდა (შესაბამისად, 103,81 აშშ დოლარი შეადგინა), ნიუ-იორკისკენ კი – კლება 3,24 აშშ დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარელზე 61,21 აშშ-დოლარიანი ფასი აღინიშნა.
ჩვეულებისამებრ, ეს კლება ქართულ სანავთობო ბაზარზე არც ასახულა; ან კი როგორ აისახებოდა, როდესაც ჩვენებური ნავთობიმპორტიორები ხან ნავთობის გაძვირებას უჩივიან, ხან – გაძვირებას ელიან, ხოლო შიგადაშიგ – ძვირად ნაყიდის ამოყიდვას. ამის პარალელურად (როდესაც ზემოჩამოთვლილი სიმპტომები, სასწაულის წყალობით, ქრება), არგუმენტად ლარის კურსის რყევას იშველიებენ (შემდეგი პათოსით: მართალია, ნავთობის ფასმა დაიკლო, მაგრამ, სამაგიეროდ, ლარი დაეცაო).
მეორე მხრივ, მსოფლიო და ქართულ ფასთა რყევის ერთმანეთთან შეუსაბამობა (უფრო ზუსტად, მსოფლიო ფასების რყევა, ხოლო ქართულის – სტატიკურ მდგომარეობაში შენარჩუნება), მაინცდამაინც, დიდ გავლენას ვერ ახდენს საწვავის მოხმარების შემცირებაზე (ანუ, ავტომანქანები კვლავაც მრავლად დაგრიხინებენ ამ ჩვენს ასფალტიან გზებსა თუ მაგისტრალებზე), რაც გვაფიქრებინებს, რომ, ყოველ შემთხვევაში, სახელდობრ, ამ სფეროში ფასთა წარმოქმნა არა საბაზრო პრინციპებზე, არამედ მხოლოდ მომხმარებელთა ჯიბის ამტანობაზეა ორიენტირებული.
ხოლო, თუ ამის გათვალისწინებით (და ზემოჩამოთვლილი სიმპტომების დამატებით), ჩნდება ეჭვი, რომ ამ ჩვენს მენავთობეებს, როგორც ზოგიერთს ტილი, ისე არ დაელევათ მიზეზები.