როგორ ნახა სიზმრად გოდერძი ჩოხელმა მომავალი ბედნიერება და რაში იდანაშაულებდა თავს ის
„იცით, რა ცუდად ვარ?! ღამე რომ დავწვები, ათას რამეს ვფიქრობ. ფილმების გადაღება მინდა, უამრავი გეგმა მაქვს, მაგრამ რომ გავიღვიძებ და ვხედავ არაფრის საშუალება არ არის, საშინელ ხასიათზე ვდგები. ექიმები ამას დეპრესიას უწოდებენ, მე კი კინოს გადაღება მინდა. იცით რას ვნატრობ?! დავრჩენილიყავი იმ ჩოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი. არ გამეგო იმდენი რაღაც, რაც უნდა გამეგო და არ დამმართნოდა ეს. მეცხოვრა იმ გათენებით და დაღამებით”... – ასე იწყება გოდერძი ჩოხელის ცხოვრების დღიურები. მოთხრობაში „ანგელოზთღამეობა” დედაშვილობის საოცარი ძალაა გადმოცემული. აშკარად ჩანს გოდერძის განუზომელი სიყვარული დედის, ლელა წიკლაურის მიმართ, რომელმაც მთის მკაცრ პირობებში, უზომო ჯაფითა და სიყვარულით, მარტომ გამოზარდა ორი შვილი. მასზე ბევრს არაფერს ვიტყვი – რა საჭიროა! გადაშალეთ მისი წიგნები, უყურეთ მის ფილმებს და დასკვნებიც თვითონ გააკეთეთ.
მე დავიბადე
„მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. დავიბადე საქართველოს მთაში, გუდამაყრის ხეობაში. ჩემს სოფელს ჩოხი ჰქვია, ჩემს სალოცავს – ჩოხის წმიდა გიორგი. გუდამაყრის ხეობაში შავი არაგვი, ოღონდ არა – ბოროტად, კეთილად მოედინება. დედა ჩემთვის ის ანთებული სანთელია, რომელიც საიქიოდანაც კი მინათებს სააქაოს. რომ არა დედაჩემი და მისი მადლი, მე დღეს არავინ არ ვიქნებოდი და, თუკი რამ კარგია ჩემს არსებობაში, სწორედ ეს არის დედაჩემის ფენომენი. დედაჩემს ესმოდა ბალახებისა და ფრინველების ენა, ადამიანებივით ელაპარაკებოდა მათ. დედაჩემი რომ მიყვებოდა, როგორ დავიბადე, ეს რაღაც ძალას მმატებდა, საკუთარი თავის გამორჩეულობაზე მაფიქრებდა. მე გზაზე დავიბადე და მთელი ჩემი ცხოვრება გზაა, ძიებაა. ჩვენს სოფელში მშობიარობა აკრძალული იყო, მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა. როცა დედაჩემმა იგრძნო, მშობიარობის დრო მოუვიდა, გაემგზავრა თავის მშობლებთან, რომლებიც უფრო ზემოთ, მთაში ცხოვრობდნენ, მაგრამ, ვეღარ ააღწია – მშობიარობა დაეწყო. გზაზე მწყემსის სახლს წააწყდა. მისმა პატრონებმა დედაჩემი ბოსელში შეუშვეს, სადაც ოქტომბრის სუსხიან დღეს გავჩნდი მე – გოდერძი ჩოხელი.
ვარ კინორეჟისორი, მწერალი, მიყვარს ჩემი სამშობლო. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე – ნინო და ორი ვაჟი – ლუკა და ნიკა. მინდა, კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, ოღონდ, აზრიანად, საქმიანად და არა ისე, როგორც ამჟამად, როცა ყველა გზა ჩაკეტილია. აი, ასეთია ჩემი ბიოგრაფია…
გულს მილაღებს ჩვენი დიდი წინაპრების გახსენება, გულს მილაღებს, როცა ქუჩაში ფეხმძიმე ქალს ვხედავ, გულს მილაღებს ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა და ყოველივე ქართული, სადაც ჩვენი წინაპრების სულია გაცხადებული. მე რისი უნარიც მომცა ღმერთმა, იმისთვისაც მადლობელი ვარ. რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ვერ წარმომიდგენია სხვანაირი გოდერძი ჩოხელი. უპირველესად, სახარების ყოველი წაკითხვისას, მგონია, რომ უკეთესი ვხდები, ხოლო ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედება სახარებასავითაა. რა თქმა უნდა, თბილისი მიყვარს, მაგრამ, დღემდე ვერ შევეგუე. აქ რაღაცნაირი შებორკილი ვარ, თავს ლაღად ვერ ვგრძნობ. სწორედ ჩემზეა ნათქვამი: „ირემო, მთასა მყვირალო, რამ ჩამოგაგდო ბარადა?“ ბედისწერამ, ბედისწერამ ჩამომაგდო, ალბათ. საიდან, როგორ და რატომ ჩამოვყალიბდი ასეთ კაცად, როგორიც ვარ? ღმერთს ასე უნდოდა. სიყვარულს კი, ისეთი ბუნება აქვს, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს. სიყვარულის რომ არ მჯეროდეს, არც გოდერძი ჩოხელი ვიქნებოდი დღეს. მე აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალისა და კაცის სიყვარულს. თუმცა, ქალს რომ კაცი უყვარს მთელი არსებით, ამაზე დიდი ნეტარება (ტკბილ-მწარე) არ გაუჩენია ღმერთს.”
