რისთვის არის მზად დათო ლომიძე „სტრინგთან“ ერთად და რაში სჭირდება მას ბევრი ფული
მიუხედავად იმისა, რომ მომღერალ დათო ლომიძეს, თავის ჯგუფთან – „სტრინგთან” ერთად, არაერთი სიმღერა უმღერია, მის სავიზიტო სიმღერად დღემდე რჩება – „ჩვენ ერთი გუნდი ვართ.” პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დათო ლომიძის სახელი დღემდე ამ სიმღერასთან ასოცირდება. ბოლო დროს მომღერალი აქტიურად აღარ ჩანს შოუ-ბიზნესში. ამიტომ დავინტერესდით გაგვეგო, რას საქმიანობდა და მასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. თუ რით არის ის დღეს დაკავებული, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბოლო დროს აქტიურად არ ჩანხარ შოუ-ბიზნესში, რატომ?
– ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ჯგუფი „სტრინგი” დაიშალა, რადგან ჩვენი გიტარისტი ჰოლანდიაშია წასული, მაგრამ ჩვენ გვყავს მეორე გიტარისტიც. არ დავშლილვართ, ვმუშაობთ და მზად ვართ სხვადასხვა პროგრამის, შოუსა და კონცერტისთვის. თავს დაჩაგრულად კი არ ვგრძნობ და არც იმას ვამბობ, ვიღაცას ჩვენი დაძირვა უნდა-მეთქი, უბრალოდ, საწყენია, ჯგუფს მუშაობის საშუალება რომ არ აქვს. ვგულისხმობ, სარეპეტიციოს, აპარატურას, სტუდიას, სადაც ახალ პროდუქტზე დავიწყებთ მუშაობას, ამისთვის ბევრი ფული გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მზად ვართ, გვაქვს რეპეტიციები და ასეც იქნება, არაფერი კეთდება ისეთი, წარმატებას რომ მივაღწიოთ. ძალიან უყურადღებოდ ვართ და არც ის ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ყურადღება მოვიქციოთ, ვინც უნდა მოგვხედოს. ფართო მასის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ვიყავი და ვიქნები, ეს პრობლემა არ არის.
– მართალია, ჯგუფთან ერთად ძალიან ბევრი სიმღერა გიმღერია, მაგრამ დღემდე შენს სავიზიტო ბარათად რჩება, „ჩვენ ერთი გუნდი ვართ.”
– ეს პროექტი იყო, ფიარი ფეხბურთის ფედერაციის, კლუბისა და თვითონ ფეხბურთელების. ვიღაც ბიჭი, რომელსაც მთელ სახეზე დროშა ახატია, მგონი, ბოლომდე ვერავინ გაიგო, ვინ იყო და არც არავინ გაახმაურა, რომ ის მე ვიყავი. ამ პროექტის შემდეგ თითქოს რაღაც დაიწყო, მაგრამ მერე აღარაფერი არ გაკეთებულა, მუხედავად იმისა, რომ სურვილი ნამდვილად მქონდა წინ წავსულიყავი. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ ქართულად არ ვმღერი. როცა ქართულად ვიმღერე, მგონი, ყველას ვაჯობე.
– თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სცენაზე აღარ გითამაშია?
– გოჩა კაპანაძის ჯგუფი მაქვს დამთავრებული და მისივე დახმარებით ნახევარი წელი ვითანამშრომლე „ვაკის სარდაფში,” სადაც რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე.
– შენთან ურთიერთობა მარტივია თუ რთული?
– გააჩნია. თუ მუსიკოსი ხარ და არ მიჯერებ, ძალიან ძნელია. ასეთ დროს, ძირითადად, ვყვირი და აგრესიული ვხდები, თუმცა მეჩვენება, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად ველაპარაკები. თუ მუსიკოსს რაღაცას ვუხსნი, რომელსაც ჩემი არ ესმის, ეს უკვე კატასტროფაა.
– შენი აზრით, როგორი პიროვნება ხარ, რითი გამოირჩევი სხვისგან?
