ვინ ადინა ანიტა რაჭველიშვილს ცხვირიდან სისხლი და ვინ ემუქრებოდა მას მოკვლით
ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა, იტალიაში კი ანასტასია რაველად ცნობილმა მომღერალმა, უცხოეთში წასვლამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. ცხოვრებისეული პირობები ხელს არ უწყობდა და დიდხანს არ აძლევდა საშუალებას თავისი ნიშა ეპოვა და საოპერო ხელოვნებაში ის ადგილი დაეკავებინა, რომელიც დღეს აქვს, თუმცა, მომღერალს მიაჩნია, რომ წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა გასავლელი. საქართველოში მისმა ოჯახურმა გაჭირვებამ პიკს რომ მიაღწია, ჩემოდნები ჩაალაგა და უცხოეთისკენ გასწია. ამაში მშობლები და ვოკალის პედაგოგი დაეხმარნენ. იმ მომენტში ერთადერთ პრობლემად უფინანსობა რჩებოდა. ევროპაში გასამგზავრებელი თანხები არ გააჩნდათ და, ცნობილ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან თუ მთავრობის წევრებთან ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი იპოვეს – ბინა ბანკში ჩადეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
– როდესაც გინდა, წარმატების საფეხურზე ახვიდე, ბუნებრივია, რაღაც-რაღაცეებთან შერკინება გიწევს, რაღაცეებზე უარს ამბობ, ჩნდება ბევრი არაკეთილმოსურნე… შენ რა გზა გამოიარე აქამდე, რა სირთულეებს წააწყდი?
– 7 წლის ვიყავი, მშობლებმა სამუსიკო სკოლაში რომ შემიყვანეს. შვიდი წელი ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ, დაკვრა არ მაგიჟებდა. საშუალო სკოლისა და სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთი წელი იურიდიულზე ვისწავლე, თუმცა, მალევე მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყო და თავი დავანებე. მთელი დღე პიანინოსთან ვიჯექი, სიმღერებს ვწერდი და ვმღეროდი. ოჯახმა შემომთავაზა, ვოკალში დამეწყო მეცადინეობა. თავიდან ეს აზრი მაინცდამაინც არ მომწონდა, მაგრამ, გადავწყვიტე, მათთვის დამეჯერებინა და ვოკალის პედაგოგის ძებნა დავიწყე. ქალბატონი მზია დავითაშვილი, არაჩვეულებრივი მომღერალი, ადამიანი და პედაგოგი, იმ დროს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. მან ერთი წელი მომამზადა ვოკალში და მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. კონსერვატორიაში მანანა ეგაძესთან დავიწყე მეცადინეობა. მან ბევრი რამ მასწავლა, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. მისი და ჩემი მშობლების წყალობით ვარ დღეს აქ; ამ სამი ადამიანის წყალობით მივაღწიე წარმატებას, მაგრამ, სამწუხარო ამბავი მოხდა: ჩემი პედაგოგი მილანში ჩემს ჩამოსვლამდე გარდაიცვალა და მის გარეშე ძალიან გამიჭირდა.
– სიმართლე გითხრა, ყველას გაუკვირდა, როცა გაიგეს, რომ, ევროპის საუკეთესო საოპერო მომღერალი, ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, თურმე, გლდანელი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი ყოფილა, რომელმაც დიდი გაჭირვება გამოიარა. მოგვიყევი შენი თბილისში ცხოვრების რთულ პერიოდებზე.