კინოში მოსვლა
„კინომცოდნე ეთერ გუგუშვილს ძალიან ვუყვარდი და დიდი ამაგიც აქვს ჩემზე. კინომცოდნეობიდან მერე მე ხომ კინოსარეჟისოროზე გადავედი. ამ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდი, თუ ერთი უმაღლესი უკვე დამთავრებული არ გქონდა. ქალბატონმა ეთერმა იმდენი იბრძოლა, ჩამრიცხეს კინოსარეჟისოროზე. კინოსარეჟისოროზე რომ ვაბარებდი, კინოს სახლში ფილმი გვაჩვენეს. რეცენზია უნდა დაგვეწერა. მე ლექსად დავწერე.”
„ადამიანთა სევდა”
„ბუზღუნა ნამდვილად ვარ. ისეთ წვრილმანებზე ვბუზღუნებ, რომ შეიძლება, გაგეცინოთ კიდეც. თან, ამ წვრილმანებს ხანდახან ისეთ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ მერე, როცა ბუზღუნი გადამივლის, ჩემი თავისა თვითონვე მრცხვენია. ბევრს ჰგონია, რომ ვიღაცაზე გულნატკენი ვარ, ნაწყენი, თითქოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოვითხოვდი და ვერ მივიღე. არა, ისე არ ვფიქრობ. ერთი წუთითაც არ მაქვს იმის განცდა, რომ ვიღაცამ რაღაც დამაკლო. პირიქით, იმდენი ყურადღება ვიგრძენი. შეიძლება არც კი ვიყო ღირსი. იმის მერე შევიცვალე (თავი რომ დაიჭრა – ავტორი). თვალი რომ გავახილე და გარეთ გავიხედე, აქეთ აღარ მომინდა. ძალიან ცუდი რამეები მეფიქრება. სულ ვეჭიდები სიკვდილ-სიცოცხლეს, ყოფნა-არყოფნას, სულ გაძლებაზე ვარ. ადრე ვგრძნობდი, რომ ბევრი რამის გაკეთება მინდოდა და შემეძლო, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი გაქრა. არ მინდა ჯოჯოხეთში მოხვედრა, არც ამ ქვეყნის დატოვება მინდა. უფლის ძალიან მეშინია. როგორც ჯოჯოხეთიდან აღწევა უნდა სულს, ისე მე სხვაგან მინდა გადასვლა, სხვაგან – სიკვდილია. სიკვდილითაც ყველაფერი არ მთავრდება. ზოგიერთი დღესაც ვერ გაუძლებდა იმას, რასაც მე ვუძლებ. ცხოვრება სასტიკია და დაუნდობელი. მწერალს არ უნდა სჭირდებოდეს იმაზე ფიქრი, როგორ დააკმაყოფილოს ოჯახის ყოველდღიური მოთხოვნილებანი. ჩვენ ძირითადად მეგობრებითა და სხვისი დახმარებით, ჰონორარებით ვცხოვრობთ. ეს კი, არც ისე სასიამოვნოა. ამის გამო ოჯახის უფროსის, მეუღლისა და მამის როლში თავს ზოგჯერ უხერხულად ვგრძნობ და მგონია, რომ რაღაცაში დამნაშავე ვარ. დამიჯერეთ, სამუშაო ოთახი კი არა, საკუთარი მაგიდაც არ მაქვს. არა, არ ვწუწუნებ, ქვეყანას უჭირს და მე რატომ უნდა მილხინდეს („გოდერძი სულ იმას ნატრობდა, ნეტავ 100 ლარი მაინც მქონდეს ხელფასიო,“ – იხსენებს გოდერძის მეუღლე ნინო მელაშვილი. ავტორი).
