კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური პლეხანოველმა ყმაწვილმა უსამართლო დაჩაგვრის გამო

 

პირველი მსხვერპლი

ივლისში თბილისში, განსაკუთრებით კი პლეხანოვზე, ისე ცხელოდა და ღამით იქ ისეთი პაპანაქება იყო, რომ სუნთქვაც კი ჭირდა. 15 წლის მერაბ ნოდია ეზოში ჩავიდა და ჯერ ონკანში შეერთებული შლანგიდან გადაივლო წყალი, შემდეგ კი უზარმაზარი ხის ქვეშ, გრძელ სკამზე წამოწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიაცქერდა. მერაბი მეათეკლასელი იყო და ერთ წელიწადში სკოლას ამთავრებდა, მაგრამ ოცი წლის ვაჟკაცს ჰგავდა. ის მოჭიდავე იყო და მწვრთნელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მეორე დღეს მერაბ ნოდია სოხუმში მიემგზავრებოდა შეკრებაზე საქართველოს ნაკრებთან ერთად. ჭაბუკი ობოლი იყო და მას ბებია ზრდიდა, რომელიც ახლა ოთხოთახიანი ბინის საძინებელში იწვა და ეძინა. მერაბს მამა ომში დაეღუპა, დედა კი მეუღლის დარდს გადაჰყვა. შემდეგ ბაბუაც გარდაეცვალა და ამქვეყნად მარიამ ბებიას გარდა სხვა ნათესავი არ ჰყავდა. ჭაბუკი მომავალზე ფიქრით იყო გართული, როდესაც ეზოს კარი გაიღო და ზღურბლზე სამი სილუეტი გამოჩნდა.

„ნეტავ, ვინ არიან? – გაიფიქრა მერაბმა, – ალბათ, უცხოები, რადგან პლეხანოვზე ყველა მიცნობს და აქ შემოსვლას არ იკადრებდნენ“.

– აქეთ, აქეთ, – ჩურჩულებდა ერთი სილუეტი, – მეორე სართულზე და მარცხნივ. ფრთხილად, არ იხმაუროთ.

სილუეტებმა მერაბი ვერ დაინახეს და კიბეს აუყვნენ, მაგრამ მერაბი სასწრაფოდ წამოდგა, მიუახლოვდა და შემოპარულებს უთხრა:

– საით, ძმებო? ეს ჩემი ეზოა, ვინ ხართ?

სილუეტები წამით ადგილზე გაქვავდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, რომელიც ყველაზე ქვედა საფეხურზე იდგა, მერაბს წიხლი ჩააზილა ყბაში, თუმცა ვერ წააქცია. დანარჩენმა ორმა კიბეებიდან ისკუპა და ჭაბუკს ეცა. შემდეგ მათ მესამეც მიეხმარა და გაიმართა ჩხუბი. მერაბმა თავდამსხმელებს მუშტები დაუშინა და, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფეხში მოქნეული დანა მოხვდა, სამივე გაანეიტრალა. ისინი უგონოდ ეყარნენ კიბეზე და ხმაურზე გამოსულმა მეზობლებმა სასწრაფო დახმარებას და მილიციას გამოუძახეს.

სამწუხაროდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი გარდაცვალა, რომელმაც ქვაზე საფეთქელი დაარტყა, დანარჩენ ორს კი ტვინის შერყევა აღმოაჩნდა. საკმაოდ ღრმა ჭრილობა ჰქონდა მერაბსაც. ეს ამბავი 1955 წლის 22 ივლისს მოხდა, მეორე დღეს კი თბილისის პირველი მაისის რაიონის მილიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ ინციდენტთან დაკავშირებით და გამოძიება დაიწყო.

გარდაცვლილი, 19 წლის თემურ ლებანიძე, საქართველოს ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილი იყო და, როგორც მისმა დაკავებულმა მეგობრებმა თქვეს, იმ ღამეს ვინმე ალმასხან ბუკიას გასაძარცვად იყვნენ მისულები. ბუკია გარდაცვლილის ბიძა, ანუ დედის დის ქმარი იყო. მისი გაძარცვა კი იმიტომ უნდოდათ, რომ ლებანიძეს ფული ჰქონდა წაგებული და უნდა ჩაებარებინა.

