ინტიმური საუბრები
მინდა, ეს წერილი ჩემმა შეყვარებულმა წაიკითხოს
ჩემი შეყვარებული ციხეში ზის. ძალიან მინდა მასთან შეხვედრა ან დალაპარაკება, მაგრამ ამის უფლებას ჩემი მშობლები არ მაძლევენ. უკვე რამდენიმე თვეა, მისი ხმა აღარ გამიგია. მამაჩემმა სახლის ტელეფონის ნომერიც გამოცვალა და ჩემი მობილურისაც, რომ ვანიკომ ვერ დამირეკოს. ვინ იცის, ჰგონია, რომ აღარ მიყვარს და აღარ მახსოვს. არადა, სულ მასზე ვფიქრობ და იმ დღის დადგომაზე ვოცნებობ, ისევ რომ შევხვდებით ერთმანეთს. მართალია, ჩემი მშობლები მეუბნებიან, როგორც კი ისევ შეხვდები, მაშინვე დავაჭერინებთ და უფრო მეტი ხნით გამოვამწყვდევინებთ ციხეშიო, მაგრამ, ჯერ ერთი, ზუსტად ვიცი, რომ ამის გამკეთებლები არ არიან; თანაც, ვანიკო აღარასოდეს გაიმეორებს იმ შეცდომას და ამიტომ დასაჭერადაც აღარ ექნება საქმე.
მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ, რაც ჩაიდინა, მაგრამ ცხოვრებაში ვის არ შეშლია?! თავისი სიბრიყვით, ვიღაც ორმა ტიპმა აიყოლია და ბინის გასაქურდავად წაიყვანა. როგორც სასამართლოზეც ითქვა, ეს ვანიკოს პირველი „საქმე” იყო. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ბინაში შევიდნენ თუ არა, ეგრევე პატრული დაადგათ თავზე, ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. რადგან ის ორნი უკვე გამოცდილები იყვნენ, გაქცევა მოასწრეს და პატრულმა ვანიკო დააკავა. ახლა აძალებენ, ის ორი დაასახელეო. მართალია, თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინც ბრძანდებიან ის ნაძირლები, მაგრამ, უნდათ, რომ ამან დაასახელოს. ეს კი ამას არასოდეს არ გააკეთებს და ამიტომაც მოუწევს იქ კარგა ხანს ჯდომა. თუმცა, ერთში დარწმუნებული ვარ ასი პროცენტით: ვანიკო ძალიან ნანობს, ასე რომ მოიქცა და ზუსტად ვიცი, რომ ამას არასოდეს აღარ გაიმეორებს, თუნდაც იმის შიშით, რომ მე არ დამკარგოს.
რადგან ბიჭს ერთხელ გადაუცდა ნაბიჯი, ამიტომ, რა, ყველამ ხელი უნდა ჰკრას და უარყოს?! აბა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი თავი ან თავისი შვილი წარმოიდგინოს (ჩემი მშობლების ჩათვლით) ვანიკოს ადგილას! მაინტერესებს, მაშინაც ასე მოიქცევიან?!
ნუცა, 18 წლის.
უმაღლესში ჩაბარება არ მინდა
ვსწავლობ მეთორმეტე კლასში. ვარ საშუალო მოსწავლე – არც პირველი და არც უკანასკნელი. არც ერთი საგანი არ მიყვარს, ისტორიის გარდა. ისე კი, ზოგადად, საერთოდ არ ვგიჟდები სწავლაზე და არანაირი სურვილი არ მაქვს, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარო. ძალიან მიყვარს ჩხირკედელაობა, ერთმა ნათესავმა ხეზე კვეთაც მასწავლა და, მინდა, ამ დარგის პროფესიონალი გავხდე, მაგრამ ჩემს მშობლებს ეს ვერ გავაგებინე. განსაკუთრებით დედაჩემი იჭრის ვენებს – მთელ საქართველოს დიპლომი აქვს და, რაღა ჩემი შვილი უნდა იყოს უბრალო ხელოსანიო. ჯერ ერთი, ხელოსანი თუ გავხდი, უბრალო ნამდვილად არ ვიქნები, რადგან, საკმაოდ კარგად ვხატავ და ხეზე კვეთის ხელოვნებაში ეს ისე დამეხმარება, შეიძლება, ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოსტატი გავხდე. მაგრამ, ვერავინ მიგებს და რაღაც სულელური ინტეგრალებისა და ვერბალური ამოცანების გაზუთხვას მაძალებენ. ბებიაჩემს უთქვამს, სამი შვილი გავზარდე, სამივე პროფესორია და შვილიშვილი დურგალი რატომ უნდა იყოსო. უკვე ამიყვანეს კერძო მასწავლებლები ყველა საგანში, მაგრამ არც ერთზე არ დავდივარ. მამაჩემი ისე გაბრაზდა, ლამის ხელით შემეხო. არავის ჩემი არ ესმის. სად გავიქცე, აღარ ვიცი. სკოლასაც დავანებებდი თავს და სადმე გავიპარებოდი, მაგრამ, ის თერთმეტი წელი მენანება, რაც ვისწავლე, თან, ისიც არ მინდა, რომ მთლად უატესტატოდ დავრჩე. არადა, ისეთი ზეწოლის ქვეშ ვარ, ვეღარ ვუძლებ. არ მინდოდა, მასწავლებლებში ტყუილუბრალოდ ეყარათ ფულები, მაგრამ, რადგან თავისას არ იშლიან, სხვა გზა არ მაქვს, ასე უნდა მოვიქცე: ვივლი მასწავლებლებთან მშობლების თვალის ასახვევად, ჩაბარებით კი არსადაც არ ჩავაბარებ. შეიძლება, ფორმალურად გამოცდებზეც გავიდე, მაგრამ, აგვისტოში „აღმოჩნდება,” რომ ჩავიჭერი და მერეც აღარ დამანებებენ თავს?!
ვახო, 17 წლის.
ჩემს დას ჩემი ყველაფერი შურს
შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს, ამ წერილს რომ წაიკითხავს, მაგრამ, ისე ვარ ჩემი დისგან თავმობეზრებული, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. მინდა, რომ წაიკითხოს და მიხვდეს, რომ ჩემთან არ არის მართალი. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ, გარეგნობით მე გაცილებით ვჯობივარ ჩემს დას და, შესაბამისად, რაც არ უნდა ჩავიცვა, ყველაფერი მიხდება, ის კი საუკეთესო და ძვირფას ტანსაცმელსაც ვერ იხდენს, რაც ძალიან აღიზიანებს და ჩემ მიმართ აგრესიულს ხდის. თან, ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობს, მშობლებზეც კი და, პირდაპირ ეუბნება, ლელა უფრო გიყვართ, ვიდრე მე; მისთვის ყველაფერი გემეტებათ, არაფერს ზოგავთ, ჩემთვის კი ლარის დახარჯვა გენანებათო. გარდა ამისა, იმითაც არის გამწარებული, რომ მე ბიჭებს მოვწონვარ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მას კი ჯერ ბიჭი არ დალაპარაკებია და ეს ფაქტი კიდევ უფრო აგრესიულს ხდის ჩემ მიმართ. ხანდახან მგონია, რომ ვძულვარ. ისე ცუდად მექცევა, მგონი, უკვე მეც აღარ მიყვარს. მაგისი შიშით ახალი ვერაფერი ჩამიცვამს და ბიჭს ვეღარ დავლაპარაკებივარ. სულ მითვალთვალებს, ყურს მიგდებს და მერე საზიზღარ, ცინიკურ კომენტარებს მიკეთებს. მშობლებსაც ცუდად ექცევა, მაგრამ, განსაკუთრებით აუტანელი ხდება, როცა ჩემთან დაქალები მოდიან – აღარ იცის, ვის როგორ უკბინოს. ყველას უკვირს ჩვენი ასეთი ურთიერთობა. ჩემი გოგოები მეუბნებიან, თქვენ შორის ორი წელია სხვაობა და, იმის ნაცვლად, რომ მეგობრობდეთ და სამეგობროც საერთო გქონდეთ, მოსისხლე მტრებივით რატომ ხართო. ყველას ხომ ვერ ავუხსნი, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ თავისი უშნო გარეგნობის გამო ჩემი და დაკომპლექსებული შურიანი და აგრესიულია?!
ლელა, 20 წლის.
ძმამ ამაგი არ დამიფასა
ვარ 31 წლის. მყავს 21 წლის ძმა, რომელიც, შემიძლია, ვთქვა, რომ სანახევროდ ჩემი გაზრდილია. სკოლა რომ დაამთავრა, ყველა კერძო მასწავლებლის ფულიც მე გადავუხადე, ოთხი წელი სწავლის ფულსაც მე ვუხდიდი და, საერთოდ, მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საკუთარ თავზე მქონდა აღებული წლების განმავლობაში. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რამეს ვაყვედრი ან ვნანობ, რაც გავაკეთე, უბრალოდ, ფაქტებს ვაფიქსირებ, რათა უკეთ აგიხსნათ ის მთავარი, რისი თქმაც მინდა.
