მილიონერების შოუ
ლოს-ანჯელესის „გელექსიში” მოთამაშე დევიდ ბექჰემი იანვარში სათამაშოდ „მილანში” გადმოვა. ამიტომ, ის მაქსიმალურად ცდილობს, საყვარელი გუნდის, ლოს-ანჯელესის „ლეიკერსის” საკალათბურთო მატჩებს არ დააკლდეს და, როგორც წესი, წინა რიგში გამოიჭიმოს ხოლმე. ცნობისათვის, წინა რიგის ბილეთები 1 500 დოლარამდე ღირს.
ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი მატჩის დროს, დევიდს მისმა შვილმა, რომეომ სთხოვა, კობი ბრაიანტის ახლოს გაცნობა მსურსო. კობი „ლეიკერსის” ვარსკვლავი და წლიური 25 მილიონით ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია და მასთან მიახლოება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ბექზმა ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა – მოთელვაზე გამოსულ ბრაიანტს მან თავად დაუძახა, კობიც მილიონერ კოლეგასთან მშვიდად მივიდა და მისი ოჯახი გაიცნო.
„რომ არა ბექჰემის სახელი, ბრაიანტი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ ბექჰემებისთვის ხელის ჩამორთმევა მისთვისაც სარეკლამო ტრიუკია“, – წერენ ამერიკელები.
სხვათა შორის, ამერიკელები იმასაც წერენ, დევიდს მისი ცოლი ვიქტორია ატყუებს და მალულად სიგარეტს ეწევაო. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჭორები მას შემდეგ აგორდა, რაც ერთ-ერთი რესტორნის ოფიციანტმა განაცხადა, ვიქტორია აქ მეგობრებთან ერთად ორი საათის განმავლობაში იყო და რამდენჯერაც საპირფარეშოში გავიდა, იმდენჯერ სიგარეტის სუნი გამოჰყვაო.