კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის შორენა კოლონკელიძის რეალურ-ისტორიული პროტოტიპი და რა თქვა ჯაბა იოსელიანის საცოლის სილამაზით მოხიბლულმა კონსტანტინე გამსახურდიამ

კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული პროზის მთავარ პერსონაჟებს, ბუნებრივია, ჰყავთ პროტოტიპები, რომელთა შეცვლა ავტორს არ უცდია, მაგრამ, შეავსო რეალური ცხოვრების სურათებით, გადასცა თავისი განწყობა... მათ გვერდით გამოჩნდა გამოგონილ პირთა წყებაც. დღევანდელ რუბრიკაში ჩვენს რესპონდენტთან, სოსო სიგუასთან, კონსტანტინე გამსახურდიას პერსონაჟებსა და მათ პროტოტიპებზე ვისაუბრებთ.

 

სოსო სიგუა: რეალისტი ხელოვანი, როდესაც ფანტაზიით ქმნის ამა თუ იმ პერსონაჟის სახეს,  ცდილობს ცხოვრებაში არსებულთან მის მიმსგავსებას, რომანტიკოსი კი, ცდილობს, პროტოტიპად თავისი „მეს” მრავალკეცი ვარიაცია შემოგვთავაზოს, რომელიც შევსებულია ცხოვრებისეული ნიშნებითა თუ დეტალებით.

– კონსტანტინე გამსახურდია რეალისტი იყო თუ რომანტიკოსი?

– კონსტანტინე გამსახურდია რომანტიკული ბუნების ხელოვანი იყო, ოღონდ, ისეთი, რომელიც რეალურ ქვეყანაში ცხოვრობს.

გამსახურდიას სამივე თანამედროვე რომანის („დიონისოს ღიმილი”, „მთვარის მოტაცება”, „ვაზის ყვავილობა”) მთავარი პერსონაჟები – კონსტანტინე სავარსამიძე, თარაშ ემხვარი, ვახტანგ კორინთელი – იმეორებენ ავტორის ბიოგრაფიულ დეტალებს, ფსიქიკასა და ცნობიერებას, გარეგნობასა და ტემპერამენტს.

– თუმცა, ერთმანეთისგან მაინც განირჩევიან.

– ეს იმიტომ, რომ გამოხატავენ ავტორის სხვადასხვა ასაკს და შეცვლილ წარმოდგენებს. 

– მოდი, გამსახურდიას პერსონაჟების სხვა პროტოტიპებზეც ვისაუბროთ.

– კონსტანტინე გამსახურდიამ პავლე ინგოროყვას ოჯახში გაიცნო სუსქია ბოლქვაძე – ჯაბა იოსელიანის მომავალი მეუღლე და აღტაცებული დარჩა მისი სილამაზით... წიგნი უნდა დაგიწეროო – უთქვამს მისთვის კონსტანტინეს.

– მერე, შეასრულა სიტყვა?

– წიგნი არა, მაგრამ, ამ ქალიშვილის სახელი კონსტანტინე გამსახურდიამ გამოიყენა „ვაზის ყვავილობაში” – სუსქია მინდელი ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

– „მთვარის მოტაცებაში” თარაშ ემხვარის გულის სწორის – თამარ შარვაშიძის პროტოტიპზე რა ცნობები არსებობს?

– რებეკა ვაშაძე, ფაქტობრივად, გაყრილი იყო კონსტანტინე გამსახურდიასთან და ქალიშვილთან ერთად ჭიათურაში ცხოვრობდა. მაგრამ, მწერალი პატივს სცემდა მას, ვინც წლების განმავლობაში გატაცებით უყვარდა და მეგობრად მიიჩნევდა. „მე მგონია, დიდი რომანი დაიწერება ჩვენს ტრაღედიაზე”, – სწერდა იგი რებეკას 1919 წლის შემოდგომაზე.