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ მადარდებს, იმდენად ბევრი, რომ ერთი გუდა დარდებითა მაქვს სავსე. იმქვეყნად რომ წავალ, ღმერთს უნდა მოვახსენო ჩემი დარდები. ერთი ასეთი რომანი მაქვს დაწერილი – „ადამიანთა სევდა,” რომელიც ასე მთავრდება: „რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა. ხოლო რატომ მოდის კაცი ამქვეყნად, ეგ ღმერთის გარდა არავინ იცის. მჯერა „იმ დიდი სოფლის,” მაგრამ ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე და მაშინა ვარ ყველაზე უფრო სევდიანი და მიუსაფარი. მე ბავშვობიდან ეკლესიის მოედანზე ვიზრდებოდი და ღვთის რწმენა მთლიანად მოიცავს ჩემს არსებობას, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ხანდახან ვერ ვასრულებ ღმერთის მცნებებს ისე, როგორც უნდა დაიცვას და შეასრულოს ადამიანმა… ყველაზე დიდი სასჯელი ჩემთვის უსაქმოდ ყოფნაა. და რაც დრო გადის, მით უფრო მკაცრი ხდება ეს სასჯელი.”
ასეთი საქართველო
„დღეს საქართველო მაგონებს ჩამორღვეულ ეკლესიას, მეორე კედელი გაბზარულია, გუმბათი გამოცლილი აქვს, გუმბათზე მაცხოვარი არ არის, ხავსი აქვს მოკიდებული, ფრესკები ჩამოფხეკილია, აქა-იქ ნამწვავი სანთლებიც ყრია. მინდა, ეს მიმობნეული ქვები თავის ადგილას დაეწყოს… დიახ, ჩემი უპირველესი დარდი სამშობლოა. მეგონა, აღარ დავხოცავდით ერთმანეთს, აღარ გავიმეორებდით ისტორიას, დავკარგეთ საქართველოს კუთხეები… ადამიანთა დიდი სურვილია, დარჩნენ მარადიულობაში, დიდი ნეტარებაა, იქ ნახო ვაჟა, რუსთაველი, თამარ მეფე!..”
როცა ასეთი სიყვარულია
8 წლისას უცნაური სიზმარი უნახავს: მისი სახლი ჩოხში წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში დგას და, თითქოს იმ ეკლესიის გუმბათზე იჯდა გოდერძი. მეზობლები და ახლობლები ამ ახირების გამო გაკვირვებასა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ხალხში უცნობი გოგონა შეუნიშნავს, ძირს ჩამოდიო – ემუდარებოდა. გოგონა ძალიან ლამაზი იყო, მოსწონებია გოდერძის და თავისთან აუპატიჟებია. მერე მანდ როგორ ამოვიდე, ფრენა რომ არ ვიციო? – გაჰკვირვებია ლამაზ გოგოს. თუ მოინდომებ, ამოფრინდებიო! – უთქვამს გოდერძის და გაღვიძებია. გოგონას სახე კი სამუდამოდ დაამახსოვრდა და იცოდა, რომ ოდესმე აუცილებლად შეხვდებოდა. აკი შეხვდა კიდეც და, თითქოს ბავშვობის ოცნება და სიზმარი ერთად აუხდა. სიზმარი კი, მართლაც, საოცარი იყო: იმ სიზმარში გოდერძი და ნინო იმოდენები იყვნენ, რა ასაკშიც შეხვდნენ ერთმანეთს. ერთმანეთი 1982 წელს, ტელევიზიაში გაიცნეს, სადაც ნინო ჟურნალისტად მუშაობდა. გოდერძი იმ დროს უკვე პოპულარული ახალგაზრდა მწერალი იყო და შეხვედრა გაუმართეს. ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ნინო… ერთხელაც, ჩოხში სიცხიანი იწვა თურმე გოდერძი და ნინო დასიზმრებია, რომელიც ცხენზე ამხედრებული თავისკენ უხმობდა. წამომხტარა გოდერძი, სქელი ნაქსოვი ჯემპრი გადაუცვამს და თბილისს გამოქანებულა. აგვისტო იყო და იწვოდა ყველაფერი. უთხრეს, ნინო ზღვაზეა წასული, გაგრაში ისვენებსო. დაუფიქრებლად გაემგზავრა. თავქუდმოგლეჯილი დარბოდა გაგრის პლაჟზე და დაეძებდა ნინოს. შიშველი ხალხი გაოცებით უცქეროდა თურმე სქელ ჯემპრში გახვეულ ბიჭს, ის კი ეძებდა, ეძებდა. გზადაგზა ბარიერები ხვდებოდა – სამთავრობო აგარაკები იყო თურმე დაცული. აბა, გოდერძიმ რა იცოდა, აძვრებოდა მესერზე, გადაძვრებოდა მეორე მხარეს, ატყდებოდა ერთი ალიაქოთი – რა უნდა, ვინ არის, რატომ გადმოვიდაო. თან, ჩაცმულობა აკვირვებდათ, ეს კი ჩუმად დადიოდა პლაჟზე და დაეძებდა, სად ეცალა ასახსნელად და, აი, მიაგნო და შვებით ამოისუნთქა. აღარც ავად იყო, აღარც დაღლილი და გაწამებული, აღარც შალის ჯემპრი წვავდა და, საერთოდ, მაშინ გოდერძიზე ბედნიერი კაცი მთელ ქვეყანაზე არავინ იყო. „ჩემმა ჩამოსვლამ საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება. მერე ბიჭვინთაში წავიყვანე, იქ გავატარეთ თაფლობის თვე. ასე რომ, გაგრისა და ბიჭვინთის დაკარგვა ორმაგად მძიმეა ჩემთვის. იქ ბედნიერება და სიყვარული ვიპოვე და, მინდა, მტკივა, მენატრება იქაურობა”, – იხსენებს გოდერძი.
