ციხის საკნიდან კრივის რინგზე
მსოფლიოს ექსჩემპიონმა კრივში მსუბუქ წონაში, ბრიტანელმა სკოტ ჰარისონმა, რომელიც სულ ახლახან ესპანური ციხიდან გამოვიდა, კრივში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და ჩემპიონის ქამრის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. 34 წლის ჰარისონის თქმით, იგი კვლავ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი და მას ვერაფერი გააჩერებს. ციხეში ჰარისონი ორი წლის განმავლობაში იჯდა პოლიციელზე თავდასხმის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მისი პირველი პატიმრობა – 2006 წლიდან ჰარისონს პრობლემა აქვს მართლმსაჯულებასთან: ჯერ იყო და, მალაგაში ყოფნის დროს ავტომობილი გაიტაცა, შემდგომ დებოში მოაწყო ბორდელში და ბოლოს თავის მეგობარ გოგონას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჰარისონი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2002-2005 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობდა და უკანასკნელად რინგზე 2005 წლის ნოემბერში იყო გასული.