დაეხმარე, მაგრამ...
რა კარგია, როცა გვერდით ერთგული მეგობარი გყავს, რომლის იმედიც ყოველთვის შეიძლება გქონდეს! თუმცა, მაინც ამბობენ, რომ ქალებმა მეგობრობა არ ვიცით. იქნებ, არის კიდეც ამაში სიმართლის მარცვალი; იქნებ, მხოლოდ სურვილი არ კმარა იმისთვის, რომ კარგი მეგობარი იყო?! არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვა, რომ შენზე ყველა ამბობდეს, არაჩვეულებრივი მეგობარიაო.
1. არასოდეს გამოკითხოთ (დაკითხოთ) მეგობარი და შეკითხვებით სული არ ამოხადოთ. თუ მას არ უნდა თქვენთან თავის პრობლემებზე საუბარი, ნუ გამოსძალავთ ინფორმაციას. როცა თავად გთხოვთ, თანაუგრძნოთ, მაშინ შეაშველეთ მხარი, რომ დაგეყრდნოთ, და თავისი ტკივილი გამოიტიროს. შეგიძლიათ მხოლოდ ჰკითხოთ, ხომ არ უნდა თქვენი დახმარება. თუ გეტყვით, რომ „არა“, ნუღარ შეაწუხებთ.
2. ნუ შეუშლით ხელს, გამოხატოს თავისი ემოცია. თუკი უნდა ტირილი, იტიროს. ამით არაფერი დაუშავდება. ნუ აიძულებთ, დისკოთეკაზე ან სასეირნოდ გამოგყვეთ. უმჯობესია, მოუმზადოთ ჩაი ან ყავა და ხელსახოცებით მოამარაგოთ – დაე, გამოიტიროს. მოეშვება.
3. არასოდეს გააკეთოთ შედარება თქვენსა და მას შორის. არ თქვათ, რომ უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი ხართ. რატომ უნდა იყოთ ერთნაირები?! და, როცა მეგობარი ცუდ დღეშია, არ უნდა მოუყვეთ, როგორ უარეს მდგომარეობაში იყავით თქვენ. მთავარია, მისი ცუდი პერიოდი დასრულდეს.
4. არ განიკითხოთ, არ განსაჯოთ და ჭკუა არ დაარიგოთ – ეს აკრძალული თემაა. ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ შეცდომებისთვის პასუხი მოეთხოვება. ნურც ცეცხლზე ნავთს დაუსხამთ.
5. არ იჭორაოთ მეგობარზე. ნუ იტყვით იმას, რომ მხოლოდ მოუყევით კეთილისმსურველს ამბავი, საჭირო დასკვნა ერთად რომ გაგეკეთებინათ. არავითარ შემთხვევაში, თორემ, არათუ ცუდი მეგობრის, არასანდო ადამიანის იარლიყიც გარანტირებული გექნებათ.