„შენს თვალებში მე მეგულება ჩემი მზეგადაცვლილი სიჭაბუკე”, – სევდიანად ამბობდა და ემუდარებოდა, ჩვენ ერთმანეთს დავცილდებით თუ არა, მე მაინც დავიტანჯები, რადგან „ჩემი პირადი ცხოვრება განადგურებულია მუხთალი ბედის ხელითო.”

რებეკას გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყო კონსტანტინემ, მწუხარებით გაოგნებული ავიდა უშანგი ჩხეიძესთან, რომელიც რებეკას ნათესავი იყო და კარგა ხანს დარჩა იქ. იმავე დღესვე შეუდგა მწერალი „მთვარის მოტაცების” წერას...

– ეს რებეკა ვაშაძისა და კონსტანტინე გამსახურდიას დაშორებიდან რამდენი წლის შემდეგ მოხდა?

– დაახლოებით 15 წლის შემდეგ. რებეკასა და კონსტანტინეს განშორებიდან 20 წლის განმავლობაში გამსახურდიას ცოლი აღარ შეურთავს, მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა.

დავუბრუნდეთ „მთვარის მოტაცებას”: მწერალი ამ ნაწარმოებზე შვიდი წლის განმავლობაში ფიქრობდა.

მღვდლის ქალიშვილია თამარი, რომელიც უყვარს თარაშს, მაგრამ, მკაცრად ექცევა და ბოლოს შეიწირა კიდეც. თამარ შარვაშიძე უნდა იყოს რებეკა ვაშაძის პროტოტიპი (რებეკაც მღვდლის ქალიშვილია). თარაში ხომ მწერლის ორეულია. ყურადღება მივაქციოთ ფონეტიკურ დამთხვევასაც: ვაშაძე – შარვაშიძე. 

– „დიდოსტატის მარჯვენაზე” გადავიდეთ, აქაურ პროტოტიპებზე რას გვეტყვით?

– „დიდოსტატის მარჯვენაში” ავტორის „მე” ორ ნაწილად განიყო – გიორგი მეფედ და კონსტანტინე არსაკიძედ. პირველი ეროვნული იდეალების მტვირთველია, მეორე – შემოქმედებითი სულისა. პოლიტიკა და ხელოვნება პიროვნების ძალმოსილების გაცხადებაა, ერთი – რეალობაში, მეორე – ოცნების სფეროში. ორივე პერსონაჟის პროტოტიპი არის თავად ავტორი, ხოლო ფორმალურად – საქართველოს მეფე გიორგი და სვეტიცხოვლის ამგები არსუკიძე, რაც მწერალმა არსაკიძედ აქცია, რადგან „სუკი“ სხვა ასოციაციებს აღძრავდა....

საინტერესოა ისიც, რომ ბავშვობაში კონსტანტინე გამსახურდიას მამა მოფერებით „უტას” ეძახდა. ასევე, უტას არქმევს დედა არსაკიძეს და ამ სახელს ეძახის მას შორენაც. 

კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენას” რომ წერდა, იმ პერიოდში დაიბადა ზვიად გამსახურდია. მოგეხსენებათ, ნაწარმოებში არის ერთი პერსონაჟი – სპასალარი ზვიად ერისთავი, გიორგი პირველის ჯარების სარდალი. თითქოს სარდლის სახელი დაანათლა მწერალმა შვილს. სახელი „ზვიადი“ ისტორიულად არსებობდა ძველ დროში, მაგრამ, ამ მივიწყებული სახელის, ისევე როგორც „შორენას“ გავრცელება, კონსტანტინე გამსახურდიას დამსახურებაა. ეს სახელი მწერალმა თავის პირველ შვილიშვილს დაარქვა.

– შორენა კოლონკელიძის პროტოტიპზე და საერთოდ ამ სახელზე რას გვეტყვით. 

– გიორგი პირველის მეორე ცოლი იყო ალდე, ოვსთა მეფის ასული, რომელთანაც შეეძინა ვაჟი – დემეტრე (დემეტრეს შთამომავალი იყო დავით სოსლანი – თამარის მეორე ქმარი). ეს ფაქტი აირეკლა მეფე გიორგისა და შორენა კოლონკელიძის ურთიერთობაში. ამდენად, ალდეს კოლონკელიძის ასულის პროტოტიპად მივიჩნევთ. 

