რა გავლენას მოახდენს ევროზონის კრიზისი სავალუტო ფონდის მიერ ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად განხორციელებულ პროგრამებზე
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შესაძლოა, ევროზონის საკრედიტო კრიზისს ვერ გაუძლოს. საკუთარი ბალანსის დარღვევის გარეშე ფონდს მხოლოდ 390 მილიარდ დოლარამდე თანხის გაცემა შეუძლია, თუმცა მოვლენების ყველაზე ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, კრიზისის დასაძლევად ევროპულ ქვეყნებს 840 მილიარდი დოლარი დასჭირდებათ. ბუნებრივია, ევროზონის ბედმა ჩვენც აგვაღელვა: ჯერ ერთი, იმიტომ რომ არ ვართ ბოროტები და სხვისი გაჭირვება არ გვიხარია; მეორეც, ევროზონაში ცხოვრობენ ჩვენი დონორები, ამიტომაც მათი გაკოტრება ჩვენზე პირდაპირპროპორციულად აისახება და, რაც მთავარია, ჩვენი ვალუტის ვალუტად დარჩენაში ლომის წილი სწორედ სავალუტო ფონდზე მოდის. რამდენად რეალურია ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა, სავალუტო ფონდს დაემუქროს და როგორ აისახება ის ჩვენს ქვეყანაზე, – საკითხს ექსპერტი ლადო პაპავა განგვიმარტავს.
– ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ სავალუტო ფონდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სავალუტო ფონდის გაკოტრება, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან მის უკან დონორები დგანან. უწინარესად, ეს არის „დიდი შვიდიანის“ ქვეყნები და არავინ დაუშვებს სავალუტო ფონდის გაკოტრებას.
– მაშინაც კი, თუ „დიდი შვიდიანის“ ქვეყნები გაკოტრების გზას დაადგებიან?
– არც მათი გაკოტრების პრობლემა დგას, სიტუაციას არ უნდა ზედმეტად დრამატიზება. ის, რომ გაკოტრების წინაშე დგას საბერძნეთი, არ ნიშნავს ევროკავშირის გაკოტრებას და, მეორე, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ ეყო რუსურსი იმისთვის, რომ ევროზონის კრიზისში მყოფ ქვეყნებს დაეხმაროს, ეს არ ნიშნავს სავალუტო ფონდის გაკოტრებას. ეს ნიშნავს, რომ ევროზონის ამ ქვეყნებს ექმნებათ პრობლემა.
– და არა მთელ ევროზონას?
– რა თქმა უნდა, მათაც ექმნებათ, მაგრამ არა იმდენად, რომ ევროზონა ხვალვე დაიშალოს. შეიძლება, შემუშავდეს ევროზონიდან ქვეყნების გასვლის სპეციალური პროცედურები, რომლებიც ჯერჯერობით არ არსებობს და უფრო ვიწრო ფორმატის ევროზონა შეიქმნას. მეტიც, მაგალითად, ჩეხები უნდა გაწევრიანებულიყვნენ ევროზონაში, მაგრამ თავი შეიკავეს, ანუ ევროზონის გაფართოება უკვე დიდი კითხვის ქვეშ დგას. დღეისთვის არსებობს ევროზონაში შესვლის მექანიზმი, მაგრამ არ არსებობს გასვლის მექანიზმი. თითოეულ ქვეყანას, რომელიც მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარების მოთხოვნას აყენებს, აქვს პრობლემა თავის ხალხთან, რომლებიც მათი ამომრჩევლები არიან. ამიტომ საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა თუ პორტუგალიის მთავრობებს ძალიან უჭირთ მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება. ამიტომაც არ არის გამორიცხული, ამ ქვეყნების ევროზონიდან გასვლის მექანიზმის შემუშავების საკითხი დადგეს.
– სხვა გზა არ არსებობს?