გოდერძის და ნინოს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დასწერა ჯვარი მამა ანტონმა, რომელიც ამჟამად წილკნელი ეპისკოპოსი მეუფე ზოსიმეა; პირველი შვილი – ლუკაც იქ მოუნათლავთ. სამთავროს დედათა მონასტერში რომ დაიკრძალა, მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ესეც უფლის დაშვება იყო. გოდერძის სხვანაირად, ძლიერ უყვარდა ნინო. ერთხელ მოსკოვში წავიდა და, მეორე დღიდან, ყოველ ნახევარ საათში ზუსტად ერთსა და იმავე შინაარსის დეპეშას უგზავნიდა: „ნინო, ძალიან მიყვარხარ! გოდერძი ჩოხელი.”
„კაცმა ყველა წინააღმდეგობა უნდა გადალახო და ღვთის სათნო საქმე აკეთო. წყალმაც იცის ფიქრი, ხემაც, მით უფრო კაცმა ბევრი უნდა იფიქროს. ბედნიერებაა, თუ კაცი მოსაგონარს დატოვებს და, თუ ჩემი შემოქმედებით მოვახერხე, რამე ღირებული შემექმნა, მადლობა ღმერთს ამისათვის და კიდევ – ნინოს, ჩემს ნამდვილ მეწყვილეს, რომელსაც ასე კარგად ესმის ჩემი. გადაღებების დროსაც ჩემ გვერდითაა და ყოველი ტკივილისა თუ სიხარულის თანაბრად გამზიარებელიც არის!”...
სხვებზე მზრუნველი
გარდაცვალებამდე ბოლო ორი წელი გოდერძი გულიკო ჩაფიძის კლინიკაში იწვა. მთელი მედპერსონალი თავს ევლებოდა, არაფერს აკლებდნენ. გოდერძი მესამე სართულზე იწვა. მე და ნინო მივედით, ახალი ჟაკეტი და პერანგები მივუტანეთ. ძალიან სუსტად იყო – ყველაფერი მტკივაო. ნინომ რამდენჯერმე სთხოვა ტანსაცმლის მოზომვა. გოდერძიმ ყურიც არ ათხოვა ნინოს და მეოთხე შეხსენებაზე გაბრაზდა. უცებ მეზობელი პალატიდან ვიღაც კაცმა შემოიხედა: – ბატონო გოდერძი, დიაბეტი აქვს დედაჩემს, ახლა მოვიყვანეთ და ჭამის დრო მოუვიდა, ცოტა ყველი და პური ხომ არ გექნებათ?
გოდერძი წამოხტა, დაფაცურდა, კარადიდან ყველი, პური და ქათმის ხორცი გამოიღო და იმ კაცს მიაწოდა. კაცი მადლობის მოხდით გავიდა. გოდერძის კიდევ რაღაც გაახსენდა, ახლა ის ამოიღო უჯრიდან და თვითონ გაურბენინა ავადმყოფ ქალბატონს. საკუთარ თავზე უფრო გაჭირვებული ნახა გოდერძიმ და ავადმყოფობა დაავიწყდა თითქოს.
მასალა გოდერძი ჩოხელის უახლოესმა მეგობარმა, ნინო ზედელაშვილმა ექსკლუზიურად მოგვაწოდა თავისი მომავალი წიგნიდან.