კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ექსდიქტატორს ემუქრება სიკვდილით დასჯა და რამდენი ტონა ოქრო გაიტანა ქვეყნიდან ტუნისის დევნილმა ექსპრეზიდენტმა ბენ ალიმ

 

ლიბიაში დასრულდა პოლკოვნიკ მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის რეჟიმი და ჯერჯერობით იგი ბოლო დიქტატორია, რომელიც სახალხო აჯანყების მსხვერპლი გახდა. ჯერჯერობით იმიტომ, რომ მსოფლიოში კიდევ მრავლად არიან დიქტატორები, რომლებიც სისხლიანი მმართველობის რეჟიმით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და ზოგიერთი მათგანის ჩამოგდება „შეუსრულებელ მისიადაც” შეიძლება მოინათლოს. „თბილისელების” ამ ნომერში ძალაუფლებისა და ტახტის გარეშე დარჩენილი  ექსდიქტატორების პოსტიდან გადაყენების შემდგომ პერიოდს გაეცნობით.

ჰოსნი მუბარაქი – ეგვიპტის ექსპრეზიდენტი – 30-წლიანი მმართველობა – დაპატიმრებულია და სიკვდილით დასჯა ემუქრება 

კორუფციასა და დემონსტრანტების მასობრივ ჟლეტაში ბრალდებული – ჰოსნი მუბარაქისა და მისი ვაჟიშვილების სასამართლოს კადრებმა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები მოიარა.  ჰოსნი მუბარაქი 1981 წლიდან ედგა სათავეში ეგვიპტეს და ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში საგანგებო ვითარების კანონი მოქმედებდა. ძალოვნებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ ყოველგვარი გაფრთხილების და წინასწარი პატიმრობის გარეშე, გაეშვათ უდანაშაულო ადამიანები სამუდამო პატიმრობაში. მუბარაქი ოთხჯერ აირჩიეს პრეზიდენტად და არჩევნებზე, იგი ერთადერთი კანდიდატი იყო. 2011 წლის დადგომამდე ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მუბარაქის მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა. 11 თებერვალს იგი იძულებული გახდა, გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან და მას შემდეგ განაჩენის მოლოდინშია.

ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი – ტუნისის ექსპრეზიდენტი – 23-წლიანი მმართველობა – გაქცეულია ქვეყნიდან

ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი ტუნისის სათავეში 1987 წელს, გადატრიალების შედეგად მოვიდა და მას შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია, ისე, რომ მრავალჯერ შეძლებოდა ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. 2010 წლის დეკემბერში დაწყებული დემონსტრაციებისა და სახალხო აჯანყების ფართო მასშტაბების ფონზე, ბენ ალიმ ტუნისიდან გაქცევა გადაწყვიტა და მეუღლესთან, ლეილა ტრაბელსისთან ერთად, რომლის ნათესავებს ტუნისის პოლიტიკურ და ბიზნესსტრუქტურებში ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ, საუდის არაბეთს შეაფარა თავი, თან 1,5 ტონა ოქრო გაიყოლა. ბენ ალის საბანკო ანგარიშები შვეიცარიულ ბანკებში იანვრის შემდეგ გაყინულია, ხოლო მას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 35-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა, 65 მილიონი დოლარის ოდენობით.

ლორან გბაგბო – კოტდივუარის ექსპრეზიდენტი – 11-წლიანი მმართველობა – დაპატიმრებულია

ლორან გბაგბო 2000 წელს აირჩიეს კოტდივუარის პრეზიდენტად და კონსტიტუციის თანახმად, 2005 წლამდე უნდა ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, თუმცა, ძალოვნების დახმარებით, გბაგბომ არჩევნები 2010 წლამდე გადაწია და პრეზიდენტობა გაიხანგრძლივა. მაგრამ არჩევნებზე დამარცხდა და აჯანყება წამოიწყო არჩეული პრეზიდენტის, ალასანა უატარის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდა გაერო და ევროკავშირი. კოტდივუარი სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა და საჭირო გახდა, დასავლეთის ჩარევა. საბოლოოდ, ფრანგულმა სამხედრო ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს გბაგბოს რეზიდენციაზე და მის მომხრეებს აიძულეს იარაღი დაეყარათ, თავად გბაგბო კი დააპატიმრეს.  

მანუელ ნორიეგა – პანამის

ყოფილი სამხედრო დიქტატორი – დაპატიმრებულია

ყოფილი პანამელი დიქტატორი 20 წელი  იჯდა ციხეში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გამოძალვა-გათეთრების გამო. 2010 წელს იგი ფრანგულ მხარეს გადასცეს და კიდევ 7 წელი დაემატა. 2011 წლის აგვისტოში საფრანგეთმა მანუელ ნორიეგას ექსტრადიცია მოახდინა პანამაში, სადაც ყოფილ დიქტატორს, რომელიც 6 წლის განმავლობაში ატერორებდა მოსახლეობას, დაუსწრებლად 60-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ადამიანის უფლებების დარღვევის და სხვა არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო. ნორიეგა 1989 წელს ამერიკელების მიერ ორგანიზებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

სუჰარტო – ინდონეზიის ექსპრეზიდენტი – 32-წლიანი მმართველობა – თავისი  ნებით გადადგა, გარდაიცვალა 2008 წელს

სუჰარტო 1965 წელს გადატრიალების შედეგად მოვიდა ინდონეზიის სათავეში და მას შემდეგ ზედიზედ შვიდჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად. 1997 წელს აზიაში მიმდინარე ფინანსური კრიზისის დროს, ინდონეზიელმა სტუდენტებმა აქცია მოაწყვეს პარლამენტის შენობასთან, რომელსაც სუჰარტომ ცეცხლი გაუხსნა. 500 სტუდენტი ადგილზევე გარდაიცვალა. ამას მოჰყვა სახალხო აჯანყება და ფართომასშტაბიანი აქციები. საბოლოოდ, 1998 წლის 21 მაისს სუხარტომ გადადგომის თაობაზე გააკეთა განცხადება და მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ხელშეუხებლად,  წყნარად ცხოვრობდა ინდონეზიაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენჯერმე ამხილეს კორუფციაში – არაოფიციალური მონაცემებით, 35-50 მილიარდი დოლარის მიტაცებაში დასდეს ბრალი. 

პოლ პოტი – კამბოჯის ექსპრემიერ-მინისტრი – 4-წლიანი მმართველობა – გარდაიცვალა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე

მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოტი და „წითელი კხმერები” ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ კამბოჯის სათავეში, რაც დიქტატორული რეჟიმისთვის მცირე დროა, იგი ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და დაუნდობელ დიქტატორად შევიდა მსოფლიოს ისტორიაში. ბოლო მონაცემებით, პოლ პოტის სისხლიან რეჟიმს მილიონი ადამიანი შეეწირა, ანუ კამბოჯის მოსახლეობის მეოთხედი. 1979 წელს მისი მთავრობა კამბოჯაში შეჭრილი ვიეტნამის ჯარებმა გადააყენეს. თუმცა, მას შემდეგ იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „წითელი კხმერების” ორგანიზაციას, რომელიც სასტიკი დანაშაულებით იყო ცნობილი. საბოლოოდ, 1998 წელს პოლ პოტი დააპატიმრეს, თუმცა სასჯელის გამოტანა არ დასცალდათ – რადგან შინაპატიმრობაში მყოფი პოლ პოტი გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

 

скачать dle 11.3