– არის სხვა გზაც, რომელიც ამას წინათ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა შროდერმა წამოაყენა: შეიქმნას ევროპის შეერთებული შტატები, რაც, ფაქტობრივად, ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ნიშნავს და, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამას აქვს გამართლება. ნახეთ, როგორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას: ერთი მხრივ, ევროკავშირმა შემოიღო ერთიანი ვალუტა, მაგრამ, იმავდროულად, უარი თქვა ერთიან სახელმწიფოზე. ანუ ერთიან ბიუჯეტზე და გამოვიდა, რომ, ერთი მხრივ, ევროკავშირს აქვს ინსტიტუციური მექანიზმი, თუ როგორ არეგულიროს მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ მის ხელთ არ არის საბიუჯეტო პოლიტიკა, ხოლო ვალუტის სტაბილურობას კი საბიუჯეტო პოლიტიკაც განსაზღვრავს, რაც ევროკავშირს ვერ ექნება, რადგან ერთიანი ბიუჯეტი არ გააჩნია, არ არის ჩამოყალიბებული ერთიან სახელმწიფოდ. ყველა ქვეყანას თავისი ბიუჯეტი აქვს და ბერძნები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თვალთმაქცობდნენ, ხელოვნურად ამცირებდნენ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებს და ატყუებდნენ ყველას, მათ შორის, საკუთარ თავსაც. მაგრამ, როგორც კი ოპოზიციური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი გამოაშკარავდა. ამიტომ ლოგიკურია, შეიქმნას ერთიანი ბიუჯეტი და მაშინ ბუნებრივია, ბიუჯეტის დეფიციტის დარეგულირებაც შეიძლება და ამ დეფიციტის შევსების წყაროების გამონახვაც.
– მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები დამოუკიდებლობას დაკარგავენ?
– რა თქმა უნდა, ამიტომ ეს გზა საკმაოდ რთულია და აქვე მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ შროდერის მიერ ნათქვამი სულაც არ არის სიახლე. თავის დროზე ბოლშევიკების ბელადს – ვლადიმირ ულიანოვ-ლენინს ჰქონდა სტატია ევროპის შეერთებული შტატების შესახებ. მაგრამ დღეს ვის ახსოვს ლენინი, რომ მისი სტატია ახსოვდეთ?! 2010 წელს ბაქოში ჩატარდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია საერთაშორისო საბანკო ასოციაციის მიერ, რომელზეც მიწვეული იყო ევროს მამა – რობერტ მანდელი, ცნობილი ამერიკელი პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში და მან თქვა, საფრთხე ევროს იმიტომ ელის, რომ ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ბიუჯეტი. ანუ მანდელმა მიუთითა გზა, მაგრამ ამ გზას დიდ წინააღმდეგობას უწევს, მაგალითად, გერმანია. ანგელა მერკელმა არცთუ ისე დიდი ხნის წინათ გააკეთა განცხადება, რომ გერმანია წინააღმდეგია ევროკავშირის ევროობლიგაციების გამოშვების. მოგეხსენებათ, ბიუჯეტის დეფიციტის შევსების ერთ-ერთი გზა სესხის აღებაა. სესხის აღების ერთ-ერთი გზა კი ევროობლიგაციის გამოშვებაა. ამიტომ დადგა საკითხი, რომ ამის უფლება ჰქონდეს არა ევროკავშირის თითოეულ სახელმწიფოს, არამედ თვითონ ევროკავშირს. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი ევროპის ერთიანი ბიუჯეტის შექმნისკენ. მაგრამ გერმანია ამის წინააღმდეგია და მესმის, რატომაც. გერმანია ერთ-ერთი აწყობილი ქვეყანაა და სულაც არ სჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობას, რომ თავის მოსახლეობას, ანუ ამომრჩეველს აჰკიდოს ის ფინანსური პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სავარაუდო სცენარი შემდეგია: ევროკავშირში შემუშავდება ევროზონიდან ქვეყნის გასვლის პროცედურები. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში არის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროზონაში და ამის კლასიკური მაგალითია დიდი ბრიტანეთი, რომელიც არც შესულა ევროზონაში; არის ქვეყნები, რომლებიც მოგვიანებით შევიდნენ ევროკავშირში, მაგრამ ევროზონის წევრები არ გამხდარან და ახლახან ჩეხეთმა თვითონ თქვა უარი ევროზონაზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი თვითონაც გახდნენ ევროზონიდან გასვლის ინიციატორები.
