კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-37(559) 

 

ათიოდე წუთის შემდეგ ყველა ტყვე ისეთ კაიფში ჩავვარდით, არც კი გვახსოვდა, ტყვეობაში ვიყავით თუ – ზეცაში დავფრინავდით...

მეორე დღეს, აბუ-ბეის ბრძანებით, კვლავ ციხესიმაგრის ეზოში გაგვამწკრივეს და მოჯაჰედთა მეთაურმა გამოგვიცხადა:

– ბედი გქონიათ: ურჯულოებმა ოცდახუთი ჩვენიანი ჩაიგდეს ტყვედ და გაცვლაზე შევთანხმდით. ასე რომ, აღარ დაგხოცავთ, – შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა: – ამოშანთულები გტკივა?

– არა, – მოკლედ მივუგე.

– რას იტყვი, ჩემს შემოთავაზებაზე, დარჩები ჩვენთან?

– არა, გამორიცხულია, – ვუთხარი მტკიცე უარი.

ახმად აბუ-ბეის მეტი არაფერი შემოუთავაზებია და წავიდა, მანამდე კი ხელქვეითებს უბრძანა, რომ ჩვენთვის დღეში ორჯერ ეჭმიათ და ყურადღება არ მოედუნებინათ, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.

ტყვეების გაცვლის მოლოდინში ორი დღე ისე გავიდა, არავის შევუწუხებივართ, ნორმალურად გვაჭმევდნენ და „შაჰიდის“ ეზოში ნებისმიერ დროს შეგვეძლო გამოსვლა და სეირნობა, რა თქმა უნდა, შეიარაღებული მოჯაჰედების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში ახმად აბუ-ბეი არ გამოჩენილა. ის მხოლოდ მესამე დილას მოვიდა ჩვენთან, ყველანი ეზოში გაგვამწკრივა და გამოგვიცხადა:

– თქვენი ურჯულო უფროსობა რაღაცას ეშმაკობს და, თუ ხვალ დილამდე გარკვეულ პასუხს არ შეგვატყობინებენ, მაშინ თქვენ საშინელი წამებით ამოგხდით სულს. ასე რომ, ოცდაოთხი საათი აქვთ მოსაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

აბუ-ბეიმ კიდევ ერთხელ შემახსენა თავისი შემოთავაზება, ისევ უარი მიიღო ჩემგან და წასვლის წინ მითხრა:

– ნუ იჩქარებ, კარგად მოიფიქრე ყველაფერი და ისე მიპასუხე. მერწმუნე, რომ ღვთიური საქმისთვის სიკვდილი ნამდვილად ღირს და პირდაპირ სამოთხეში მოხვდები.

ახმად აბუ-ბეი ნამდვილი ფანატიკოსი იყო და ასეთი ადამიანების გადარწმუნება არ შეიძლება. ისინი ყოველთვის თავის აზრზე იქნებიან და ერთხელ არჩეული იდეოლოგიის ბოლომდე ერთგულები რჩებიან. მას მართლა სჯეროდა, რომ თუკი „ურჯულოებთან“ ბრძოლაში დაიღუპებოდა, სამოთხეში მოხვდებოდა და დაუსრულებელ ნეტარებაში ჩავარდებოდა. ამიტომ ის ასმაგად საშიში ადამიანი იყო და ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, მოწინააღმდეგესთან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა, არც საკუთარ თავს დაზოგავდა, არც ხელქვეითებს და, მით უმეტეს, არც მტრებს, ვისაც ის ურჯულოებს უწოდებდა. აშკარა იყო, რომ აბუ-ბეი თავის სიტყვას არ გადავიდოდა და, თუკი ჩვენი გაცვლა არ მოხდებოდა, საშინელი წამებით დაგვხოცავდნენ.

„ნუთუ ჩვენი ხელმძღვანელობა აბუ-ბეის ატყუებს და დროის გაყვანას ცდილობს, რომ გაგვათავისუფლოს? მაშინ, ოცდაოთხი საათი დაგვრჩენია და შემდეგ დაგვხოცავენ. აბუ-ბეი თავის სიტყვას არ გადავა, ეს აშკარაა“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც აბუ-ბეიმ თავისი გადაწყვეტილება გამოგვიცხადა. ჩემი ვარაუდი იმავე საღამოს დადასტურდა: რომ შებინდდა და შეიარაღებულმა გუშაგმა მოჯაჰედებმა შენობაში შესვლა გვიბრძანეს, ერთ-ერთი ავღანელი მომიახლოვდა და პუშტუნური დიალექტით ძალიან სწრაფად მითხრა:

– შენობის სამხრეთი კედლის მარცხენა კუთხეში, ქვის ქვეშ, ორი „შტიკ-ნოჟია“, ერთი „აკაესი“ და ერთი „ბერეტა“. თქვენიანები თქვენს დასახსნელ ოპერაციას ამზადებენ გამთენიისთვის, მაგრამ მანამდე თქვენ აქაურობას უნდა მოშორდეთ და ამაში მე დაგეხმარებით. ამაღამ მორიგე ვარ, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი მექნება, მოვალ და წაგიყვანთ. თქვენ  მოემზადეთ, არ დაიძინოთ და მელოდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი თანამოძმე ტყვე საიმედო ადამიანად მიმაჩნდა, გაქცევის ამბავი ყველასთვის არ მითქვამს და მხოლოდ ჩემი მეგობრები ჩავაყენე საქმის კურსში. დანარჩენებმა კი, მაშინ შეიტყვეს რომ გავრბოდით, როდესაც პუშტუნი მეომარი გამთენიისას მოვიდა და მითხრა:

– სამ გუშაგს ყელი გამოვჭერი და, თუ არ ვიჩქარეთ, შეიძლება, ყველაფერი ჩაგვეშალოს. აბა, ჩქარა, იარაღი აისხით და გამომყევით!