თავიდან გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობდა, მერაბ ნოდიასთვის არანაირი პრეტენზია არ წაუყენებიათ, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა: გარდაცვლილის მაღალჩინოსანმა მამამ ჯერ შვილის მეგობრებს შეაცვლევინა ჩვენება, შემდეგ თავის ნათესავს და მთავარ ბრალდებულად ნოდია გამოიყვანეს. გამომძიებელმა თამარ ჯორბენაძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამ ფარსში მონაწილეობაზე, რის გამოც ის ჯერ საქმეს ჩამოაცილეს, შემდეგ კი გრძელვადიან მივლინებაში გაუშვეს და ახალი გამომძიებელი – სოლომონ დათიაშვილი დანიშნეს.

შეთხზული ვერსიით, გარდაცვლილი და მისი მეგობრები ალმასხან ბუკიასთან იყვნენ სტუმრად. სახლში დაბრუნებისას კი მათ მერაბი აუშარდა და ჩხუბი აუტეხა, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა.

გამომძიებელმა დათიაშვილმა მერაბი პატიმრობაში აიყვანა და განზრახ მკვლელობისა და მძიმედ დაზიანებების, აგრეთვე, ცინიკური ხულიგნობის მუხლი წაუყენა. შემდეგ აბსოლუტურად უდანაშაულო ყმაწვილი სრულიად უსამართლოდ დასაჯეს – მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ ამბავს მერაბის ბებია მარიამი შეეწირა, 15 წლის ყმაწვილს კი ეტაპით რუსეთის მცირეწლოვანთა ყველაზე საშინელ კოლონიაში, ეგრეთ წოდებულ „101-ე კილომეტრზე“ უკრეს თავი.

„დევი“

„101-ე კილომეტრი“ სხვადასხვა ტიპის რეჟიმის საპყრობილეთა სისტემა იყო და მოსკოვიდან 101 კილომეტრით იყო დაშორებული. ნოდია კოლონიაში რომ მიიყვანეს, პატიმრები მას მტრულად შეხვდნენ და დაჩაგვრა მოუნდომეს, მაგრამ ფიზიკურად ძლიერმა ყმაწვილმა კოლონიის აქტივისტები ყვავებივით დაიფრინა, ერთს ხელი მოსტეხა, მეორეს კი – ფეხი, რისთვისაც ნოდია კარცერში გამოამწყვდიეს. კოლონიის უფროსმა მტკიცედ გადაწყვიტა ყმაწვილის დამორჩილება, ამიტომ, ზონის „წითელ აქტივს“ მოელაპარაკა და დაგეგმეს, რომ ჭაბუკი ჯერ გაეუპატიურებინათ, შემდეგ კი ტუალეტში, განავალში ჩაეგდოთ. ეს მის ავტორიტეტს ბოლომდე დასცემდა და მთელი კოლონია ზურგს შეაქცევდა.

იმ პერიოდში „101-ე კილომეტრის“ კოლონიის უფროსი ივანე პოგორელოვი იყო. ის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და თუკი ვინმეს ამოიღებდა მიზანში, აუცილებლად მოკლავდა. ორი დღის შემდეგ პოგორელოვმა ნოდია კარცერიდან გამოიყვანა და აქტივს მოქმედების ნიშანი მისცა, მაგრამ ქართველმა ყმაწვილმა ორი აქტივისტი წელში გადაამტვრია და სამუდამოდ დააინვალიდა, მესამეს კისერი მოსტეხა და მოკლა, თვითონ კი ვენები გადაიჭრა ბრიტვით, შუა კოლონიაში გასისხლიანებული დადგა და ღრიალებდა: „აბა, მოდით, ბოზებო, რომელია თქვენში მამაცი და ვის უნდა სიკვდილი!“ შიშით ნოდიას ვერავინ მიეკარა. მას მეტსახელად „დევი“ შეარქვეს. პოგორელოვმა კი მას თავისი ხელქვეითები მიუსია და ყმაწვილი საავადმყოფოში გააქანეს, შემდეგ იქვე გაასამართლეს და კიდევ 8 წელი დაუმატეს, რაც ყოველგვარ ნორმებს სცილდებოდა. გამოჯანმრთელებული „დევი“, სვერდლოვსკში, ურალის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ციხეში „დვუხდონკაში“ გაამწესეს. ციხე მცირეწლოვნებისთვის არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ 17 წლის ნოდიასთვის გამონაკლისი დაუშვეს და მოუთოკავი ყმაწვილი ¹55 საკანში გამოამწყვდიეს.