– რით შეუწყობს ხელს ამ ქვეყნების ეკონომიკას ევროზონიდან გასვლა? ევროზონაში არ უქნია ღმერთს და გასვლა რას გაუუმჯობესებთ?
– არაფერს არ გააუმჯობესებს, პირიქით, გაუუარესებს, მაგრამ პოლიტიკურად შეუმსუბუქებს მთავრობებს ხელისუფლებაში დარჩენას.
– ნაკლებად დასჭირდებათ ანგარიშის გაწევა ევროკავშირის რეკომენდაციებისთვის?
– დიახ. წარმოიდგინეთ, ევროკავშირში არიან „წესიერი“ და „ცუღლუტი“ ქვეყნები. გერმანია არის წესიერი ქვეყნის ნიმუში და მისმა ეკონომიკამ რატომ უნდა იტვირთოს ბერძნების, იტალიელების, ესპანელებისა თუ პორტუგალიელების სიცუღლუტე?! ჩვენც რომ ვიყოთ გერმანიის მოქალაქეები, ვიტყვით, ჩვენ ნორმალურად ვცხოვრობთ, გადასახადებს ვიხდით, ჩვენი მთავრობა ბიუჯეტის პარამეტრებს არ იცავს და რატომ უნდა ვიყოთ ვალდებული, ჩვენი გადასახადებით ბერძნები ვათრიოთ?! ასე რომ, არ გამოვრიცხავ, ევროზონაში მხოლოდ ის ქვეყნები დარჩნენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროს სტაბილურობას.
– სავალუტო ფონდი გვეხმარება ეროვნული ვალუტის, ხელოვნურია თუ ბუნებრივი, სიცოცხლის შენარჩუნებაში. ჩვენ რაში ვჭირდებით ამ ჩვენი ვალუტით?
– ჩვენ ჩვენი ვალუტა გვჭირდება ჩვენთვის: არცთუ ისე დიდი ხნის წინათ იდგა საკითხი და დღესაც ისმის ხოლმე მოსაზრება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს თავისი ვალუტა და ხომ არ ჯობია, სხვა ვალუტაზე გადავიდეთ. ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რატომ გვჭირდება ჩვენი ვალუტა. ივლისის ბოლო რიცხვებში მსოფლიო შეაზანზარა დაპირისპირებამ ამერიკელ „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გამო. მართალია, გასაგები იყო, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმდებოდნენ და ამერიკას დეფოლტის წინაშე არ დააყენებდნენ, მაგრამ ეს დაპირისპირება აისახა ამერიკის რეიტინგის შემცირებაზეც და დოლარის გაცვლით კურსზეც. იქით, ცალკე ომია საგარეო ვაჭრობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, რაც, ასევე, აისახება დოლარის გაცვლით კურსზე. აქეთ ვხედავთ, რა ხდება ევროზონაში. ამიტომ, იმის თქმა, რომ დღეს მსოფლიოში რომელიმე ვალუტა განსაკუთრებულად სტაბილურია და იმას უნდა მივებათ, შეუძლებელია, ისევე, როგორც იმის თქმა, რომ ყველა ვალუტა უნდა იყოს თავისუფალ მიმოქცევაში, იმიტომ რომ მაშინ ყველა ის სირთულე, რაც არის იმ ქვეყნებში, იქნება ჩვენთანაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამცავი მექანიზმი ჩვენი ვალუტის სახით, რაზეც ეს ყველაფერი აისახება, მაგრამ ამ ვალუტის უკან დგას საქართველოს ეროვნული ბანკი და მას აქვს კვალიფიკაცია, როგორ დააბალანსოს ის სირთულეები, რომლებიც სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტას აქვს, რომ ეს მძიმედ არ აისახოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე და არც სავალუტო რეზერვები შეგვიმცირდეს.
– ევროზონაში შექმნილი პრობლემები იმოქმედებს სავალუტო ფონდის მიერ ჩვენი ვალუტის გამყარებისთვის გამოყოფილ თანხებზე?
– ის პროგრამები, რაც უკვე არსებობს, არ შეიცვლება, შეიძლება, ახალი პროგრამა აღარ დაიწყოს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, არც თვითონ საქართველოს მთავრობა აპირებს ახალი პროგრამის აღებას.
