კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს ცხოველის კანზე მკვეთრი ლაქების გაჩენას, ქავილის შეგრძნებასა და ფუფხებს

ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა მუნთან დაკავშირებული პრობლემები ცხოველებში. ხშირად პატრონები ვერ ხვდებიან, რა სჭირს მის ძაღლს ან კატას, რატომ იჩენს თავს ესა თუ ის სიმპტომი. ამიტომ, თქვენი ცხოველი მუნისგან რომ დაიცვათ, დაკვირვებით გაეცანით ამ ინტერვიუს, სადაც ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი, სათანადო ინფორმაციასა და რჩევებს მოგაწვდით. ამით თქვენს ცხოველსაც დროულად მიხედავთ და, რაც მთავარია, მუნისგან დაიცავთ საკუთარ თავს, რადგან, როგორც შევიტყვეთ, მკრეჭავი მუნი ცხოველიდან ადამიანზეც გადადის. 

 

– რას ნიშნავს მკრეჭავი მუნი, რომელზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ?

– მკრეჭავი მუნი, ანუ დერმატოფიტები, ფართოდაა გავრცელებული. მათ მიერ გამოწვეული კანის სოკოვანი დაავადებები ძაღლებში 50-70, ხოლო კატებში 90 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული დაავადებების გამომწვევები გამოირჩევიან განსაკუთრებული გამძლეობით დაზიანებული თმის ღერზე. გარემოში მან შეიძლება გაძლოს 5-10 წელი, ხოლო ნიადაგში – 3 თვე.

– ყველა ცხოველი შეიძლება მუნით დაავადდეს?

– დერმატოფიტებით ავადდება თითქმის ყველა სახის შინაური ცხოველი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი; ასევე, ბოცვერი, ბეწვიანი ნადირი და წვრილი შინაური ცხოველები – ძაღლი და კატა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სოკოვანი დაავადებებით ავადდება ადამიანიც, თუმცა, იმის საშიშროება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს შინაური ცხოველებისგან, ძალიან მცირეა. 

– ამ უმცირესობაში, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს?

– ცხოველისგან მუნის გადადება ემუქრება მხოლოდ იმათ, ვინც განიცდის იმუნოდეფიციტს, ასევე, ბავშვებს 3-დან 5-წლამდე და ასაკოვან ადამიანებს. 

– რაც შეეხება ცხოველებს, რომელი ავადდება მუნით?

– უფრო ხშირად მუნით ავადდებიან მოზარდი შინაური ცხოველები – 1 წლამდე ასაკის ლეკვები და კნუტები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს არახელსაყრელი მოვლა-შენახვის პირობები, ასევე, გამოფენებსა და ცხოველთა სხვა თავშეყრის ადგილებზე სანიტარულ-ზოოჰიგიენური წესების დაუცველობა. 

– რა ითვლება დაავადების წყაროდ?

– დაავადების წყაროდ ითვლება დაავადებული ცხოველი, რომელიც აავადებს ჯანმრთელ ცხოველებს კონტაქტის საშუალებით. დასნებოვნება ხდება ძირითადად დაზიანებული კანის საშუალებით: ნაკაწრებით, ნაკბენებით, ნაფხაჭნებით; ასევე, დასნებოვნებაში დიდ როლს თამაშობს ცხოველის სხვადასხვა აქსესუარის, მაგალითად: საყელოს, სახელურის, ალიკაპისა და სატარებლის  დაბინძურება. დაავადების აღმძვრელით, როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის დასნებოვნებასა და დაავადების გავრცელებაში დიდ როლს თამაშობენ უპატრონო ძაღლები და კატები. 

– რაც შეეხება ინკუბაციის პერიოდს?

– ინკუბაციის პერიოდი დამოკიდებულია აღმძვრელის ვირულენტობის ხარისხსა და ცხოველის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 6-30 დღეს შეადგენს. 

 მოხვდება რა დაავადების აღმძვრელი კანის საფარველის ზედაპირზე, გამოყოფს ტოქსინებსა და ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ ადგილობრივ ანთებით პროცესებს და კანის რქოვანი შრის გაღიზიანებას, რის შემდეგაც აღმძვრელი აღწევს თმის ძირის  ფოლიკულაში, აზიანებს მას და შედეგად, იწვევს თმის ცვენას. ამის შემდეგ კი კანის ზედაპირზე წარმოიქმნება მრავლობითი ნაფხანი ადგილები ფუფხებით, რომლებიც წარმოიშობა გამხმარი ჩირქოვანი გამონადენისგან. გარდა ამისა, შეიძლება, აღმძვრელი კანის საფარველის უფრო ღრმა შრეებშიც შეიჭრას და გამოიწვიოს კანქვეშა ქსოვილის მძიმე დაზიანება. 

– კლინიკური ნიშნები როგორია?

– კლინიკური ნიშნები სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია აღმძვრელის სპეციფიკურობაზე, და მხოლოდ ლაბორატორიულად ხდება დიაგნოსტირება – მიკოსპოროზია თუ ტრიქოფიტოზი.

მიკოსპოროზისთვის დამახასიათებელია ბეწვის ცვენა და მტვრევა, ასევე, კანზე მშრალი, უთმო ლაქების გაჩენა. გრძელბეწვიან ცხოველებში მიკოსპოროზი მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე.

რაც შეეხება ტრიქოფიტოზს ძაღლებსა და კატებში, ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით, სადაც საერთოდ არაა თმის საფარველი, ან ძალიან უმნიშვნელოა. კლინიკური ნიშნებიდან, მიკოსპოროზისგან განმასხვავებელი ისაა, რომ ხასიათდება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაციით, რისგანაც წარმოიშობა ფუფხის საკმაოდ სქელი შრე, რის გამოც ღრმად ზიანდება კანის საფარველი და გამოჯანმრთელების შემდეგ საერთოდ არ ამოდის ბეწვი ან რჩება დეპიგმენტებული კანის ლაქები.

აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ თქვენი ცხოველი ვეტერინართან, რომელიც კლინიკური ნიშნების დაავადების მონაცემების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.  

სამკურნალოდ გამოიყენება დერმატოფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქცინები, სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები.

– მუნის თვითნებურად მკურნალობა თუ არის დაშვებული?

– მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან, აღნიშნული პრეპარატები გამოირჩევა მაღალი ტოქსიკურობით და ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებებისა.

– იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ცხოველი მუნისგან, რა პროფილაქტიკურ ნორმებს უნდა მივმართოთ?

– პროფილაქტიკისთვის სასურველია, ცხოველს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. უზრუნველყოთ ცხოველი სრულფასოვანი ბალანსირებული საკვებით, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით; ასევე, მკაცრად უნდა დაიცვათ სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები მოვლა-შენახვისას და მოარიდოთ თქვენი ცხოველები ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან კონტაქტს.

 

скачать dle 11.3