„ძია ვანია“

„დვუხდონკა“ – რაც ორმაგ ფსკერს ნიშნავს, ორმოცდაათიანი წლების საბჭოეთის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე იყო. მასში ძირითადად კანონიერი ქურდები იხდიდნენ სასჯელს და 17 წლის ქართველი ყმაწვილი იმ განზრახვით ჩასვეს იქ, რომ მას ქურდები გატეხდნენ.

¹55 საკანში 47 წლის გრიგორი პავლოვი, მეტსახელად „ძია ვანია“ იჯდა. ის ეგრეთ წოდებული ,,ნეპმანელი” ქურდი იყო და ტრადიციების უმწიკვლო დამცველად ითვლებოდა. სწორედ მან შეიკედლა ყმაწვილი და სამი წლის განმავლობაში საფუძვლიანად შეასწავლა ქურდული საქმე. ციხიდან გასვლის წინ კი ასეთი რამ უთხრა:

– შენ ახლა 20 წლის ხარ და თითქმის ყველაფერი იცი ჩვენს საქმეში, ანუ, შენი კურთხევა შეიძლება. მაგრამ, ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ქურდს ყოველთვის მგლებივით დასტრიალებენ თავს თანამოძმეები და შენ რომ აქ ქურდად დაგტოვო, ბლოკს შეგიკრავენ. მერწმუნე, შვილო, რომ უფრო გაგიჭირდება და ეგ საქმე იმ დროისთვის გადავდოთ, როდესაც გარეთ გამოხვალ.

– ეგ როდის იქნება, ძია ვანია? მე კიდევ დიდხანს უნდა ვიჯდე ციხეში და, ან გავალ გარეთ და ან არა, – თქვა „დევმა“.

– სულ მალე, როგორც კი გავალ, გაქცევას მოგიწყობ და ჩემთან იქნები. როსტოვში ნამდვილი „ნეპმანები” არიან და თავს გავიტანთ, – მიუგო მერაბს პავლოვმა.

ცნობილი ქურდი მეორე დღეს უნდა გასულიყო ციხიდან მაგრამ, იმავე საღამოს, სეირნობისას, ის სხვა ქურდმა, მეტსახელად „ბრონმა” მოკლა დანით. ბრონი ახალი ფორმაციის ქურდების წარმომადგენელი იყო და „ნეპმანელი” ძია ვანიას მოკვლით მეტი თავისუფლების მოპოვებას გეგმავდა, ანუ როსტოველის მკვლელობა ქურდების შეთქმულების შედეგი იყო.

მოკლული ძია ვანია როსტოვში წაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. ერთი თვის შემდეგ კი, „დევმა“ ბრონი ციხის ეზოში ასეულობით პატიმრის თვალწინ დაახრჩო. „დევი“კარცერში ჩასვეს. ახალი ფორმაციის ქურდებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ „დევი“ სამი დღის შემდეგ ჯერ კარცერიდან გაათავისუფლეს, ორ დღეში კი ის „დვუხდონკადან“ სასწაულებრივად გაიქცა – 20 წლის ყმაწვილმა ჯერ ციხის სახურავზე ააღწია, ღამის წყვდიადში ოცდაათმეტრიანი სიმაღლიდან ჯერ ქუჩაში ისკუპა, შემდეგ კი ტყეს შეაფარა თავი და გაუჩინარდა.

