როგორ გახდა ქუჩა ანსამბლ „ბანის“ სპონსორი
დიდი ხანი არ არის, რაც კოლმეურნეობის მოედანზე ანსამბლი „ბანი“ გამოჩნდა... უამრავ საღამოზე ნამყოფმა, პირველად იქ დავმალე ცრემლები, რადგან მსგავსი გულწრფელი შესრულება არასდროს მომისმენია... ეროვნული მუხტით გაჟღენთილი სიმღერები, გულიდან ამოხეთქილი ხმები, პრობლემებით დამძიმებული მოსახლეობის ემოციური სახეები და იქვე, შთაგონებული სახით დამდგარი ორი ზანგი ბიჭი მეხსიერებაში ჩაიბეჭდა.
გოგა ნიკოლაძე (ანსამბლ „ბანის“ ხელმძღვანელი): ადრე მქონდა ჯგუფი „ბენდი 21-ე“, სადაც თანამედროვე ჟანრის მუსიკას ვუკრავდით. შემდეგ ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა მირჩია, ფოლკლორული სახის ანსამბლი შეგვექმნა. თავდაპირველად უარი განვაცხადე, რადგან სერიოზული მომღერლების მოძებნის იმედი არ მქონდა, მაგრამ, ისევ მან დამაძალა და მითხრა, რომ შესანიშნავ მომღერლებს იცნობდა, რომლებთანაც ერთად თავად მღეროდა... ასე შევქმენით ანსამბლი „ბანი“, დაახლოებით ათი თვის წინ. გარემო პირობების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ქუჩაში გამოვსულიყავით და ხალხს ჩვენი შესრულებით მოესმინა მამაპაპური, ეროვნული სიმღერები. გვაინტერესებდა, როგორ მიიღებდა საზოგადოება ყველაფერ ამას. გულახდილად რომ ვთქვა, ხალხის რეაქციამ ჩვენს მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. პირველივე გამოსვლას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვა.
– პირველად სად იმღერეთ?
– პირველად ქაშუეთის ეკლესიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ვიმღერეთ, შემდეგ კოლმეურნეობის მოედანთან გადავინაცვლეთ, რადგან იქ ხალხის მეტი ნაკადი იყო. მიწისქვეშა გადასასვლელში ხალხურ სიმღერებს მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი მღეროდა, ანსამბლის სახით კი პირველები ჩვენ გამოვედით. ბევრისთვის მაგალითის მიმცემი აღმოვჩნდით. მოგვბაძეს და ახლა სხვაგანაც გამოჩნდნენ, ხალხურ სიმღერებს რომ მღერიან, მაგრამ ეს გვსიამოვნებს. ნეტავ, ასე გაგრძელდეს მომავალშიც.
– თქვენ მაინც გამოირჩევით... იშვიათი ხმებია და, ალბათ, ამას ყველა ხაზგასმით აღნიშნავს.
– მართლაც, იღბალი იყო ასეთი მუსიკოსები ერთმანეთს რომ შევხვდით. ძალიან სერიოზული ანსამბლების ხელმძღვანელებმა შეგვაფასეს და გვითხრეს, ბევრისთვის მოგვისმენია, მაგრამ თქვენ გამორჩეულები ხართო. ანსამბლ „მეტეხის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა გენო ფოცხიშვილმა თქვა: მინახავს ისეთები, ვინც კარგად მღერიან, მაგრამ ასე კარგად ვერ უკრავენ, ან, პირიქით – უკრავენ და ვერ მღერიანო...
– ვინ არიან ანსამბლის წევრები?
– ბექა მიქაძე, გელა გოგიშვილი, რაულ ბიწაძე, გოგა სოზიაშვილი, ბესო კვიციანი, გია ფეიქრიშვილი, მათე ფირცხალავა... რასაც დღეს ჩვენ ხალხს ვთავაზობთ, დიდად გასაკვირი არ არის, ჩვენზე ბევრად კარგადაც უკრავენ, მაგრამ, სხვა რამ გამოგვარჩევს: დიდი დატვირთვა არ მოდის მუსიკალურ-ინსტრუმენტულ შესრულებაზე, უფრო მეტი დატვირთვა ვოკალზე გვაქვს. ბევრი გვეუბნება, რომ დასჭექავთ, ჟრუანტელი გვივლისო. ინსტრუმენტულადაც ვცდილობთ, რაღაც შევიტანოთ, ჩვენი იმპროვიზაცია გამოვიყენოთ, რომ უფრო ლამაზად გამოვიდეს.
– ქუჩაში სიმღერა, ალბათ, უსახსრობამ განაპირობა...
– დიახ. გამოვიდა, რომ ქუჩა ჩვენი სპონსორი გახდა. ელემენტარული შესაძლებლობები არ გვქონდა და არც ახლა გვაქვს. ინსტრუმენტებიც არ გვივარგა. კონცერტებზეც გავსულვართ მიწვევებით, მაგრამ, აშკარად ჩანდა ინსტრუმენტების მდარე ხარისხი.