ამ წლების განმავლობაში, გარდა ძმის ხარჯებისა, გარდაგვეცვალა ბაბუა, რომელიც მე დავკრძალე, ორი უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა დედამ და ინფარქტი გადაიტანა მამამ და ეს ხარჯებიც მხოლოდ მე გავიღე: ზოგი ხელფასით, ზოგი სესხით და ზოგიც იმის შედეგად, რომ ჩემი პირადი სამკაული გავყიდე. მართალია, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური მაქვს, მაგრამ, წლების განმავლობაში მთელ ოჯახს მე ვარჩენდი, რადგან ჩვენს მშობლებს სიმბოლური ხელფასები ჰქონდათ. თავის დროზე, თავიანთი შემოსავლითა და ორივეს მშობლების დახმარებით, დედაჩემმა და მამაჩემმა ხუთოთახიანი ბინა აიშენეს და წყნეთში აგარაკიც იყიდეს. ოჯახში ავეჯიც ძალიან კარგი გვქონდა, ნივთებიც და მანქანასაც სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ იცვლიდნენ. ერთი სიტყვით, საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა. მაგრამ, მერე ისე მოხდა, როგორც უკვე გითხარით – ყველაფერი ჩემს კისერზე გადმოვიდა, ჩემს ძმას კი არასდროს არაფერი ეხებოდა, რადგან პატარა იყო და არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, თუმცა, არც ფიზიკურად დამხმარებია ოდესმე რამეში.
შარშანწინ კი მე გავთხოვდი და ქმართან გადავედი, რომელსაც ერთოთახიანი „ხრუშჩოვკა“ აქვს დიღმის მასივში. სანამ მარტონი ვიყავით, ჩვენი ბუდე არ გვეპატარავებოდა, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, სამი ტყუპი შეგვეძინა – ორი ბიჭი და ერთი გოგონა – და იმ ერთ ოთახში ცხოვრება კი არა, ამდენი ხალხის სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა. ამიტომ, იძულებულები გავხდით, ჩემს მშობლებთან გადავსულიყავით, ჩვენი პატარა ბინა კი გავაქირავეთ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, რამდენიმე თვეში ჩემმა ძმამ გამომიცხადა, თქვენი აქ ყოფნით ძალიან ვწუხდები და თქვენს ბინაში უნდა გადახვიდეთო. მე მეწყინა, ჩემი მშობლები კი გაბრაზდნენ – ამ ლაწირაკმა ეს როგორ გაბედაო და, გადაწყვიტეს, ეს ხუთოთახიანი ბინა დაეშალათ, ორი ოთახი ჩემთვის მოეცათ, სამი ოთახი და წყნეთი კი – ჩემი ძმისთვის და თვითონაც მასთან დარჩენილიყვნენ, მაგრამ, ჩემი ძმა სასტიკ უარზე დადგა – ბინაც, აგარაკიც და მანქანაც ჩემია, რადგან მემკვიდრე მე ვარო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო ყველასთვის, ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხეთ. მამაჩემი ისეა გამწარებული, უთხრა, ჭკვიანად იყავი, თორემ, საერთოდ მშრალზე დაგტოვებო. ეს ბინა ჩემი ოფლით არის ნაყიდი და, ვისაც მინდა, იმას მივცემ. თანაც, ჩემი და დედაშენის პატრონი ელენეა და, რადგან გოგოა, ამიტომ აღარაფერი ეკუთვნისო?! ეს ვაჟბატონი კი ახტა-დახტა და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, არც კი ვიცი, ოდესმე ვაპატიებ თუ არა. არ მინდოდა, ამ ყველაფერს ჩემი ქმარი შესწრებოდა, რადგან ის ცოტა სხვანაირი ტიპია და ასე ადვილად ვერ „ყლაპავს“ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ, მაინც გახდა ჩვენი ოჯახის სცენის მოწმე. მაშინვე ჩამალაგებინა ბარგი და ნაქირავებ ბინაში გადაგვიყვანა.
დედაჩემმა რამდენიმე დღეში დამირეკა, ბინას მაინც ვყიდით და წილის გარეშე არ დაგტოვებთო, მაგრამ, ისე ვარ ჩემს გაზრდილ ძმაზე ნაწყენი, სულაც რომ მაჩუქონ ის ბინა, აღარ გამიხარდება.
ელენე, 31 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.