კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოუყვეს ლონდონის ნაციონალური თეატრის სტუდიაში საკუთარი კაბინეტი ნინო მაღლაკელიძეს და როგორ გააკეთა მან იქ ნოვატორული და განსხვავებული „მეფე ლირი“

საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი გამოგვივიდა, რადგან მისი საქმიანობა, ისევე როგორც პიროვნება, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩემი რესპონდენტი მხატვარი, არტ-მენეჯერი, პროდიუსერი, სცენოგრაფი – ნინო მაღლაკელიძეა, რომელიც, როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში, ინგლისსა და ამერიკაში წარმატებულად საქმიანობს. ის საქმეში არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს და მისი ნამუშევრები, განსაკუთრებით თეატრში, ყოველთვის ექსპრესიული, ინოვატორული და განსხვავებულია.

 

შაგალის პრიზი და

გაჩუქებული ნახატები

ნინო მაღლაკელიძე: განათლებით გრაფიკოსი მხატვარი ვარ. დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ვარ მაგისტრი და იმავდროულად – დამოუკიდებელი პროდიუსერი, არტ-მენეჯერი. როგორც პროდიუსერი, ვმუშაობ სხვადასხვა ქვეყანაში, ჯერ იყო კავკასია, ახლა არის ლონდონი და ამერიკა. როგორც მხატვარმა, საქართველოსა და კავკასიის ფარგლებში, გავაკეთე 10-15 გამოფენა, 4 – პერსონალური. ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი ნახატების გამოფენას. შემდეგ ბაქოში კინოფესტივალზე დავდიოდი და ქართველი სტუდენტების, ახალგაზრდების ფილმები დამქონდა. თავიდან მეგობრულად დამპატიჟეს, შემდეგ ეს უკვე საქმიანობაში გადაიზარდა და რომ ჩავდიოდი, ყველა ამბობდა – პროდიუსერი ნინო მაღლაკელიძე... ბოლოს, უკვე ორჯერ მიმიწვიეს ჟიურიში და ფაქტობრივად, იმ ხუთმა წელმა თავისი შედეგი გამოიღო. ანუ, პროდიუსერის კარიერაც ამეწყო. თბილისში 2007 წელს ებრაულ კულტურის ცენტრში სამხატვრო აკადემიამ და ებრაული კულტურის ცენტრმა საერთო გამოფენა მოაწყო, რომელიც ეძღვნებოდა შაგალის 120 წლისთავსა და ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 60 წლის იუბილეს. თემატური გრაფიკული ნამუშევრები მქონდა და შაგალის პრიზი ავიღე. ჩემი ნამუშევრები რელიგიურ თემაზეა, ეს ჩემთვის მედიტაციური პროცესია და სიმართლე გითხრათ, როდესაც საქმე ნახატების გაყიდვას ან პროდუქციად გადაქცევამდე მივიდოდა, ყოველთვის თავს ვიკავებდი. ნახატის ჩუქება შემიძლია, მაგრამ გაყიდვა დღემდე მიჭირს. თუმცა, რამდენჯერმე დიდი წვალებითა და ძალდატანებით, მაინც გავყიდე. ცოტა ხნის წინ სერბიის კინოპროდიუსერი, კინოფესტივალის დირექტორი იყო ჩამოსული, ძალიან მოეწონა ჩემი გრაფიკა. მითხრა, თანხა არ არის პრობლემა, დაასახელე და გადავიხდიო. ძალიან შემრცხვა, მაგრამ არ მივყიდე. ერთი ნახატი ლონდონის ნაციონალური თეატრის სტუდიის დირექტორს უკიდია სახლში, ამერიკაშიც არის რამდენიმე ჩემს მეგობართან. ტურ ჰერდალსაც აქვს ჩემი ნამუშევარი, მე და დედაჩემმა ვაჩუქეთ, როდესაც საქართველოში იყო ჩამოსული. გარდაიცვალა, მაგრამ ნახატი საფრანგეთში, მის სახლში კიდია, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობს.

