რატომ ეკრძალებათ უცხოეთში მოდელებს ღამის კლუბებში სიარული და ვისთან ერთად გეგმავს ნინო ცქიტიშვილი პარიზის დაპყრობას
არაერთი დიზაინერისა და ფოტოგრაფის რჩეულმა მოდელმა, ნინო ცქიტიშვილმა, ბოლო დროს უარი თქვა პოდიუმზე. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – ნინომ დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელა და საკუთარი სამოდელო სააგენტო – „ლუქ მოდელსი” დააარსა. ის ასევე, „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის” ქასთინგ-მენეჯერია, რაც არანაკლებ შრომასა და დროს მოითხოვს. გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა სამი შვილის დედა საქმიან ქალად აქცია და ეს იმიჯი ჩვენმა რესპონდენტმა საკმაოდ კარგად გაითავისა.
– შენს ცხოვრებაში სიახლეა – დააარსე სამოდელო სააგენტო, რომლის გახსნაზეც დიდი ხანია, ოცნებობდი.
– ყოველთვის მინდოდა სააგენტოს გახსნა. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ საბოლოოდ საქართველოში დავფუძნდი და ამ საქმისთვის მზად ვარ, გადავწყვიტე, სააგენტო გამეხსნა. ეს არის ჩემი საქმე, რომელსაც 17 წელია, ვემსახურები.
– შესამჩნევია ისიც, რომ ბოლო დროს საქმიანი ქალი გახდი. როგორია, იყო საქმიანი ქალი, გქონდეს საკუთარი ბიზნესი და პარალელურად, უვლიდე 3 შვილსა და მეუღლეს, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ, გაორმაგებულ ყურადღებას მოითხოვს.
– იმდენად შევეჩვიე ამ რეჟიმს, ვფიქრობ, არ მიჭირს ამდენი რამის ერთდროულად მოსწრება, ადვილად ვართმევ თავს. როცა შენი საქმე გიყვარს, სიამოვნებითაც აკეთებ. ოჯახსაც არ აკლებ ყურადღებას. ამიტომ, ყველაფერი გამიადვილდა.
– წარმატებული აღმოჩნდა შენთვის საკუთარი ბიზნესი?
– ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სამოდელო საქმე ძალიან წარმატებულია. მაგრამ ვფიქრობ, ის დროც დადგება, როცა სამოდელო ბიზნესი საქართველოში განვითარდება და, ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს პერიოდია. ამ ყველაფერს მოდის კვირეულიც ხელს უწყობს. ასე რომ, წინსვლა არის. თან, ჩემი სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ სააგენტოებთან, რაც ძალიან მეხმარება საქმეში. ამ ეტაპზე ერთი ჩემი მოდელი, ელენე მახარაშვილი, მიდის პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ სააგენტოში, სადაც ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვნახოთ, როგორ იმუშავებს, მგონი, გვასახელებს.
– ძალიან კარგი მოდელები შემოიკრიბე.
– ჰო, ამბობენ, რომ ძალიან კარგი გოგონები მყავს. მიჭირს, ჩემი მოდელები ვაქო, მაგრამ, მართლა კარგი ბავშვები არიან. ძალიან კარგი თაობა მოდის. ბევრმა ჩემთან დაიწყო მოდელობა და, სხვათა შორის, ძალიან პერსპექტიულები არიან. ასევე, მყავს ამ სფეროში უკვე გამოცდილი გოგონებიც.
– თავად თუ დგახარ პოდიუმზე საჭიროების შემთხვევაში?
– არა, მე უკვე აღარ ვარ პოდიუმზე. თუ ფოტოსესია იქნება, ან, რაიმე გადაღება კი, მაგრამ, სხვა შემთხვევაში – აღარ.
– დიზაინერებსა და ფოტოგრაფებს ძალიან უყვართ შენთან მუშაობა და ეს არაერთხელ აღუნიშნავთ. მაგალითად, ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ნინო ცქიტიშვილი არის მოდელი, რომელსაც ფოტოშოპი არ სჭირდებაო.
