რატომ დაესწრო გიორგი ჯაჯანიძე საკუთარი შვილის მშობიარობას და რამ „გაალღო“ ის
ადამიანთა მესაიდუმლე მაშინ გახდა, როცა პროფესიით კინორეჟისორმა ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. მას შემდეგ დროც ბევრი გავიდა და ცხოვრებამაც ბევრი ასპარეზი შესთავაზა, თუმცა გიორგი ჯაჯანიძე დღემდე იმ ადამიანად რჩება, ვისაც თბილისური ბომონდის ქალები საკუთარ ცხოვრებას ანდობენ. სულ ეგონა, მათი ენა ყველაზე კარგად ესმოდა, მაგრამ სულ ახლახან, საკუთარ თავს ისეთი როლი მოარგო, რომ მისი დამოკიდებულებები ქალთა სქესის მიმართ მთლიანად შეიცვალა. გიორგიმ პირველი პრეცედენტი დაუშვა, საკუთარი შვილის მშობიარობას დაესწრო და ქალთა ბედნიერების ყველაზე მთავარ „ფორმულას” სწორედ იქ მიაგნო.
გიორგი ჯაჯანიძე: წელიწად-ნახევრის წინ, ჩემი შვილი, რომელიც ახლახან დედა გახდა, ფეხმძიმედ იყო, ტყუპებს ველოდით, მაგრამ ნაადრევი მშობიარობის გამო, ორივე ბავშვი დაეღუპა. ვგრძნობდი, ახლა როგორ უჭირდა შინაგანად, ამიტომაც გადავწყვიტე, მის მშობიარობას დავსწრებოდი. როცა ჩემს სიძესთან ერთად მეც გამოვთქვი ეს სურვილი, ბატონმა ვახტანგ ბარკალაიამ, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია, ხუმრობით გვითხრა: მეზობლებიც ხომ არ გინდათ რომ მოვიყვანოთ. ბარემ სახლში ემშობიარა, ყველა ერთად იქნებოდითო (იცინის). მე ჯენტლმენურად დავუთმე ეს მისია ჩემი ქალიშვილის მეუღლეს, რომელმაც ნახევარ საათში დატოვა საოპერაციო. ამის შემდეგ სამშობიარო ბლოკში მე შევედი, იქ ისეთი ემოციები დამეუფლა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ახალი სიცოცხლის დაბადება საყურებლად საოცარი რამ არის. 50 წლის ვარ, რა არ მინახავს – გაჭირვებაც, ტრაგედიაც, სიხარულიც და ტკივილიც, მაგრამ მსგავსი განცდა არც კი გამიგია.
– შენს შვილს არ ჰქონდა დისკომფორტი, იმის გამო, რომ მის მშობიარობას მამა ესწრებოდა?
– მე მივხვდი, რომ მშობიარე ქალს ისეთი ტკივილი გადააქვს, იქ განსხვავებული სქესის განცდა და დისკომფორტი, აღარ არსებობს. მე ისეთ განცდებში ვიყავი, ექიმი ნინოს რომ ეუბნებოდა, გაიჭინთეო, მეც ვიჭინთებოდი. სამშობიარო ბლოკიდან გამოსულს ყელის ძარღვები საშინლად მტკიოდა. ემოციებისგან გაქვავებული ვიყავი. ერთადერთი, ვინც ჩემი „გალღობა” შეძლო, იყო დედაჩემი. დიდი ხანია, ჩემი ატირება იოლი არაა, დედის დანახვაზე ისეთი ტირილი დავცხე, პატარა მეგონა საკუთარი თავი (იცინის). ამ დღემ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, მთლიანად შეიცვალა ჩემი შეხედულება ქალის, დედის, შვილის მიმართ. როცა პირველი შვილი მეყოლა, 17 წლის ვიყავი. მეორედ ოთხი წლის შემდეგ გავხდი მამა. ასეთ ასაკში მამობას ვერ აცნობიერებ. იცი, როგორი დამოკიდებულება მქონდა? ჩემს გვერდით იყო ორი პატარა ბავშვი, რომლებიც მიყვარდა, ვიხუტებდი გულში და სათამაშოებით ვთამაშობდი მათთან ერთად. არც ერთ გოგონას ჩემთვის მამა არ დაუძახია, სახელით მომმართავდნენ, რაც მაშინ ძალიან მომწონდა. როცა ბავშვები ღამით ტირილს იწყებდნენ, სხვა ოთახში ვიპარებოდი დასაძინებლად. ისე მბეზრდებოდა ეს ოჯახობანა, ღამით ვფიქრობდი ხოლმე: ოღონდ ჩემი ცოლი ახლა აქ არ იყოს, გაქრეს და ამ ტახტზე მარტო ვიწვე, მერე თუ გინდა, მოვკვდე-მეთქი (იცინის).
– ამიტომაც გაგექცა ორივე ცოლი?
– ეგ კიდევ საკითხავია, ვინ ვის გაექცა (იცინის). ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან გონისმიერი ადამიანი ვარ. თუმცა, საკმაოდ გვიან განვვითარდი. იმის თქმის არ მრცხვენია, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან მოვიდა. ამიტომაც, ვამბობ ხშირად: ბებერი თინეიჯერი ვარ-მეთქი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ახლაც ბავშვის ფაფებს ვჭამ – ვიტამინიზებულია და ეკოლოგიურად სუფთა.
– შენ ძალიან ბევრი ქალის მესაიდუმლე ხარ, ახლა, ალბათ, უკეთ გაიგებ ქალების ენას?