მკვლელობების სერია

 გაქცეულ „დევზე“ საკავშირო ძიება გამოცხადდა. მას გამალებით ეძებდნენ როგორც მილიცია, ისვე ახალი ფორმაციის ქურდები, თუმცა ის უკვალოდ გაქრა და არავის უნახავს. 1961 წლის აპრილში კი თბილისის მილიციის სამმართველოში აგენტურული ცნობები მიიღეს „დევის“ შესახებ. ვინმე „კამბალა“ იტყობინებოდა, რომ „დევი“, იგივე მერაბ ნოდია, მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ნახეს. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ მაისის პირველ დეკადაში თბილისში ოთხი მკვლელობა მოხდა. მოკლულები იყვნენ: თამაზ ფინაძე, ოთარ სიგუა, სოლომონ დათიაშვილი და ასლან ლებანიძე.

ფინაძე და სიგუა ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც წლების წინ მერაბ ნოდიას დაესხნენ თავს. ისინი კისრის მოტეხილობით იყვნენ გარდაცვლილები და ხერხემლის მალები ასანთის ღერებივით ჰქონდათ გადამსხვრეული. სოლომონ დათიაშვილი ის გამომძიებელი იყო, რომელმაც მერაბს ციხეში უკრა თავი. მას კისერთან ერთად ხერხემალიც ჰქონდა გადამსხვრეული, ასლან ლებანიძე თემურ ლებანიძის მამა იყო. ის  ხერხემალში იყო გადატეხილი და ისეთი ძლიერი დარტყმა ჰქონდა თავში მიყენებული, რომ ექსპერტებმა სწორედ ეს დაასახელეს სიკვდილის მიზეზად და ამტკიცებდნენ, რომ მას ჩაქუჩი ჩაარტყეს, სინამდვილეში კი მუშტი მოხვდა. 

უკვე ნათელი იყო, რომ მკვლელობების ეს სერია მერაბ ნოდიამ, იგივე „დევმა“ ჩაიდინა, რომელმაც შური იძია უსამართლობაზე. დედაქალაქის ძალოვანმა სტრუქტურებმა მისი ინტენსიური ძებნა დაიწყეს.

უკანასკნელი ნახტომი

„დევის“ საქმით მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი, ვასილ მჟავანაძეც დაინტერესდა. მან ახლად დანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი ოთარ ქავთარაძე, თავის კაბინეტში დაიბარა და ბოროტმოქმედის სასწრაფოდ განეიტრალება მოითხოვა. ამის შემდეგ მილიცია კიდევ უფრო გააქტიურდა და 1961 წლის 23 ივლისს „დევი“ ორთაჭალაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში ალყაში მოაქციეს. ამ ოპერაციას პირადად ოთარ ქავთარაძე მეთაურობდა. მან „დევს“ მეგაფონით მიმართა და დანებება შესთავაზა, მაგრამ შემდეგ მილიციელებმა იერიში მიიტანეს ბინაზე და „დევი“ ფეხში დაჭრეს. ნოდიამ, რომელიც შეუიარაღებელი იყო და შიშველი ხელებით მოქმედებდა, ორი მილიციელი განაიარაღა. შემდეგ ორმაგ ალყას დაუსხლტა და ორთაჭალის ჰესის მიმართულებით გაიქცა. დადევნებულმა მილიციამ „დევი“ უკანასკნელად მაშინ დაინახა, როდესაც ის მოაჯირიდან გადახტა ადიდებულ მტკვარში და გაცურა.

„დევს“ ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ და ამისთვის მყვინთავებიც კი გამოიძახეს, მაგრამ მისი ცხედარი ვერ იპოვეს.

1940 წელს დაბადებული მერაბ ნოდია დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და არსებობს აზრი, რომ ის ცოცხალი გადარჩა, უცხოეთში გაქცევა მოახერხა და დღესდღეობით კანადაში ცხოვრობს.

 

 

скачать dle 11.3