– არავის გაუჩნდა სურვილი, დახმარება გაეწია?
– ზუსტად ამას ვამბობ, რომ გარემო პირობების გათვალისწინებამ გამოგვიყვანა ქუჩაში. აქ სპონსორი და შოუ-ბიზნესი არ არის. ახლა, ღვთის მადლით, რაღაც ყალიბდება. დარეგისტრირება მიმდინარეობს და უფლებები დაცული იქნება. ჩვენც გვაქვს საკუთარი მელოდიები და ვაპირებთ, რომ დავრეგისტრირდეთ – ჯგუფის ორი წევრი სიმღერებს ვწერთ.
– რა დადებითი მხარე აქვს მიწისქვეშა გადასასვლელში გამოსვლებს?
– იქ მოსულ მსმენელებს ქართულ სულს გადავცემთ და, ამიტომაც, იმ წუთებში მათ ყველანაირი პრობლემა ავიწყდებათ. უმეტესობა ტირის და ძალიან ემოციური მომენტებიც ხშირია. როგორც ჩვენ გვეუბნებიან, თქვენგან დიდი სითბო მოდისო, ასევე ვგრძნობთ ხალხის მხრიდანაც თბილ დამოკიდებულებას. გვსიამოვნებს, ხალხს რომ სიამოვნებას ვანიჭებთ. კონცერტებზე ბევრს ჰყავს მსმენელი და, როგორც თინეიჯერები ამბობენ, თაყვანისმცემლებიც, მაგრამ, ნამდვილად არ მინდა, ვინმე ჩვენი თაყვანისმცემელი იყოს. უბრალოდ, სასიამოვნოა, კარგი მსმენელი გვყავდეს, თაყვანი კი მხოლოდ ღმერთს ვცეთ.
– ამბობთ, რომ თქვენი სიმღერით ქართული სული მოდის და ემოციური მომენტები ხშირია, მაგრამ იქ თავად ვნახე ორი ზანგი ბიჭი, რომლებიც ძალიან შთაგონებული სახით გისმენდნენ.
– ზანგებმა კი არა, მგონი, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა მოგვისმინეს. კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი ისეთ ადგილზეა, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი დადის. საბედნიეროდ, ყოველი მათგანის დიდი ინტერესი დავიმსახურეთ. უცხოელმა ჟურნალისტებმა ფირები და ჩანაწერები წაიღეს და ერთ-ერთი სიუჟეტი ჩვენს ჯგუფზეც გადაიცა. ეროვნულ სიმღერებს რომ ვმღერით, ამიტომ არის ინტერესი. უცხოური სიმღერებით მათ ვერ გააკვირვებ, რადგან იქაც ბევრი მღერის.
– შემოსავლით კმაყოფილი ხართ?
– შემოსავალზე რა გითხრათ... მხოლოდ იმდენს ვიღებთ, იქ რომ მთელი დღე ვდგავართ, ვიკვებოთ და გზის ფული გვქონდეს. ინსტრუმენტების შეძენა გვინდა, მაგრამ, ძალიან ძვირია.
– რეპეტიციების ჩატარებას ახერხებთ?
– რეპეტიციის ჩასატარებლად ანსამბლის ერთ-ერთი წევრის სახლში ვიკრიბებით. იმდენი სიმღერა გვაქვს მომზადებული, რომ, სრულიად საკმარისია, ერთი სოლო-კონცერტის პროგრამა წარვადგინოთ. რუსთაველის გამზირზე მდებარე კლუბში მოეწყო ეთნოსაღამო და იქ პირველი სოლო-კონცერტი გვქონდა.
– სპონსორის მოძებნაზე არ ფიქრობთ?
– ერთმა პიროვნებამ გვითხრა, თქვენი პროდიუსერი ვიქნები და რაღაც-რაღაც საკითხებს მოვაგვარებო, მაგრამ, მოტყუებულები დავრჩით.
– ჯობია, ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიოთ...
– რა თქმა უნდა!.. თუმცა, სპონსორი იმ მხრივ დაგვეხმარებოდა, რომ კარგი ფიარ-კამპანია გვექნებოდა და ყოველმხრივ წინ წავიწევდით. ფინანსები როცა არ არის, იქ ყველაფერი რთულია, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო. თუმცა, ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს და, ალბათ, ყველაფერს მივაღწევთ. ჩვენი ბედნიერება ისაა, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვართ. ყველგან ვმღერით, მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელში კი არა – ავტობუსში, მეტროში... აივანზეც მოგვიწყვია მინი-კონცერტი. გვინდა, ჩვენი პირველი ჩანაწერი სტუდიური იყოს, შემდეგ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს და, იმედიც, რომ ვინმე გამოჩნდება, ვისი დახმარებითაც ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ. ძალიან ბევრ კომენტარს ვიღებთ, გვწერენ – გელოდებით სცენაზეო და ასე შემდეგ... ვიცით, რომ გველოდებიან და ჩვენც გვინდა, გავიდეთ, მაგრამ, ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.