„skype-me“ – პირველი წარმატება თეატრში და ლონდონის ნაციონალური თეატრის ემოციური სივრცე

თავიდან მეშინოდა სივრცესთან ურთიერთობა, კინოში კი მქონდა ნამუშევარი და კარგადაც ვგრძნობდი თავს, მაგრამ თეატრში მუშაობას ვერიდებოდი. სიმართლე გითხრათ, კლასიკური თეატრი არ მომწონდა და თან, ამ მხრივ არც მქონდა შესაბამისი განათლება. მაგრამ, ერთხელ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, როგორც მხატვარმა, „არდი ფესტზე“ გააკეთე ნამუშევარიო. მისთვის, როგორც რეჟისორისთვისაც, დებიუტი იყო. უარი ვუთხარი, არ მინდოდა, ჩემი ნამუშევრის გამო იმედგაცრუება ჰქონოდა. მაგრამ, მენდო და მეც მაქსიმალურად ჩავრთე ჩემი წარმოსახვა. თემაც ძალიან საინტერესო იყო – „skype-me“ ერქვა, ვირტუალურ სამყაროსთან ურთიერთობაზე აგებული და არც ფორმატი ჰქონდა დიდი. ამ ყველაფერმა მიბიძგა საინტერესო იდეებისკენ, თავი არ შევიზღუდე და გაამართლა: პირველივე ნამუშევარში, როგორც სცენის საუკეთესო მხატვარმა, პრიზი ავიღე. ამან, რა თქმა უნდა, წამაქეზა და გავაკეთე მეორე ნამუშევარი. იმ დროს ვმუშაობდი „გლობუსში“, როგორც არტ-მენეჯერი და პროდიუსერი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დათო პაპავა. მან აირჩია ის ადამიანები, რომელთა ნამუშევრებმა დააინტერესა „არდი ფესტზე“. სულ სამი ჯგუფი შედგა და გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა. ვიმუშავე გოგი ქაჩიბაიასთან ერთად, კონცეფცია გეომეტრიულ ფიგურებზე იყო აგებული, გვქონდა არაორდინარული განათება – იატაკზე ეწყო, იცვლებოდა, ორგანზომილებიანი გადატიხრული სივრცე იყო. ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამ დროს რუსთაველის თეატრსა და ლონდონის ნაციონალურ თეატრს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ქართული თეატრის განვითარებას, რეანიმაციას ემსახურებოდა. თბილისში ჩამოვიდა ნაციონალური თეატრის სტუდიის დირექტორი – პურნი მორელი, რომელსაც უნდა აერჩია და ინგლისში დაეპატიჟებინა ის ხელოვანები, ვინც მოეწონებოდა. აღმოჩნდა, რომ მოვეწონეთ მე და ჩემი რეჟისორი – გოგი ქაჩიბაია. ლონდონის ნაციონალურ თეატრში ძალიან საინტერესო ემოციური სივრცეა. ინგლისში ხელოვანებს: მსახიობებს, დრამატურგებს, რეჟისორებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ თეატრში. იმუშავებენ და მიდიან. მერე სხვები მოდიან. სულ მოძრაობაა, რაც ყველას გაზრდის საშუალებას აძლევს. არავინ ჩერდება და თეატრს თავის საკუთრებად არ მიიჩნევს. მანამდე სამუშაოდ ორი თემა მომცეს – „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „მეფე ლირი“. უნდა ამერჩია და შემდეგ რეჟისორთან ერთად ვიმუშავებდი. როგორც