– მოდელს რომ ფოტოშოპი არ დასჭირდეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და, გამონაკლისებს შორის მეც თუ ვარ, სამი შვილის დედა, ძალიან მიხარია. ღვთის წყალობით, ფოტოშოპი ჯერ არ მჭირდება და მერე ვნახოთ.
– ახლახან ლიტვიდან დაბრუნდი, სადაც ევროპის ჩემპიონატის თამაშებს ესწრებოდი კალათბურთში.
– მინდა გითხრათ, რომ ეს საუკეთესო „ჰოლიდეი” იყო. არაჩვეულებრივი დასვენება გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ღელვა, ნერვიულობა, ცოტა იმედგაცრუებაც, მაგრამ, ჩვენმა ბიჭებმა მაინც ძალიან გვასახელეს, ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს. ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოვხვდით და, ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოს ნაკრებისთვის. ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი საქართველოში.
– როგორი გულშემატკივარი იყავი?
– ძალიან გიჟი გულშემატკივარი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა (ნინოს ძმა – ნიკა ცქიტიშვილი – ავტორი) თამაშობდა, რა თქმა უნდა, წყნარად ვერ ვუყურებდი, ძალიან ვნერვიულობდი. აქტიური გულშემატკივარი ვიყავი. როცა ვატოც (მეუღლე) თამაშობდა, მაშინ ხომ – საერთოდ. საჯარიმოს რომ ისროდა, ზოგჯერ მართლა მინდოდა, ავმდგარიყავი და დარბაზიდან გავსულიყავი, ისე ვღელავდი.
– რძალ-მულიდან რომელი უფრო ემოციური გულშემატკივარი იყავით?
– ორივე ერთნაირად, მაგრამ, ალბათ, სოფო უფრო ნერვიულობდა, რადგან, მაინც მისი „პირველი ნახევარი” თამაშობდა. ისე განიცდიდა სულ გაყინული ჰქონდა ხელები.
– ბოლო დროს ვატომ აქტიურ სპორტს დაანება თავი, როგორი იყო მისთვის ევროპის ჩემპიონატის მატჩების ყურება გულშემატკივრის ჟანრში?
– ძალიან ძნელი იყო მისთვის, რადგან ძალიან ღელავდა და აქტიურად იყო ჩართული, როგორც გულშემატკივარი. მართალია, მწვრთნელამდე არ მიდიოდა მისი ხმა, მაგრამ, ტრიბუნიდან აძლევდა მითითებებს.
– ალბათ, ლიტვაში გატარებული დღეები სასიამოვნო იყო მოედნის მიღმაც – ანუ, დასვენების პერიოდს ვგულისხმობ.
– ყველაზე მეტი და ხმაურიანი გულშემატკივარი საქართველოს ჰყავდა. ლიტველები აღფრთოვანებულები იყვნენ – ასეთი გულშემატკივრები ჯერ არ გვინახავსო. მთელი ლიტვა საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდა, ერთი თამაშის გამოკლებით, როცა საქართველო-ლიტვის შეხვედრა იყო. თან, ქართული დღეები დაემთხვა და, ყოველ საღამოს, შარდენის მსგავს პატარა ქუჩაზე, ფრედრეხ პასაჟზე, ,,სუხიშვილებისა” და ,,ქართული ხმების” კონცერტი იმართებოდა. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
– საქართველოდან მორიგი გასვლა სად გაქვს დაგეგმილი?
– ამჯერად პარიზში. ოქტომბერში, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა წავიდე ელენე მახარაშვილთან ერთად.
– ანუ, ოქტომბერში გეგმავთ პარიზის „აღებას?”
– დიახ, ვნახოთ როგორ ავიღებთ.
– ელენე შენი პირველი მოდელია, რომელიც უცხოურ სააგენტოსთან ითანამშრომლებს?
– დიახ, ელენე პირველია, მაგრამ, რამდენიმე გოგონაზეა კიდევ ლაპარაკი.
– კონტრაქტში თუ არის მკაცრი პირობა მოდელის მიმართ?
