მწვანე კუთხე
კითხვა: მაინტერესებს, ფიკუსი თუ იტანს სინესტეს?
პასუხი: ჯანსაღი ფოთლების მქონე მცენარე სიმშრალეს უფრო იტანს, ვიდრე ზედმეტ სინესტეს. მორწყვამდე ნიადაგი უნდა გაშრეს. ზედმეტი წყალი ფოთლების დაცვენას გამოიწვევს. ჯუჯა ფიკუსს თხელი ფოთლები აქვს, ამიტომ, მიწა არ უნდა გამოაშროთ. ის ერთ-ერთი იოლად გასაზრდელი მცენარეა და ადვილად ეჩვევა ოთახის პირობებს. მის ნიადაგს სასუქით განოყიერებაც სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე.
კითხვა: ეონიუმს ფოთლები მოჭმუჭნული აქვს. იქნებ მირჩიოთ, რისი ბრალია და როგორ დავეხმარო?
პასუხი: თუ ეონიუმის ფოთლები მოჭმუჭნულია, ესე იგი, მას სიცხეში ტენი დააკელით. თვეში ერთხელ უნდა მოგერწყათ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით. წყალი ფოთლებზე არ მოახვედროთ, თორემ, ნაკვალევს დატოვებს. ახლა უკვე მალე აცივდება და ამიტომ მორწყეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფოთლები დაცვენას დაიწყებს. ამ დროს დამატებითი კვებაც არ სჭირდება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ანთურიუმის გაზრდა ოთახის პირობებში?
პასუხი: ანთურიუმი სხვებთან შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა. ოთახის პირობებში შეგიძლიათ მისი გახარება, მაგრამ ამისთვის უნდა შექმნათ მისთვის სასურველი გარემო: მას მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება; ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ, კართან ან ფანჯარასთან ნუ დადგამთ. მიწა მთლიანად არ უნდა გამოაშროთ, მაგრამ, არც მუდამ სველი უნდა იყოს, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. რეგულარულად დანამეთ და ამით ტენიანობას გაზრდით.
კითხვა: ამარილისმა ერთხელ საკმაოდ კარგად იყვავილა, თუმცა მას შემდეგ აღარ უყვავილია. რა ვქნა, რომ ამარილისმა კვლავ იყვავილოს?
პასუხი: ამარილისის, ანუ ჰიპეასტრუმის მეორედ აყვავება არც ისე ადვილია. მისი ფოთლები რეგულარულად მორწყეთ და კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულობით მას მცირე ხნით დასვენება სჭირდება. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. ახლა ამარილისის აყვავება გამორიცხულია. ზამთარში მას დასვენების პერიოდი აქვს.
კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო სპარსულ იას ყვავილობა?
პასუხი: დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, სპარსული იის ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და ეცადეთ, ნათელი ადგილი შეურჩიოთ.