რატომ გათავისუფლდა ციხიდან წელიწადნახევარში მეგობრის მკვლელი
ბავშვობის მეგობრების ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. 22 წლის მირიან ქ. ციხეში, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით შევიდა, მაგრამ, გისოსებს მიღმა ცხოვრება დიდხანს არ მოუწია – კვალიფიკაციის მიუხედავად, ციხიდან წელიწად-ნახევარში გათავისუფლდა.
მიზეზი, რის გამოც მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს, მისი უდანაშაულობა არ ყოფილა. უტყუარადაა დადგენილი, რომ უახლოესი მეგობარი, მამუკა გ. დანით მართლაც მან მოკლა. თუმცა, გამოიკვეთა, რომ დანაშაული შურისძიების მოტივით არ მომხდარა, როგორც ეს თავის დროზე გამოძიებამ დაადგინა. ძიებისგან განსხვავებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტება და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ განსასჯელი ზუსტად თვრამეტთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.…
თუმცა, მიუხედავად ამ არგუმენტისა, მაინც პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რატომ დამთავრდა უახლოეს მეგობრებს შორის თითქოს უმიზეზოდ დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით. ამ კითხვას მხოლოდ არაოფიციალური პასუხი აქვს: ამბობენ, რომ ჩხუბის მიზეზი გოგონა გახდა – ორივე მეგობარს ერთი და იგივე გოგონა უყვარდა...
ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულმა მკვლელს საიდუმლოდ გაანდო, რომ გოგონასთვის სიყვარულის ახსნას აპირებდა, მაგრამ, მეგობარმა უღალატა – სიყვარულის ახსნა მან დაასწრო... გამოძების პირველ ეტაპზე ეს ვერსია ოფიციალურიც იყო. ამიტომაც განსასჯელს შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ, რიგი მიზეზების გამო, გამოძიების დასასრულს ყველაფერი თავდაყირა დადგა: გოგონამ, რომელიც საქმეში ფიგურირებდა განაცხადა, რომ მათგან სიყვარული არც ერთს არ აუხსნია, ანუ, გოგონას ფაქტორი საქმიდან გაქრა. არადა, თავდაპირველ ჩვენებაში ის ადასტურებდა, რომ ასეთ ფაქტი ნამდვილად მოხდა და ნანობდა, რომ ტრაგედიის მიზეზი თავად გახდა...
მოკლედ, ამის მიუხედავად, გამოძიებამ სასამართლოს საქმე შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის მუხლით გადაუგზავნა, მაშინ, როცა, რეალურად, საქმეში არაფერი იყო ნათქვამი, რა იგულისხმებოდა შურისძიებაში (მოტივს გამოძიებამ მოგვიანებით მიაგნო).
პირველ ეტაპზე გამოძიებული საქმის მასალებში კი ნათქვამია, რომ 23 მარტს, მამუკა და მირიანი, რომლებიც განუყრელი მეგობრები იყვნენ, ერთმანეთს იმ დღესაც შეხვდნენ. თავიდან კარგ ხასიათზე იყვნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, მაგრამ ხუმრობა გინებასა და ჩხუბში გადაიზარდა, რასაც დანების ტრიალი მოჰყვა. დანებით კი (ორივეს ჰქონდა), ერთმანეთი დაჭრეს. ორი ჭრილობა მირიანს მხარსა და ხელებში აღენიშნებოდა, ხოლო მამუკა გ. ბეჭში იყო დაჭრილი. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არც ერთი მათგანისთვის ჭრილობები სასიკვდილო არ ყოფილა და ამას ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს, სადაც წერია, რომ ორივეს ჭრილობები მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნება და ხაზგასმულია, რომ ჭრილობები არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ვერც ამ ჭრილობებმა შეაჩერა. მათ შორის დაწყებული კონფლიქტი ამით არ ამოწურულა და ჩხუბს რამდენიმე წუთში გაგრძელება მოჰყვა – ბიჭები ისევ დაერივნენ ერთმანეთს და სწორედ ამ დროს მირიანმა მეგობარს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა, ამჯერად გულმკერდის არეში, რაც საბედისწერო აღმოჩნდა – ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ბასრი საგნით მიყენებულმა ჭრილობამ ბიჭს გულის კუნთი და პარკუჭი დაუზიანა, გარდაცვალების მიზეზი კი სისხლნაკლებობა გახდა...
სისხლიან ტრაგედიას თვითმხილველიც ჰყავდა. ფაქტის შემსწრე მათი საერთო მეგობარი გურამ ი. ამტკიცებდა, რომ ის მეგობრების გაშველებას ცდილობდა, მაგრამ, ვერ შეძლო. იგი ირწმუნებოდა, რომ ბიჭები განუყრელი მეგობრები იყვნენ, ჩხუბისას კი მათგან არც ერთს არ უხსენებია გოგონა.