– დასამალი არაფერი მაქვს, ნამდვილად ძალიან, ძალიან გვიჭირდა. უმძიმეს პირობებში ვცხოვრობდით. ვშიმშილობდით, სხვა ელემენტარულ რაღაცეებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. როდესაც ჩემი სწავლისთვის დაგვჭირდა ფული, ვერაფერი მოვახერხეთ. ვოკალში, სოლფეჯიოსა და სხვა საგნებში მომზადება მჭირდებოდა, ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. მახსოვს, ზამთარში რამდენიმე წყვილ წინდას და სანდლებს ვიცვამდი. ვიყინებოდით, სახლში არაფერი გვენთო, ყველა ერთად ვწვებოდით ლოგინში, რომ ერთმანეთი გაგვეთბო, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა. თუ ეს გზა არ გამოიარე, ისე ვერაფერს მიაღწევ. დღეს აქედან მშობლებსა და ჩემს დას ვეხმარები. ვცდილობ, მათ არაფერი მოაკლდეთ. ვმღეროდი, ყოველდღე უკეთესობისაკენ მიდიოდა საქმე და ეს იმედი გვავსებდა ყველას. როდესაც ჩემი პედაგოგი მანანა ეგაძე ავად გახდა და იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი უცხოეთში. ეს გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ჩემი მონაცემები მილანის „ლა სკალას” აკადემიაში გავგზავნეთ. მხოლოდ ერთადერთი პრობლემა იყო – ფინანსები. ევროპაში წამოსასვლელი ფული არ გვქონდა. ვის არ ვთხოვეთ დახმარება: მთავრობას, ბიზნესმენებს, ცნობილ ადამიანებს, ოპერის დირექტორსაც კი, მაგრამ, ყველამ უარით გამოგვისტუმრა. პაატა ბურჭულაძისა და პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი. შევეცადეთ, პირადად ბატონი მიშასთვის გვეთხოვა დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტამდე არავინ მიგვიშვა. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – ბანკში ჩაგვედო ბინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. იტალიაში რომ ჩამოვედი და აკადემიაში ჩავაბარე, უბედნიერესი ვიყავი. ჩემი სტიპენდიის ნახევარს ჩემს მშობლებს ვუგზავნიდი, რომ ბანკის ვალი დაეფარათ. თვითონ ძალიან ცოტა მრჩებოდა და, ამიტომ, გამიჭირდა თავის გატანა იმ ორი წლის განმავლობაში მილანში ყოფნისას. საბედნიეროდ, ძალიან კეთილ ადამიანებს ვხვდებოდი აქ და ყოველმხრივ მეხმარებოდნენ.
– მშობლები გამოსავალს შენს სიმღერაში და საქართველოდან წასვლაში ხედავდნენ?
– რა თქმა უნდა, ჩემს სიმღერაში ხედავდნენ გამოსავალს, ამ ჩიხიდან სწორედ ჩემი დახმარებით გამოვედით. რაც ჩემი წინსვლა დაიწყო, მას მერე ვცდილობ, არაფერი მოაკლდეთ. მშობლები მთელი ცხოვრება მუშაობდნენ, წელებზე ფეხს იდგამდნენ, მაგრამ, თქვენ კარგად იცით, მაშინ რა ხელფასები იყო, და, ბუნებრივია, ოჯახს არაფერი ჰყოფნიდა. საბედნიეროდ, სიტუაცია ცოტათი გამოსწორდა. მამა მშენებლობაზე მუშაობს, დედა – სალონში, სტილისტად, თუმცა, სულ სხვა პროფესიის არიან: დედა მოცეკვავეა – ჯერ ბალეტს, შემდეგ ქართულ ცეკვებს ცეკვავდა, ერთი პერიოდი მღეროდა კიდეც, მამა კი ბასგიტარისტი და კომპოზიტორია.
ერთხელ ასეთი ამბავი შემემთხვა: კონსერვატორიის მესამე კურსზე ვსწავლობდი. ლექციებიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ავტობუსში ამომყვა სამი ტიპი. დღისით, მზისით დედაჩემის ნაჩუქარი ოქროს ძეწკვი და ნათლობის ჯვარი ჩამომგლიჯეს. დანებით დამემუქრნენ, პირდაპირ ჩემი სადარბაზოს წინ. ცეპი არ წყდებოდა და ყელი სულ დამიჩხაპნეს. ერთადერთი ის მოვიფიქრე, რომ არ უნდა გავნძრეულიყავი, რომ სახეზე დანა არ დაესვათ ან უარესი არ ექნათ. იმის მერე, ცხვირიდან სისხლდენა არ მიწყდებოდა და ძალიან დიდხანს ცუდი სიზმრები მესიზმრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამის მეტი არაფერი მომსვლია.