– ახლავე, – მივუგე პუშტუნ მებრძოლს. შემდეგ სამხრეთ კედლის კუთხესთან მივედი, ქვა გადავწიე, იარაღები ამოვიღე, ავტომატი მე გადავიკიდე, „ბერეტა“ ჩემს უშუალო ხელქვეითს მივეცი, „შტიკ-ნოჟები“ – მედესანტეებს დავურიგე და ყველას გასაგონად ვთქვი:

– ჩვენი ხელმძღვანელობა სპეცოპერაციას ატარებს ამ ბანაკის გასანადგურებლად და აქედან ჩვენს გასვლას ელოდება. ეს პუშტუნი მებრძოლი ჩვენი მეგობარია და ის გაგვიყვანს. აბა, თქვენ იცით, ჩუმად და ორგანიზებულად გავიდეთ, მომყევით!

პუშტუნი მებრძოლი წინ წავიდა, უკან მე მივყევი, შემდეგ „ბერეტიანი“ კოლეგა მომყვებოდა, ბოლოს კი დანარჩენები მოდიოდნენ.

„შაჰიდის“ მიუვალი კლდეები თითქმის დაძლეული გვქონდა და პირველი ათეული უკვე მიწაზე ვიდექით, როდესაც ბანაკიდან სროლა აგვიტეხეს და ისეთი ცეცხლი წამოვიდა, რომ ბნელი ცა დღესავით განათდა. საბედნიეროდ, ჩვენ შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ერთი კაციც არ დაგვჭრია და როდესაც დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, პუშტუნმა მებრძოლმა „რაკეტნიცა“ ამოაცურა, ორი წითელი, ერთი ლურჯი მაშხალა გაისროლა და თქვა:

– ეს ოპერაციის დაწყების ნიშანია და აქედან დროზე გავიდეთ, რომ ჩვენც არ დაგვადუღონ.

კლდის ძირს სასწრაფოდ მოვშორდით და იქაურობიდან 2 წუთის სავალზე ვიმყოფებოდით, როდესაც ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. თორმეტი ეგრეთ წოდებული „კრაკაძილი“, ვერტმფრენი „მი-24“, ერთბაშად ოთხი მხრიდან მიადგა „შაჰიდის“ მოჯაჰედთა ბანაკს და ჰაერში დაკიდებულებმა ჯერ რეაქტიული ჭურვები  დაუშინეს იქაურობას, შემდეგ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების სეტყვა დაატეხეს თავს, ბოლოს კი კბილებამდე შეიარაღებული დესანტი გადასხეს კლდეებზე.

ჩვენ, გაქცეულ ტყვეთა ჯგუფი, ამაღლებული საფარიდან ვადევნებდით თვალყურს იმ ოპერაციის მიმდინარეობას და თვალნათლივ ვხედავდით თუ როგორ იწვოდა და ქვევით ცვიოდა „შაჰიდის“ ცეცხლწაკიდებული ლოდები, ხოლო ალყაში მომწყვდეულ მოჯაჰედთა განწირული ხმები ცას წვდებოდა. მთელი ეს საშინელება ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა და როდესაც დასრულდა, იქაურობა სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ახმად აბუ-ბეის რჩეული რაზმის მებრძოლებმა სწორედ „შაჰიდის“ კლდეებში ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი და იქ დაიდეს სამარე.

იმავე დღეს გენერალ მუხინთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, მოჯაჰედთა ბანაკი „შაჰიდი“ დავათვალიერეთ. ერთ დროს მიუვალი ციხესიმაგრე მიწასთან იყო გასწორებული და ირგვლივ მოჯაჰედთა დანახშირებული ცხედრები ეყარა. იქაურობა ამაზრზენი სანახავი იყო. ჰაერში დამწვარი გვამების სუნი ტრიალებდა.

– ასე მოუხდებათ ამ დამპლებს, – კმაყოფილებით განაცხადა სამხედრო გენერალმა, რომელიც მთავარსარდლის მოვალეობას ასრულებდა ავღანეთში და იქვე ბრძანა: – კარგი იქნებოდა, ამათი ლეშები ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დაგვეტოვებინა, მაგრამ, ეპიდემია გავრცელდება და საშიშია. ამიტომ, ყველა გვამი დიდ ორმოში ჩაყარეთ და მიწა მიაყარეთ!