მხატვარმა, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ ავირჩიე, მაგრამ თვითმფრინავში მივხვდი, რომ ორივე ძალიან საინტერესოა, თუმცა „მეფე ლირი“ უფრო ღრმა და მძაფრი თემაა. ვინაიდან მე არ ვარ ნაზი და ქალური მხატვარი, მივხვდი, რომ მაქვს ალტერნატივა, უფრო მძაფრი, ექსპრესიული ნამუშევრისკენ წავიდე. ამიტომ ვთქვი, რომ „მეფე ლირის“ გაკეთება მინდოდა. ნაციონალური თეატრის სტუდიაში ჩემი კაბინეტი მქონდა, მყავდა რეჟისორი – ახალგაზრდა  გოგონა, რომელიც ახლა რუსთაველის თეატრში მონოსპექტაკლს დგამს. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი – ყველა დეტალს, სცენას ვარჩევდით. მე გავაკეთე თეთრი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც სამად იყოფოდა, ყველა დრამატურგიულ თემას ესადაგებოდა და მოძრაობდა. ძალიან აბსტრაქტული კი იყო, მაგრამ რეჟისორს მოეწონა. ეს ფიგურა აძლევდა იმის საშუალებას, ყველა სცენა განსხვავებული ჰქონოდა. მეფე ლირს უნდა სცმოდა სტატიკური კოსტიუმი, რომელშიც კარგად იგრძნობდა თავს. მაგრამ, ნელ-ნელა თავად ქვემოთ ჩადიოდა, კოსტიუმიდან გამოდიოდა, მეფეც ცალკე რჩებოდა, კოსტიუმიც. დადგმის კონცეფცია ძალიან სიმბოლური იყო, ანუ იგულისხმებოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გარსია, ფორმა – გამოდის ამ გარსიდან და რჩება აბსოლუტურად გაშიშვლებული აზრი და გონი. სტუდიაში, ძირითადად, თეორიული მუშაობაა, ვიდრე პრაქტიკული. მაკეტამდე მივედი, ვიცოდით, რა გვინდოდა და ფაქტობრივად, სპექტაკლი გაიმართა. ამის შემდეგ მხოლოდ მსახიობების თამაშიღა იყო საჭირო. იმედი მაქვს,  ამ ნამუშევარს როდისმე კიდევ მივუბრუნდები. მაკეტის პრეზენტაციაზე ბევრი კითხვა დამისვეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნეს, რომ ჩემი ნამუშევარი საინტერესო და ნოვატორული იყო. ერთი წლის შემდეგ ისევ მიმიწვიეს ლონდონის ნაციონალურ თეატრში, სადაც ჩართული ვიყავი ექსპერიმენტული მუშაობის პროცესში. ეს არის დრამატურგის პროექტი, რომელსაც საშუალებას აძლევენ, გამართოს და დაასრულოს თავისი პიესა. მას აძლევენ მხატვარს, რეჟისორს, მსახიობებს და ასევე, აქვს საშუალება, უყუროს თავის პიესას უკვე გაცოცხლებულს, შემდეგ გადაწეროს და შეასწოროს რაღაცეები. ორი კვირის განმავლობაში გვქონდა პრაქტიკული მუშაობა. ახლა დრამატურგს ველოდებით, რომ დაწეროს. იმდენი იდეა მივაწოდეთ – აბსოლუტურად განსხვავებული შრეები, ემოციები, სიღრმეები წამოვიდა, რომ დარწმუნებული ვარ, როდესაც დაამთავრებს მუშაობას, აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. პიესას რომ დაასრულებს, მერე დაგვიძახებს მე და რეჟისორს და შესაძლებელია, სპექტაკლი დაიდგას.

