კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს მამუკა ღლონტი ქალების დიქტატურის პირობებში და რა ზომებს მიმართავს ის დარღვეული გენდერული ბალანსის აღსადგენად

უკვე 19 წელია, მამუკა ღლონტი ხუთი ქალის დიქტატურის პირობებში ცხოვრობს. მისი ყველაზე ძვირფასი  ქალების  ბანაკი –  დედის,  მეუღლისა და სამი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შედგება, უფროსი შვილი თამუნა 24 წლისაა,  ეკა – 21 წლის, ნაბოლარა სოფო კი – ცხრამეტის.  მამუკა ღლონტის ცხოვრება ხუთი  ქალის გარემოცვაში არაკომფორტული სულაც არ არის, როგორც ეს შორიდან შეიძლება ჩანდეს. პირიქით, ქალთა ბანაკი მას ისეთი  მზრუნველობით და სიყვარულით   ანებივრებს, ამაზე მეტს ვერაფერს ინატრებდა კაცი.      

 

სოფო:  წელს ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. საშინელი აბიტურიენტობა მქონდა. საატესტატო გამოცდების პირველ წელიწადს, აღმოჩნდა, რომ  იმდენი რამ მქონდა სასწავლი, ერთდროულად რვა მასწავლებელთან  მიწევდა სიარული.  

ეკა: მე ეს პერიოდი გავლილი მაქვს. წელს მიხეილ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ახლა ვაპირებ ჩაბარებას მაგისტრატურაში.

– მამის  პროფესია არც ერთმა არ აირჩიეთ?

– არა. ჩვენი უფროსი და მაგისტრატურაში სწავლობს დიპლომატიის სპეციალობით. შესაძლოა, მე შევიცვალო პროფილი,  მთლად არა, მაგრამ ცოტათი მაინც მამის გზას გავყვე. ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ძალიან დავინტერესდი ხელოვნებით. ბავშვობაში მინდოდა, კინორეჟისორი გავმხდარიყავი, საკმაოდ პატარა ვიყავი, მამამ ვიდეოკამერა რომ მაჩუქა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდა. 

სოფო: მამას მთელი იმედები ეკაზე აქვს დამყარებული. ეკა ყველაზე მეტად ჰგავს კიდეც მას ხასიათით, ეგებ პროფესიაშიც დაემსგავსოს და მისი მომავალი ტელევიზიას, ან თუნდაც, კინოს დაუკავშიროს.

ეკა: მამა ჩვენს პროფესიულ არჩევანში არ ჩარეულა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ის ყოველთვის გვაძლევს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას. რჩევებს გვაძლევს, მაგრამ თავს არ გვახვევს. მამა სულ ამბობს, რომ გზა თავად უნდა გავიკვლიოთ და მისი სახელის გამოყენება არ უნდა დაგვჭირდეს. ამიტომაც, ავდექი და წლების წინ, მუშაობა დავიწყე ბავშვთა გასართობ ცენტრში. გადავიღებდი დაბადების დღეებს და ვამონტაჟებდი. ერთი შეხედვით, მამუკას მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ლმობიერი და ხალისიანია. სულ არაა მკაცრი მამა. არ მახსოვს, ჩემთვის ან ჩემი დებისთვის  ეჩხუბოს.  მაგრამ ხანდახან წარბის აწევა იცის ისეთი, ამას კიდევ ჩხუბი ჯობია (იცინის).   

– როგორ ცხოვრობთ ღლონტები? 

– ჩვენ გვაქვს დიდი ოჯახი და ვცხოვრობთ ერთად, ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი.

– როგორ უძლებს  მამუკა ღლონტი ქალების დიქტატურას?

სოფო: უძლებს? უძლებს კი არა, ძალიან მოსწონს. ისეთი გათამამებული გვყავს, რომ  ოდნავი  ყურადღების მოდუნებასაც კი ვერ იტანს. ვახშამზე სუფრას რომ გავუწყობთ, ჩაიში შაქარიც კი ჩვენ უნდა ჩავუყაროთ და მოვურიოთ. უყვარს, როცა სრული სერვისი და კომფორტი აქვს, ხასიათით ძალიან ესთეტია.  ჩემი დები ამ  სამსახურს სიამოვნებით უწევენ. მამუკას კი ჰგონია, რომ თვითონ აკონტროლებს ამ ხუთი ქალის ბანაკს, მაგრამ არც ასეა საქმე (იცინის). 

ეკა: თვითონ სულ ამბობს, ძალიან ბედნიერი ვარ, სამი გოგო რომ მყავსო, არასდროს  ყოფილა გადარეული, ბიჭიც ჰყოლოდა, მის მაგივრობას ჩვენ ვუწევთ, განსაკუთრებით კი – სოფო.

