მათთან ერთად
„კოკასა შიგან რაცა სდგას“
მართალია, რუსთაველმა გვასწავლა, რომ „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე გადმოდინდების“, თუმცა, რაკი ოცდამეერთე საუკუნეში თვალი ჭამს და თვალი სვამს (თუმცა, შესაძლოა, სულ სხვა მიზეზთა გამო), პოლიტიკური პარტია „ჩვენ თვითონ“ „ევროპელ დემოკრატებად“ გადაკეთდა. გვარწმუნებენ, რომ ამით არც პოლიტპარტიის პათოსი შეცვლილა და არც სამომავლო გეგმებიო (ოღონდ, არც მე მკითხოთ, სად – „ჩვენ თვითონ“ და სად – „ევროპელი დემოკრატებიო“).
შეიცვალა თუ ვერა, აწ უკვე „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა 20 სექტემბერს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო (მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ სახელწოდების შეცვლა ამასაც უკავშირდებოდეს: თავად განსაჯეთ, სად – „ჩვენ თვითონ“ და სად – „ევროპელი დემოკრატები“). როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გვაუწყეს, ამ „ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრები“. მეორე მხრივ, ვიზიტის მიზანი მეტად აქტუალურია: ბ-ნმა დავითაიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ამერიკელ სენატორ როჯერ ვიკერს კიდეც გააცნო და, როგორც ჰელსინკის კომისიის წევრს, კიდეც მოუწოდა, საქართველოს ოკუპაციის თემით კიდევ უფრო აქტიურად დაინტერესდითო.
ჩვენთვის უცნობია, იცნობს თუ არა ბ-ნი ვიკერსი ბ-ნი დავითაიას პოლიტიკურ პლატფორმას და რა დოზით შეძლებს ეს უკანასკნელი მის დაინტერესებას საქართველოს ოკუპაციის თემით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ევროპელი დემოკრატებით“, ანუ ტყემლით – სულ სხვაა…