როგორც ვიცით, ოვსთა მეფის ასული ბორენა იყო გიორგი პირველის ვაჟის – ბაგრატ მეოთხის მეუღლე, რომელსაც მიეწერება ერთი მშვენიერი ლექსი – „რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი“. კონსტანტინე გამსახურდიამ „ბორენა“ შორენათი“ შეცვალა, მიანიჭა ამ სახელს უფრო მეტი კეთილხმოვნება და, ამიტომაც, სწრაფად გავრცელდა. თუმცა, არის ცნობა, რომ ეს სახელი არსებულა ძველ საქართველოში. როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნავს, ბორენა ყოფილა სკვითურ-ალანური სიტყვა და ნიშნავს „წაბლისფერთმიანს”.

– კიდევ რას გვიამბობთ კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი პერსონაჟების შესახებ?

– კონსტანტინე გამსახურდია ხშირად იმეორებდა: ისე ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც ბიბლიური იაკობი – თავის მრისხანე ღმერთსო. როგორც ვხედავთ, ამ სიმბოლიკით ქართულ სიტყვას ღმერთთან აიგივებდა, თავის თავს – იაკობთან. 

იაკობს ჰყავდა თორმეტი ძე, რომელთა სახელები დაერქვა მათგან წარმოშობილ ისრაელის თორმეტ ტომს. ღმერთი მფარველობდა იაკობს, მაგრამ, ღამით, იორდანეზე გადასვლის წინ, დაუხვდა თავის რჩეულს და ანგელოსის სახით დაეჭიდა. მთელი ღამე იბრძოდნენ, მაგრამ ვერ სძლია ანგელოსმა იაკობს, მხოლოდ დააკოჭლა იგი – თეძოს სახსარი უღრძო (დაბადება, თ. 32, მ. 24-32).

იაკობი ღმერთმებრძოლი გმირია, უფლის მეტოქე და მძლეველი... 

განგების ნებასთან ბრძოლას ადარებს მწერალი შემოქმედებას, უფლისთვის კურთხევას თუ მარადიული ცეცხლის წართმევას, რათა იგი ხალხს გადასცეს...

ეს მოდელი გადავიდა „დიდოსტატის მარჯვენაში”, სადაც არსაკიძე ხატავს იაკობის შერკინებას უფალთან. ღმერთს კათალიკოს მელქისედეკის თვალები აქვს, იაკობს – ხუროთმოძღვრისა. სასიკვდილო ზმანებაშიც მგლისფერთვალება მოხუცს ერკინება მკლავმოკვეთილი არსაკიძე, მაგრამ, არ მისცა სული კათალიკოსის სახით მოსულ ქრისტიანულ ღმერთს მომაკვდავმა, რადგან სვეტიცხოვლისთვის, ანუ ხელოვნებისთვის შეეწირა იგი. 

იაკობი და ისაევი ტყუპები იყვნენ. მათი მეტოქეობა დაიწყო დედის მუცლიდანვე და მთელი ცხოვრება გაგრძელდა. განმეორდა აბელისა და კაენის მითი, რომლის სიმბოლიკითაც კაენი იაკობს უნდა ეწოდოს, როგორც ძმის მოშუღლარსა და მამის კურთხევის მოტყუებით მიმტაცებელს. 

ასევე ერთმანეთის მეტოქეები არიან არზაყანი და თარაში, დედის ძუძუსთან წაკიდებულნი. თარაში ავტორის ორეულია, ეპოქის მიერ დამარცხებული... იმ ეპოქისა, რომელიც ატარებდა სისხლიანი არზაყანის – კომუნისტისა და „ჩეკისტის“ სახეს. ასე რომ, ავტორის დარად, ემხვარი და არსაკიძე ბიბლიურ იაკობს განასახიერებენ. 

 

 

скачать dle 11.3