მოწმის ჩვენებიდან: „ისინი სულ ერთად იყვნენ და, არ მახსოვს, ერთმანეთში ოდესმე კონფლიქტი ჰქონოდეთ. მეც მათთან ვმეგობრობდი, სულ ერთად ვიყავით. იმ საღამოს უბანში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. მე გვიან გავედი. ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ უკვე უბანში იყვნენ. რომ მივედი, მირიანი და მამუკა ჩხუბობდნენ, ორივეს დანა ეჭირა ხელში. ძალიან გამიკვირდა და ვუყვირე, რას აკეთებთ, ერთმანეთს დანებით როგორ დასდევთ-მეთქი. მაშინვე მათ შუაში ჩავდექი და გაშველება ვცადე. რომ დამინახეს, ჩხუბი მართლა შეწყვიტეს. მათგან არც ერთს არ უთქვამს, რომ დაჭრილი იყო, თანაც, ქუჩაში უკვე ბნელოდა და ჭრილობა მეც არ შემინიშნავს. მეგონა, ყველაფერი მოგვარდა, რომ უცებ ისევ შეკამათდნენ. არ ვიცი, რა მომენტში დაიჭრა მამუკა, მაგრამ, ჩაიკეცა. მაშინვე მივვარდი, მინდოდა ამეყენებინა, თუმცა, ვერ შევძელი. უცებ მირიანიც მოვარდა და ისიც ცდილობდა ჩემს დახმარებას, მაგრამ, ვერ წამოვაყენეთ. მამუკამ გვითხრა – ბიჭო, დაჭრილი ვარ, მიშველეთო. ეს რომ მოვისმინეთ, მაშინვე გავიქეცი მანქანის საშოვნელად, საავადმყოფოში რომ გადამეყვანა. ჩვენი უბნელი ბიჭი სასწრაფოდ მამუკას მშობლებთან გავგზავნე, მე კი ტაქსი გავაჩერე. მირიანი დაჭრილს გვერდიდან არ მოსცილებია, რომ მივედი, მუხლებზე იდგა და შველას ითხოვდა. მამუკა მანქანაში ორივემ ჩავსვით, მაგრამ საავადმყოფოში მე წავედი, მირიანი ჩემთან ერთად არ წამოსულა, მითხრა – შენ მიხედეო. როცა საავადმყოფომდე მივიყვანე, ექიმებმა მითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო და ვერაფერს უშველიდნენ. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ამ დროს მამუკას მშობლებიც მოვიდნენ...” – აცხადებდა მოწმე, რომელიც ბოლომდე ირწმუნებოდა, რომ საერთოდ არ ახსოვს, რას ლაპარაკობდნენ მოჩხუბრები, რაც ყოვლად დაუჯერებელია. მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ინციდენტის მომენტში მის გარდა იქ არავინ ყოფილა...
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით იმავე დღეს აღიძრა. შემთხვევის ადგილიდან მიმალული იყო მირიანი, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა და ბრალიც წაუყენა. ძალოვნებმა მისგან მკვლელობის იარაღი – ეგრეთ წოდებული „ბაბოჩკას” ტიპის დანაც ამოიღეს, რომელიც გარეცხილი არ იყო და სისხლის კვალი კვლავ ეტყობოდა...
საბრალდებო დასკვნით, სახეზე იყო განზრახ მკვლელობა. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ჭრილობა მირიანსაც ჰქონდა მიყენებული, გამოძიებამ მოტივს მიაგნო: მათი მტკიცებით, სწორედ დაჭრის გამო გადაწყვიტა მან მამუკა გ-ზე შურისძიება. მათი თქმით, დაჭრილს ის ამიტომაც მიუახლოვდა მეორედ და უფრო გამეტებით გულმკერდის არეში მიაყენა დანით ჭრილობა, რის შედეგადაც მამუკა გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო, როცა მიხვდა, რომ მეგობარი მოკლა, მკვლელობის იარაღი დამალა და თვითონაც მიიმალა...
განზრახ მკვლელობის ბრალდებაში განსასჯელი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ამბობდა, რომ თავს იცავდა მეგობრისგან, რომელიც დანით ეხუმრებოდა და მისი მოკვლა არ სურდა, თუმცა თავდაცვის დროს, როცა დანას იქნევდა, მეგობარი შემთხვევით დაჭრა. განსასჯელი გამოძიებას რამდენჯერმე ჰყავდა დაკითხული და მისი ყველა ჩვენება ერთნაირი იყო – იგი ირწმუნებოდა, რომ მასთან გასაყოფი არასდროს არაფერი მქონიაო...