სოფო: მამუკას სისუსტე არის ძაღლები, რამდენი წელია, სახლში ხან საიდან მოიყვანს ძაღლს, ხან საიდან. როგორც ჩანს, გენდერულ უმცირესობაში რომ არ იყოს, მოკავშირეები სჭირდება ხოლმე (იცინის).

– დედა არაა მისი მეკავშირე?

ეკა: დედა მისი ყველაზე დიდი მეგობარია. ძალიან უყვართ ერთმანეთი. მამუკა მის მიმართ ძალიან ყურადღებიანია. მარადიული თაფლობის თვე აქვთ. წელიწადში სამი-ოთხი დღე უჩვენოდ სადმე გაიპარებიან და  იმ დღეებს მთლიანად ერთმანეთს უძღვნიან. 

– ყველაზე ნებიერა თქვენში რომელია?

– რა თქმა უნდა, სოფო. ნაბოლარაა და ამ უფლებით ყველაზე მეტად სარგებლობს. სოფო არის მობილური ტელეფონების დაუძინებელი მტერი. მამას სულ ტელეფონის ყიდვას სთხოვს. მართალია, ის სულ მოძღვრავს, რომ ახალ ტელეფონს დამსახურება უნდა, მაგრამ მაინც ყიდულობს. საერთოდ, როცა რამის ყიდვა გვინდა, უნდა ვთხოვოთ. პირობას ვერ წაუყენებ, უნდა მიყიდოო,  ვერ ეტყვი. მოთაფვლით და ფერებ-ფერებით ვასრულებინებთ სურვილებს, მით უმეტეს სოფო.  როცა ჩემი უფროსი და, თამუნა და მე დავიბადეთ მამუკა ძალიან ახალგაზრდა იყო. სოფო უფრო ასაკში ეყოლათ. უკვე 19 წლისაა, მაგრამ მამუკას მაინც პატარა ჰგონია. ამას სხვანაირად აკონტროლებს, ღამით ტელეფონზე მოლაპარაკე თუ ნახა, აუცილებლად ინტერესდება, ვის ელაპარაკება.

სოფო: მე მამუკას გულის მოგების ჩემი მეთოდი მაქვს, რომელსაც დებს არ ვანდობ (იცინის).

ეკა: ვიცით ეგ შენი საიდუმლო მეთოდი, გაბუტვა რომ  გშველის. 

სოფო: მამას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ ყურადღებიანი იყოს. გამორიცხულია, დღეში რამდენჯერმე არ დაგვირეკოს და ჩვენი ამბები არ გაიგოს. 

– საქმეებით დაკავებული მამა ახერხებს თქვენთან ერთად დროის გატარებას?

ეკა: კი, რაც არ უნდა ხდებოდეს, ზაფხულის ერთი კვირა ყველამ ერთად უნდა გავატაროთ, მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნებით. შეიძლება, სახლში ვიყოთ, ან სადმე წავიდეთ, მაგრამ ის ერთი კვირა აუცილებლად ერთად უნდა გავატაროთ. ძირითადად, ნათესავები და ახლობლები მოდიან ხოლმე ჩვენთან. მამა უკვე გვართმევს პირობას რომ, როცა გავთხოვდებით, თითო კვირა ქმრებს „გავეყაროთ” და ეს ტრადიცია არ დავარღვიოთ (იცინის).

– ეს უკვე აქტუალური თემაა თქვენს სახლში?

– ამაზე საუბარს ვერიდებით. დედასგან ვიცით, რომ ეს მამუკასთვის ძალიან მტკივნეული თემაა. საიდუმლოდ გვიმხელს ხოლმე მამუკას განცდებს. დედა  ძალიან წყნარი, მშვიდი ადამიანია, მამუკასგან განსხვავებით, ნაკლებად ემოციური. 

სოფო: მამუკას  ყველაზე მეტად ჩემს გამო ეშინია. სულ ეუბნება ეკას და თამუნას, ფრთხილად იყავით, სოფომ არ დაგასწროთ გათხოვებაო. იმის მიუხედავად, რომ კარგად  იცის,  ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ,  დროს მიწევს და მიწევს იქით. 

– როცა რთული პერიოდები აქვს, როგორ „შველით“ მას შვილები?

ეკა: თვითონ ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს, ბევრს არ ლაპარაკობს, საკუთარ თავში იკეტება, სადღაც სხვაგან არის ხოლმე ფიქრებით. ამის ამოცნობა არც ერთს არ გვიჭირს. ამ დროს ვცდილობთ, რომ  ზედმეტი შეკითხვებით არ დავღალოთ და შევაწუხოთ,  თავის თავს თვითონ შველის ხოლმე. 