ამერიკული და ქართული „ეიფორია“

ერთ დღეს დამირეკეს ამერიკის საელჩოდან, კენედის ცენტრში არტ-მენეჯერისა და თეატრის მხატვრის პროგრამაა და მობრძანდითო. მე მეორე ავირჩიე. ეს პროგრამა უნდა გამართულიყო კენედის ცენტრში და საელჩოს უნდა წარედგინე, თუმცა შემდეგ უკვე კენედის ცენტრი არჩევდა. შევავსე ანკეტები, დავწერე თემა, სად მიმუშავია, რა გამოცდილება მაქვს და რატომ მინდა ამ პროგრამაში მონაწილეობა. ამირჩიეს და მიმიწვიეს ამერიკაში. პროგრამის მონაწილეები სულ რვა ქვეყნიდან ვიყავით არჩეული. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. პირველად ჩავედით კანზას-სითიში, სადაც გაიმართა დიდი კონფერენცია, გამოფენა, სემინარები. გავეცანით ახალ ტექნოლოგიებს. შემდეგ წავედით ლას-ვეგასში, რომელიც ამ მხრივ სასწაულია, სცენოგრაფებისთვის საოცარი ადგილია. იქ ძალიან ბევრ ტექნოლოგიას იყენებენ და აღწევენ არნახულ ეფექტებს, ემოციებს, განწყობილებას, რაც შემოქმედებაში ახალი ეტაპის დასაწყისია. შემდეგ გვქონდა „ბექსთეიჯ დოორ“, ანუ დავათვალიერეთ – რა როგორ მუშაობს, როგორ მოძრაობს, რა რასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, პრაქტიკა გვქონდა ლას-ვეგასის „სთეიჯგრაფტ“ ინსტიტუტში. გვქონდა ასეთი დავალება – „ოპერის მოჩვენებასთან“ დაკავშირებით გაგვეკეთებინა ჩანახატები, კონცეფციები. მოვიფიქრე ასეთი კონცეფცია – სპექტაკლი უნდა გაკეთებულიყო სასახლეში, მაყურებელს ნავებით წავიყვანდით და ყველა სცენა გათამაშდებოდა სხვადასხვა ოთახებში. შემდეგ გავაკეთე ინსტალაცია და დავტოვე ინსტიტუტი. ძალიან მინდოდა, რაღაც ექსპერიმენტული, არაორდინარული გამეკეთებინა საქართველოში და ეს შევთავაზე ამერიკელების რეჟისორს და დრამატურგს. ერთ-ერთი იყო რეჟისორი, რომელმაც კენედის ცენტრისთვის აგვარჩია. მან აირჩია პიესა „ეიფორია“, რომელიც ჯერ ამერიკაში დავდგით და შემდეგ რუსთაველის თეატრში. ეს იყო „ვორკ შოპი“ და გაკეთდა „ვაშინგტონ შექსპირ კომპანიაში“. რაც შეეხება სპექტაკლის ფორმას, განსხვავებული იყო, ანუ, იქ ყველა მსახიობი ერთად მუშაობს, მაყურებელი კი არ ზის, პირიქით, მათთან მიდის. შეიძლება, დისკუსიაშიც შევიდეს, ანუ თავად აკეთებს არჩევანს – შეუძლია დადგეს, ან დაჯდეს, რომელ მსახიობთანაც უნდა, იმასთან მივა. მანამდე დადგმულა დაახლოებით ასეთი ფორმის სპექტაკლი – როდესაც მაყურებელი მოძრაობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მაყურებელი მთლიანად იყო ჩართული და ამის გარეშე სპექტაკლი ვერც გაიმართება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსახიობის აქტივობა – საინტერესოდ უნდა იმუშაონ, რომ მათთან ხალხი მივიდეს. ყველას ჰქონდა ტექსტი, მაგრამ იმპროვიზაციის დიდი საშუალება იყო. პიესის ტექსტი იატაკზე იყო გაფენილი და მაყურებელს შეეძლო აეღო, წაეკითხა, გაეგო, რა ხდება. თეატრის ბევრი კრიტიკოსი