მირიან ქ-ს ჩვენებიდან: „მე და მამუკა ერთად გავიზარდეთ და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. არასდროს გვიჩხუბია და ამას ყველა დაადასტურებს. სულ ერთად ვიყავით, ხშირად ღამითაც ერთად გვეძინა ან ჩვენს სახლში, ან მასთან. მე მისი სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა და, მერწმუნეთ, ამ ტრაგედიას საშინლად განვიცდი... იმ დღეს ერთმანეთს შევხვდით უბანში და დანებით ვეხუმრებოდით. ამ დროს ცუდი სიტყვებითაც მივმართავდით ერთმანეთს, მაგრამ, ეს არ იყო სერიოზულად, შეგნებულად ერთმანეთისთვის არ შეგვიგინებია. თუმცა, ისე მოხდა, რომ ჩვენი ხუმრობა თანდათან სერიოზულ კამათსა და ჩხუბში გადაიზარდა, მაგრამ, დანებით არ შევხებივართ ერთმანეთს, მხოლოდ ვჭიდაობდით. იქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ამ დროს თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, ძალიან მეტკინა და სისხლი წამომივიდა. „ბაბოჩკას” მისი მიმართულებით უაზროდ ვიქნევდი. არ ვიცი, ჩემი მოქნეული დანა მოხვდა თუ არა, მაგრამ, უცებ დაიყვირა: ვაიმე, მგონი, დამჭერიო და იქვე ჩაიკეცა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემდაუნებურად დანით ჭრილობა მივაყენე. მისი მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა. ამ დროს ერთმა ჩვენმა მეგობარმა ჩამოიარა და დასახმარებლად მივარდა. შემდეგ ვთხოვე, მანქანის მოსაყვანად წასულიყო, მე კი დაჭრილთან ვიდექი და ვცდილობდი, გამერკვია, რა სჭირდა. მან ხმა არ გამცა, მხოლოდ კვნესოდა და მივხვდი, დაჭრილი იყო, არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი. მეც სისხლი მდიოდა, მაგრამ, გიჟივით აქეთ-იქით დავრბოდი, შველას ვითხოვდი, ამასობაში ჩვენი მეგობარიც მოვიდა, ტაქსი მოიყვანა და მამუკა მანქანაში ჩავსვით. მივხვდი, მძიმედ იყო დაჭრილი, შემეშინდა და იმიტომ არ გავყევი საავადმყოფოში. შემდეგ გავიგე, რომ გარდაიცვალა... ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. ჩემი ხელით ჩემი უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა, მაგრამ, გემუდარებით, დამიჯერეთ, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და მე არანაირი შურისძიება არ მამოძრავებდა”.
პარალელურად, სასამართლო პროცესზე მოკლულის დედა დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. ის ადასტურებდა, რომ ბიჭები ბავშვობიდან მეგობრობდნენ, თუმცა, განსასჯელის პოზიციას არ იზიარებდა და აცხადებდა, რომ მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე იყო ჩადენილი, რადგან მისმა შვილმა დაასწრო და გოგონას სიყვარული აუხსნა. ამიტომ, მოითხოვდა, რომ განსასჯელი უმკაცრესად დაესაჯათ.
„ისეთი მეგობრები იყვნენ, ჩემი შვილისგან არასდროს გამირჩევია... მაგრამ ვაცხადებ, ეს არ არის უბრალო, შემთხვევითი მკვლელობა. ჩემი შვილი მან შურისძიების მოტივით, გოგონას გამო მოკლა და მოვითხოვ, სასჯელის მაქსიმუმი გამოუტანოთ”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
საქმის ირგვლივ დაკითხულმა ყველა მოწმემ იგივე დაადასტურა, რომ მოკლულსა და განსასჯელს შორის კონფლიქტი ნამდვილად არ არსებობდა და ყველა აცხადებდა, რომ მომხდარით გაოგნებულები იყვნენ.
ამის მიუხედავად, გამოძიება მოითხოვდა, განსასჯელი წაყენებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაესამართლებინათ, თუმცა, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა განსასჯელის ადვოკატი, რომელიც საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა. საბოლოო სიტყვა კი სასამართლომ თქვა: მოსამართლეებმა არ გაიზიარეს პროკურატურისა და დაზარალებულის პოზიცია. მათ ჩათვალეს, რომ საქმის კვალიფიკაცია არასწორი იყო და, განზრახ მკვლელობის ნაცვლად, სახეზე იყო აუცილებლობის ფარგლების გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომ, შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში პატიმარი გაამართლეს და წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს... თუმცა, მას პირობითი ორწლიანი სასჯელიც განესაზღვრა.
ბუნებრივია, ამ ფაქტს დაზარალებული მხარის აღშფოთება მოჰყვა, რადგან მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ შვილი მოუკლეს და პატიმარი გაათავისუფლეს. ამიტომ, პროკურატურასთან ერთად, განაჩენი დაზარალებულმაც გაასაჩივრა, მაგრამ მათი ვერსია არც ზემდგომმა ინსტანციამ გაიზიარა და პირველი ინსტანციის გამოტანილი განაჩენი დარჩა ძალაში...