მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო აბუტილონი?
პასუხი: აბუტილონი კარგად ხარობს გრილსა და ნათელ გარემოში. მცენარე ზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე ყვავის ზარის ფორმის შინდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი მოზრდილი ყვავილებით. ზოგიერთი აბუტილონი ჭრელია, სიჭრელეს კი ერთგვარი ვირუსი იწვევს, მაგრამ თქვენ არ შეშინდეთ, ეს მცენარეს არც ზრდაში უშლის ხელს და არც სხვა მცენარეებზე გადადის იოლად. სითბოში აბუტილონი მთელი წლის განმავლობაში იზრდება. არ მოაკლოთ სინათლე და სითბო, თორემ ის დასუსტდება და ფერს დაკარგავს. აბუტილონს მზის შუქი უყვარს. ფესვები მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს, თორემ ფოთლები დაეწვება. მისთვის იდეალურია 16-20 გრადუსი ტემპერატურა, ზამთარში კი ნაკლებ გრადუსსაც იოლად აიტანს. ზამთარში მცენარეს მორწყვიდან მორწყვამდე გაშრობა აცალეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ თხევადი ბალანსირებული სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. თუ გსურთ, რომ მცენარე ძალიან არ გაიზარდოს, გაზაფხულზე მისი გასხვლა შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, ახლა მას აქტიური ზრდის პერიოდი აქვს და, ამიტომ შემოდგომის დასაწყისში შეიძლება, ხელახლა დასჭირდეს მას გასხვლა.
კითხვა: რთულია თუ არა აკალიფას გაზრდა და როდის ყვავის ეს მცენარე?
პასუხი: აკალიფა მთელი ზაფხულის განმავლობაში წითლად ყვავის. ამ ბუჩქოვან მცენარეს ფოთლებიც ლამაზი აქვს და 40 სანტიმეტრამდე სიგრძის ბუსუსებიანი ყვავილედიც. ის ერთ მეტრ სიმაღლემდე იზრდება, თუ ამ მცენარესაც გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გასხლავთ, ზომაში შეზღუდავთ და ფორმას მისცემთ. აკალიფას რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი, მწვანე, იისფერი და ლაქებიანი ყვავილებით, თუმცა განსაკუთრებულად ლამაზია ერთფერა, კონტრასტულ არშიაშემოვლებული ჯიშები. თუ ჯერ არ გაქვთ შეძენილი აკალიფა, გირჩევთ, ეს ჯიში იყიდოთ. მცენარე გაბნეულ შუქზე დადგით, რომ ყვავილებისა და ფოთლების სიხასხასე შეინარჩუნოს. თუ თქვენს აკალიფას ზამთარში ფოთლები დასცვივდა, ესე იგი ტემპერატურა 13 გრადუსზე დაბლაა და სასწრაფოდ მოუმატეთ. ზრდის დროს მცენარის მიწა ტენიანი უნდა იყოს, ზამთრის თვეებში შედარებით იშვიათად მორწყეთ. ის ტენიან პირობებში კარგად ხარობს. ეცადეთ, რომ ტენიანობის მაღალი დონე შეუნარჩუნოთ. სიცხეში ხშირად დაუნამეთ ხოლმე ფოთლები. ასეც შეიძლება ტენიანობის მომატება. ასევე შეგიძლიათ, მას ორი-სამი აკალიფა ან სხვა მცენარე მიუდგათ და ამგვარად გაზარდოთ ტენიანობა. აკალიფასთვის საუკეთესო ადგილი გასახარებლად ზამთრის ბაღია.
გვერდი მოამზადა
თეონა გოზალიშვილმა