– სავალუტო ფონდს იმაზე ორჯერ მეტი თანხა სჭირდება ევროკავშირის ქვეყნების კრიზისიდან გამოსაყვანად, ვიდრე ამის საშუალება აქვს. საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, ერთადერთი გამოსავალია სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ევროზონიდან გაძევება?
– ის, რომ ევროზონის გადარჩენას რვაასი მილიარდი სჭირდება, არ ნიშნავს, რომ ეს რვაასივე მილიარდი სავალუტო ფონდმა უნდა დახარჯოს, მით უმეტეს, რომ მას ეს თანხა არ აქვს. თან ესეც საკმაოდ პირობითი ციფრია. ამიტომ ვამბობ, რომ გზაა: ან ევროზონა უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან სახელმწიფოდ, რაც ლენინიდან მოდის და შროდერმა ახლახან გაიმეორა, და ეს არარეალისტურად მეჩვენება; ან ევროზონამ მოიცილოს ის ქვეყნები, რომლებიც პრობლემებს ქმნიან. ასე რომ, ევროზონის გადარჩენა არ ნიშნავს რვაასი მილიარდის დახარჯვას. მისი გადარჩენა შეიძლება, ამის ნახევარიც არ დაჯდეს, თუ თავიდან მოიცილებენ კრიზისულ ქვეყნებს.
– ზუსტად 400 მილიარდამდე თანხა აქვს სავალუტო ფონდსო.
– არა მხოლოდ, თვითონ ევროკავშირსაც აქვს თავისი რესურსი.
– ევროზონიდან ქვეყნების გაძევების პრეცედენტი თვითონ ევროკავშირსაც ხომ არ უქმნის საფრთხეს?
– აქ ის პრობლემაა, რომ თვითონ ევროკავშირის ინტეგრაცია აღარ გაღრმავდება. გახსოვთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ იდგა ევროკავშირისთვის ერთიანი კონსტიტუციის მიღების საკითხი.
– ეს საკითხი ჩავარდა.
– საფრანგეთმა და რიგმა ქვეყნებმა ამას ხმა არ მისცეს, მაშინ, როდესაც, მაგალითად, პოლონელებმა მხარი დაუჭირეს, ანუ ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა უკვე მაშინ დადგა კითხვის ქვეშ. დღეს გერმანია ამბობს უარს არათუ ერთიან ბიუჯეტზე, ერთიანი ევროკავშირის ობლიგაციებზე, ანუ გერმანია არ აპირებს სხვა ქვეყნების პრობლემის კიდევ უფრო მეტად საკუთარ თავზე აღებას. სავარაუდოდ, ევროზონაში დარჩებიან საფრანგეთი, რომელსაც, ასევე, აქვს პრობლემები, მაგრამ არა საბერძნეთის მსგავსი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა: ავსტრია, ჰოლანდია, ბელგია. ეს იქნება ბირთვი, რომელიც შეინარჩუნებს ევროზონას. არ გამოვრიცხავ, დარჩეს ესპანეთი და იტალიაც, თუ მკაცრ საბიუჯეტო პოლიტიკას გაატარებენ.
– შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გაამართლა ევროკავშირის შექმნის იდეამ?
– ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ვერ ამართლებს. თუ ეს ქვეყნები მიდიოდნენ ინტეგრაციისკენ, საჭირო იყო საბიუჯეტო ინტეგრაციაც, ანუ მეორე ნაბიჯიც უნდა მიეყოლებინათ ევროს შემოღებისთვის. რადგან ეს მეორე ნაბიჯი არ გადადგეს, ევროპა იმ პრობლემის წინაშე დგას, რაც მოსალოდნელი იყო. და, რა თქმა უნდა, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ყოველთვის დარჩება ეთიკური პრობლემა. ის, რაც ბერძნებმა, პორტუგალიელებმა და ირლანდიელებმა გააკეთეს, უფრო ეთიკური პრობლემაა, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ყველას ატყუებდნენ და, საბოლოოდ, ყველაზე მეტად თავად დარჩნენ მოტყუებულები.