– ის ორი წელი, როცა შენი სტიპენდიის ნახევარს აქ გზავნიდი, ალბათ, ბევრ რამეზე გიწევდა უარის თქმა, ბევრ რამეზე გწყდებოდა გული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მანდაც გაგრძელდა შენი რთული პერიოდი?
– დიახ, მართალი ხარ. სამწუხაროდ, მილანში არაფერი შეცვლილა, ბევრ რამეზე ვთქვი უარი, მე შოპინგის მოყვარული არ ვარ და არც ძვირად ღირებული ტანსაცმელი მაცვია, მაგრამ ხშირად მინიმალურზეც კი მიწევდა უარის თქმა. იმ პერიოდში მთავარი იყო, ტანზე რამე მცმოდა და გზის ფული მქონოდა. რამდენჯერ ფეხით მივდიოდი ძალიან შორ მანძილზე. ერთი რუსი ებრაელი ქალბატონი ცხოვრობს მილანში, ირა ზლოტცევსკაია, რომლის სახლშიც ბევრმა ქართველმა იცხოვრა. მეც მასთან ვიცხოვრე ორი წელი, სანამ „ლა სკალას“ აკადემიაში ვსწავლობდი. ის ქალბატონი ორმოცდაათი წლის წინ იტალიელ კაცს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად მილანში ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ქირით ვცხოვრობდი, ყოველთვის მაცდიდა, როცა ფული არ მქონდა. არაჩვეულებრივი ადამიანია. ზოგჯერ პირიქით ხდებოდა – აქეთ მაძლევდა ფულს. ეს ქალი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.
– „ლა სკალას” თეატრის სცენაზე ასასვლელად რა ბარიერების გადალახვა მოგიხდა?
– პირველი ნაბიჯები კარიერაში საკმაოდ რთული იყო, მაგრამ, ბევრს ვშრომობდი და ენერგიას არ ვიშურებდი. პირველივე წელს „ლა სკალას” თეატრის სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. თეატრის დირექციას ძალიან მოსწონდა ჩემი ხმა და ცდილობდნენ, მაქსიმალურად დამხმარებოდნენ, მათი წყალობით, სხვადასხვა სპექტაკლსა და კონცერტში ვიღებდი მონაწილეობას.
– ალბათ, პირად ცხოვრებაშიც გქონდა რთული პერიოდები?
– თბილისში მყავდა საქმრო, არაჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ, დავშორდით. ურთიერთგაგება არ იყო და ჩემი პროფესიის გამო ხშირად ვკამათობდით. ასე რომ, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთად აღარ ვყოფილიყავით. მილანში, აკადემიაში სწავლის პერიოდში კი გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანი, იტალიელი ტენორი რიკარდო მასი, რომელიც დღეს ჩემი მეუღლეა. უკვე სამი წელია, ერთად ვართ. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩემი მეუღლეც მომღერალია, ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. თუმცა, ეს სიშორე ჩვენს სიყვარულს უფრო აღვივებს.
– იმ რთულ პერიოდებში ფიქრობდი, რომ აუცილებლად ვინმე უნდა გყოლოდა გვერდით, ვინც ყოფას ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებდა?
– მე ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჯერ მშობლების, შემდეგ საკუთარი თავის მიმართ. მარტოც მშვენივრად გავართმევდი თავს პრობლემებს, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ამისთვის უფლის მადლობელი ვარ.
– ოდესმე თუ გიგრძნია თავი იმდენად ცუდად, რომ სადმე ცოტა ხნით მაინც განმარტოების, ან რამე სისულეების ჩადენა მოგდომებია?
– სიმართლე გითხრა, მე დეპრესიას ვუწოდებ ავადმყოფობას, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება დაემართოთ, ვისაც არასდროს არაფერი მოჰკლებიათ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მქონია ასეთი მომენტებიც, როცა ყველაფრისთვის თავის დანებება მინდოდა და სამუშაოს ვეძებდი, ოღონდ, ეს მაშინ იყო, როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი და ძალიან გვიჭირდა. მინდოდა, რამე სამსახური მეშოვა, რომ შიმშილისგან არ დავხოცილიყავით, მაგრამ, ჩემმა მშობლებმა ამის ნება არ დამრთეს.