– არა. უცხოეთში ისეთი პირობები არ აქვთ, რომ, ვთქვათ, არ უნდა გათხოვდე და ასე შემდეგ. უბრალოდ, რასაც ძალიან მკაცრად უყურებენ, ეს არის ღამის კლუბები. თუ მოდელი ღამის კლუბში წავა, მას დიდი ჯარიმა დაეკისრება.
– რატომ?
– შეიძლება მეორე დღეს გადაღება იყოს დანიშნული, სადაც მოდელი მომზადებული და დასვენებული უნდა მივიდეს და არა ღამენათევი. ამიტომაც კრძალავენ ღამის კლუბებში სიარულს.
– შენ ხომ არ გქონია ამჯერად შემოთავაზება, როგორც მოდელს?
– 32 წლის ასაკში (იცინის)? შემოთავაზება არ მქონია, თუმცა, შემომთავაზეს, რომ საჩუქრად გამიკეთებენ „ბუქს.” რომ ჩავალ დიდი სიამოვნებით გადავიღებ ფოტოებს.
– ადრე, მაგალითად, სამოდელო საქმე საქართველოში არაპერსპექტიული იყო. თუმცა, მოდელობა იყო საუკეთესო საშუალება კარგად გასათხოვებლად და ოჯახის შესაქმნელად. შენი აზრით, ამჟამად როგორი ტენდენციაა?
– კი, ასე იყო, თუმცა, ახლა ამას ვეღარ ვიტყვი. მივესალმები ამ თაობის გადაწყვეტილებას, რომ 16-17 წლის ასაკში აღარ თხოვდებიან. დამკვიდრდა მენტალიტეტი, რაც ძალიან მომწონს: ჯერ სწავლას უთმობენ დროს, საკუთარ საქმიანობას და მერე, 25 წლის ასაკში იწყებენ გათხოვებაზე ფიქრს.
– რატომ არ დადის შენს სააგენტოში, შენი უფროსი ქალიშვილი, რომელსაც მოდელისთვის ყველანაირი მონაცემი აქვს?
– მან მოდელობაზე უარი განაცხადა და უკვე რამდენიმე წელია, ჩოგბურთზე დადის. ეს თავისი გადაწყვეტილებაა და ხელს ვერ შევუშლი. გუგას რაც შეეხება, ის მამისა და ბიძების გზას დაადგა და კალათბურთში დაიწყო ვარჯიში; აი, ანო-ბანო კი მოდელობას აპირებს და ელოდება, როდის გაიზრდება, რომ ჩემს სააგენტოში მოვიდეს.
– რა ასაკიდან შეუძლიათ გოგონებს თქვენთან მოსვლა?
– 12-დან 25 წლამდე, რომლებსაც ვასწავლით: ფოტოპოზირებას, სამსახიობო ხელოვნებას, ვიზაჟს, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებს, აერობიკას, დეფილესა და მოდის ისტორიას – ეს ყველაფერი მოდელმა აუცილებლად უნდა იცოდეს.
– მკაცრი ხარ?
– მომთხოვნი ნამდვილად ვარ. შეიძლება ცოტა მკაცრიც.
– ემზადები „ჯორჯიან ფეშენ-ვიქისთვის”?
– დიახ, მზადება უკვე დაიწყო. მე ქასთინგ-მენეჯერი ვარ და, მალე ჩავატარებ კიდეც გოგონების ქასთინგს.
– საკმაოდ მიზანდასახული ადამიანი ხარ – გინდოდა საკუთარი სააგენტო გქონოდა და გახსენი კიდეც. ამ ეტაპზე რა არის ნინო ცქიტიშვილის მორიგი მიზანი?
– ერთი, რაც ამ ეტაპზე მინდა, მეოთხე შვილია და უნდა გავაჩინო. გუგას მოთხოვნით, ძმა უნდა გავუჩინო, ოღონდ ანო-ბანოსნაირი ბიჭი უნდა იყოს, ქერა და ცისფერთვალება. ასეთი შეკვეთა მაქვს მიღებული მისგან და, ღმერთი თუ მომცემს, აუცილებლად გავაჩენ.