– რაღაც თვისებებით, ყველა ადამიანი გამოირჩევა. პიროვნება იმიტომ ხარ, რომ იმ ცუდით ან კარგით გამოირჩევი სხვისგან. მე რით ვარ სხვაზე მეტი, ან სხვაა ჩემზე ნაკლები – ეს ჩემი საქმე და საფიქრალი არ არის. ჩემი საქმეა ვაკეთო ის, რაც მიყვარს და ვიფიქრო იმაზე, რომ ჩემი ჯგუფი იყოს წარმატებული. ყველაფერს კონტროლი უნდა, თუნდაც ჟურნალისტებს – ვინ რას წერს შენზე. უნდა გააკონტროლო ასევე, ვინმემ აპარატურა არ გაუფუჭოს ჯგუფს და ასე შემდეგ. ისე დიპლომატი ვარ.
– იმედს მაშინაც არ კარგავ, როცა წინ დაბრკოლება გხვდება?
– დაბრკოლება უფრო ფინანსურია.
– ასეთ შემთხვევაში ხელს ჩაიქნევ თუ განაგრძობ მიზნისთვის ბრძოლას?
– ხელს არ ჩავიქნევ. შეიძლება, იმ მომენტში ძალიან, ძალიან გავბრაზდე, შეიძლება მეტკინოს კიდეც, ოღონდ ეს ყველაფერი წამიერია. მერე ტრანსფორმაცია ხდება ჩემში და ძალას ვიძენ. ვერ ვიტყვი, რომ ტკენა ან გაბრაზება, რაღაცაში მეხმარება, პირიქით, ის იმ წამს მიკარგავს და მიფუჭებს, რომელიც შეიძლება, გადამწყვეტი ყოფილიყო იმ მომენტისთვის.
– როგორც აღნიშნე, ურთიერთობაში დიპლომატი ხარ. ეს მანდილოსნებთან ურთიერთობასაც ეხება?
– რა თქმა უნდა. ქალებთან მიმართებაში რომ დიპლომატია არ გამოიჩინო, ჩემი აზრით, სასაცილო და საშინელებაა. მე ასე აღვიქვამ ამას. გოგოსთან კამათს იმის გამო არასდროს დავიწყებ, რომ განსხვავებული აზრი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კამათი დიდ ჩხუბში გადაიზრდება. ორი განსაკუთრებული და ინდივიდუალური პიროვნების ჩხუბი კი კატასტროფაა.
– შენ თუ გქონია მსგავსი კამათი?
– კი, მაგალითად ბებიაჩემთან. აქ უფრო დამკვიდრებისთვის ბრძოლის ამბავი მგონია, მაგრამ ბებიაჩემთან რა მაქვს დასამკვიდრებელი, ვერ ვხვდები (იცინის).
– დაოჯახებული ხარ?
– ჯერ არა.
– დავუშვათ, გოგო მოგეწონა, ამ დროს რას შვრები – რაიმე სტრატეგიის მიხედვით მოქმედებ მისი სიმპათიის მოსაპოვებლად?
– სტრატეგია და მიზანი დიდი ხანია, არ მქონია. ადამიანთან ურთიერთობის დასაწყებად არანაირი სტრატეგია და მიზანი არ არის საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ იტყუები და ამით გინდა გოგოს თავი მოაწონო. მიზანი კარგი რამეა, მაგრამ სტრატეგია და რაღაც გეგმის დასახვა – სისულელე. თუ ადამიანს არ მოსწონხარ, ტყავიდანაც რომ ამოძვრე, მაინც არ მოეწონები.
– ალბათ, მაინც გექნება რაღაც ისეთი გაკეთებული, რითაც მანდილოსნისთვის თავი მოგიწონებია.
– არაფერი გამიკეთებია ამისთვის. მანდილოსნების მოსახიბლავად საკმარისი იყო სცენაზე ავსულიყავი და მეტი არაფერი მჭირდებოდა. მაინცდამაინც არ მიჭირდა ამ პრობლემის გადაჭრა.
– ანუ – სცენა აგვარებდა ამ ყველაფერს?
– კი. ამიტომაც არის კარგი მუსიკოსობა.
– აზარტული ხარ?
– იშვიათად „ლოტოს“ ვყიდულობ, იქნებ გამიმართლოს. სხვა თამაშებში არც ვარ ჩართული. მე რომ აზარტული ვიყო, ალბათ, ხვდებით, სადაც ვიქნებოდი ყოველღამე. არც იმის საშუალება მაქვს, რომ კაზინოში ვიარო.