ჯარისკაცებმა, ყოფილი ციხესიმაგრის ეზოში ნაღმები ააფეთქეს, უზარმაზარი ორმო ამოიღეს, მოჯაჰედთა დანახშირებული ცხედრები შიგ ჩაყარეს და მიწა და ქვები დააყარეს...

– საზარელი აუცილებლობაა, – მითხრა გენერალმა მუხინმა, როდესაც განადგურებული „შაჰიდიდან“ ბაზაზე დავბრუნდით.

ავღანეთში ყოფნის პერიოდში მსგავსი „საზარელი აუცილებლობა“ ხშირად ხდებოდა ხოლმე, რასაც, შეიარაღებული მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ საბჭოთა მთავრობა ავღანელთა მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებდა. თუმცა, მათ მაინც გაიმარჯვეს და საბჭოთა არმია კუდამოძუებული გამოაძევეს თავიანთი მიწა-წყლიდან.

ჩემდა საბედნიეროდ, გამოძევებული წითელარმიელებისგან განსხვავებით, ავღანეთი ბევრად ადრე დავტოვე. „შაჰიდის“ ციხესიმაგრის განადგურებიდან ექვსი თვის შემდეგ მოსკოვში გამომიძახეს.

– შენი მისია ავღანეთში დასრულებულია, – მითხრა გენერალმა შჩუკინმა, როდესაც სპეცოპერაციების განყოფილების უფროსის კაბინეტში შევედი და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს წარვუდექი. ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინმა მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი, სავარძელში ჩაჯდომა შემომთავაზა და დაამატა: – ყოჩაღ, კოკი! შენ და შენმა არწივებმა წარმატებით გაართვით საქმეს თავი. იქ ახლა სხვები იმოქმედებენ. როგორ ხარ?

– გმადლობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, კარგად ვარ, – მივუგე შჩუკინს.

– იქიდან გამომდინარე, რაც შენზე მაქვს გაგონილი, კარგად კი არა, მშვენივრად გამოიყურები, – თავი გააქნია გენერალმა, ყურადღებით შემათვალიერა და დაამატა: – შენ აკაპულკოში დასვენებულს უფრო ჰგავხარ, ვიდრე ავღანურ ჯოჯოხეთგამოვლილ ადამიანს.

– იმიტომ ვარ მზვერავი, რომ საიმედოდ შევინიღბო და ვერავინ ვერაფერი შემამჩნიოს, – მივუგე გენერალს.

– თანაც, სუპერკლასის მზვერავი ხარ და, არა მარტო მზვერავი, არამედ რაღაც უფრო მეტი, ის, რასაც ჯერ სახელი არ აქვს, – თქვა შჩუკინმა და პაუზა გააკეთა, თითქოს რაღაც აღმოჩენა უნდა გააკეთოსო, მცირე ხნის შემდეგ კი დაამატა: – არ მიყვარს უცხო სიტყვების გამოყენება, მაგრამ, ამჯერად გამონაკლისის სახით ვიტყვი – სუპერმენი! ჰო, ნამდვილი სუპერმენი, ოღონდ, არა ბონდისნაირი იაფფასიანი და ფანტასტიკური, არამედ, ჩვენებური, საბჭოთა და რეალური!

გენერალ შჩუკინის შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან „კაგებეში“ ის გამორჩეული პიროვნება იყო, მას თვით კომიტეტის თავმჯდომარეც ძალიან აფასებდა და დიდ პატივს სცემდა. სწორედ შჩუკინის დროს დაინერგა საბჭოთა უშიშროებაში ნოვაციები და ისეთი ტექნოლოგიები, რაზეც მსოფლიოს სხვა სპეცსამსახურებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ. მან „კაგებეში“ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები დაანგრია, პიროვნება, ადამიანი წამოწია წინა პლანზე, მეტი ნდობა გამოუცხადა მას და ფანტასტიკურ შედეგებსაც მიაღწია. ყოველმხრივ მომზადებული აგენტი-ინდივიდუალის ცნება სწორედ მან შემოიტანა და დანერგა „კაგებეში“, რაც მოგვიანებით ამერიკელებმა გადაიღეს, განავითარეს და დღემდე ძალიან წარმატებით იყენებენ. შჩუკინის ამ ნოვაციამ ისე გაამართლა, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში „კაგებე“ „ცეერუსა“ და სხვა მოწინავე დაზვერვებს, ერთად აღებულს, მაინც სჯობნიდა და ეს პერიოდი საბჭოთა უშიშროების ოქროს ხანად ითვლება. როგორც მოგვიანებით თავად შჩუკინი გამომიტყდა, თავისი ამ ნოვაციის ეტალონად მე ვყავდი შერჩეული და ავღანეთშიც სწორედ ამიტომ მიმავლინა.

– კოკი, – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც მორიგი ურთულესი დავალების შესასრულებლად პირად ინსტრუქტაჟს მიტარებდა, – შენ მარტო კურტ შტაინერის მოტაცების წარმატებული ოპერაციაც გეყოფოდა კარიერის ასაწყობად, მაგრამ, ამას მე შევუშალე მაშინ ხელი და ავღანეთში მიგავლინე.

– თქვენ შეუშალეთ ხელი? – გაოცებულმა ვკითხე გენერალს.

– ჰო, შეიძლება ასე ითქვას, რომ შენს კაბინეტურ იდილიას იმთავითვე წერტილი დავუსვი და შენს მაგალითზე ახალი ტიპის სპეცაგენტების თაობას დავუდე სათავე, – მომიგო შჩუკინმა, – შენი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადად იყო დაგეგმილი და კურტ შტაინერის ოპერაციისთვის მოგამზადეთ. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და სწორედ მაშინ მომივიდა თავში, რომ ახალი ტიპის მზვერავი-სუპერაგენტი შემექმნა და ავღანეთშიც ამიტომ გაგიშვი.

– ესე იგი, ამხანაგო გენერალო, – ჩამეცინა მე, – კურტ შტაინერის ოპერაციისთვის მე, ფაქტობრივად „სმერტნიკის“ როლზე ვიყავი დამტკიცებული და, ფიქრობდით, რომ გადარჩენის შანსი არ მქონდა?

– მე ვფიქრობდი, რომ შენ ოცი ოთხმოცის წინააღმდეგ გქონდა გადარჩენის შანსი, სხვებს კი მიაჩნდათ, რომ შენი შანსი ნულს უდრიდა. თუმცა, შენ ყველას ცივი წყალი გადაგვასხი – საპირისპირო დაამტკიცე და, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შენ იყავი ის ახალი ტიპის მზვერავ-შემსრულებელი, ვისაც მსოფლიო დაზვერვის ისტორიაში ახალი სიტყვა უნდა ეთქვა და, აკი გამიმართლა კიდეც...

შჩუკინის იმ დაგვიანებულ აღიარებას უკვე არანაირი ზეგავლენის მოხდენა აღარ შეეძლო არც ჩვენს ურთიერთობებზე და არც ჩემს მრწამსზე. მაგრამ, მას რომ ეს გაეკეთებინა ჩემი ავღანეთიდან დაბრუნებისთანავე, გამორიცხული არ იყო, „კაგებეზე“ გული ამეცრუებინა და, როგორც ათეულობით ჩემს კოლეგას, უცხოეთში გაქცევაზე მეფიქრა. ვიქტორ იაკოვლევიჩი კი ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი იყო და ჩემი ავღანური ვოიაჟის შემდეგ, აბა, ასეთ რამეს როგორ მეტყოდა?!

– საბჭოთა და რეალური, – გამიმეორა შჩუკინმა, თვალი ჩამიკრა და დაამატა: – ჩვენ მაგათ ვუჩვენებთ ჯეიმს ბონდებსა და სუპერმენებს და ამას შენ გააკეთებ, ჩემო კოკი.

– მე?! – ვკითხე შჩუკინს.

– დიახ, – გამიღიმა გენერალმა, – შენ, ჩემო კარგო, ასე ვთქვათ, მითს რეალობად აქცევ და, რასაც ისინი კინოში იღებენ და წიგნებში წერენ, შენ რეალურ ცხოვრებაში განახორციელებ. მე რაღაც მოსაზრებები მაქვს და შენთან ერთად მინდა განვიხილო, ოღონდ, მოგვიანებით. ახლა კი შეგიძლია, დაისვენო და, მართალია, აკაპულკოში ვერ გაგიშვებ დასასვენებლად, მაგრამ, საბჭოთა კავშირის ნებისმიერ კურორტზე შეგიძლია წახვიდე, რა თქმა უნდა, დაქორწინებამდე. როგორც ვიცი, ქორწილი რამდენჯერმე გადაგედო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ,  ამჟამად ამას ვეღარაფერი დაუდგება წინ. თუ არ ვცდები, შენს საცოლეს მერი ჰქვია, ხომ?

– დიახ, ამხანაგო გენერალო, მერი ჰქვია და ერთი სული მაქვს, თბილისში როდის ჩავალ და შევხვდები, – მივუგე შჩუკინს.

მე და გენერალმა კიდევ ათიოდე წუთი ვილაპარაკეთ, შემდეგ შჩუკინს გამოვემშვიდობე და, სანამ მის კაბინეტს დავტოვებდი, მითხრა:

– აბა, შენ იცი, კოკი, წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში და დიდი, ახალი წარმატებებისთვის მოემზადე...

თბილისში იმავე საღამოს ჩავფრინდი. პირდაპირ მერისთან მივედი და სალმის მაგივრად ვუთხარი:

– მოემზადე, საყვარელო, ახალ წლამდე უნდა დავქორწინდეთ!

– კოკი, საყვარელო! – კისერზე ჩამომეკიდა მერი, – როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ მინახავხარ!

– ცოლად მომყვები თუ არა? – ვკითხე მერის.

– რა თქმა უნდა, მოგყვები, მე შენ მიყვარხარ, – მითხრა მერიმ და თვალები აუცრემლდა, რადგან, იცოდა, რომ ავღანეთში ვიყავი, თარჯიმნად ვმუშაობდი და, ცოცხალი რომ დამინახა, გული აუჩუყდა.

– მეც ძალიან მიყვარხარ, – მივუგე მერის, – იცი, როგორ მენატრებოდი? ყოველდღე შენზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი, რაც შეიძლება მალე შევხვედროდით ერთმანეთს.

– მეც ვლოცულობდი, კოკი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ არაფერი მოგსვლოდა. მართალია, შენ იქ არ ომობდი და მხოლოდ თარჯიმანი იყავი, მაგრამ, ბრმა ტყვიისგან არავინაა დაზღვეული, – მითხრა მერიმ. მის სიტყვებზე გუნებაში გამეცინა და მივუგე:

– თარჯიმნად კი ვმუშაობდი, მაგრამ, ომი ერთხელ მაინც შემეხო.

– ბრძოლაში მიიღე მონაწილეობა? – შეშინებული სახით მკითხა მერიმ.

– უარესი, – გამეცინა მე.

– კაცი ხომ არ მოკალი? – შეიცხადა მერიმ.

მერის სიტყვებზე გუნებაში კიდევ ერთხელ გამეცინა და ვუთხარი:

–  არა, კაცი არ მომიკლავს, უბრალოდ, ტყვედ ჩავვარდი და მაწამეს.

– გაწამეს?! – ლამის აკივლდა მერი, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი იყო და თავშეკავება არასოდეს ღალატობდა.

მე პერანგი ჩავიხსენი, ნაშანთარი მკერდი ვუჩვენე და ვუთხარი:

– ერთ ოფიცერს მივყვებოდი თარჯიმნად. ამ დროს ავღანელებმა ტყვედ ჩაგვიგდეს, გაგვაშიშვლეს და შანთით გვაწამეს. სამი დღე მათ ბანაკში ვიმყოფებოდით და, ავღანელ ტყვეებში რომ არ გავეცვალეთ ჩვენებს, ახლა კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი.

მერიმ ჩემი დაშანთული მკერდი შეათვალიერა, შემდეგ ჩამეხუტა და აქვითინდა...

მე და მერიმ წინასაახალწლოდ ვიქორწინეთ და კარგადაც მოვილხინეთ. თაფლობის თვე ყირიმში გავატარეთ და იალტის სასტუმრო „ინტურისტში“ ვცხოვრობდით. თბილისში უზომოდ კმაყოფილები და ბედნიერები დავბრუნდით. მერიმ თერაპევტად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ პოლიკლინიკაში, მე კი ოფიციალურად ტურიზმის კომიტეტში მოვეწყვე გიდი-თარჯიმნის თანამდებობაზე. თუმცა, ეს მხოლოდ საფარი იყო და სინამდვილეში „კაგებეს“ სპეცდავალებებს ვასრულებდი. რადგან უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში ვიყავი, ცენტრის ბრძანებებსაც იქიდან გამოგზავნილი ადამიანი გადმომცემდა ხოლმე. ის მოულოდნელად გამოჩნდებოდა, პაროლს მეტყოდა, შემდეგ სადმე განვმარტოვდებოდით და ცენტრის ბრძანებას ვეცნობოდი... პირველი ორი თვე არავის შევუწუხებივარ და ოჯახურ იდილიას ისე შევეჩვიე, რომ ჩემი ძირითადი პროფესია თითქმის გადამავიწყდა კიდეც. მე და მერი ყოველ დილით სამსახურში მივდიოდით, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, კაფე „ნარგიზთან“ ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენ იქ ჯერ მსუბუქად ვვახშმობდით, შემდეგ ან კინოში მივდიოდით, ან თეატრში, ან, სულაც, ვსეირნობდით, ხოლო, სახლში რომ ვბრუნდებოდით, ერთმანეთის ალერსით კარგა ხანს ვტკბებოდით... მარტის დასაწყისში, ერთ საღამოს, როდესაც მე და მერი ჩვეულებისამებრ კაფე „ნარგიზში“ მოვკალათდით და მსუბუქი ვახშამი შევუკვეთეთ, მან ხელი ხელზე დამადო, გამიღიმა და მკითხა:

– გიყვარვარ?

– ძალიან მიყვარხარ, – მივუგე მერის და ვკითხე, – შენ?

– მეც ძალიან მიყვარხარ, – მიპასუხა მერიმ, პაუზა გააკეთა და მკითხა, – ერთი რაღაც რომ გითხრა, ხომ არ გამიბრაზდები?

– ისეთი  რა უნდა მითხრა, რომ გაგიბრაზდე? თქვი, გისმენ.

– არა, ჯერ პირობა მომეცი, რომ არ გამიბრაზდები.

– არ გაგიბრაზდები, პირობას გაძლევ. მითხარი, გისმენ.

მერიმ კვლავ პაუზა გააკეთა, დაჟინებით შემათვალიერა და ღიმილით მითხრა:

– იცი, კოკი, მე ფეხმძიმედ ვარ!

– ფეხმძიმედ? – გავიმეორე მერის სიტყვა და დაბნეულობისგან პირდაფჩენილი მივაჩერდი ჩემს მეუღლეს. მან კი მითხრა:

– რა დაგემართა, კოკი, გეწყინა?

– რას ამბობ, საყვარელო, მეწყინა კი არა, ისე უზომოდ გამიხარდა, რომ დავიბენი, – მივუგე მერის.

– მართლა, საყვარელო?

– რა თქმა უნდა, მართლა, ნუთუ შენ ამაში ეჭვი გეპარება?

– არა, უბრალოდ, – ენის ბორძიკით მომიგო წამოწითლებულმა მერიმ, – ვიფიქრე, ბავშვზე არ იეჭვიანოს და არ გამიბრაზდეს-მეთქი.

– რას ამბობ, ვისზე უნდა ვიეჭვიანო, ჩემს შვილზე? მემკვიდრე უნდა შემეძინოს და მასზე ვიეჭვიანებ?

– ჯერ არ ვიცი, ბიჭია თუ გოგო და მემკვიდრეზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელო, შვილი – შვილია, გინდ ბიჭი იყოს და გინდ გოგო. მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს, – სიხარულით მივუგე მერის.

– მიყვარხარ, საყვარელო, ძალიან მიყვარხარ! – მითხრა აღტაცებულმა მერიმ, რომელსაც ჩემმა პასუხმა უზომო სიხარული მოჰგვარა და დაამატა: – შამპანური ხომ არ დაგველია?

– მერე, პატარას არ აწყენს?

– ერთი ჭიქა არ აწყენს, თან, ძალიან მინდა. ფეხმძიმეს რომ რაიმე ძალიან უნდა, ესე იგი, ეს ამის შეკვეთაა და არ აწყენს, – მითხრა მერიმ და მუცელზე დაიდო ხელი.

 მე მიმტანი ვიხმე და შამპანური მოვატანინე. მან ჭიქები შეგვივსო, მე სასმისი ავწიე და ვთქვი:

– ამ ჭიქით იმ არსებას გაუმარჯოს, რომელიც მუცელში გყავს. ღმერთმა მშვიდობით, ჯანმრთელი მოგვივლინოს ამქვეყნად და დღეგრძელი და ბედნიერი გვიმყოფოს. მასთან ერთად შენც გაგიმარჯოს, ჩემო საყვარელო!

– ჩვენს შვილს გაუმარჯოს და მასთან ერთად გაგვიმარჯოს ჩვენც, – თქვა მერიმ, სასმისი მომიჭახუნა, ჩემთან ერთად დალია და დაამატა: – ძალიან მესიამოვნა, გემრიელი იყო.

ამასობაში ვახშამიც მოიტანეს, მე და მერი გემრიელად შევექეცით და მე დარჩენილი შამპანური ბოლომდე გამოვცალე.

– წავედით? – ვკითხე მერის, როდესაც ჭამა დავასრულეთ.

– ტუალეტში გავალ და, რომ დავბრუნდები, წავიდეთ, – მომიგო მერიმ, წამოდგა და ტუალეტისკენ გაემართა.

– ნამდვილი სამხრეთული რუჯი გაქვთ, ეს ზაფხული ხმელთაშუაზღვისპირეთში ხომ არ გაატარეთ? – მომესმა გვერდიდან, როდესაც მერი ტუალეტში გავიდა. მე შევტრიალდი და მაგიდასთან მდგარი ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დავინახე, რომელსაც ხელში სიგარეტი ეჭირა და მიღიმოდა, უცხო თვალი იფიქრებდა, რომ ის მე ასანთს მთხოვდა. სინამდვილეში ის მეკავშირე იყო. მისი სიტყვები კი – პაროლი და მეც პაროლით ვუპასუხე:

– არა, რას ბრძანებთ, იქ მე ვინ გამიშვებს. მთელი ზაფხული მახინჯაურში ვიმუშავე და იქ დავიწვი მზეზე.

ჩემი პასუხის შემდეგ, მან შეუმჩნევლად მომცა კინოს ორი ბილეთი და მითხრა:

– ცხრასაათიანი სეანსისაა „რუსთაველში“. ზუსტად 10 საათზე ტუალეტში ჩამოდი და დანარჩენს იქ გეტყვით.

ბილეთები ჯიბეში ჩავიცურე. მეკავშირემ ბოდიში მომიხადა, სხვა მაგიდასთან მივიდა, სიგარეტს იქ მოუკიდა და კაფედან გავიდა. მერი ტუალეტიდან რომ დაბრუნდა, გავუღიმე და ვუთხარი:

– შენთვის სიურპრიზი მაქვს.

– რა სიურპრიზი?

მე ჯიბიდან კინოს ბილეთები ამოვიღე, მერის დავანახვე და ვუთხარი:

– აი, საყვარელო, „რუსთაველში“ ცხრაზე „ბლეფი“ გადის და ორი ბილეთი ავიღე.

– რა ბედნიერებაა, საყვარელო! მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ!.. – ბავშვივით გაუხარდა მერის ბილეთების დანახვა და სახე გაუცისკროვნდა. რამდენი ხანია, ჩელენტანოს მონაწილეობით ფილმის ნახვას ვოცნებობ და როგორც იქნა, ამიხდა!

ახლა კომიკურად ჟღერს მერის სიტყვები, რადგან, ნებისმიერი, ჯერ კიდევ ეკრანზე გამოუსვლელი ფილმის ნახვაც შესაძლებელია. იმ დროს კი საშუალო დონის კინოფილმის ნახვაც პრობლემა იყო და მერის სწორედ ამიტომ  გაუხარდა. 

შუა ჩვენების დროს, როდესაც ათს სამი წუთი აკლდა, მე მერის ვუჩურჩულე:

– ვეღარ ვითმენ, ტუალეტში ჩავალ და მალე ამოვალ.

ტუალეტში რომ შევედი, პირსაბანთან მდგარმა მეკავშირემ მომიხმო და მითხრა:

– ხვალ დილით გორში გაემგზავრებით და ამ მისამართზე რომ მიხვალთ, ყველა საჭირო რეკვიზიტს იპოვით. საქმე ცხინვალში უნდა გაკეთდეს და თბილისში მანამდე უნდა დაბრუნდეთ, სანამ თქვენი მეუღლე სამსახურს დაამთავრებს, რათა მას ჩვეულებისამებრ, კაფე „ნარგიზთან“ შეხვდეთ. ახლა კი წავედი, მშვიდობით.

მეკავშირე წავიდა. მე დარბაზში დავბრუნდი და ფილმის ყურება გავაგრძელე, მაგრამ, მომავალ საქმეზე ვფიქრობდი და არანაირი სურვილი არ მქონდა, ვინმე მომეკლა.

„ეს რა შარში მაქვს თავი გაყოფილი, – ვფიქრობდი გუნებაში, – ნუთუ მთელი სიცოცხლე ასეთ ორმაგ ცხოვრებას უნდა ვეწეოდე და ადამიანებს ვხოცავდე? როგორც იქნა, საყვარელ ქალზე დავქორწინდი, ბავშვსაც ველოდები და ისევ ძველებურები დაიწყო. არა, ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, რამე უნდა ვიღონო. ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ ვეტყვი ჩემს უფროსობას, რომ სხვა სამუშაოზე გადამიყვანონ და ადამიანების ხოცვას ამარიდონ“.

– მოგეწონა ფილმი? – მკითხა მერიმ, როდესაც კინოთეატრიდან გამოვდიოდით. მისმა სიტყვებმა ფიქრები შემაწყვეტინა.

– კი, კარგი იყო, შენ? – კითხვა შევუბრუნე მერის.

– ძალიან მომეწონა, – აღტაცებას ვერ მალავდა მერი, –  ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი, დადებითად დავიმუხტე და, საერთოდ, ამიერიდან სულ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, რადგან ახალი სიცოცხლე იბადება და, ჯანმრთელი რომ იყოს, სულ კარგი განწყობა უნდა მქონდეს.

– რა თქმა უნდა, საყვარელო, – მივუგე მერის, გუნებაში კი გავიფიქრე: „მე კი  ხვალ ვიღაცას სიცოცხლე უნდა წავართვა. არა, არა, ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ჩემს უფროსობას აუცილებლად ვთხოვ, რომ რამე სხვა სამუშაო მომიძებნონ“.

ახლა მეცინება ჩემს მაშინდელ ფიქრებზე, მაშინ კი სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე და ნამდვილად ვაპირებდი ჩემს უფროსობასთან შეხვედრას და თხოვნას, რომ ჩემთვის პროფილი შეეცვალათ, მაგრამ, მალევე მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მსგავსი ფიქრები სამუდამოდ ამოვიგდე თავიდან.

მეორე დღეს მე და მერი, ჩვეულებისამებრ, დილიდანვე ერთად გავედით სახლიდან და რუსთაველის მეტროს სადგურში დავშორდით ერთმანეთს, რადგან მერის სამსახური მეტროსთან ახლოს მდებარეობდა.

– აბა, შენ იცი, კოკი, პატარას ველოდებით და ამიერიდან მხოლოდ კარგი საქმეები უნდა აკეთო, ჭიანჭველასაც კი არ უნდა დაადგა ფეხი, რომ ჩვენი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს და ბედნიერი და დღეგრძელი იყოს, – მითხრა მერიმ, გამიღიმა და მეტროს ვაგონიდან წავიდა.

„მართალს ამბობს მერი. ამ ერთ საქმესაც გავაკეთებ, შემდეგ კი ჩემს უფროსებს ვთხოვ, რომ სხვა სამუშაოზე გადამიყვანონ“, – გავიფიქრე გუნებაში. შემდეგ ლენინის მოედნამდე გავაგრძელე გზა, იქ კი უკან მომავალ მატარებელზე გადავჯექი და ვაგზლის მოედანზე ამოვედი. ვაგზალზე კი გორის ელექტრომატარებელში ჩავჯექი და საქმის შესასრულებლად გავემგზავრე.

გორის კონსპირაციულ ბინაში ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დამხვდა, რომელმაც ჩემს დანახვაზე საათს დახედა და ცივად მითხრა:

– ნახევარი საათით დააგვიანე.

– ტრანსპორტი მოძრაობს ცუდად, – მეც ცივად მივუგე დამხვდურს, რომლის მიმართაც მაშინვე ანტიპათია გამიჩნდა და მზად ვიყავი, იქვე მომეკლა, ერთი გასროლით.

– კარგი, კარგი, ნუ დაიგრუზე, – ღიმილით მითხრა მან და, სავარძლებში რომ მოვკალათდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდა, – საქმე ცხინვალში უნდა გაკეთდეს და, აი, ეს როჟაა გასაგორებელი. კარგად დაიმახსოვრე მისი სახე, – და რამდენიმე ფოტოსურათი მანახვა, რომლებზეც ორმოცდაათიოდე წლის შავგვრემანი მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რამდენიმე წუთი მაცადა და, სურათები მაგიდაზე რომ დავყარე, მკითხა:

– დაიმახსოვრე?

– კი, – მოკლედ მივუგე მას.

მამაკაცმა ფოტოსურათები დაწვა, ფერფლი ტუალეტში ჩარეცხა და, ოთახში რომ დაბრუნდა, მითხრა:

– სამი საათისთვის ეს ტიპი ცხინვალის რესტორან „ოსეთში“ იჯდება კამპანიასთან ერთად. შენ იქ ტურისტად შენიღბული, წვერებში, ფოტოაპარატგადაკიდებული შეხვალ, იმ კაცს მოკლავ და წამოხვალ. მე შენ აი აქ, რესტორან „ოსეთიდან“ ორმოცდაათი მეტრის დაშორებით, ხშირ ნაძვნარში დაგელოდები მანქანით და იქიდან ერთად ავახვევთ. გასაგებია?

– გასაგებია, – მოკლედ ვუპასუხე ჩემს პარტნიორს.

– კითხვები გექნება და გისმენ.

– აქედან, ალბათ, სათითაოდ გავემგზავრებით ცხინვალში, ხომ?

– დიახ. მე მოგვიანებით წამოვალ მანქანით. შენ კი იქ ელექტრომატარებლით ჩახვალ.

– გრიმი, სამოსი და სხვა რეკვიზიტები?

ჩემმა პარტნიორმა ორი მაყუჩიანი „პესეემი“ მომცა, შემდეგ ზურგჩანთა, ფოტოაპარატი და ადრეული გაზაფხულის შესაბამისი სამოსი დამიდო წინ და მითხრა:

– გრიმს მე თვითონ გაგიკეთებ.

– გასაგებია. მეტი კითხვა არ მაქვს

– ნუთუ არ გაინტერესებს, ვის ბრიდავ? – მკითხა მეწყვილემ.

– რაში უნდა მაინტერესებდეს? გასაკეთებელი მაინც უნდა გაკეთდეს და ჩემთვის მთავარი ესაა, – მივუგე მეწყვილეს.

– პრინციპში, მართალი ხარ. მოდი, გრიმსა და პარიკს გაგიკეთებ, – მითხრა ჩემმა მეწყვილემ და სარკის წინ დამსვა გრიმის გასაკეთებლად. 

ცხინვალში შესასრულებელი საქმის შესახებ იმავე საღამოს, კაფე „ნარგიზში“ მოვისმინე ჭორები, სრული სიმართლე კი წლების შემდეგ შევიტყვე: ჩემ მიერ მოკლული მამაკაცი ძალიან ცნობილი კანონიერი ქურდი იყო და მისი მოკვლა იმიტომ გადაწყვიტა „კაგებემ“, რომ ის კაცი ძვირფასი ქვების მსხვილ კონტრაბანდაში იყო გარეული, მისი მფარველები კი იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის უმაღლესი მმართველების უახლოესი ნათესავები იყვნენ და მის დაპატიმრებას აზრი არ ჰქონდა. ის რომ უშიშროებას დაეპატიმრებინა, მფარველები მას მაინც დაიხსნიდნენ, ამიტომ მისი ლიკვიდაცია გადაწყდა და ეს საქმე მე შევასრულე. ოფიციალურად გავრცელებული ჭორების მიხედვით, რაც, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ ნამოქმედარი იყო, ცნობილი ქურდი ერთ-ერთმა მტერმა მოკლა შურისძიების მიზნით და ეს საქმე გაუხსნელი დარჩა...

– ესეც ასე... ახლა შენ მშობელი დედაც კი ვერ გიცნობს, ისე ხარ შეცვლილი, – მითხრა ჩემმა მეწყვილემ, როდესაც გრიმისა და პარიკის გაკეთება დაასრულა და საათს დახედა: – თორმეტს გადასცდა. ნელ-ნელა გაემზადე და წადი. სანამ ჩახვალ, ქუჩებს დაამუღამებ და ყველაფერში გაერკვევი, დავალების შესრულების დროც მოვა.

მე ჩემი სამოსი ზურგჩანთაში ჩავაწყვე და სხვა ტანსაცმელი ჩავიცვი, შემდეგ ფოტოაპარატი ჩამოვიკიდე, პისტოლეტები ქურთუკის ჯიბეებში ჩავილაგე, ზურგჩანთა მხარზე გადავიკიდე და კონსპირაციული ბინიდან გავედი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3