ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორია სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული სტატუსი?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმებითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. საქართველოს სახელწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა „საქართველო”. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, ის განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
კითხვა: ვმუშაობდით საქართველოს ფოსტაში. დაახლოებით 3 თვის წინ 900 თანამშრომელი გაგვათავისუფლეს სამსახურიდან და დაგვპირდნენ ერთი თვის კომპენსაციას. გავიდა უკვე სამი თვე, მაგრამ კომპენსაცია არ მიგვიღია, არადა, გავიგეთ, რომ 7 დღის ვადაში უნდა გადაეხადათ. გათავისუფლებულები ვართ 37ბ პუნქტით. გვაინტერესებს, გვეკუთვნის თუ არა კომპენსაცია, რა ოდენობისაა ის და დაეკისრებათ თუ არა მათ რაიმე ჯარიმა თანხის დაგვიანებისთვის?
პასუხი: თქვენ, ალბათ, 37ბ პუნქტში გულისხმობთ „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. ზოგადად, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. თუ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია, გააფრთხილოს დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში კი დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. აღნიშნული ვალდებულებები არ ვრცელდება ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევებზე. თუ მხარეებს შორის არსებობს დავა და დავის დროს შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ან, თუ მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, მეორე მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ან არბიტრაჟს თავისი უფლებების დასაცავად.
კითხვა: მაინტერესებს, საქართველოს კანონმდებლობით, რა სახის ალიმენტი ეკისრება მამას, რომელიც არ მუშაობს, მის სახელზე არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება და არის მეორე ჯგუფის ინვალიდი?
პასუხი: ზოგადად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. რაც შეეხება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამასთან, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება აქვს, ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმე განსახილველად გადაგზავნილია სასამართლოში, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ირღვევა თუ არა სასამართლოს მხრიდან ჩვენი უფლებები?
პასუხი: დიახ, სასამართლოს მხრიდან ამ შემთხვევაში დარღვეულია ბრალდებულის სამართლიანი პროცესისა და სწრაფი მართლმსაჯულების უფლება. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა კოდექსით დადგენილ ვადებში. სასამართლო ვალდებულია, პრიორიტეტულად განიხილოს სისხლის სამართლის ის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. ამასთან, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისთვის.
კითხვა: ჩემი მეუღლე ბრალდებულად არის ცნობილი ერთ-ერთ საქმეზე. საქმეში, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება. შესაძლებელია თუ არა, მარტო ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება დაედოს საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას?
პასუხი: ზოგადად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
კითხვა: გთხოვთ, გვიპასუხოთ, რა ვადებში შეიძლება გათავისუფლდეს მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან?
პასუხი: მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუუქმდა.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.