– ახლა არათუ უკეთ გავიგებ ქალების სატკივარს, შეიძლება შემომაკვდეს ვინმე, ჩემთან იმის გამო რომ იგლოვოს, ქმარმა ან საყვარელმა მიმატოვაო (იცინის). რამდენი უცნაური რამ აწუხებთ მათ: ის, რომ ვერ შეიძინეს სასურველი ნივთი ან ტანსაცმელი; ის, რომ არ უმართლებთ პირად ცხოვრებაში... მას შემდეგ, კი რაც საკუთარი თვალით ვიხილე, დავრწმუნდი, ამქვეყნად ყველაზე ღირებული სიცოცხლის მოვლენა ყოფილა, რისი ბედნიერებაც მხოლოდ ქალის ხვედრია. როცა ბავშვი იბადება, მაშინ ყველაზე ხილულად გრძნობ, რა დიდია უფალი – როგორ ცოცხლდება არსება, რომელსაც შენ მიანიჭე სიცოცხლე. ამიერიდან, იმ დიდი პატივისცემის მიუხედავად, რაც ქალთა სქესის მიმართ მქონდა და რაც ახლა უფრო გაათმაგდა, ქალი რამეს რომ გლოვობს, მის მიმართ სასტიკი და დაუნდობელი გავხდები (იცინის). რომ შეიძლებოდეს, სიამოვნებით გავხდებოდი კონსტიტუციაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი და შევატანინებდი ცვლილებას, რომლითაც ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო გახდებოდა, ცოლის მშობიარობაზე დასწრება, განსაკუთრებით, მოღალატე მამაკაცებისთვის იქნებოდა ეს მკაცრი სასჯელი.
– ვიცი, ამ თემაზე საუბარი არ გიყვარს, მაგრამ მაინც მინდა გკითხო: შენი და პოეტ იზა ორჯონიკიძის სიყვარულის ისტორიაზე მომიყევი. რას ნიშნავდა ეს შენს ცხოვრებაში?
– მე ახლაც არ ვიცი, ეს რა იყო – უცნაური, მაგრამ ძლიერი სიყვარულის ისტორია. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ უცნაურად დაიწყო, მე მას დავურეკე როგორც ჟურნალისტმა და ინტერვიუ ვთხოვე. ძალიან მოკრძალებულად დავურეკე, როცა ინტერვიუ ვუხსენე, ხმა გაუმკაცრდა: ვინ ბრძანდებით, რომელი ჟურნალიდან? ამ შეკითხვებზე ვუპასუხე და უცებ მკითხა: თქვენ მე მიცნობთ? მე ვუპასუხე: ქალბატონო იზა, თქვენ ვინ არ გიცნობთ-მეთქი. მან ისევ დამიბრუნა შეკითხვა: ჩემი ლექსები და წერილები წაკითხული გაქვთ? დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეთქვა, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მთელი სერიოზულობით ვუთხარი: ქალბატონო იზა, თქვენი ლექსები ბავშვობაში მაქვს წაკითხული-მეთქი. დიდობაში რომ წაიკითხავთ, მაშინ დამირეკეო, მითხრა და ტელეფონი დამიხეთქა. მე კიდევ გადავურეკე და პირობა მივეცი, რომ ორ დღეში წავიკითხავდი მის ლექსებს. ეს პირობა შევუსრულე, ორ დღეში მივედი მასთან და ასე დაიწყო ყველაფერი.
– თქვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ეს ხელს არ უშლიდა თქვენს რომანს?
– იზა დედაჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო და არაორდინალური ქალი გახლდათ, ისეთი დაუშრეტელი ფანტაზია ჰქონდა, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახებოდა. ის იყო გონიერი ქალი, ჰქონდა საინტერესო სამყარო. საოცარი რომანტიკოსი იყო. ერთხელ აგარაკზე ვიყავით და მითხრა: მოდი, ერთად ვუყუროთ, ვარდი როგორ იშლებაო. ის არ იყო ერთი ადამიანი, მასში ცხოვრობდა პოეტი, ქალი, მეგობარი. მასში ყველაფერი ერთად მიყვარდა. ერთი შეხედვით ძალიან მკაცრი და შეუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მას გარეთ ასე იცნობდნენ – კატეგორიულსა და შეუბრალებელს. ჩემთან სულ სხვანაირი იყო. თბილი, ემოციური, გულწრფელი. ჩვენ არ გვქონდა მარტო ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ეს იყო დიდი მეგობრობა, ძალიან სუფთა ურთიერთობა, რომელსაც ვერავინ შეეხო.
– როგორც ვიცი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მასთან შეხვედრა აგიკრძალათ?
– კი, მან უკვე იცოდა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული. ერთხელ, უკვე ონკოლოგიურ საავადმყოფოში იწვა, როცა მასთან სანახავად მივედი. იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი. დერეფანში, ფანჯრიდან დავინახე, როგორ უბერავდა სულს ახალწასმულ ლაკს, თმა ლამაზად დაევარცხნა, გაპრანჭულიყო. როცა პალატაში შევედი, ძალიან გაუხარდა. იცოდა, უკურნებელი სენი რომ სჭირდა, ვგრძობდი, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. როცა საავადმყოფოდან გამოწერეს, დავურეკე, მთხოვა, სახლში არ მოხვიდე, არ მინდა, ასე მნახოო. თუმცა, გარდაცვალებამდე სულ მირეკავდა და ლექსებს მიკითხავდა ტელეფონით. მე შევუსრულე ეს პირობა და მასთან აღარ მივედი...