როგორ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა და ვის ეძებენ კრასნოდარიდან თბილისში
26 წლის ნატაშა ნოდარის ასული ვოლკოვა ეძებს 50 წლის ნოდარ გოჩას ძე ვარშალომიძეს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს; 50 წლის ნოდარ გოჩას ძე ვარშალომიძეს. მამაჩემი ბოლოს რომ ვნახე, 3 თვის ვიყავი და, ბუნებრივია, მე ის არცკი მახსოვს. ამჟამად მეც და დედაჩემიც ვცხოვრობთ კრასნოდარში. დამოუკიდებლად მამა ვერ ვიპოვე, მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ჰყავს ორი უფროსი ძმა (სახელები არ ვიცით) და, სავარაუდოდ, თბილისში უნდა ცხოვრობდეს. მამის ფოტოც კი არ მაქვს, მაგრამ, ვიცი, რომ ფიზიკურად ძალიან ვგავარ, ნოდარი არის შავგვრემანი, მაღალი, აქვს თაფლისფერი თვალები. დარწმუნებული ვარ, რომ მამაჩემს უკვე დიდი ხანია, აქვს მეორე ოჯახი და, შეიძლება, მე ნახევარდაძმაც მყავდეს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ნატაშამ იმეილზე გამომიგზავნა, რის შემდეგაც მე მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდი. იმედია, დაკარგული მამა გამოეხმაურება ამ სტატიას და მამა-შვილს შორის 25 წლის წინ დაკარგული კავშირი ისევ აღდგება. ჩემი რესპონდენტის თხოვნით, მისი ფოტო არ ქვეყნდება.
– რა იცი მამის შესახებ, რა იყო შენი მშობლების დაშორების მიზეზი და იცის თუ არა დედაშენმა, რომ მამას ეძებ?
– დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი მინსკში გაიცნეს 1984 წელს. დედას ჰქვია ირინა ვასილის ასული ვოლკოვა. იმ პერიოდში ის 18 წლის იყო, მამა კი დაახლოებით 24 წლის იქნებოდა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნოდარი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. მინსკში ის ძმაკაცთან ერთად იყო ჩამოსული (სამწუხაროდ, მისი მეგობრის სახელი დედას არ ახსოვს). როგორც დედაჩემისგან ვიცი, მე 3 თვის ვიყავი, როდესაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ეს კი იმიტომ მოხდა, რომ დედაჩემმა საქართველოში, თბილისში წასვლაზე თქვა უარი, ნოდარი კი მინსკში არ დარჩა. ბებიაჩემი ლარისა იმ დროს ძალიან მძიმედ ავად იყო, დედას გარდა კი მას სხვა შვილი არ ჰყავდა და ამიტომ მას ვერ მიატოვებდა, მამაჩემის წასვლის შემდეგ, სულ მოკლე ხანში, ბებია გარდაიცვალა, მას მერე მამაჩემის შესახებ არაფერი გაგვიგია. მე დედამ გამზარდა და დღემდე მის გვარს ვატარებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მამაჩემზე ყოველთვის ვფიქრობდი და ძალიან მინდა მის გაცნობა და ერთხელ მაინც ნახვა. იმედი მაქვს, ეს სურვილი ორმხრივი იქნება და მამასაც ენდომება ჩემთან დაკავშირება. თავდაპირველად, როდესაც მამის მოძებნა გადავწყვიტე, დედა ამის წინააღმდეგი იყო, ახლა კი დავითანხმე და ჩვენ მას ერთობლივად ვეძებთ.
– ბოლოს როდის გქონდათ კავშირი ნოდართან, გაქვთ თუ არა მისი მისამართი და რატომ ფიქრობთ, რომ ის დღემდე თბილისშია?
– სანამ მამაჩემი საქართველოში დაბრუნდებოდა, მან ჩააწერინა დედას თავისი საცხოვრებელი მისამართი. დედას ზუსტად ახსოვს მხოლოდ ერთი – რომ მამა თბილისში ცხოვრობდა (ეს იყო ასევე მამაჩემის მშობლების მისამართიც). ბებიის გარდაცვალების შემდეგ, დედას სახლის გაყიდვა მოუწია და ჩვენ საცხოვრებლად მინსკიდან კრასნოდარში წამოვედით, სადაც მისი დეიდაშვილი ბელა ცხოვრობდა. დედამ აქ მუშაობა დაიწყო და სამწუხაროდ, კრასნოდარში გადასვლის პერიოდში დაიკარგა ის ბლოკნოტი, სადაც მამას მისამართი ეწერა და ამის გამო კავშირიც შეწყდა – დედამ ვეღარც წერილი მისწერა, რომ საცხოვრებელი მისამართი შეგვეცვალა და ვერც ვერანაირად დაუკავშირდა. ვფიქრობ, მამაჩემიც მეძებდა – მან ხომ იცის, რომ მინსკში შვილი ჰყავს. მაგრამ, იმის გამო, რომ ჩვენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არ იცის, ვერ გვიკავშირდება. რატომღაც მგონია, რომ სწორედ ეს არის ჩვენ შორის კავშირის დაკარგვის მიზეზი.
– როდის და როგორ გადაწყვიტე, მამა მოგეძებნა?
– მამაჩემის პოვნა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ დედას ვერ ვითანხმებდი, რადგან, მისი აზრით, ჩემი გამოჩენით, მამას შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას მის ოჯახთან (თუკი მას ჰყავს ცოლ-შვილი). ძლივს დავარწმუნე, რომ მამაჩემის ცხოვრებაში ჩემს გამოჩენას ცუდი არაფერი მოჰყვება, მე მისგან არაფერი მინდა მისი ნახვისა და გაცნობის გარდა. თუკი აღმოჩნდება, რომ მყავს ნახევარდაძმა, ეს უფრო გამახარებს და, მინდა, მათაც ვიცნობდე. მინდა, რომ მამას აინტერესებდეს, როგორი ვარ მე, ვგავარ თუ არა მას და, ამიტომ თავს ვიკავებ ჩემი სურათის გამოქვეყნებისგან.
– თუკი მამას იპოვი და აღმოჩნდება, რომ მასაც უნდა შენი ნახვა, სად ფიქრობ მასთან შეხვედრას?
– თუკი ეს სასწაული მოხდება, მინდა მასთან სტუმრად ჩამოვიდე, რა თქმა უნდა, თუ ისიც თანახმა იქნება და მისი ოჯახიც ამას ნორმალურად მიიღებს (რადგან დღემდე არ ვიცით, იცოდნენ თუ არა მისმა მშობლებმა ჩემი არსებობის შესახებ).
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.