იყო მოსული. კითხვები დაგვისვეს და ბოლოს აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესოა და კარგია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რამ გაკეთდაო, ანუ, ეს ცოცხალი ექსპერიმენტი შედგა და წარმატებას გვილოცავდნენ. ამერიკაში არიან ახალგაზრდა მსახიობები, რომლებისაც, აინტერესებთ მუშაობა, მოდიან და თანაც, როდესაც კენედის ცენტრის მიერ გამოცხადებული „ვორკ შოპში“ მონაწილეობ, ეს „სივში“ მნიშვნელოვნად გეთვლება. ანუ, მსახიობებთან პრობლემა არ გვქონია, ბოლომდე გაიხსნენ, ბოლომდე მოგვყვნენ. რაც შეეხება საქართველოს, აქ გვაქვს დასის ტიპის თეატრი და ასეთ დროს დასი ძირითადად რეჟისორზეა აწყობილი, მით უმეტეს, – ისეთ რეჟისორზე, როგორიც ბატონი რობერტ სტურუაა. ჩვენთან ექსპერიმენტული სცენაც არ არის, ამიტომ სპექტაკლი სარეპეტიციო დარბაზში დავდგით. თუ გვინდა, რომ საქართველოში თანამედროვე თეატრი განვითარდეს, თანამედროვე თეატრის პირობები უნდა შევქმნათ, რაშიც უპირველეს ყოვლისა, სივრცეს ვგულისხმობ. საქართველოში ტექნიკური მხარეც რთულია, თანაც მსახიობიც ნაკლებად ენდობა რეჟისორს, რომლის ნამუშევარიც არ უნახავს. ამასთან ერთად, ამერიკელია და უცხო ენაზე საუბრობს. შესაბამისად, იყო სირთულეები. კონცეფცია ასეთი გახლდათ: დარბაზში იდგა გასაშლელი საწოლები რეალითი შოუსავით. შემოდის მაყურებელი და უყურებს მსახიობს... მათ შორის უნდა გამართულიყო ორმხრივი თამაში. მსახიობებისთვის ეს ყველაფერი ცოტა მოულოდნელი იყო – გრიმის, დისტანციის გარეშე უნდა ემუშავათ მაყურებელთან, რომელიც მათ ფილმებიდან, სპექტაკლებიდან იცნობს. თუმცა მაინც სპექტაკლი გამოვიდა, ოღონდ მძიმედ, მაგრამ ამას ველოდებოდით. ენერგეტიკის გაცვლა უფრო ახალგაზრდებში მოხდა, ასაკში შესული ადამიანები უფრო კრიტიკულად განეწყვნენ – რთულია, შეხვდე სპექტაკლს, სადაც გგონია, იჯდები, შენთვის სკამზე ჩაკეტილი და ამ დროს უნდა იმოძრაო, გაიხსნა, რაღაც უნდა თქვა. მიხარია, რომ ჩვენი ექსპერიმენტი მაინც შედგა და დღემდე დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ გავაკეთოთ... თბილისში ასევე გავაკეთე 24-საათიანი ფესტივალი, რომელიც ამერიკული  ფორმატისაა და ბროდვეიზე დგამენ ცნობილი რეჟისორები. ეს ერთგვარი სავარჯიშოა – 24 საათში უნდა დაწერო სპექტაკლი, დადგა და ითამაშო. ჩვენც ავირჩიეთ 4 დრამატურგი, რომლებიც ღამის 2 საათამდე წერდნენ პიესას, დილით ადრე გავაღვიძეთ რეჟისორები. პირდაპირ ეთერში გადავეცი მათ პიესები ისე, რომ არც ვიცოდით, ვის რა შეხვდა. მსახიობებიც შევარჩიეთ და საღამოს 4 სპექტაკლის საკმაოდ წარმატებული პრემიერა შედგა. მინდა, წელსაც შევთავაზო რუსთაველის თეატრს, რომ ისევ დაგვიდგნენ მხარში, ალბათ, ამერიკის საელჩოც ჩაერთვება, რადგან ამით ხდება ამერიკული კულტურის ერთგვარი გაცნობა საქართველოში.

 

скачать dle 11.3