სოფო: თვითონ რომც არ შეიმჩნიოს, მაინც გავიგებთ, რა ხდება მის ცხოვრებაში. თბილისი პატარა ქალაქია, ყველამ ყველაფერი იცის. მამა სულ გვასწავლის, რომ პრობლემებს არ უნდა ჩავუღრმავდეთ და უნდა შევძლოთ  მინუსის პლუსად გადაქცევა. ყველა უარყოფითს ხომ დადებითიც აქვს. ეს ჩვენი ოჯახის საერთო ლოზუნგია.   

– მამასთან  დადიხართ სამსახურში?

ეკა: „მაესტრო” მამუკასთვის მეოთხე შვილია. მე და ეს ტელეკომპანია თითქმის თანატოლები ვართ. ახალი დაბადებული ვიყავი,  მამუკამ „მაესტრო” რომ დააარსა. „მაესტროს“ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სახლში „მამუკას ტელევიზორი” სულ „მაესტროს“ აჩვენებს  (იცინის).

სოფო: საერთოდ, ტელევიზორი არის მამუკას სასიცოცხლო წყარო. არ შეუძლია, ტელევიზორის გარეშე ცხოვრება. როცა სადმე დასასვენებლად მივდივართ, უპირველესად, იმას იგებს, როგორი ტელევიზორია იქ, რომელ არხებს აჩვენებს და სადაც ტელევიზორი არაა, თავისი „შნურებითა“ და ტელევიზორით მიდის. მამამ შეკვეთილში  პატარა აგარაკი ჩადგა. პირველი, რაც სახლში მიიტანა, ტელევიზორი იყო. ყოველდღე ქობულეთში დარბოდა „შნურების“ საყიდლად, ჩვენს ოთახშიც დადგა ტელევიზორი, რომელიც კარგად არ აჩვენებდა ყველა არხს. მე და ჩემს დებს ეს დიდად არ გვაწუხებდა, მაგრამ მამუკამ იმდენი ირბინა, რომ ტელევიზორი გაემართა. როგორ კაცო, შეიძლება, ტელევიზორი არ გინდოდეთო? – გაოცებული გვეკითხებოდა.     

 – ტელევიზორთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ვერ ემთხვევა თქვენი გემოვნება, სხვა საერთო გატაცებები გაქვთ?

– მამას ძალიან უცნაური გატაცებები  უჩნდება ხოლმე. ბავშვობაში თურმე საათებს აგროვებდა. მამიდა მიყვებოდა, ბავშვობაში საათი მომპარა და ციფერბლატი გამოუცვალა. ვისაც კი კარგ საათს დაუნახავდა, რაღაცას უკეთებდაო. ტექნიკა ისე აინტერესებს, როცა დედას პირველად სარეცხი მანქანა უყიდა, სარეცხს თვითონ ყრიდა შიგნით. ამის გამო ერთხელ თეთრი მაისურები მანქანიდან ყავისფერი გამოიღეს (იცინის). ხან ცხოველებს ამოიჩემებს და სახლში პატარა ზოოპარკს ხსნის, ხან სათევზაოდ დადის, უყვარს მეგობრების სტუმრობა რუსთავში, სადაც საკუთარი ეზო გვაქვს და ღვინოსაც თავისი ხელით წურავს ხოლმე. ახლა ველოსიპედები ამოიჩემა, თვითონაც იყიდა და ჩვენც გვიყიდა. სახლში სამი ველოსიპედი გვაქვს, მთელი ოჯახი ველოსიპედებზე შემოგვსვა.  თვითონაც  ხშირად დადის ველოსიპედით „ლოკომოტივზე.“ დედაჩემს რომ  გადაეკიდება  ხოლმე, ერთად წავიდეთ ლოკომოტივზეო,  დედა ჩვენ გვთხოვს წაყოლას. უკვე სამსახურშიც კი მიდის ველოსიპედით და მუდმივად ველოსიპედის სარგებლიანობასთან დაკავშირებულ პროპაგანდას ეწევა. ამ ზაფხულს შეკვეთილშიც კი წამოიღო თავისი ველოსიპედი. ისეთი ბედნიერია, როცა გურიაში ჩადის, ამ სიამოვნებას კი ახლა ველოსიპედიც დაუმატა და სრული კომფორტი ჰქონდა. ალბათ, მოვა დრო და ველოსიპედის  აკვიატებაც   გაუვლის, მაგრამ სანამ გაუვლის იცით, როგორ ვცხოვრობთ?  რაიმე გაწუხებთ, არის გამოსავალი, რა თქმა უნდა, ველოსიპედი გიშველით (იცინის).  

 

 

скачать dle 11.3