ექიმის რჩევები
კითხვა: 2 კვირის წინ, ზღვაზე ყოფნისას, მოვიწამლე. რამდენიმე დღე მქონდა ღებინება, ფაღარათი. ახლაც კი, ზოგჯერ, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, მეწყება ფაღარათი, საშინელი ბოყინი, გაზიანი სასმელების დალევის შემდეგ კი – მუცლის შებერილობა. რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომი. თანდათან ყველაფერმა უნდა გაიაროს. პირველ ყოვლისა კი უნდა მოერიდოთ პროდუქტებს, რომლებიც დისკომფორტს შეგიქმნით. ჭამის დროს მიიღეთ რაიმე ფერმენტული პრეპარატი (მაგალითად, მეზიმ-ფორტე, 1 აბი 3-ჯერ დღეში), მეტეორიზმის დროს კი – ესპუმიზანი (2 კაფსულა 3-5-ჯერ დღეში).
კითხვა: მშობიარობის შემდეგ, მინდა, ისევ ვიარო აუზზე. რამდენ ხანში შეიძლება ამის გაკეთება? რამე პრობლემები ხომ არ შემექმნება ბავშვის კვებასთან დაკავშირებით?
პასუხი: აუზზე წასვლა მშობიარობიდან 8 კვირის შემდეგ შეიძლება, მაგრამ, შენარჩუნებული ლაქტაციის შემთხვევაში, გადაციებამ, შეიძლება, მასტიტი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ბავშვს, შეიძლება, ქლორის სუნი არ მოეწონოს და აღარ მოწოვოს ძუძუ.
კითხვა: როგორ გადაეცემა ტუბერკულოზი?
პასუხი: ტუბერკულოზის აღმგზნები ჩხირები (კოხის ჩხირები) გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით (ავადმყოფის ნახველის წვეთებით), მტვრით, ალიმენტარული გზით (საკვები პროდუქტით, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული ცხოველებისგან არის მიღებული). აღწერილია აგრეთვე ტრანსპლაცენტარული გზა (დაავადებული დედისაგან – ნაყოფს).
კითხვა: როგორია ტუბერკულოზის საწყისი სიმპტომები?
პასუხი: სისუსტე, არამოტივირებული დაღლილობა, ოფლიანობა (უფრო ღამით), სუბფებრილური ტემპერატურა (37,0-37,5-დან 38-მდე), ხველა (ფილტვისმიერი ფორმის დროს). ხშირად საწყის ეტაპზე ტუბერკულოზი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა კვლევების მთელი რიგი, პირველ ყოვლისა კი – ფლუოროგრაფია.
კითხვა: რა წამლების ხმარება შეიძლება ჩუტყვავილას დროს? შეიძლება თუ არა პანტენოლის გამოყენება?
პასუხი: გარეგანი თერაპიის მიზანი ჩუტყვავილას დროს გამონაყარის ინფიცირების პროფილაქტიკაა. ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედება აქვს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი