ექიმის რჩევები
კითხვა: პირველი შვილი საკეისროთი გავაჩინე. ბავშვს ძუძუთი ვკვებავ. მაინტერესებს, რამდენი ხნის შემდეგ შემიძლია, გავაჩინო მეორე და რომელია ორსულობისგან თავის დაცვის ყველაზე უსაფრთხო საშუალება?
პასუხი: საკეისრო კვეთიდან მომდევნო ორსულობამდე ორი წელი მაინც უნდა გავიდეს. თუ ბავშვი დედის რძით იკვებება, ქალმა არაფრით არ უნდა მიიღოს პერორალური კონტრაცეპტივები. ასეთ დროს ყველაზე უკეთესია მექანიკური საშუალებები. უფრო კონკრეტულ რჩევას კი, თქვენი ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გინეკოლოგი მოგცემთ.
კითხვა: რა განსხვავებაა ფილტვების დაჩრდილვასა და პნევმონიას შორის?
პასუხი: ფილტვების დაჩრდილვა რენტგენოგრაფიული დიაგნოზია, პნევმონია კი – კლინიკური. რენტგენოგრაფიული კვლევისას დაჩრდილვა შეიძლება აღმოვაჩინოთ არა მხოლოდ პნევმონიის, არამედ ზოგიერთი სხვა დაავადების დროსაც. საბოლოო დიაგნოზს კი რენტგენოგრაფიული ჩრდილის თავისებურების, პაციენტის სუბიექტური და ობიექტური მონაცემებისა და სხვა კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევათა შეჯერების საფუძველზე სვამენ.
კითხვა: ვარ 70 წლის ქალი. ფეხის ტერფები ძლიერ მიხურს და ფეხებში ძალა მეკარგება. ორი ჯოხით დავდივარ. მირჩიეთ, როგორ ვიმკურნალო და ვის მივმართო?
პასუხი: თქვენს ასაკში ფეხებში ძალის გამოლევა და სიმხურვალის შეგრძნება ართროზის, სისხლძარღვების ან ნერვული სისტემის პათოლოგიების ბრალი უნდა იყოს. თქვენ ანგიოლოგის, ნევროლოგისა და რევმატოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ.
კითხვა: ვარ 26 წლის. მყავს 5 წლის შვილი. 22 წლიდან მოყოლებული, გაციებისა და ნერვული სტრესის გამო, მენსტრუაციული ციკლი საგრძნობლად შემიმცირდა. ვსვამდი დანიშნულ წამლებს: დიუფასტონს, ნარკოლუტსა და ჟანინს, მაგრამ არ მიშველა. რა წამალი მივიღო, უფრო ეფექტური რომ იყოს? იმოქმედებს თუ არა ეს დარღვევა ჯანმრთელობაზე?
პასუხი: თქვენი მონათხრობიდან აშკარაა, რომ ჰორმონული ცვლა გაქვთ დარღვეული. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ჰორმონული გამოკვლევა, რის საფუძველზეც გინეკოლოგი კომპეტენტურ მკურნალობას დაგინიშნავთ. მიმართეთ ექიმს, რომელსაც სრულიად ენდობით.
კითხვა: ვარ 63 წლის. მაქვს მაღალი წნევა – 170/80. არავითარი წამალი არ მშველის. წნევით მითენდება და წნევით მიღამდება. საშინლად მაწუხებს თავის ტკივილი და მთელი სხეული მიკანკალებს. არაერთ ექიმს მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, რომ წნევა ოდნავ მაინც მომიწესრიგდეს?
პასუხი: როდესაც ჰიპერტენზია წნევის დამწევ პრეპარატებს არ ემორჩილება, უთუოდ უნდა ჩატარდეს სამედიცინო გამოკვლევები მეორეული ჰიპერტენზიის გამოსარიცხად. გირჩევთ, პირველ ყოვლისა, გაიკეთოთ შარდისა და სისხლის საერთო ანალიზები; მიიღოთ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, გაესაუბროთ ნეფროლოგსაც და შემდეგ გამოცდილ კარდიოლოგს მიმართოთ.
კითხვა: ვარ 76 წლის ქალი. ფილტვში მაქვს წყალი და ჰაერი. მძიმე ფორმა არ არის, მაგრამ უფრო რომ გართულდეს, ნემსის გარეშე თუ შეძლებენ ამოშრობას? იქნებ არსებობს რამე ხალხური საშუალება? აქამდე ფილტვებს არასდროს შევუწუხებივარ.
პასუხი: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რისი ბრალია პლევრში სითხის დაგროვება. მიზეზის დადგენის შემდეგ ექიმი ანტიბიოტიკურ, ქიმიურ ან ჰორმონოთერაპიას დაგინიშნავთ, მაგრამ, თუ სითხე ბევრია, ის აუცილებლად ფუნქციის მეშვეობით უნდა ამოიღოთ.
კითხვა: ძალიან გთხოვთ, უპასუხოდ არ დამტოვოთ, ჩემი ცხოვრება ამაზეა დამოკიდებული. ვარ 22 წლის. ერთი წლის წინ გავთხოვდი, მაგრამ ისევ ქალიშვილი ვარ, რადგან მეტისმეტი ემოციურობის გამო შიში ვერ გადავლახე. შეიძლება თუ არა, ოპერაცია გავიკეთო? ექიმთან მისვლის მრცხვენია.
პასუხი: რაც შემოგვჩივლეთ, ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში ვერაფრით ეტევა. თქვენ ფსიქიკური ან სქესობრივი სფეროს სერიოზული პათოლოგია გაქვთ, ამიტომ ექიმის გარეშე ყველანაირი ძალისხმევა უშედეგო იქნება. თქვენ და თქვენმა მეუღლემ აუცილებლად უნდა მიმართოთ სექსოლოგს. ამასთან ერთად, ფსიქონევროლოგის კონსულტაციაც დაგჭირდებათ.