სოფლის აშიკი
ჩვენი პასიკოსი არ იყოს, ეს ლუსიანა სალასარი „რავა სულ მოზვერს უნდა ეძებდეს”. ცნობილი ჩოგბურთელების: მარსელო რიოსის, გასტონ გაუდიოს, ნიკოლას მასუსა და ფერნანდო გონსალესის ყოფილი ქალი ამ ზაფხულს დღეისათვის უძლიერესი არგენტინელი ჩოგბურთელის, ხუან მარტინ დელ პოტროს სახლში გადაბარგდა, მაგრამ 20 წლის ბიჭს 30 წლის ქალი მალე მოჰბეზრდა და გაუშვა. როგორც ჩანს, ლუსიანა ამ ამბავმა ძალიან შეაწუხა და გასულ კვირას ტელევიზიით არცთუ უინტერესო განცხადება გააკეთა:
„მე იმისთვის დავიბადე, რომ პოპულარული ადამიანები მეფერებოდნენ და მანებივრებდნენ. ახლა ჩემი გული თავისუფალია და ნებისმიერს შეუძლია, მომხიბლოს, ოღონდ, ჩემს მოსახიბლავად მხოლოდ შესაძლებლობა არ კმარა, მთავარი კრიტერიუმი სპორტული აღნაგობაა,“ – განაცხადა ლუსიანამ, რაც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს: დაბლები და მსუქნები ნუ გამომეხმაურებითო.
ახლა საკითხავი ის არის, ვინ ეტყვის სალასარს, შემოდი, საწნახელს დამიხედე, კარგი თვალი გაქვსო.