“იმედის„ ახალი სახეები
„იმედის დილა” მაყურებლებს ახალი შემადგენლობით უბრუნდება. საქმე ისაა, რომ არხმა ახალი პროდიუსერი აიყვანა – თეა შანიძე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც განათლება ამერიკაში მიიღო, უკმაყოფილო იყო დილის გადაცემების მუშაობით. ხმა გავრცელდა, რომ მას სერიოზული კონფლიქტები ჰქონდა წამყვანებთან, რის შედეგადაც ოთხივემ დატოვა არხი. იმასაც ამბობენ, რომ დილის გადაცემების ოთახებიდან სულ ჩხუბის ხმა ისმოდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯაბა კილაძესა და სალომე გოგიაშვილს დავუკავშირდით.
ჯაბა კილაძე: არ ვიცი, ეს გოგო საიდან მოვიდა, რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია „იმედმა”. როდესაც არანაირი ადამიანური თვისება არ გაგაჩნია, არა მგონია, იქ საქმის ცოდნაზე საერთოდ ღირდეს საუბარი. როგორ შეიძლება, ერთი იყოს მართალი და ათობით ადამიანისგან შექმნილი გუნდი ცდებოდეს?! დილის 6 საათზე სამსახურში მისულს, საშინელი გამომეტყველებითა და იდიოტური პრეტენზიებით რომ დაგხვდება პროდიუსერი, რა მუშაობაზეა იქ ლაპარაკი?! ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვერავინ იმუშავებს. მთელი „იმედი” ამბობდა, რომ დილის გადაცების ოთახიდან სიცილის გარდა ხმა არ გამოსულაო, მას შემდეგ კი, რაც თეა შანიძე დაინიშნა, მხოლოდ ჩხუბის ხმა ისმოდა. საიდან მოვიდა ეს ამოუცნობი სუბიექტი ტელევიზიაში, არ ვიცი, მაგრამ, ძალიან მალე რომ არია სიტუაცია, ფაქტია. ყველა ერთად წამოვედით სამსახურიდან. ზოგადად „იმედის“ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ამ არხზე ვმუშაობ ამდენი წელია და მისი მადლობელი ვარ.
რაც შეეხება, დილის ახალ წამყვანებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქასთინგის შედეგად, ახალი სახეები გამოჩნდებიან. მათ შორის მხოლოდ ერთს აქვს წამყვანის გამოცდილება, ნინცა მუკნიაშვილს „იმედზე” საავტომობილო თემატიკის გადაცემა მიჰყავდა.
სალომე გოგიაშვილი: ამ ადამიანზე გაბრაზებულიც არ ვარ. შეიძლება, გაბრაზდე ნორმალურზე, იმაზე, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, მუშაობ. ამ გოგოსთან კი არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. რატომღაც, მოვიდა თუ არა, უსაზღვრო ამბიცია გაუჩნდა, ამბიციურ ადამიანთან კი თანამშრომლობა შეუძლებელი აღმოჩნდა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც. „დილაში“ მოვიდა ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა და ვერც ერთი ტიპის ადამიანთან კონტაქტი ვერ დაამყარა. ჩვენ, ოთხივე, განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ, მის მიმართ ყველას ერთი და იგივე აზრი გაგვიჩნდა. მოვიდა და დაიწყო თითის ქნევით ლაპარაკი, ამას კი ვერავისგან ავიტან. სამსახურიდან გააგდო ერთი, ორი... საშინელებაა, როცა ადამიანს თვალებში უყურებ და გრძნობ, რომ ერთი სული აქვს, როდის გაგაგდებს. შეუძლებელი იყო ამ სუბიექტთან კომპრომისზე წასვლა.